კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 სად და როგორ გაქრნენ „საიდუმლო სერობის“ მონაწილეები, რომელზეც ქურდული ომი დაიგეგმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მასალა, რომელსაც ჟურნალის დღევანდელ ნომერში გთავაზობთ, ექსკლუზიურია, კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა და რედაქციასთან შეუთანხმებლად მისი გამოქვეყნება ყოვლად დაუშვებელია. მასში ნახსენები  ადამიანების სახელები ძირითადად შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.
საიდუმლო თათბირი
1972 წლის 13 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსპირაციულ ბინაში ოთხი მამაკაცი იყო შეკრებილი – 39 წლის ოთარ გიგიაძე, მილიციის პოლკოვნიკი, 42 წლის ნოდარ დვალი, უშიშროების („კაგებე“) პოდპოლკოვნიკი, 36 წლის მალხაზ ვერულაშვილი – პროფესიით იურისტი, „ცეკას“ პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის ერთ-ერთი თანაშემწე და ნდობით აღჭურვილი პირი და 43 წლის ნესტორ ფილია, მეტსახელად „ფილკა“, რომელიც მილიციის ძვირფასი აგენტი იყო და „შავ სამყაროში“ დიდი წონა ჰქონდა. ისინი მალხაზ ვერულაშვილის ორგანიზებით შეიკრიბნენ. ვერულაშვილი კი ედაურდ შევარდნაძის საიდუმლო მითითებას ასრულებდა. სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ დანიშნული (1972 წლის 29 სექტემბერს) ცეკას პირველი მდივანი შევარდნაძე ყველა სადავის საკუთარ ხელში აღებას ცდილობდა და ეს „საიდუმლო სერობაც“ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე შვიდწლიანი (1965-1972 წლები) მუშაობის დროს, ორგანოების თანამშრომელთა დახმარებით, ცხოვრების მრავალ სფეროს აკონტროლებდა, ეგრეთ წოდებულ, ჩრდილოვან ეკონომიკას ვერ შეეხო, რადგან ამ სფეროს პირადად ვასილ მჟავანაძე მფარველობდა, რომელიც საქართველოს შევარდნაძის დანიშვნამდე ედგა სათავეში.  ამავე მიზეზით ვერ მოახერხა შევარდნაძემ ქურდების „ერთ მუჭში“ მოქცევა, თუმცა „ფილკას“ გადაბირება საკმაოდ დიდი წარმატება იყო და სწორედ ნესტორ ფილიას „ჩაბარდა“ ურჩ ქურდებთან ბრძოლის ასპარეზი. „ფილკას“ იდეით უნდა ამტყდარიყო „ქურდული ომი“ – მათ ერთმანეთის ხოცვა დაეწყოთ. მილიცია კი არ უნდა ჩარეულიყო.
– როცა სამ-ოთხ წონიან განაბს „გადააგორებენ“ და სიტუაცია გამძაფრდება, მაშინ „სხოდკას“ მოვიწვევთ და ამ ომის საკითხს იქ გადავწყვეტთ. სინამდვილეში კი, თუკი ახალი ურჩები გამოჩნდებიან, მათაც იმ ომის „პრიკუპში“ მოვაყოლებთ, – უთხრა „ფილკამ“ დანარჩენებს და დაამატა, – ვფიქრობ, მეტი სულელი აღარ გამოჩნდება...
ქურდული ომი
„ფილკა“ ბუნებით მსუნაგი, მოღალატე და ვერაგი ადამიანი იყო და  მილიციამ მას ის კადრები დაუდო, როცა საწოლში თავისი კოლეგის ცოლთან გორაობდა. სწორედ ეს გახდა ფილიას „ყურებით დაჭერის“ იარაღი და მას ყველა საზიზღრობაზე მოაწერინეს ხელი. ქურდული ომი კი „ფილკას“ იმისთვის სჭირდებოდა, რომ გზიდან კონკურენტები ჩამოეშორებინა და „შავი სამყაროს“ ერთ-ერთი უპირობო მმართველი გამხდარიყო.
– კარგი აზრია, მაგრამ ქურდულ ომს როგორ გამოიწვევ? ეს ხომ შეფარულად უნდა მოხდეს, ისე, რომ არ დაიწვა, – უთხრა „ფილკას“ მალხაზ ვერულაშვილმა.
– მარტივად, – მიუგო „ფილკამ“ და დაამატა, – მილიციელების ჯგუფი ვაკეში მდებარე იატაკქვეშა სამორინეს ნიღბებით გაძარცვავენ და იქ მყოფ გელა ჭანიას, იგივე „ფიშკას“ მოკლავენ. ამ საქმეზე გამოგაყოლებთ ჩემს ყოფილ პაძელნიკს, კოკა შანიძეს, იგივე „გოგრას“, რომელიც „პერესტრელკის“ დროს უნდა დაიღუპოს. აი, მიზეზიც. ქურდები რომ ნახავენ „გოგრამ“ და მისმა შაიკამ „ფიშკა“ გააგორაო, ომიც დაიწყება. „გოგრას“, იასნია, არ ეცოდინება, რომ საქმეზე „ძაღლებთან“ ერთად მიდის და რომ უნდა დაიბრიდოს.
პოლკოვნიკ ოთარ გიგიაძეს თავის ცხოვრებაში ბევრი სიბინძურე ჰქონდა ნანახი, მაგრამ „ფილკასნაირ“ ვერაგებს არასდროს შეხვედროდა და უთხრა:
– ამ ხალხს ასე რომ იმეტებ, არ გეცოდება?
„ფილკამ“ მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– იგივე რომ მათთვის შეგეთავაზებინათ, წარბსაც არ შეიხრიდნენ, ისე გამწირავდნენ და მე რატომ უნდა დავინდო?
გიგიაძეს, რომელიც ამ ოპერაციის ტექნიკურ მხარეს კურირებდა, მეტი აღარაფერი უთქვამს. პოდპოლკოვნიკმა ნოდარ დვალმა კი, რომელიც ოპერაციაში „დამბლოკველის“ ფუნქციას ასრულებდა, თქვა:
– იმედია, ამ ოპერაციაში მონაწილე ხალხს ენაზე კბილის დაჭერა შეუძლიათო.
„კაგებეშნიკი“ დვალის „დამბლოკველობა“ იმაში გამოიხატებოდა, რომ ამ ოპერაციის შესახებ ინფორმაციას „კაგებეში“ არ გაეჟონა, რადგან გენერალ ინაურს მისი გამოყენება შევარდნაძის წინააღმდეგ შეეძლო და სწორედ ეს არ უნდოდა ახლად დანიშნულ ცეკას მდივანს.
– კეთილი, მეგობრებო. შეთანხმებული გეგმით ვიმოქმედოთ და ეს ყველაფერი დაგიფასდებათ, – თქვა მალხაზ ვერულაშვილმა და მოთათბირეები კონსპირაციულად დაიშალნენ.
  ორი კვირის შემდეგ კი ვაკის იატაკქვეშა სამორინეში, სადაც, როგორც ადგილობრივი პარტიული, სამეურნეო, „ცეხავიკებისა“ და შავი ცხოვრების ელიტა იკრიბებოდა და დიდი ფული ტრიალებდა, თავდასხმა მოხდა. ნიღბიანმა მძარცველებმა 760 ათასი მანეთი გაიტაცეს და მიიმალნენ. თუმცა, მოკლული იქნა კრიმინალური სამყაროს დიდი ავტორიტეტი, თამაშის მოყვარული კანონიერი ქურდი „ფიშკა“, იგივე გელა ჭანია. ასევე, ერთ-ერთი მძარცველი კოკა შანიძე, იგივე „გოგრა“. ამან ქურდულ სამყაროში დიდი დაპირისპირება გამოიწვია და იმის მაგივრად, რომ ყველაფერი „სხოდკაზე“ გაერკვიათ, ერთი ქურდული კლანი მეორეს დაერია და ქურდული ომიც ატყდა.
გამქრალი პერსონაჟები
  „სამორინეს საქმეს“ ოთხი კანონიერი ქურდი და ექვსი კრიმინალური ავტორიტეტი შეეწირა, რომლებიც ქურდული ომის დროს, სულ რაღაც სამი კვირის განმავლობაში დახოცეს. ამ ყველაფერს კი „ქურდული სხოდკა“ მოჰყვა და როგორც ოპერატიული გეგმით იყო განსაზღვრული, მოხდა „დიდი შერიგება“, ნესტორ ფილია კი, ბევრად გაზრდილი ავტორიტეტით, „ქურდების ბაბად“ გადაიქცა და ისე ცხოვრობდა, როგორც მსხვილი ამერიკელი მაფიოზი. ჰქონდა ფეშენებელური ბინა თბილისში, აგარაკები წყნეთში, დუშეთსა და მწვანე კონცხზე. ჰყავდა პირადი მცველების მთელი არმია და ქართული „შავი სამყარო“, ფაქტობრივად, მუჭში მოიქცია. ხოლო, ვინც მას არ გაჰყვა, ან მოკლეს, ან რუსეთში გადაიხვეწა, ან საპყრობილეების ჯურღმულში ღაფავდა სულს.  ერთი სიტყვით, გასული საუკუნის 70-იანი წლების საქართველოს „შავი სამყაროს“ 80 პროცენტი საქართველოს მმართველის მიერ იყო კონტროლირებადი და ამ საქმეს „ფილკა“ უძღვებოდა. თუმცა, 1975 წლის ივლისში ნესტორ ფილია მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა და მისი ადგილი სხვამ დაიკავა. ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპნენ ოთარ გიგიაძე – ავტოავარიაში და ნოდარ დვალი – გულის შეტევით. ხოლო მალხაზ ვერულაშვილი კი მოგვიანებით მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ. საბჭოეთი რომ დაიშალა, ბიზნესმენი გახდა და უცხოეთში მოღვაწეობდა. ამგვარად, 1972 წლის 13 ნოემბრის „საიდუმლო სერობის“ თითქმის ყველა პერსონაჟი გაქრა და ეს შემთხვევითობა იყო თუ კანონზომიერება, უცნობია.


скачать dle 11.3