№24 შვილი სხვა კაცისგან გავაჩინე, ქმარმა მაპატია, მაგრამ ოჯახმა არ მიიღო
პატარა ასაკში გავთხოვდი, მაგრამ წლები ისე გავიდა, ორსულად არ დავრჩი. ქმრის მხარე მე მადანაშაულებდა, თუმცა ყველა სამედიცინო ცნობა იმას მოწმობდა, რომ უშვილო ჩემი ქმარი იყო. სიმართლე გითხრათ, ამის გამო საყვარელი მამაკაცის მიტოვება არც კი მიფიქრია, თუმცა, დედობა ძალიან მინდოდა. ამას უჩაც გრძნობდა და წლები იტანჯებოდა. ზოგადად, ეს თემა დახურული იყო. თუმცა, როგორც ხდება, ქმრის სანათესაო აქტიურობდა და ყოველთვის ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ორი წლის წინ უჩას არ ეცალა და დასასვენებლად წასვლა მის გარეშე მომიწია. სასტუმროში დაქალთან ერთად ვცხოვრობდი. თენგოც იქ გავიცანი. ძალიან სიმპათიური, მომხიბვლელი მამაკაცი იყო, მაგრამ სხვა თვალით არ შემიხედავს. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ყველაფერი გააკეთა, თავბრუ დამახვია და ჩვენი ფლირტაობა საწოლამდე მივიდა – მასთან დავწექი. თენგოს ცოლი ჰყავს და სამი შვილი. ეს ამბავი დაქალისთვისაც არ მითქვამს, დავუმალე და რასაკვირველია, არც თენგოს უნდოდა აფიშირება. თბილისში დაბრუნებულს, უცნაური შეგრძნებები დამეწყო, ვიფიქრე, აკლიმატიზაციის ან ვირუსის ბრალია-მეთქი. ექიმს მივაკითხე და ანალიზების პასუხი რომ მითხრეს, შოკში ჩავვარდი – ორსულად ვიყავი. სხვა გზა არ მქონდა, უჩასთვის უნდა მეთქვა, თუმცა როგორ? ამაზე დიდი ხანი ვიფიქრე. ერთ დღესაც, ვთხოვე, ქალაქგარეთ წავიდეთ-მეთქი, სუფთა ჰაერზე დავჯექით და შევაპარე: ისეთი ამბავი უნდა გითხრა, თავადაც შოკში ვარ, მაგრამ დამალვას აზრი არ აქვს და მინდა, პირველად ჩემგან გაიგო, მე მიყვარხარ! მინდა, მთელი ცხოვრება შენ გვერდით გავატარო და თუ მაპატიებ, ბედნიერი ვიქნები-მეთქი. ცოტა დაიბნა, ვერ მიხვდა, რატომ ვუხსნიდი სიყვარულს და მკითხა: ისეთი დაბნეული და გაფითრებული ხარ, რაღაც სერიოზულია ჩვენს თავს და სასწრაფოდ მითხარი, მაგრამ თუ სხვა კაცი შეგიყვარდა და ამის გამო ჩემს მიტოვებას ფიქრობ, გირჩევნია, ხმა აღარ ამოიღოო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველაფერი მოვუყევი, გულდასმით მისმენდა თავჩაქინდრული და ბოლოს რომ ვუთხარი, ორსულად ვარ, ბავშვს ველოდები, მაგრამ შენ მიყვარხარ-მეთქი, ამაზე თვალები ცრემლებით აევსო. ცოტა ხანს გაოგნებული მიყურა და ბოლოს ჩამეხუტა. მოვილაპარაკეთ, რომ გვეთქვა, თითქოს ბავშვი ჩვენი იყო, მაგრამ სანათესაოს რას გამოაპარებ. პირველი ჩემი მული გამოხტა: ჩემი ძმის სამედიცინო დასკვნები მაქვს ნანახი. წესით, შვილი არ უნდა ჰყავდეს და ეს რა მაიმუნობაა, რას ხლართავთ და გვიმალავთო. მოვატყუე, ხელოვნური განაყოფიერება გავიკეთე-მეთქი და ამით დავამშვიდე. ახლა დედამთილ-მამამთილმა გამოყო თავი: ჩვენი შვილის გენეტიკა არ ექნება და რად გვინდა ეგეთი შთამომავალიო. ალექსანდრე მაინც გაჩნდა. ჩემმა ქმარმა საკუთარ შვილად აღიარა, გვარიც მისცა და დღემდე, მისით სუნთქავს. თუმცა, მისმა ოჯახმა და სანათესაომ ბავშვი ამოიძულა და არ მიიღო. არ ვიცი, მომავალში რა მოხდება, ვინ რას ეტყვის ჩემს შვილს, როგორ მოუწამლავს გონებას, მაგრამ არ ვაპირებ ვინმეს დავაჩაგვრინო. მთავარია, ჩემს ქმარს უყვარს, გიჟდება მასზე და მიუხედავად იმისა, რომ იცის, ბავშვი მისი ნამდვილი შვილი არ არის, თავს ყველაზე ბედნიერ მამად მიიჩნევს. მართალია, როცა სხვა მამაკაცთან გავიღვიძე, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მრცხვენოდა საკუთარი საქციელის, იმის, რომ საყვარელ ქმარს ვუღალატე, მაგრამ დღეს, მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ვარ. ცხოვრებას აზრი მიეცა, ქმარმაც მაპატია, ურთიერთობაც უფრო გამყარდა და ბავშვიც სიყვარულსა და სითბოში იზრდება.
ნინო, 38 წლის.