№24 მსჯავრდებული ქალის დღიური
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
სასამართლო დარბაზი გადაჭედილი იყო.
ბადრაგებმა ორმოციოდე წლის ქალი შემოიყვანეს, მისთვის მიჩენილ ეგრეთ წოდებულ გალიაში შეუშვეს, გარედან ჩაკეტეს და რკინის „ჯიხურს“ აქეთ-იქიდან ამოუდგნენ.
ქალი მექანიკურად მოქმედებდა. არანაირი ემოცია. არც სასოწარკვეთა, არც შიში, არც მრისხანება – თითქოს ბამბის თოჯინა იყო და ვიღაც გარედან მართავდა. ხელებზე ბორკილები ეკეთა, მაგრამ ვერც ამას გრძნობდა.
– სასამართლო მობრძანდება! გთხოვთ, ფეხზე წამოდგეთ! – ჩაესმა სადღაც შორიდან, მექანიკურად ადგა ხის სკამიდან და თავი ჩაღუნა. ცოტა ხანს ასე იდგა, მერე კი უცებ დაბნელდა და ქალი იატაკზე ჩაიკეცა.
სასამართლო გადაიდო.
ამგვარად განმეორდა სამჯერ. მეოთხედ კი ექიმები ჩაერივნენ – წინასწარ დაალევინეს სპეციალური წამლები, ორიოდე ლუკმაც ძალით გადააყლაპეს, რომ ფეხზე დგომა შესძლებოდა და ასე მიიყვანეს პროცესზე.
ამჯერად გული არ წასვლია, მაგრამ არც არავის უსმენდა და არც არავის კითხვებს არ სცემდა პასუხებს, იჯდა გათეთრებული ტუჩებით და გაქვავებული სახით. რომ არა მხრებისა და ხელების ცახცახი, კაცს თვალებგახელილი მიცვალებული ეგონებოდა.
უცებ დარბაზის ბოლო რიგიდან ისეთი კივილი გაისმა, პატიმრის სმენამაც კი აღიქვა და, თავისდამოულოდნელად, მთელი სხეულით შეხტა, მერე უნებურად მზერა იქით მიაპყრო, საიდანაც კივილი გაიგონა და ისეთი მრისხანება და სიძულვილი ჩაუდგა თვალებში, რომ მთელმა დარბაზმა, მოსამართლეებიან-ბრალმდებლიან-დამცველებიანად, იქით გაიხედა. ბოლო რიგში, დარბაზში შემოსასვლელ კართან, იჯდა შავებში ჩაცმული, ხანში შესული მაღალი ქალი, რომელსაც შავი შიფონის თავსაფარი სახეზე ჰქონდა ჩამოფარებული, ხელებს მუხლებზე ირტყამდა და მთელი ხმით გაჰკიოდა:
– შენ მოგიკვდეს დედა, შვილოოო!!! შენ მოგიკვდეს დედა, შვილოოო!!! მანდ რატომ უნდა იჯდე, შვილოოო!
„დედაა!“ – გაისმა დარბაზში გადაჩურჩულება და რამდენიმე დამსწრის თვალებზე ცრემლმაც კი გაიბრწყინა.
პატიმარს სახეზე ირონიული ღიმილი გაუკრთა, აკივლებულ ქალს სიძულვილით გახედა, მერე თვალები დახუჭა, თავი ჩაღუნა და აღარ განძრეულა. არც კი გაუგონია, ვინ რას ამბობდა, ვინ რას ამტკიცებდა, რას ეკითხებოდა, მხოლოდ დედის კივილი ჩაესმოდა. ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა, ფეხზე წამოდგა, თითი დედისკენ გაიშვირა და მასზე უფრო ხმამაღლა იკივლა:
– გაათრიეთ დარბაზიდან ეს ფარისეველი!
ხალხი შეჩოჩქოლდა. ზოგი გაღიზიანდა, ზოგი გაბრაზდა, ზოგს გული აუჩუყდა. ქალი გისოსებს შუბლით მიეყრდნო და ისტერიულად იმეორებდა ერთადერთ სიტყვას:
– გაათრიეთ! გაათრიეთ! გაათრიეთ! – მერე კი ხმამაღლი მოთქმა დაიწყო:
– ახლა რომ გაიძახი, შვილოო, ჩემი დაბადების წუთიდან დღემდე ერთხელ რომ მოგემართა ამ სიტყვით; ერთხელ მაინც რომ გეთქვა, გენაცვალოს დედაო; ერთხელ მაინც რომ მომფერებოდი, იქნებ, ახლა ამ დარბაზში არც მე ვმჯდარიყავი და არც შენ! მთელი ცხოვრება ვერ მიტანდი, მთელი ცხოვრება ფეხებზე გეკიდე, არასდროს არაფერი გაგიმეტებია ჩემთვის არც სიტყვით, არც საქმით, არც მატერიალურად და ახლა აგიჩუყდა გული?!
– მე არა, შვილო, მე არ მეკიდე ფეხებზე, ეს მამაშენი მაიძულებდა, ასე მოვქცეულიყავი, მამაშენი, ის არ ცხონდეს იმქვეყნად! – აზლუქუნდა ქალი მთელი დარბაზის გასაგონად.
ხალხი გააოგნა ამ უცნაურმა დიალოგმა. მოსამართლემ დიდხანს აკაკუნა ხის ჩაქუჩი, მაგრამ დედა-შვილის გაჩუმება ვერ შეძლო. დარბაზი აყაყანდა. იქ მყოფი ქალებიდან ზოგი პატიმარს ლანძღავდა და აგინებდა, ზოგი კი აცრემლებულ დედას უგზავნიდა წყევლა-კრულვას და შვილის უბედურებაში პირდაპირ ადანაშაულებდა.
პატიმარმა მარი ტ-მ ვეღარ გაუძლო ამდენ ემოციურ დატვირთვას, უცებ ხელები გაასავსავა, თითქოს საყრდენს ეძებსო, თვალები გადაატრიალა და იქვე, გისოსებს მიღმა მდგარ სკამთან მოადინა ბრაგვანი.
სასწრაფოდ მოიყვანეს სასამართლოს ექიმი, რომელმაც ორიოდე წუთის შემდეგ გამოაცხადა, რომ პატიმარს ინფარქტი დაემართა და მისი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა.
მოსამართლე იძულებული გახდა, სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაეტანა, ანუ იმ დრომდე, სანამ მარი ტ. გამოჯანმრთელდებოდა, ცხადია, თუკი უფალი ინებებდა ამას.
მარი ტ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, რეანიმაციაში მოათავსეს და ინტენსიურ მკურნალობას შეუდგნენ. ერთი კვირის განმავლობაში მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. ექიმებს თითქმის აღარ ჰქონდათ მისი გამოჯანმრთელების იმედი, მაგრამ მოულოდნელად ავადმყოფმა თვალი გაახილა და ტუჩები ააცმაცუნა. მხოლოდ ექთანი მიხვდა, რა სიტყვებს იმეორებდა მარი ტ. ისტერიულად:
– რვეული!.. თაროზე!.. რვეული!..
– სასწრაფოდ გაუკეთეთ დამამშვიდებელი! – იყვირა ექიმმა, – სწრაფად, თორემ მოკვდება!
ცოტა ხანში მარი ტ. დამშვიდდა და ჩაეძინა, უფრო სწორად, გაითიშა, რადგან ეს იყო ხელოვნურად გამოწვეული კომა – პროფესორმა ასე გადაწყვიტა.
– რას უნდა ნიშნავდეს თარო და რვეული? – იკითხა ექიმმა და კოლეგებს შეხედა.
– აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა ჩვენთვის, – ჩაილაპარაკა რეანიმატოლოგმა.
– ჩვენთვის? მან ხომ არც კი იცის, სად იმყოფება და ვინ ადგას თავზე! – გააპროტესტა პროფესორმა.
– რა თქმა უნდა, არ იცის, მაგრამ ის აშკარად რაღაცის მინიშნებას ცდილობდა. ეს არ იყო აგონიაში მყოფის ბოდვა, ეს იყო რაღაც ინფორმაციის მოწოდების მცდელობა, – დარწმუნებით თქვა ექიმმა.
– ამიტომ მის ადვოკატს უნდა დავუკავშირდეთ და შევატყობინოთ, რაც გავიგონეთ. გარეთ ორი ბადრაგი დგას, ვუთხრათ და ისინი შეატყობინებენ, – აზრი გამოთქვა რეანიმაციის ექთანმა.
– მართალია. რა იცი, იქნებ რისი თქმა უნდა ამ საცოდავს, – ექიმმა ამ სიტყვებით მიაშურა დერეფანში, პალატის კართან ჩამომსხდარ ბადრაგებს და ყველაფერი უამბო. მათაც მაშინვე რაციით გადასცეს თავიანთ უფროსს ახალი ინფორმაცია.
რამდენიმე დღის შემდეგ მარი ტ-ს ადვოკატი პროკურორთან მივიდა და მაგიდაზე სქელი რვეული დაუდო.
– ეს რა არის? – იკითხა გაოცებულმა პროკურორმა.
– პატიმარ მარი ტ-ს ჩანაწერები. ეს რვეული მთლიანად ცვლის მისი საქმის ვითარებას, – უპასუხა ადვოკატმა და პროკურორს ბრალდებულის ვინაობა და ბოლო პროცესი შეახსენა.
– რა, დღიურში წერს, დამნაშავე არ ვარ და გამათავისუფლეთო? – ირონია გაუკრთა ხმაში პროკურორს.
– არა, პირიქით, თავის ყველა დანაშაულს გულწრფელად აღიარებს და დაწვრილებით აღწერს.
– აბა, რა გნებავთ, ყველას გული აგვიჩუყდეს, კანონმდებლობა შევცვალოთ და ზარ-ზეიმით გავუშვათ სახლში სისხლის სამართლის დამნაშავე?
– არა, ბატონო პროკურორო, ძალიან გთხოვთ, წაიკითხოთ ეს ჩანაწერები.
– კარგი, ვთქვათ, წავიკითხე. მერე?
– რა მერე?
– შენ რას ითხოვ, შეწყალებას თუ გამართლებას? – ისევ ირონია გაერია ხმაში პროკურორს.
– არა, ბატონო პროკურორო. ეს რვეული გამომძიებელმაც უნდა წაიკითხოს, მოსამართლემაც და ისე უნდა გამოიტანონ განაჩენი. დამნაშავეც ადამიანია. ცხადია, არ ვამართლებ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა დანაშაულს აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები, რაც ჩვენ, სამართალდამცველებმა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ განაჩენის გამოტანისას – ამას ხომ თქვენ გვასწავლიდით უნივერსიტეტში... – ადვოკატმა თვალებში შეხედა თავის ყოფილ პედაგოგს და პასუხის მოლოდინში გაჩუმდა.
– კარგი სტუდენტი იყავი, მაგრამ მორიდებული. ახლა სითამამეც მოგმატებია, რაც კარგია შენი პროფესიისთვის. მაგრამ იმას მაინც არ მეუბნები, რა გაქვს გუნებაში, რას ითხოვ შენი დაცვის ქვეშ მყოფისთვის? ერთი-ორი წელი მივუსაჯოთ თუ საპროცესოთი შემოვიფარგლოთ? – გაეღიმა პროკურორს.
– არა, მაგრამ, ასე მგონია, უმაღლესი სასჯელი მეტისმეტია. ამ რვეულს რომ წაიკითხავთ, თქვენც ამ აზრზე დადგებით.
– ასე რატომ ესარჩლები?
– ამ ადამიანს არასდროს არაფერში უმართლებდა. ის არასდროს არავის ჰყვარებია, გარდა ერთი ხანმოკლე პერიოდისა და ამიტომ მოხდა მის ცხოვრებაში ყველაფერი ის, რაც მოხდა. მე მას არ ვამართლებ, უბრალოდ, ძალიან მებრალება როგორც უბედური ადამიანი, რომელსაც ერთი გულშემატკივარიც კი არ ჰყავს.
– არც დედა? აკი ასე ტიროდა დარბაზში?
– ის ქალი იმ მონო-სპექტაკლით თავს იცავდა. იცის, რომ მის ბრალია ყველაფერი და სიტუაციიდან გამოძრომას ცდილობდა. ასეთებისთვის ჩვეულებრივი ამბავია ასეთი ფარსით გულის აჩუყება საზოგადოებისთვის. სახეზეც იმიტომ ჰქონდა შავი ვუალი ჩამოფარებული, რომ სიყალბეში არ გაყიდულიყო. თან ამით ბრალდებულის სკამზე მჯდომ შვილს ანიშნა, არ გამცეო.
– ეს საიდანღა დაასკვენი?
– პროცესის დასაწყისში დარბაზში რომ შემოვიდა, მაშინ მივაქციე ყურადღება. მედიდური ნაბიჯით მოდიოდა, თან, ხელებს მოვკარი თვალი – შვილის პროცესზე მისულ მონანიე დედას არც ასეთი ამაყი გამომეტყველება არ უნდა ჰქონდეს, არც იმისთვის ეცალოს, არწივივით გრძელი კლანჭები წითელი ლაკით შეიღებოს და არც იმისთვის, რომ თითო თითზე სამ-სამი ბრილიანტის ბეჭედი წამოიცვას, რომ არაფერი ვთქვა უძვირფასესი სუნამოს სურნელზე, რომელიც დარბაზში დააფრქვია.
– კიდევ რა შეამჩნიე? – გაეცინა პროკურორს.
– მთლად მთავარი ბოლოსთვის შემოვინახე, – უხერხულად შეიშმუშნა ადვოკატი.
– გისმენ, – დაინტერესდა პროკურორი.
– ის ქალბატონი დაცვით იყო მოსული. მონანიე, გამწარებული დედა და დაცვის ორი მუტრ... უკაცრავად, ბატონო პროკურორო, წამომცდა.
– რა დაცვით? რომელი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ეგა მყავს? რაში სჭირდებოდა დაცვა?
– დიახ, ორი ამბალი მოჰყვებოდა უკან, ორიოდე მეტრის დაშორებით. ისეთი სახეებით მოდიოდნენ, ვითომ მას არ ახლდნენ. დაცვის აყვანას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ძალიან ფულიან ხალხში ეს, მათი გაგებით, „კარგ ტონად“ ითვლება. მე რამდენიმე მომღერალი ვიცი, უფრო სწორად, ეგრეთ წოდებული მომღერალი, რომლებიც ლამის ათეული წლებია, ერთსა და იმავე ფონოგრამას ატრიალებენ მაშინაც კი, როცა სცენაზე დგანან, რადგან სიმღერის ცოცხლად შესასრულებლად არც ხმა ჰყოფნით, არც სმენა და არც ყველაფერი დანარჩენი, მაგრამ მაინც ახერხებენ მსმენელ-მაყურებლებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას და ასე იკეთებენ იმიჯს და აკეთებენ ფულს. მერე კი, ამ იმიჯის „გასამაგრებლად“, დაცვის ჩაკურატებული ტიპებით სავსე ორ-ორი „ჯიპი“ დაჰყვებათ, ვაიდა, რომელიმე ჭკუიდან გადასულმა ფანმა, მოჭარბებული სიყვარულის გამო, შუბლში ტყვია არ ახალოს. ვითომ პოლიტიკოსებსა და „ახალ ქართველებსაც“, ანუ შავ-ბნელი გზებით გამდიდრებულებსაც იგივე დაავადება სჭირთ.
– ტოჟე მნე ჯონ ლენონები! – გაეცინა პროკურორს, მერე კი უცებ ისევ სერიოზული სახე მიიღო: – შენ ახლა ძალიან გადასცდი ძირითად თემას. ასეთი ლირიკული გადახვევები საჭირო არ არის, ჩვენს საქმეს არ უხდება, მთავარს დავუბრუნდეთ.
– მთავარი ის არის, რომ მარი ტ-ს დედის საქციელი სერიოზულ ეჭვს იწვევს. მაგრამ ამ კონკრეტულ საქმეში ბოლომდე გასარკვევად, ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებელია, პირადად თქვენ და გამომძიებელი გაეცნოთ ამ ჩანაწერებს.
– ძალიან ბევრია? – დანებდა პროკურორი.
– არც ისე, – გაუხარდა ადვოკატს, – მაქსიმუმ ორ საათში წაიკითხავთ.
– კარგი, დამიტოვე. თუ მოვიცალე, ამ საღამოსვე გადავხედავ...
– და მერე გამომძიებელსა და მოსამართლესაც დაავალეთ წაკითხვა. მპირდებით?
– ამდენი ჩემთვის არავის გაუბედავს, – ჩაეცინა პროკურორს.
– თქვენი სტუდენტი ვიყავი, – „თავმდაბლობით“ შეახსენა ადვოკატმა.
– კარგი, დამიტოვე რვეული და საქმეს მიხედე, – ოდნავ გაიმკაცრა ხმა პროკურორმა და წამოდგა.
ადვოკატმა წინ დაუდო ფაილში ჩადებული რვეული და კმაყოფილი სახით გაემართა კარისკენ. კართან შეჩერდა, შემობრუნდა და ეშმაკური ღიმილით უთხრა:
– ბატონო პროკურორო, თუ არ შეწუხდებით, გამომძიებელსა და მოსამართლეს უთხარით, რომ რვეულის დაკარგვის პონტი არ მოსულა – კიდეც გადავაქსეროქსე და ტელეფონითაც გადავიღე თითოეული გვერდი.
– გამასწარი აქედან! – უკვე ხმამაღლა გაეცინა პროკურორს.
– დიდი მადლობა თანადგომისთვის. ნახვამდის! – ადვოკატმა ფრთხილად გაიხურა კაბინეტის კარი და დერეფანში გასვლისთანავე კმაყოფილებით მოიფშვნიტა ხელები.
– მაგარი ბიჭი გამიზრდია, – ჩაილაპარაკა პროკურორმა, – თუ არ გააფუჭეს... – და ფრაზა აღარ დაასრულა.
მერე რამდენიმე პირს დაურეკა, რაღაცებზე შეუთანხმდა, ბოლოს კი პირადი მდივანი გამოიძახა და დღის განრიგის შეხსენება სთხოვა.
– ახლა პირველის ნახევარია. 3 საათამდე ხვალინდელი საქმის მასალებს უნდა გადახედოთ; მერე შვილს უნდა გაჰყვეთ მაღაზიაში. მერე ორი პროცესი გაქვთ...
– კარგი, მეტი არ არის საჭირო. ჩემს ცოლს დაურეკე და უთხარი, რომ ბავშვს ან თვითონ გაჰყვეს, ან ხვალისთვის მოვიცლი მაღაზიებისთვის. ხვალინდელი საქმის მასალები შემომიტანე, ყავა, ნამცხვარი და სიგარეტიც მოაყოლე თავისი მოწყობილობით და მანამდე არ შემაწუხო ზარებითა და კარზე კაკუნით, სანამ თვითონ არ დაგიძახებ. კარს შიგნიდან ვკეტავ, იცოდე. გასაგებია?
მდივანმა უხმოდ და მორჩილად დაუქნია თავი და სწრაფი ნაბიჯით გავიდა. ათიოდე წუთის შემდეგ კი ყველაფერი შემოიტანა, რაც პროკურორმა დაავალა და ისევ უხმოდ დატოვა კაბინეტი.
პროკურორმა ფანჯარასთან მიდგმული, ძალზე კომფორტული სავარძლისკენ გადაინაცვლა, ხვალინდელი საქმის მასალები საწერ მაგიდაზე დატოვა, სავარძლის წინ მდგარ პატარა, მრგვალ მაგიდაზე ყავის ფინჯანი და ნამცხვრიანი თეფში დააწყო, ადვოკატის დატოვებული რვეული აიღო, ინტერესით შეათვალიერა და სავარძელში ჩაეშვა. მერე ფეხები მრგვალი მაგიდის ქვეშ შეჩოჩებულ პატარა სკამზე შემოაწყო და რვეული გადაშალა.
პირველივე სტრიქონებმა დააინტერესა. ისეთი განწყობა შეექმნა, თითქოს ნაკლებად მხატვრულ, თანამედროვე „ჰიჩკოკს“ კითხულობდა. თუმცა პირველი აბზაციდანვე მიხვდა, რომ ბრალდებული მარი ტ. არ იყო არც უწიგნური, არც უნიჭო. ის საკმაოდ კარგად აზროვნებდა, მსჯელობდა ლოგიკურად და ზუსტად და მკაფიოდ აღწერდა როგორც თავის უიღბლო ცხოვრებას, ისე მიტოვებული და ყველასგან უარყოფილი გოგონასა და ქალის გრძნობებს.
ეგრეთ წოდებული „დღიური“ საკმაოდ უცნაურად და არაორდინარულად იწყებოდა:
„ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, მსჯავრდებულის სკამზე აღმოვჩნდებოდი და გისოსებს მიღმიდან შევხედავდი დანარჩენ სამყაროს – იმ ადამიანებსაც, ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ჩემს გაუბედურებასა და დაცემაში და იმათაც, ვინც წარმოუდგენელი გულგრილობით უყურებდა ერთი უმწეო, უბედური გოგონას დამნაშავედ ქცევას. ამ ადამიანებს შორის კი უპირველესად ჩემს მშობლებს დავინახავდი. ძალიან მაინტერესებდა, როგორ შემხედავდნენ ბრალდებულის სკამზე მჯდარს და რას იტყოდნენ თავის გასამართლებლად... ან, იქნებ, სულაც არაფერი ეთქვათ და არც თვალებში ჩაეხედათ...
ყველაფერი ჩემი დაბადებით დაიწყო.
მანამდე კი იმას ვიტყვი, რომ ჩემი მშობლები გარიგებით შეუღლდნენ. მამა თითქმის ოცი წლით იყო უფროსი. დედა ლამაზი გოგო ყოფილა, თავმომწონე, სიმდიდრის მოყვარული, მაგრამ ღარიბ ოჯახში გაზრდილი. ამიტომ მუდამ იმაზე ოცნებობდა, შეძლებულ კაცს გაჰყოლოდა ცოლად, თუნდაც უსიყვარულოდ, ოღონდ კი ფუფუნებაში ეცხოვრა. ოჯახის სიღარიბის გამო ბევრი მთხოვნელი არ ჰყოლია. მამაჩემმა, უკვე ჩამოყალიბებულმა ბერბიჭამ, 45 წლის ასაკში გაიაზრა, რომ მემკვიდრის გარეშე რჩებოდა და სასწრაფოდ გადაწყვიტა ცოლის შერთვა, ოღონდ, ლამაზი და ახალგაზრდა გოგო ნებავდა, ქონებასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მამას გვარის გამგრძელებელი უნდოდა, ლამაზი და ჯანმრთელი. შვილად მხოლოდ ბიჭს აღიარებდა, ამიტომ გოგოს თემას არც კი განიხილავდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში