№24 როგორ გააპარა ბერიამ ნილს ბორი დანიიდან ლონდონში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ლავრენტი ბერია საბჭოთა სტრატეგიული დაზვერვის „მამა“ იყო, ტყუილად როდი უწოდეს მას ამერიკელებმა „დაზვერვის გენია“... პროფესორი ევსეი სავოსტიკოვი წერს: „მარშალმა ბერიამ არაერთხელ გააცურა ამერიკელები და მათ ისეთი შოუები მოუწყო, რომ „ცეერუს“ ლეგენდარულმა შეფმა, ალენ დალესმა მას „დაზვერვის გენია“ უწოდა და თავის მემუარებში აღიარა, რომ სანამ ბერია ცოცხალი იყო და საბჭოთა სტრატეგიულ დაზვერვას ხელმძღვანელობდა, „ცეერუს“ სისხლი ჰქონდა გამშრალი. საგულისხმოა დალესის ეს ციტატა: „რუსებმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს და რომ არაფერი ვთქვათ აბსოლუტურ უკანონობასა და ველურ ქმედებაზე ბერიას მიმართ, მათ (რუსებმა) პოლიტიკური უვიცობა გამოამჟღავნეს, როდესაც ბერია მოკლეს და ამით ყველაზე მეტად ჩვენ, ამერიკელებმა ვისარგებლეთ. საბჭოეთმა კი ფანტასტიკური მზვერავი და სუპერმენეჯერი დაკარგა და სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირი პირველად სწორედ მაშინ შეირყა.“
ალენ დალესზე უკეთ, აბა, ვის შეეძლო შეეფასებინა ბერიას უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და ამერიკელები ზეიმობდნენ ბერიას მკვლელობის გამო...
გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის იმ მრავალსვლიანი, გენიალური ოპერაციის შესახებ, რომელიც თითქმის 12 წელიწადი გრძელდებოდა და ატომური ბომბის დამზადებით დასრულდა. მავანნი ფიქრობენ, რომ საბჭოეთმა ამერიკელებს ატომური ბომბის დამზადების ტექნოლოგია მოჰპარეს, ბომბი გააკეთეს და ამის გამო გამწარებულმა იანკებმა (ამერიკელებმა) ატომური საიდუმლოებების გამჟღავნებისთვის ცოლ-ქმარი როზენბერგები სიკვდილით დასაჯესო. როგორც მინიმუმ, ასეთი მსჯელობები არასერიოზულია და საქმეში ჩახედული კაცისთვის ღიმილის მომგვრელი. სინამდვილეში კი, სულ სხვაგვარად იყო საქმე და საბჭოთა ატომური ბომბის დამზადება იმ სპეცოპერაციის გვირგვინი იყო, რომელიც ბერიამ 1939 წლის დასაწყისში დაიწყო და 1949 წლის აგვისტოში დააგვირგვინა, როდესაც 29 აგვისტოს, ყაზახეთში, სემიპალატინსკის პოლიგონზე პირველი საბჭოთა ატომური ბომბი აფეთქდა“.
სუდოპლატოვი საბჭოურ „ატომურ შპიონაჟში“ უაქტიურეს როლს ასრულებდა და ყველა აგენტურული ინფორმაცია ბერიასთან მისი მეშვეობით მიდიოდა. ისვე ახორციელებდა, ეგრეთ წოდებული, „დაფარების ოპერაციებს“, რათა მთავარი ოპერაცია და მისი მონაწილეები არ გაშიფრულიყვნენ. ანუ, გენერალ პავლე სუდოპლატოვს ბერიასგან დავალებული ჰქონდა მტრის დაზვერვების ცრუ კვალზე გაშვება, რაც დიდი წარმატებით განხორციელდა.
ეგრეთ წოდებული, „დიდი ატომური ოპერაციის“ განხორციელების დაწყებამდე, ბერია ჯერ იმ მიღწევებით დაინტერესდა, რაც ევროპელმა ფიზიკოსებმა მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ბირთვული ფიზიკის დარგში განახორციელეს. იყო რა უაღრესად ერუდირებული, მეცნიერებაში გარკვეული და შორსმჭვრეტელი ადამიანი, ბერია მიხვდა, რომ ბირთვულ ფიზიკას შეეძლო, დიდი გადატრიალება მოეხდინა სამხედრო-პოლიტიკურ დარგში და ამ სფეროს მიმართ წუთითაც არ მოუდუნებია ყურადღება. საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივნობის პერიოდში მუდმივად იღებდა სერიოზულ სამეცნიერო ჟურნალებს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სწორედ ამ გამოცემებში დაბეჭდილი პუბლიკაციების ანალიზისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ატომური იარაღის გაკეთება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო საბჭოეთისთვის და მომენტს ეძებდა, რომ ამის შესახებ სტალინისთვის მოეხსენებინა. პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „1937 წელს საქართველოში ფიზიკოსთა კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც ახალგაზრდა ამერიკელი ფიზიკოსი, რობერტ ოპენგეიმერიც იმყოფებოდა. 33 წლის ოპენჰეიმერს ბერია პუბლიკაციებით იცნობდა და ის საკუთარ ოჯახშიც დაპატიჟა ვახშამზე. შემდეგ მას პირისპირ ესაუბრა და როდესაც დარწმუნდა, რომ ატომური ბომბის დამზადება შესაძლებელი იყო, მასთან ერთად მოსკოვში გადაფრინდა და კუნცევოს აგარაკზე სტალინს წარუდგინა. ოპენჰეიმერი მზად იყო, საბჭოეთში დარჩენილიყო და ატომური ბომბი გაეკეთებინა. ხოლო, როდესაც სტალინმა შეიტყო, რომ ამ პროცესს 10-15 წელიწადი და 2-3 მილიარდი დოლარი დასჭირდებოდა, პროექტის დაწყებაზე უარი განაცხადა. ოპენჰეიმერი რომ გაისტუმრეს, ბერიამ სტალინს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, თუ თანახმა იქნებით, ასე ვქნათ: მოდი, ჯერ ამერიკელებმა გააკეთონ ეს ბომბი და ფული ხარჯონ, შემდგომ კი მათი დოკუმენტაციის მიხედვით ჩვენ გავაკეთოთ.
სტალინი ამაზე დათანხმდა და1938 წელს, როგორც კი საბჭოთა დაზვერვას ბერია ჩაუდგა სათავეში, „დიდი ატომური ოპერაცია“ დავიწყეთ.“
ეგრეთ წოდებული, „ატომური ოპერაცია“, რომელზეც სუდოპლატოვი ყვებოდა, რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი და ერთ-ერთ ეტაპს ის წარმოადგენდა, რომ ჰიტლერს ხელში არ ჩავარდნოდა ატომური ნედლეული, რაც ბომბისთვის აუცილებელი იყო და რაც მთავარია, თავად ფიზიკოსები, რომლებიც ბომბზე იმუშავებდნენ. ამიტომ, ბერიას ნებართვით, საბჭოთა დაზვერვა წარმატებით ეხმარებოდა ბრიტანელებსა და ფრანგებს და ნორვეგიის ქალაქ რიუკანში მძიმე წყლის საწარმოებელი ქარხანა ააფეთქეს, ხოლო გენიალური დანიელი ფიზიკოსი ნილს ბორი კი ჯერ ნავით შვედეთში გადაიყვანეს, შემდეგ კი ინგლისური ბომბდამშენის პილოტმა, საბჭოთა აგენტმა ბორი ლონდონში ჩაიყვანა... პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბორი ჩვენმა აგენტმა მფრინავმა ბომბების ლუკში მოათავსა და ასე ჩააფრინა ლონდონში. თუმცა მას ბერიასგან საიდუმლო ბრძანება ჰქონდა: იმ შემთხვევაში, თუკი ფაშისტების თვითმფრინავები ინგლისურ ბომბდამშენს დაჯდომას აიძულებდნენ, მაშინ მას ლუკი უნდა გაეხსნა და ფაშისტებს რომ ხელში არ ჩავარდნოდათ, ბორი ძირს ჩაეგდო...“
ერთი სიტყვით, ბერია და მისი გუნდი დიდად უწყობდა ხელს ამერიკელებს ატომური ბომბის შექმნაში და ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ ეგონა, ატომური მონოპოლისტები ვართო, სწორედ მაშინ შექმნა საბჭოეთმა უფრო ძლიერი თერმო-ბირთვული იარაღი და ეს კი ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ბერიას დამსახურება იყო.“