№24 როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ჯანსაღი იმუნიტეტი – ეს არის ჯანმრთელობისა და ყოველდღიური კეთილდღეობის საფუძველი. ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანის იმუნიტეტი საკმაოდ დასუსტებულია. დაბინძურებული გარემო, გენმოდიფიცირებული საკვები, მუდმივი სტრესი, მავნე ჩვევები – ეს ყველაფერი ორგანიზმის გადაძაბვასა და თავდაცვითი მექანიზმის დასუსტებას იწვევს. ჩვენ, ყველას, გვაინტერესებს, როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მუდმივად ახალგაზრდა, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ვიყოთ.
იმუნიტეტის ამაღლება შეგვიძლია ცოცხალი ვიტამინებით – საკვებით, ხილით, ბოსტნეულით. როდესაც ადამიანი მარხვას ინახავს და ცხოველურ საკვებსა და რძის პროდუქტებს ვერ იღებს, განსაკუთრებულად აუცილებელია სწორი კვება.
საკვები მიირთვით ნელი ტემპით. ღეჭეთ დიდხანს ისე, რომ სრულად შეიგრძნოთ საკვების გემო. არ დალიოთ წყალი ზუსტად ჭამის წინ, ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე. მოერიდეთ ტანისა და ფეხის გადაცივებას, ის ზედმეტ პრობლემებს შეგიქმნით. მიიღეთ სითხეები, დღის განმავლობაში სულ მცირე 1 ლიტრა – წყლისა და კომპოტების სახით. სწორ კვებაში, ასევე, იგულისხმება დღეში 4-ჯერ კვება.
მიირთვით C ვიტამინით გაჯერებული ხილი: კივი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ვაშლი, კომში, მანდარინი, ასკილის კომპოტი. ეს ვიტამინი აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ებრძვის ვირუსებს. C ვიტამინი დიდი რაოდენობით შედის შემდეგ პროდუქტებში: მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა, მწვანე ხახვი, პირშუშხა, სალათის ფურცლები, ოხრახუში, კამა, ისპანახი, მჟაუნა, პომიდორი.
B ჯგუფის ვიტამინებია: B1, B2, B3, B6. მათი ნაკლებობა იწვევს თავბრუს, სისუსტეს, გულსისხლძარღვთა პრობლემებს, კუჭის პერისტალტიკისა და ნერვული სისტემის მოშლას, იწყება კანისა და ლორწოვანი გარსის ანთებები, თვალის ქუთუთოზე ჩნდება ეგრეთ წოდებული, „ჯიბლიბო“, იწყება ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ნაღვლისა და კუჭის პრობლემა, ანემია, ათეროსკლეროზი, ღვიძლის, თირკმლის პრობლემა. ამ ვიტამინებს შეიცავს: ხორბალი, ქატო, შვრია, წიწიბურა, მიწის თხილი, მწვანე ბარდა, ოსპი, მზესუმზირა, სიმინდი, კაკალი, კარტოფილი, ფეტვი, ლობიო, სოკო, ყველანაირი ხილი და მწვანილები.
D ვიტამინი – შედის სოკოსა და მწვანილებში. მისი ნაკლებობა იწვევს კბილებისა და ფრჩხილების დაზიანებას, კუნთების მოდუნებას. D ვიტამინი ეხმარება კალცის შეთვისებას ორგანიზმში.
E ვიტამინი – აუმჯობესებს ვიტამინების შეწოვას ორგანიზმში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, თრომბოფლებიტის, კანის, ღვიძლის ფუნქციას. E ვიტამინს შეიცავს მწვანე ცერცვი, ბარდა, სალათა, შვრია და სიმინდი.
P ვიტამინი – შედის ბოსტნეულში, კენკრაში, ციტრუსში, ჩაიში. საუკეთესოა დიათეზის, რევმატიზმის, ჰიპერტონიის დროს, ასევე, კუჭის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებისთვის.
A ვიტამინი – საჭიროა კანის, თვალის, ღვიძლის, ინფექციების, ჩიყვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადებების დროს. A ვიტამინს შეიცავს სტაფილო, წიწაკა, პომიდორი, მწვანილი, ჭინჭარი, ღოლო, სალათა, ისპანახი, მწანე ხახვი, ქაცვი, ბანანი, ვაშლი.
რაც შეეხება მინერალებსა და ფერმენტებს, აუცილებელია დღიური ნორმის დაცვა. მათი ნაკლებობა იწვევს ენდოკრინოლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა, ნივთიერებათა ცვლის მოშლას და სხვადასხვა დაავადებას. მათ, ვისაც აწუხებს ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთება, კუჭის გასტრიტი ან წყლული, ჩიყვი და ენდოკრინული სისტემა, მარხვაში, სასულიერო პირის ლოცვა-კურთხევით იღებენ რძის პროდუქტს.