№24 ბაბუაწვერა – ლეიკემიის წინააღმდეგ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ბაბუაწვერა მდიდარია კალიუმით, კალციუმით, რკინით, ალუმინით, ნატრიუმით, მანგანუმით, ფოსფორით, სპილენძით, იოდით. B ჯგუფის და A, C, E ვიტამინებით მდიდარ ბაბუაწვერას ყვავილს ძველად „სიცოცხლის ელექსირად“ მიიჩნევდნენ.
ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ფესვების ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად, როგორც მადის მომგვრელ, ასევე, ნაღვლის სადენ საშუალებას. იყენებენ ბუასილის სამკურნალოდაც.
ბაბუაწვერას ფესვებს აქვთ სიცხის დამწევი და ოფლმდენი მოქმედება. მისგან დამზადებულ ნაყენს სვამენ ძირმაგარების, ფერისმჭამელებისა და კანზე გამონაყრის დროს. ბაბუაწვერას რძეწვენს ისვამენ კოჟრებსა და მეჭეჭებზე.
ბაბუაწვერას ფესვების
ნაყენის მომზადება
ბაბუაწვერას ფესვების ნაყენის მოსამზადებლად 10 გრამი დაქუცმაცებული ფესვები (1 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წუთი, ხშირად ურიეთ. შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ, შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე, არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
ნაყენი რეკომენდებულია მიიღოთ 1/3 ჭიქა თბილი სახით დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, როგორც ნაღველმდენი საშუალება და კანის დაავადებების დროს.
კუჭ-ნაწლავის დაავადების, მეტეორიზმისა და ბუასილის დროს ნაყენი დაამზადეთ შემდეგნაირად: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დადგით 8 საათის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ 1/4 ჭიქა 2-ჯერ დღეში ჭამის წინ. ბულგარულ ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ფესვებს ხმარობენ ათეროსკლეროზის დროს. საფრანგეთსა და იტალიაში ბაბუაწვერას ფოთლებისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის სალათებს.
ახალი ინფორმაცია ბაბუაწვერას შესახებ ისაა, რომ მას ლეიკემიასთან ბრძოლა საკმაოდ წარმატებით შეუძლია.
გარდა ამისა, მისი ფესვების ფხვნილით მკურნალობენ ჭრილობებს, დამწვრობას, წყლულებს, კანზე გამონაყარს, ფურუნკულოზს. ლუტეინითა და მაგნიუმით მდიდარი ყვავილი კურნავს თვალის დაავადებებს, ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს. ბაბუაწვერას იყენებენ კოსმეტოლოგები – მას აქვს კანის გამათეთრებელი, დამატენიანებელი, გამაახალგაზრდავებელი თვისება, აქრობს ლაქებსა და ჭორფლს, წმენდს და აუმჯობესებს კანის ფერს, მატებს ელასტიკურობას.