№24 როდის არ არის საჭირო ოჯახში მოთმენა და რისკენ მიჰყავს ამას მეუღლეები
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
რა არის ბედნიერება, როგორ ისწრაფვიან ადამიანები მისკენ, რა გზით ეძებენ მას. რისი დათმობა და რა ტკივილის მოთმენა უწევთ ამ ძიებაში, ვის ან რას უძღვნიან ისინი საკუთარ თავს და რა კრიტერიუმებით ფასდება ბედნიერების ხარისხი? რას სწავლობდნენ ქალები, სანამ ცოლები გახდებიან, რატომ არ არის ყოველთვის კარგი მოთმინება და თავგანწირვა? არსებობს თუ არა ბედნიერება და საერთოდ, უნდა ვიბრძოლოთ თუ არა მისთვის? ეს ფილოსოფიური შეკითხვაა, მაგრამ ფაქტია, რომ სტერეოტიპები ჩვენ მუდმივად იმედგაცრუებულ პოზიციაში გვაყენებენ.
ანა (36 წლის): „რა არის ბედნიერება?“ – ამაზე თითოეულ ადამიანს თავისი პასუხი აქვს და თითქოს ეს პასუხი ხელშეუხებელია. ზოგჯერ ბედნიერება მომენტალური განცდაა, ზოგჯერ დროში გაწელილი. ხან მარტო, ხან სხვებთან ერთად განცდილი. ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და საკუთარ თავს ეკითხებიან – „ვიქნები მასთან ბედნიერი?“. ჩვენს ცხოვრებაში ბევრი კარგი მომენტია, მაგრამ რთული მომენტი – კიდევ უფრო მეტი. უფრო მეტი სირთულეები თანაცხოვრების დროს ჩნდება. გიყვარს ქმარი – პრობლემაა. არ გიყვარს – კიდევ უარესი.
– როცა გიყვარს, პრობლემა რატომაა.
– ნებისმიერი გათხოვილი ქალი, რომელსაც ქმარი უყვარს და უნდა, კარგი ცოლი იყოს, გეტყვით, რომ ეს ურთულესია. შეყვარებულები ვგრძნობთ ენერგიის მომატებას, გვაქვს სიხარულის განცდა. მერე ვეკითხებით საკუთარ თავს – მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ თუ ის.
– ის, ანუ მეუღლე?
– დიახ. ერთგული ცოლების ცხოვრებაში ყოველთვის დგება თავის მიძღვნის საკითხი. როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით, ვფიქრობთ, რა არის ჩვენი ცხოვრება. მოსაყოლად მარტივია, ურთულესია, ქმარსაც სულ ბედნიერებას ანიჭებდე და თავიც მსხვერპლად არ იგრძნო. გათხოვდები და შენ წინაშე არჩევანი დგას. ოჯახური ბედნიერების ძიებაში ქალები ვიტანთ ტკივილს, იმიტომ, რომ ბედნიერების მოლოდინი ბევრად უფრო მაცდუნებელია. ერთ დღეს კი შეიძლება, გააცნობიერო, რომ სხვა ადამიანი მეტად გყვარებია, ვიდრე საკუთარი თავი. არადა, საკუთარი სიცოცხლე და თავის მიძღვნა შეიძლება, განვიხილოთ, როგორც უაზრო ხარკი, რომელიც არცერთ კაცს არ სჭირდება.
– ოჯახი არის ის ღირებულებები, რომლებიც მის წევრებს აერთიანებს. ყველა რაღაცას ვთმობთ. ბედნიერებაც საერთო ხდება.
– ბედნიერება საერთო ვერ იქნება. და ზუსტად ეს ღირებულებებია დაკავშირებული თავის მიძღვნასთან. უბრალოდ, შეყვარებულ ქალებს შეგვიძლია, თავი უკანა პლანზე გადავწიოთ. თანაც, გვგონია, რომ ამით საყვარელი მამაკაცი აღფრთოვანდება. სისულელეა სიამოვნებაზე უარის თქმა. მუდმივად ამის კეთება დეპრესიას იწვევს. რა ხდება ამ დროს? ჯერ საკუთარ თავს შეიძულებ, მერე – ქმარს. ვეღარ აიტან ადამიანს, რომელიც შენს თავგანწირვას არ აფასებს. საკუთარი თავისთვის რაღაცებზე ხშირად უარის თქმა კი თანდათან გვფიტავს და იმედგაცრუებულ მდგომარეობაში გვაყენებს .
– ანუ, ოჯახში არაფერი უნდა დათმო და არაფერი მოითმინო?
– ყველა ქალს შეუძლია, სიტუაცია თავის სასიკეთოდ მოიტრიალოს. მაგრამ ამას საკუთარი თავის სიყვარული სჭირდება და არა უაზრო თავდადება. როცა ქალისთვის ცხოვრების აზრი და მიზანი მარტო ქმრის სიამოვნებაზე ზრუნვაა, ბედნიერი ხომ ვერ იქნება, ვერც სხვას გააბედნიერებს. არცერთ კაცს არ სჭირდება სახლში „უენო “ და მომთმენი ცოლი.
– თუმცა, ცოტა დაუჯერებელია, კაცს მოსწონდეს მუდმივად მოკამათე და კონფლიქტური ცოლი.
– რა თქმა უნდა, მუდმივად კამათიც დამღლელია. ზუსტად ისე, როგორც მუდმივად დათმობა და მოთმინება. საზღვარი უნდა გაავლო – მოსათმენი უნდა მოითმინო, საკამათოზე უნდა იკამათო. მე ნელ-ნელა მივხვდი ამას, თითქმის დეპრესიის ზღვარზე რომ მივედი, მაშინ. ჩემი ქმრის სახეზეც ვერ ვხედავდი ბედნიერების ღიმილს. როცა ვუსაყვედურე და ვუთხარი, რომ უმადური იყო, გაუკვირდა – მე შენგან არანაირი თავგანწირვა არ მითხოვია. იცხოვრე შენი სიამოვნებისთვის და მეც მომეცი ამის საშუალებაო. თითქოს ცივი წყალი გადამასხეს და გამომაფხიზლეს. დავფიქრდი და დავინახე ჩემი შეცდომები. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ უანგაროდ თავგანწირვა. დანარჩენები ამის აღიარებასა და მადლობას ვითხოვთ. ან რატომ უნდა გაიღო მსხვერპლი. ცხოვრება ისედაც ძალიან მოკლეა. ნუ გავიტანჯავთ თავს და ნუ შევაწუხებთ ამით სხვას, მით უფრო, საყვარელ ადამიანს.