№23 ლევან ბერძენიშვილი: ჯოჯოხეთშიც კი შემიძლია, კარგად ვიყო
ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია
სახელი: ლევანი.
გვარი: ბერძენიშვილი.
– მოგონება ბავშვობიდან.
– დედაჩემი ქართულის მასწავლებელი იყო. სამი წლის ვიყავი მე და ხუთი წლის იყო ჩემი უფროსი ძმა, როდესაც სტუმრების წინ გამოვდიოდით კონცერტებით და „ვეფხისტყაოსანს“ ვყვებოდით, თითქმის სულ ზეპირად ვიცოდით. კარგად მახსოვს, რომ ჩემი ძმა და მამა ითვლებოდნენ ჭკვიანებად, მე და დედა – ლამაზებად. ამას მათქმევინებდნენ ხოლმე – ვინ არის ჭკვიანი? მამუკა და მამიკო. ვინ არის ლამაზი? – მე და დედიკო. ერთ მშვენიერ დღეს მითქვამს, რომ ჩვენც კი ვართ ჭკვიანები, ბატონო-მეთქი. არ მესიამოვნა ლამაზობა.
- რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
- ნობელის პრემიის აღება მინდოდა, ლიტერატურის დარგში, ოღონდ მწერლობას არ ვაპირებდი. ერთი ქალი მიყვარდა და საქართველოს დამოუკიდებლობა მინდოდა. ჩემი ოცნებები ახდა.
– როგორია თქვენთვის წარმატებული ადამიანი?
– ჩემთვის წარმატებული არის ადამიანი, რომელზეც ლაპარაკობენ მისი სიკვდილიდან ასი წლის შემდეგ. მე ადგილობრივ წარმატებებს, ხუთ კაპიკს რომ იშოვის და სიკვდილამდე მიიტანს, არ ვცნობ.
– რა არის აუცილებელი წარმატებისთვის?
– სიყვარული. უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. უნდა გქონდეს გადმოცემის უნარი. გააგებინო სხვას, რა გიყვარს და რაც მთავარია, უნდა იცოდე საკუთარი თავის ფასი.
– სიამოვნებით შეხვდებოდით...
– იყო ასეთი ქალი სოფი მარსო, რომელსაც არ შემახვედრეს, მიუხედავად იმისა, რომ კულტურულ პროგრამაში უნდა შევხვედროდი. იზაბელ აჯანისაც უნდა შევხვედროდი და არ გამოუშვა ქმარმა, მიუხედავად იმისა, რომ 170 კილო ვიყავი, სურათი გავუგზავნე ქმარს, იქნებ გამოუშვათ-მეთქი – მეგონა, ეჭვიანობდა, მაგრამ არ გამოუშვა.
– რისთვის იბადება ადამიანი?
– ადამიანი იბადება იმისთვის, რომ გააკეთოს ის, რისთვისაც დაიბადა, ანუ გაარკვიოს ის, რისთვისაც დაიბადა, რომ მერე იპოვოს თავისი ცხოვრების ნამდვილი მიზანი.
– ფაქტი, რომელმაც შეგცვალათ?
– ჩემი პატიმრობა. ბევრი რამ გადავაფასე, დამანახვა ადამიანები. მანამდე ვიცოდი იდეები.
– საუკეთესო, რაც გაქვთ?
– საუკეთესო მაქვს ის, რომ ჯოჯოხეთშიც კი შემიძლია, ვიყო კარგად. ბუზღუნი და წუწუნი არ მიყვარს.
– თვისება, რომელიც მოგწონთ და არ მოგწონთ თქვენს თავში...
– ჩემს თავში რა თვისებაც არ მომწონს ეს არის – სიხარბე, იმიტომ რომ ყველაფერი მინდა ხოლმე, განსაკუთრებით ტექნიკის მიმართულებით. თვისება, რომელიც მომწონს, ეს არის ის, რომ უფრო და უფრო შემიძლია ადამიანების მოსმენა.
– რისი მოთმენა შეგიძლიათ და რისი არა?
– ეს ჩემი ნაკლია, მე მოუთმენელი კაცი ვარ. თუმცა, ბევრი რამის მოთმენა შემიძლია, მაგრამ შეურაცხყოფის მოთმენა არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობიდან გამომდინარე, თმენის ვალდებულებაც მქონია, მაინც ვატყობდი, რომ მაგ ნაწილში რა გურულიც დავიბადე, ის გურული დავრჩი.
– რას ფიქრობთ სიზარმაცეზე. ადამიანის წარუმატებლობა ან წარმატება არის თუ არა დამოკიდებული მის სიზარმაცესა და შრომისმოყვარეობაზე?
– ადამიანისთვის სიზარმაცე არის ყველაზე დიდი უბედურება. როცა ვინმეზე ამბობენ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო, ეს ნიშნავს, რომ უნიჭოა და ზარმაცია. ნიჭიერი კაცი ზარმაცი ვერ იქნება. სიზარმაცე არის ყველაზე დიდი ნაკლი, რაც შეიძლება, ადამიანს სჭირდეს.
– როგორ გრძნობთ ადამიანის გულწრფელობას, ენერგიას, რა მომენტში ვერ მალავს ადამიანი საკუთარ თავს?
– მაგ თვალსაზრისით, მე ბევრი რამ მისწავლია, სხეულის ენა და ასე შემდეგ. როდესაც ადამიანი გულწრფელი არ არის, უკვე ვხვდები, ბოლო წლებში განსაკუთრებით. ყოველთვის მივუთითებ, რომ ვხვდები. არაგულწრფელ საუბარს ვერ ვიტან. საქართველო სავსეა ფარისევლებით, ფსევდომორწმუნეებით, ფსევდოქრისტიანებით, ფსევდოკეთილი ადამიანებით, ფსევდოგანათლებულებით და ამას მე ვცნობ ძალიან კარგად და ვთხოვ, რომ აღკვეთონ. ზოგს რომ ჰგონია ქრისტიანია, სახლში მაცივარი აქვს გამოტენილი, მეზობელი კი შიმშილით კვდება...
– რა კითხვა გაქვთ გულის სიღრმეში მუდმივად?
– კითხვა არის როდის? როდის დამთავრდება ის, რაც დიდხანს გრძელდება. ანუ სიცოცხლე. გულის სიღრმეში მაქვს ეს კითხვა, როდის არის დასასრული. ადრე უფრო მეშინოდა, მე მგონი, აღარ მეშინია. სიკვდილი არავის უხარია, იმიტომ რომ არ ვიცით, რა არის იმის იქით. მე რახან ერთხელ გამოვცადე და პატიმრობა მეგონა სიკვდილი, მივხვდი, რომ არაფერი ყოფილა, ამიტომ დიდი შიში არ მაქვს.
– რისი გეშინიათ?
– ღალატის მეშინია.
– პროფესიული ჩვევა გაქვთ?
– პროფესიული ჩვევა მაქვს ის, რომ თუ ლექციის დროს რაიმე დამავიწყდა, არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, რომ დამავიწყდა და 17-ჯერ მივუბრუნდები, სანამ არ გამახსენდება და ისე მოვხატავ, ვითომ მახსოვდა.
– რა არის ადამიანში თქვენთვის ამოუხსნელი?
– ქალები ჩემთვის ძირითადად ამოუხსნელები იყვნენ და დარჩნენ. ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი, რომელსაც 52 წელია, ვიცნობ, ჩემთვის საიდუმლოა. რაღაც კარგია ამაში, ეტყობა, კარგი შემხვდა. ზოგი 4-5 წელიწადში გაიხსნებოდა.
– რა არის თქვენთვის ქალი?
– ქალი არის განსხვავებული არსება, რომელიც ჩვენზე უფრო დახვეწილია, უკეთესია, უფრო ლამაზია და ასე შემდეგ. რომელიც იწვევს აღფრთოვანებას და უნდა თანასწორობა. ქალებს არ მოსწონთ, რომ ჩვენ აღგვაფრთოვანებენ. უნდათ, თანასწორნი ვიყოთ.
– როგორია თქვენთვის ქალური სილამაზე?
– ლეილის სილამაზე რომ გაიგო, მეჯნუნის თვალებით უნდა შეხედო. ლამაზია ის ქალი, რომელიც გიყვარს. დანარჩენი სილამაზე, ყველაფერი ტყუილია, ობიექტური სილამაზე არ არსებობს.
– სიყვარული – ეს არის...
– სიყვარული – ეს არის თავდადება, როცა ის უფრო გიყვარს, ვიდრე საკუთარი თავი.
– მეუღლის როლი თქვენს ცხოვრებაში.
– მთავარი. ჩემს ცხოვრებაში მეუღლემ მთავარი როლი შეასრულა. ფილმში ხომ არის მთავარი როლი. ჩემი მეუღლე არის ჩემი ცხოვრების მთავარი როლი.
– კაცებს ეშინიათ ჭკვიანი ქალების?
– ისინი კაცები არ არიან. კაცებს, ზოგადად, ქალების ეშინიათ, ჭკვიანისიც და უჭკუოსიც. ქალის ძალა ჭკუაში არ არის. ქალებს ძალა ქალობაში აქვთ.
უჭკუო ქალები არ არსებობენ. ჭკუა და ქალი სინონიმია.
უჭკუო ქალები არ არსებობენ. ჭკუა და ქალი სინონიმია.
– სიყვარულს წესები აქვს?
– სიყვარული საშინლად უწესოა.
– სიყვარულში თავი დაგიკარგავთ?
– თავიც დამიკარგავს, სახელიც და დიდებაც.
– სიყვარული და ვნება ერთი და იგივეა?
– ვნება სიყვარულის ერთ მესამედია. სიყვარული შედგება სამი ნაწილისგან: ეს არის ვნება, იმიტაცია – ანუ სიახლოვე და პატივისცემა. მარტო ვნება სიყვარული არ არის, ჯამურად უნდა იყოს.
– სიყვარული და დრო...
– სიყვარულის პირველ ფაზას, რომელსაც შეყვარებულობა ჰქვია და ორი, სამი წელი გრძელდება, თუ ამას თვლის ადამიანი სიყვარულად, უფერულდება და კვდება, მაგრამ თუ სიყვარული უფრო მეტია, არ არის მარტო სხეულებრივი ლტოლვა, იმას დრო, პირიქით, აძლიერებს. ეს გამართლების ამბავია. ვინც ჩვიდმეტი ცოლი მოიყვანა, იმას, უბრალოდ, არ გაუმართლა. ვისაც ერთი ჰყავს მოყვანილი, იმას პირველივეზე გაუმართლა. მე პირველივეზე გამიმართლა, 1967 წლიდან დაკავებული ვარ და მას შემდეგ ამ გრძნობას არ შევუწუხებივარ.
– რა გაძლევთ ენერგიას?
– ენერგიას პატარა წარმატებაც კი იძლევა – კარგად წაკითხული ლექცია, სტუდენტი, რომელმაც თავი გამოიჩინა. შენმა მოსწავლემ რაღაც თქვა და ვიღაცამ აღნიშნა, ნეტავ ვინ გაზარდაო. ეს ყველაფერი იძლევა ენერგიას. „უკუკავშირი“, რასაც დანერგავ, იქიდან რომ დაინახავ, უკან წამოსულს, ის იძლევა ენერგიას.
– რა არის შური?
– შური აბსოლუტურად ნორმალური ადამიანური თვისებაა. მშურს, მაგალითად, ვისაც ცეკვა შეუძლია. მე არ შემიძლია. შემშურებია აქილევსის. პატროკლოსის სიკვდილის შემდეგ მრისხანებამ რომ შეიპყრო და ყველა რომ ამოხოცა. იმ სამყაროში, რომელშიც მე ვცხოვრობ, მრისხანებას უნდა აოკებდე და მტრებს უღიმოდე.
– რა თვისებები შეცვალეთ თქვენს თავში?
– იყო ასეთი თვისება, მაგალითად, დაუცხრომელი ჭამის სურვილი. ძალიან მიმუშავია ჩემს თავზე და დიდი წონა დამიკლია.
– ბედისწერის გჯერათ?
– ბედისწერის არ მჯერა. ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. ყველაფერი არის შემთხვევითობა.
– რისკიანი ხართ?
– რისკიანი ვარ. ყველაზე დიდი რისკი იყო რესპუბლიკური პარტიის დაარსება საბჭოთა პირობებში, როდესაც ვიცოდი, აუცილებლად გვიპოვიდნენ, დაგვაპატიმრებდნენ და მაინც გავაკეთე.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– არა. მე არ ვფიქრობ, რომ ყველაფრის პატიება შეიძლება. მაგ თვალსაზრისით ძალიან სუსტი ვარ. ბევრი ადამიანისთვის ვერ მიპატიება ბევრი რამ. განსაკუთრებით მიჭირს პატიება, როდესაც ადამიანი არც კი ითხოვს პატიებას. მაგ მხრივ, ვერ ვარ კეთილი ქრისტიანი.
– რა გბეზრდებათ?
– ცუდი წიგნი მბეზრდება. განსკუთრებით, თუ პროგრამაშია შეტანილი და გვაიძულებენ, ვისწავლოთ ან ვასწავლოთ.
– ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც ჩაგიდენიათ...
– სიგიჟე ბევრი ჩამიდენია, მაგრამ ყველაზე საშინელი იყო, როდესაც კურსი დავამთავრეთ და სუფრაზე თამადა ვიყავი. გავედი 15 წუთით, ადამიანი უნდა გამეცილებინა სადგურში და რომ დავინახე, მატარებელი მიდიოდა, შევახტი. მატარებელი წავიდა, მერე გაჩერდა მცხეთაში, იქიდან ფეხით წამოვედი და ასე შემდეგ. ვეღარ დავბრუნდი და ამის გამო ჩემები ცუდი თვალით მიყურებენ.
– რა არის თქვენთვის ამორალური?
– არ მიფიქრია მაგაზე, იმიტომ რომ ეს ნაწილი საერთოდ არ მაღელვებს. მორალისტი ხალხი არსებობს, მაგრამ მე ლიტერატურასთან მაქვს საქმე და მწერალი თან მორალისტი იყოს, იშვიათია. კამიუ იყო მორალისტი და თან, ცოლიც ჰყავდა და საყვარელიც. ამიტომ ნამდვილი მორალისტები მაღიზიანებენ.
– შეიძლება, ადამიანს თვალდახუჭული ენდო?
– კი. ასეთი ადამიანი უნდა არსებობდეს შენს ცხოვრებაში.
– ბოლო თეთრს გადაიხდით...
– ბოლო თეთრს გადავიხდიდი ადამიანის გადასარჩენად. ბიძინას ყველა მილიარდს გავიმეტებდი, თუნდაც ერთი ბავშვის ჯანმრთელობაში.
– რა არ გაინტერესებთ არასდროს?
– ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ფული არასდროს მაინტერესებდა და ეს მოხუცი კაცი ვსწავლობ, რომ უნდა მაინტერესებდეს. ჩემს სტუდენტებს ყველაფერი აინტერესებთ. კითხულობენ: რატომ უნდა გავაკეთო? რამდენს გადამიხდიან და ასე შემდეგ, მე კი – არა და ახლა ვსწავლობ.
– ფრაზა, რომელიც გიყვართ.
– „სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილი“ – გალური ნათქვამია და ძალიან მომწონს. „მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა“ – ფრაზა, რომელიც არასდროს ამოდის თავიდან. ვაჟკაცობა მართლაც ძნელად იშოვება.
– მარადიული არის...
– მარადიული არის ლიტერატურა. ყველაზე მარადიული არიან ისინი, ვინც ტყუილით შეიქმნენ.
– ყველაზე მტკვინეულად მახსენდება...
– ყველაზე მტკივნეულად მახსენდება ღალატი სასამართლო პროცესზე, ახლობლების მიერ გამოხატული უსუსურობა და სულმდაბლობა.
– დეპრესიაში ყოფილხართ?
– დეპრესიაში არასდროს ვყოფილვარ. ჩემი თვისება არის, არ ჩავვარდე დეპრესიაში და კრიტიკულ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად კაცურად ვიმოქმედო.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ.
– ცოლისდამ მასწავლა, ვადაზე ადრე არაფერზე თქვა უარი, იქნებ თვითონ ჩამოვარდეს საკითხიო.
– რომელიმე პერსონაჟს თუ ამსგავსებთ საკუთარ თავს?
– პერსონაჟებს საკუთარ თავს არ ვამსგავსებ, იმიტომ რომ ვიცი, როგორ შენდება პერსონაჟი. იმისთვის, რომ პერსონაჟი შექმნა, ერთი ხუთასი კაცი უნდა გაძარცვო. ვისაც პერსონაჟი ერთი კაცისგან გამოჰყავს, ისინი პატარა მწერლები არიან. მაგალითად, ანა კარენინა ექვსი ქალისგან არის შეკერილი. რა თქმა უნდა, მინდა და იდეალური პერსონაჟები მყავს. სიამოვნებით ვიქნებოდი ალუდა ქეთელაური, მაგრამ რაღაც ვერ ვატყობ.
– როგორ უნდა ეძებდეს ადამიანი საკუთარ თავს?
– უპირველეს ყოვლისა, ადამიანი არ უნდა გაჩერდეს ერთ ადგილზე. არ უნდა გაჩერდეს დიდხანს ერთ სამსახურში. უნდა იცვალოს ბედი, ქვეყნები, ბევრი უნდა იმოგზაუროს, თავის თავი უნდა ეძებოს.