კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ანა ზუბაშვილი: დღის პირველ ნახევარში ისე ვაკეთებთ, როგორც მე მინდა და საღამოს – როგორც მას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  „მის საქართველო“ – მშვენიერი ანა ზუბაშვილი,  ცოტა ხნის წინ გათხოვდა. მისი მეუღლე გიორგი გოგუაძეა, რომელიც საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. ორწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ გიორგიმ ანას ვენეციაში, გონდოლაზე სთხოვა ხელი და რა თქმა უნდა, მისგანაც თანხმობა მიიღო. ვულოცავ ანასა და გიორგის დაოჯახებას და ულევ ბედნიერებას ვუსურვებ.
  ანა ზუბაშვილი: მე და გიორგიმ ერთმანეთი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის, ნუკი ყარალაშვილის დაბადების დღეზე გავიცანით. თუმცა, ჩვენი ურთიერთობა მაშინვე არ დაწყებულა. ერთი წლის შემდეგ ისევ ნუკის დაბადების დღეზე შევხვდით და იქიდან უკვე სხვანაირად განვითარდა. გიორგიმ ძალიან ბევრი იშრომა. დაახლოებით 6 თვე, ასე ვთქვათ, „დამსდევდა“ – უნივერსიტეტში, ვარჯიშზე, სახლიდან, რომ გავდიოდი, სააგენტოში, სადაც უნდა წავსულიყავი, ყველგან გიორგი იყო.
– თავიდან ბრაზდებოდი?
– კი, თავიდან ვბრაზდებოდი, მაგრამ თან, მსიამოვნებდა. ყველა გოგონას სიამოვნებს ყურადღება, პატივისცემა. საჩუქრებს მიძღვნიდა, დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ. უბრალოდ, იმ დროს ბევრი საქმე მქონდა, „მის საქართველოს“ ვატარებდით, „მის სამყაროდან“ ახალი ჩამოსული ვიყავი, უნივერსიტეტს ვამთავრებდი, სადიპლომო მქონდა დასაწერი, მოკლედ, არ მეცალა. 6 თვის შემდეგ რაღაცაზე ვიკამათეთ და 5 დღე არ შემეხმიანა. ამ დროს მივხვდი, რომ დამაკლდა ყურადღება და ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად მიხალისებდა ცხოვრებას. 5 დღის შემდეგ შემეხმიანა და განვაახლეთ ურთიერთობა, რომელიც უკვე სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა. ეს ხუთი დღე გარკვეული გამოცდასავით იყო და ძალიან გამიჭირდა.
– რით მოგხიბლა ყველაზე მეტად?
– ძალიან მშრომელია, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ადამიანში. ასევე, კეთილშობილი და პატიოსანია. გარდა ამისა, მებრძოლი სული აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
–  როგორ გამოგიტყდა გრძნობებში?
– 14 თებერვალი იყო, ვალენტინობა, როცა სიყვარულში გამომიტყდა. კინოდან გამოვედით და მანქანაში ამიხსნა სიყვარული. იმ საღამოს არაფერი მითქვამს, ორი თვის შემდეგ ვუთხარი, რომ მეც მიყვარდა. იმ დროს საკუთარ გრძნობებში ჯერ ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული. სიყვარული ჩემთვის ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, მნიშვნელოვანი, რაც რაღაც განსაკუთრებულთან ასოცირდებოდა. ამიტომ რამდენიმე თვე დამჭირდა, რომ დავრწმუნებულიყავი. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები და შესაბამისად, ასეთ სერიოზულ განდაწყვეტილებას კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მივუდექი.
– როგორ გთხოვა ხელი?
– იანვარში მილანში, სამოდელო სააგენტოში ვიყავი სამთვიანი კონტრაქტით. გიორგი 20 თებერვალს ჩამოვიდა და 21-ში, მის დაბადების დღეზე, ვენეციაში
წავედით. იქ, გონდოლაზე მთხოვა ხელი. გული კი მიგრძნობდა, რომ ხელი უნდა ეთხოვა, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი. უკვე ორწლიანი ურთიერთობა გვქონდა, ორივე ჩამოყალიბებულები ვიყავით გრძნობებში და ვიცოდით, რომ მომავალში სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამდით. გონდოლაზე რომ ვიყავით, ვიდეოს გვიღებდნენ და მეუბნებოდნენ: ანა, იქით გაიხედეო, რომ გიორგის ბეჭედი ამოეღო. მე ვიცოდი, რომ ბეჭედი უნდა ამოეღო და სპეციალურად ვუყურებდი. ბოლოს, კარგიო და მთხოვა ხელი. საკმაოდ ემოციური იყო. ყოველთვის ვიცოდი, რომ გიორგი ხელის თხოვნისთვის განსაკუთრებულ ადგილს შეარჩევდა, რადგან რომანტიკული ადამიანია და უყვარს ჩემთვის განსხვავებული, საინტერესო გარემოს შექმნა. რა თქმა უნდა, „კი“ ვუთხარი.
– როდის გადაწყვიტეთ ერთად ცხოვრება?
– მილანიდან რომ ჩამოვედით, უკვე სახლში გვქონდა ნიშნობა. ოჯახის წევრები ერთმანეთს გავაცანით და შემდეგ წავედით ბალიზე, თაფლობის თვე იქ გავატარეთ. ჯვრისწერას 20 ივნისს ვგეგმავთ. ქორწილი კი, სავარაუდოდ, სექტემბერში გვექნება. ბალიზე არასდროს ვყოფილვარ და გარდა ეგზოტიკური გარემოსი, რომელიც იქ დამხვდა, ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ხალხმა, მათმა კულტურამ, ტრადიციებმა. სამოდელო კონტრაქტით აზიაში ხშირად ვარ ნამყოფი და ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი აზიელებს, მაგრამ ბალიზე ასმაგად შემიყვარდა, იმდენად კეთილშობილები, მშრომელები არიან. ბალიზე წასვლაც ერთად ავარჩიეთ, რადგან ძალიან მიყვარს აზია, ეგზოტიკური გარემო და გიორგის სურვილიც დაემთხვა. ბალი მართლაც სამოთხეა. რაღაც ადგილები სანახავი დაგვრჩა, მაგრამ რაც ვნახეთ, ეს იყო სასწაული. 5 დღე ჯუნგლებში ვიყავით, სასტუმროში და შემდეგ ოკეანის პირას გადავედით. ჯუნგლებში სპილოებისა და მაიმუნების სანახავად ვიყავით. თურმე, ტელეფონებს იპარავენ. თან, არ შეიძლება მაიმუნებს თვალებში შეხედო. მე არ ვიცოდი და თვალებში ვუყურებდი, ვეჯღანებოდი და რომ გამომეკიდა მაიმუნი, ვინ სად გარბოდა, არ ვიცოდით.
– ახლა სად ცხოვრობთ?
– პატარა და ძალიან საყვარელი ბინა გვაქვს, მარტოები ვცხოვრობთ. ჩვენ მოვაწყვეთ და ზუსტად ისეთ ფერებშია, ინტერიერიც, როგორიც მინდოდა. ორივე ერთად ვაკეთებდით ყველაფერს, ერთად ვარჩევდით. ჩვენ იმდენად ერთნაირი ადამიანები ვართ, იმდენად ერთნაირი ხასიათი გვაქვს, რომ ყველაფერში ვემთხვევით. ორივე მშრომელები ვართ, რასაც ხელს მოვკიდებთ, თავს არ ვანებებთ და ბოლომდე მიგვყავს. გიორგი იმდენად პოზიტიური და ფერადი ადამიანია, მსგავსი აქამდე არ შემხვედრია. მხოლოდ ერთ რამეში ვერ ვემთხვევით –  მაგალითად, ავარჩევ ადგილს, სადაც მე და გიორგი განმარტოებით,
რომანტიკულ გარემოში გავატარებთ დროს და მას კი ხალხმრავლობა, მხიარულება უყვარს. ვაპირებდით, დაბადების დღეზე მე და გიორგი რესტორანში, სადმე, რომანტიკულ გარემოში წავსულიყავით. მოვემზადე და უცბად ძალიან ბევრი ადამიანის გარემოცვაში აღმოვჩნდი. დამიპატიჟა ჩემი მეგობრები, ნათესავები, თავისი მეგობრები.
– გაბრაზდი?
 – არ გავბრაზდი, გამიხარდა, მაგრამ სხვა გარემოსთვის ვიყავი მომზადებული და სხვაგან აღმოვჩნდი. თავიდან ცოტა გაურკვევლობაში ვიყავი, მაგრამ მერე, რომ გავიაზრე, ჩემი საყვარელი ხალხი იქ იყო, გამიხარდა – ბედნიერი დღე მაჩუქა.
– გიორგი ხშირად გიკეთებს სიურპრიზებს? შენ თუ გიყვარს სიურპრიზების მოწყობა?
– ძალიან ხშირად. თითქმის ყველაფერს სიურპრიზის სახით მაწვდის და ვერც გამოვარჩევ რომელიმეს. ზოგადად, არ მიყვარს სიურპრიზები, უფრო დაგეგმილი მიყვარს და გიორგისაც ვუგეგმავ ხოლმე. წინასწარ იცის, ეს უნდა ვაჩუქო, დაბადების დღეზე აქ უნდა წავიდეთ. დღის პირველ ნახევარში ისე ვაკეთებთ, როგორც მე მინდა და საღამო ისე ჩაივლის ხოლმე, როგორც მას უნდა – მეგობრებით, ახლობლების გარემოცვაში.
– აპირებ სამოდელო კარიერის გაგრძელებას?
– კი, ვაპირებ. რამდენიმე შემოთავაზება მაქვს ჩემი სააგენტოდან და არჩევის პროცესში ვართ. კარგ კონტრაქტს თუ შემომთავაზებს, დავთანხმდები და გიორგიც არ მიშლის, პირიქით, ყველანაირად მიწყობს ხელს. საქართველოში ყოფნის პერიოდში კი მისი საქმიანობის განვითარებასა და წინსვლაში მე დავეხმარები.

скачать dle 11.3