კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რატომ მოიკლა თავი ლევ ტოლსტოის ქართველმა სარძლომ და როგორ გააგრძელა სიცოცხლე მწერლის ვაჟმა

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  ულამაზესი ელენე გურიელი ცნობილი მწერლის, ლევ ტოლსტოის სარძლო იყო. ელენეს მწერლის შვილმა, ანდრეიმ, ხელი სთხოვა, მისი მშობლებისგან თანხმობის მიღების შემდეგ კი რუსეთში დაბრუნდა და ოლგა დიტერიხზე დაქორწინდა.
  მურად მთვარელიძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი): 1898 წელს საქართველოში ანდრეი ტოლსტოი, ლევ ტოლსტოის შვილი ჩამოვიდა. მას ტოლსტოების ოჯახთან დაახლოებულმა პირმა, ცნობილმა მოღვაწემ, ილია ნაკაშიძემ თბილისში, ძმასთან – კოლია ნაკაშიძესთან წერილი გამოატანა. კოლია ნაკაშიძემ ანდრეი თავის დეიდაშვილს, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს და თავის მეგობარს, ქიმიკოს  გიორგი ოქრომჭედლიშვილს გააცნო. ამ უკანასკნელმა ისინი სვანეთსა და სამტრედიაში მიიწვია, სადაც ხე-ტყის ქარხანა ჰქონდა. შემდეგ სტუმარს ჯერ ქუთაისი დაათვალიერებინეს, შემდეგ კი – ბათუმი. ბათუმში ისინი, ანდრეისთან ერთად, ექიმ გიგო ელიავას ეწვივნენ. სწორედ ამ ოჯახში გაიცნო ანდრეიმ ელენე გურიელი.  ანდრეი ისე მოიხიბლა ახალგაზრდა, ლამაზი ქალის მშვენიერებით, რომ რამდენიმე დღის შემდეგ მას ცოლობა სთხოვა. ტრადიციულ  არისტოკრატიულ ოჯახში გაზრდილი ქალისთვის ეს წინადადება მისაღები გახდებოდა მხოლოდ მისი მშობლების თანხმობის შემდეგ. ამიტომ მან ანდრეის წინადადება მისცა, წასულიყო ოზურგეთში, მის მშობლებთან და ელენეს ხელი ოფიციალურად ეთხოვა, რის შემდეგაც ის დაეთანხმებოდა მის წინადადებას. ანდრეი გაემგზავრა ოზურგეთში, ელენეს მშობლებს მისი ხელი სთხოვა და როდესაც მათი თანხმობა მიიღო, სასწრაფოდ გაემართა მოსკოვისაკენ, რათა თავისი გადაწყვეტილება მშობლებისთვისაც შეეთავაზებინა. თან დაჰპირდა, რომ ორ კვირაში თბილისში დაბრუნდებოდა და ჯვარს დაიწერდნენ. ელენე თბილისში გაემგზავრა ქორწილისთვის რომ მომზადებულიყო. მაგრამ  დათქმული დროის გასვლის შემდეგ მან ანდრეისგან წერილი მიიღო, რომელშიც ის იტყობინებოდა, რომ სხვა ქალი გაიცნო და ცოლადაც ის შეირთო.  შეურაცხყოფილმა ელენემ, რომელიც სასტუმროში იყო დაბინავებული, რევოლვერი ისროლა მკერდში. მართალია, ის იმჯერად გადარჩა, მაგრამ ამ ჭრილობისგან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
  ზოგიერთ პუბლიკაციაში შემხვდა ასეთი თვალსაზრისი, თითქოს  ანდრეის ქართველი ქალის შერთვა სასტიკად აუკრძალეს მშობლებმა, განსაკუთრებით კი მამამ, საქვეყნოდ ცნობილმა მწერალმა, ლევ ტოლსტოიმ, რაც სრული სიცრუეა.
  არსებობს ილია ნაკაშიძის მეუღლის, ნინო ნაკაშიძის მოგონებების წიგნი „ლევ ტოლსტოის ახლოს“.
  „შევედით მოზრდილ დერეფანში. დერეფნიდან კიბე ადიოდა ზევითა სართულში და ილიკო პირდაპირ ზევით ავიდა. მე კი შემიყვანეს ძირს, სასადილო ოთახში და იქიდან – ტოლსტოის მეუღლის, სოფიო ანდრეევნას დიდ ოთახში. ტოლსტოის მეუღლე მაგიდასთან იჯდა და აბაჟურიანი ლამპის შუქზე რაღაცას ქსოვდა. დამინახა თუ არა, უცებ წამოვიდა სწრაფი ნაბიჯით და ისე მომიახლოვდა, რომ კინაღამ უკან დავიწიე. მაშინ ამან ძალიან გამაკვირვა, შემდეგში კი დავრწმუნდი, რომ ასეთი ჩვეულება ჰქონდა. გამომიწოდა ხელი და ხალისიანად მითხრა: კნეინა ნაკაშიძე? მობრძანდით, მობრძანდით. დამსვა მაგიდასთან და განაგრძო: ლიოვოჩკა ჯერ არ გამოსულა სტუმრებთან. ჩემთან დაბრძანდით. მე მინდოდა თქვენი ნახვა. თქვენ იცნობთ ჩემს შვილს, ანდრიუშას? არა, ვუთხარი მე. ჩემი შვილის ერთადერთი ღირსება ის არის, რომ ლევ ტოლსტოის შვილია, დიდი, ცნობილი მწერლის. სხვა არავითარი ღირსება მას არა აქვს. არც ჭკუა, არც სილამაზე და ვერ გამიგია, რისთვის უყვართ ასე ქალებს. მე ვდუმდი, მან აჩქარებით განაგრძო: თქვენ იცნობდით კნიაჟნა ელენე გურიელს? როგორი ქალია? ლამაზია? ამბობენ, ლამაზი და საუცხოო ქალიაო და მერე რა იპოვა ლამაზმა და მშვენიერმა ქალმა ჩემს შვილში, რომ იმის გულისთვის თავს იკლავდა? კარგია, რომ არ მოკვდა (ამ დროს, ელენე ჯერ ცოცხალია). თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ქარაფშუტაა ჩემი შვილი. იქ რომ კნიაჟნა გურიელს გაუკეთა წინადადება, აქ ჩამოვიდა და ორი კვირაც არ იყო გასული, ოლგა კონსტანტინეს ასულ დიტერიხს სთხოვა ცოლობა და ახლა იმას ირთავს. ანდრიუშას საქართველოდან სწერენ გურიელის ნათესავები, ჩამოდიო, მაგრამ მე არაფრის გულისთვის არ გავუშვებ ჩემს შვილს. რატომ? – გამიკვირდა მე (მწყინდა, რომ ყველაფერ ამას ის მშრალად და გულგრილად ამბობდა), იქ მომიკლავენ შვილს. კავკასიელები ფიცხი ხალხია და არ აპატიებენ ანდრიუშას ამ საქციელს და ამას გარდა, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ქართველები არ გვიყვარს. თქვენ უთუოდ იცით, რომ ჩემი ძმის, ბერსის ცოლი ქართველი ქალი – ფატი ერისთავი იყო და რა სიკეთე ვნახეთ იმისგან?“
  ასევე ცნობილია ლევ ტოლსტოის თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით: „ჩემი შვილი, ანდრიუშა სუსტი ნებისყოფის კაცია... მე ვურჩევ, წავიდეს საქართველოში, იქნება დაამშვიდოს გურიელის ქალი, მაგრამ, სამწუხაროდ, მშიშარაც  გამოდგა ჩემი შვილი. ძალა არ შესწევს თავისი მოქმედებისთვის პასუხი აგოს. რა უნდა ვქნა მე ამ გარემოებაში?“ არაა მართალი, თითქოს ტოლსტოის ქართველები არ უყვარდა. მას ჰყავდა რამდენიმე ქართველი მეგობარი. აღარაფერს ვამბობ მის ზოგად დამოკიდებულებაზე საქართველოსთან დაკავშირებით. რაც ეხება მის ცოლს, ეს ალბათ, უფრო კერძო შემთხვევით იყო განპირობებული. სოფია ანდრეევნას ძმას ცოლად ჰყავდა ქართველი  თავადის ასული, ულამაზესი ფატი ერისთავი, რომელიც ქმარს გაშორდა და ცოლად სხვას გაჰყვა. ამ ამბავმა, როგორც ჩანს, დიდად გაანაწყენა სოფია ანდრეევნა და ფატისადმი გამოწვეული სიძულვილი მთლიანად ქართველებზე გადაიტანა.
– ამის შემდეგ როგორ წარიმართა ანდრეის ცხოვრება და როგორი იყო ელენეს სიცოცხლის ბოლო პერიოდი?
– ელენემ ერთი წელი იავადმყოფა და გარდაიცვალა,  რაც შეეხება ანდრეი ტოლსტოის, 1899 წლის 8 იანვარს მან ექვსი წლით უფროს ოლგა დიტერიხთან იქორწინა და მასთან ორი შვილი - სოფიო და ილია შეეძინა. მოგვიანებით ანდრეის, ტულის გუბერნატორთან მუშაობის პერიოდში, გუბერნატორის მეუღლე შეუყვარდა. მისი სატრფო შუახნის, შეუხედავი ქალი და ექვსი შვილი დედა იყო, რომელმაც ანდრეის გამო ქმარ-შვილი მიატოვა და 1907 წელს მასთან იქორწინა. შვილის საქციელმა ლევ ტოლსტოი ძალიან დაამწუხრა. „არ მინდა მიყვარდეს, მაგრამ მიყვარს იმიტომ, რომ ყალბი არ არის და არ ცდილობს, თავი უკეთესად მოგვაჩვენოს“, – ამბობდა მწერალი ვაჟზე. მეორე ქორწინებიდან ანდრეის კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა, თუმცა ამის შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია. 1916 წლის 24 თებერვალს 38 წლის ანდრეი ტოლსტოი სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა.

скачать dle 11.3