კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რით მტკიცდება, რომ საქართველო თეთრი ადამიანის გაჩენის ადგილია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გერმანიაში, გიოტინგენის უნივერსიტეტში არსებული უცნობი ქართველი ქალის თავის ქალა ძალიან მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის, რომელთა საფუძველზეც მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კავკასია, კერძოდ საქართველო, არის „ევროპეიდული მოდგმის“, თეთრი ადამიანის გაჩენის ადგილი.
 გია კვაშილავა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარი): იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი თავის დროის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე გონების გერმანელი მეცნიერი იყო, რომელმაც მედიცინაში დისერტაცია 1775 წელს გიოტინგენის უნივერსიტეტში დაიცვა. იგი იყო ანთროპოლოგიის ფუძემდებელი. იკვლევდა ადამიანის ორგანოების ფორმასა და აგებულებას, როგორც გეომეტრიულ ფიგურებს. მან, დაახლოებით, სამასი ადამიანის თავის ქალა შეისწავლა და აღნუსხა კატალოგებში, რომელთა ნაწილიც, სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას დაიწვა. მან პირველმა წარმოადგინა ადამიანთა თავის ქალების კლასიფიკაცია და 1795 წელს ლათინურ ენაზე გამოაქვეყნა წიგნი „ადამიანთა მოდგმის ბუნებრივი სახესხვაობების შესახებ“. ამ წიგნში ბლუმენბახი სრულ და ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ქართველებზე – „ყველაზე ლამაზ მოდგმაზე“. იგი წერს: „კავკასიური მოდგმა – ეს სახელწოდება ავიღე კავკასიის მთების სახელიდან, რადგან მისი მახლობელი ტერიტორია, განსაკუთრებით კავკასიის ქედის სამხრეთი ფერდობი წარმოშობს ადამიანთა ყველაზე ლამაზ მოდგმას, ვგულისხმობ ქართველებს. ყველა ფიზიოლოგიური მიზეზით ასე ჩანს, რომ კაცობრიობის თავდაპირველი საცხოვრისი თუ სადმე უნდა განვათავსოთ, ყველაზე დიდი ალბათობით, სწორედ ამ რეგიონში“. ბლუმენბახი წერს, რომ ქართველი ქალები მომაჯადოებლად მომხიბვლელები არიან. რის საფუძველზე დაწერა მან ეს? მან თავისი კვლევის საფუძვლად აიღო ერთ-ერთი ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქართველი ქალბატონის თავის ქალა და მის მიერ შექმნილ ადამიანთა თავის ქალების კლასიფიკაციას სწორედ ეს თავის ქალა დაუდო საფუძვლად. საინტერესოა, ვინ არის ეს ულამაზესი ქალბატონი?! ბლუმენბახის მიერ 1795 წელს გამოცემულ წიგნში გვაქვს ამ ქალბატონის თავის ქალის გრაფიკა. ფართო საზოგადოებისთვის დღემდე არ იყო ცნობილი, ინახებოდა თუ არა ეს თავის ქალა გიოტინგენის უნივერსიტეტში. როგორც მოგახსენეთ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროს თავის ქალების საცავი დაზიანდა. რადგან ამ თავის ქალის შესახებ ინფორმაცია ჰეგელის „გონის ფილოსოფიაში“ მქონდა წაკითხული, დავინტერესდი, ნამდვილად არსებობდა თუ არა ის, რომლის საფუძველზეც ბლუმენბახმა თავისი თეორია წარმოადგინა. როგორც ბლუმენბახის წიგნიდან და პირადი მიმოწერებიდან ჩანს, 1787-1791 წლების რუსეთ-თურქეთის ომში ახალგაზრდა ქართველი ქალბატონი რუსებმა თურქეთში დაატყვევეს და მოსკოვში ჩაიყვანეს, სადაც იგი ქალური დაავადებით მოულოდნელად გარდაიცვალა. თუმცა, გარკვეული არ არის, როგორ მოხვდა ეს ქალბატონი თურქეთში. მხოლოდ მცირე ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, რომ ის იყო დიდგვაროვანი ქრისტიანი ქალბატონი, რომელიც თურქებმა მოიტაცეს და ოსმალთა დიდკაცის ჰარამხანის დასამშვენებლად ჰყავდათ. იგი სწორედ იქ დაავადდა. რადგან რუსეთ-თურქეთის ომი რუსეთმა მოიგო, ეს ნატანჯი ქალბატონიც მათ გადაეცათ. დიდგვაროვანი ტყვე ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ მოსკოვში ცნობილი ექიმი, რუსეთში დაბადებული გერმანელი იოჰან ჰილტებრანდტი გამოიძახეს. ის იყო სამხედრო ექიმი, ქირურგი, რომელმაც გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარი შეამოწმა და დაადგინა მისი გარდაცვალების მიზეზი. მან მოითხოვა, რომ ამ ქალბატონის თავი მისთვის გადაეცათ. ჰილტერბრანდტი დაახლოებით სამი წელი საგანგებოდ ინახავდა ქართველი ქალის თავის ქალას, მისი ფორმის უზომო მშვენიერების გამო. შემდეგ გაარკვია, ვისთვის უნდა მიემართა, თავის ქალის პროფესიონალურად შესწავლის მიზნით და დაუკავშირდა ძალიან ცნობილ სამხედრო ექიმს, ბარონ გეორგ თომას ფონ აშს, მედიცინის დოქტორს, რომელიც
სანკტ-პეტერბურგში მოღვაწეობდა. ის კი, თავის მხრივ, დაუკავშირდა თავის კოლეგას გერმანიაში, გიოტინგენის უნივერსიტეტში – ფრიდრიხ ბლუმენბახს და ასე მოხვდა ბლუმენბახთან ქართველი ქალის თავის ქალა. იმ დროისთვის ბლუმენბახს თითქმის ყველა ტიპის თავის ქალა ჰქონდა შესწავლილი და მის ნაშრომს მხოლოდ ერთი ანთროპოლოგიური ნიუანსი აკლდა, რომ ადამიანთა თავის ქალების კლასიფიკაცია ჩამოეყალიბებინა. ოთხი ტიპის თავის ქალა ჰქონდა გამოყოფილი, მაგრამ კლასიფიკაციის დასასრულებლად კიდევ ერთი იყო საჭირო და ქართველი ქალის თავის ქალის შესწავლის შედეგად, საბოლოოდ დაასკვნა, რომ დედამიწაზე ადამიანთა მოდგმა იყოფა ხუთ სახეობად: „მონღოლური“ – „ყვითელი მოდგმა“, „ამერიკული“ (ინდიელების) – წითელი მოდგმა, „კავკასიური“ – „თეთრი მოდგმა“ (სწორედ ქართველი ქალის თავის ქალის შესწავლის შემდეგ გაჩნდა ეს ტერმინი), „მალაიური“ – „ყავისფერი მოდგმა“ და „ეთიოპიური“ (აფრიკული) – „შავი მოდგმა“. ანთროპოლოგიაში რამდენიმე განსხვავებული კლასიფიკაცია გვაქვს, მაგრამ უმთავრესი სწორედ ესაა, რომელიც ბლუმენბახმა გააკეთა და რომლის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ქართველი ქალის თავის ქალამ შეასრულა. ბლუმენბახამდე მსგავსი კლასიფიკაციური კვლევა არავის უწარმოებია და ეს თავის ქალა გახდა საფუძველი კრანიოლოგიური კვლევებისთვის.
  ამ თემას საქართველოში პირველად არქეოლოგმა და ანთროპოლოგმა გიორგი ნიორაძემ მიაქცია ყურადღება. 1923 წელს მას გერმანიაში, ტიუბინგენში ანთროპოლოგიურ სამეცნიერო კონგრესზე მოხსენება ჰქონდა, სადაც წერდა: „ბლუმენბახის ყურადღება მიიპყრო ქართველი ქალის თავის ქალამ, რომლის სილამაზე ყველა დანარჩენი ტომების თავის ქალებს სჯობდა“, ამიტომ ბლუმენბახმა გამოიყენა ტერმინი „კავკასიური მოდგმა“ და ყველა თეთრკანიანი მას მიაკუთვნა.
  230 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს თავის ქალა გიოტინგენის უნივერსიტეტის ბლუმენბახის კოლექციაში ინახება და არავის მიეცა მისი მონახულების საშუალება. სამეცნიერო-საგანმანათლებლო საზოგადოება „პრომეთოსის“ ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 9 მაისს შედგა გიოტინგენის უნივერსიტეტის ბლუმენბახის სახელობის ადამიანის თავის ქალების კოლექციის კურატორის, პროფესორის მიხაელ შულცისა და ჩვენი შეხვედრა. ვისაუბრეთ ბლუმენბახის სამეცნიერო მოღვაწეობისა და „კალმით ნახატი ქართველი ქალის მშვენიერი თავის ქალის“ შესახებ. საუბრის შემდეგ პროფესორმა შულცმა საგამოფენო სივრციდან გამოაბრძანა ახალგაზრდა ქართველი ქალის თავის ქალა და მითხრა: „უფლებას გაძლევთ, რომ რამდენიმე წუთი ხელში დაიჭიროთ“. პირველად მომეცა შესაძლებლობა, ასე ახლოს თვალი შემევლო ახალგაზრდა ქრისტიანი ქართველი დიდგვაროვნის, ტყვეობაში ნატანჯი ქალბატონის თავის ქალისთვის. ეს იყო დიდი განცდა.
  ბლუმენბახი წერდა: „ჩემი ახალგაზრდა ქართველი ქალის ლამაზი ტიპური თავი ყოველთვის იზიდავს ყველა მნახველის თვალს“. მას სხვა მეცნიერებიც მსგავს შეფასებებს აძლევენ. ის გიოტინგენის უნივერსიტეტში დღესაც ბლუმენბახის ფოტოს გვერდითაა გამოფენილი, რადგან მეცნიერი მის მიმართ პროფესიონალური სიყვარულით იყო განწყობილი. პროფესორმა შულცმა გვითხრა: ამ თავის ქალას ღამე სანთლის შუქზე აკვირდებოდა და წარმოიდგენდა, როგორი ლამაზი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ქართველი ქალიო.
 რუსებმა რომ გაიგეს, ეს თავის ქალა განსაკუთრებული იყო, მისი დაბრუნება მოიხოვეს, მაგრამ ეს ვერ განახორციელეს. ამიტომ მეცხრამეტე საუკუნეში ბალტიელმა გერმანელმა კარლ ბერმა დაამზადა მისი თაბაშირის ასლი, რომელიც ამჟამად სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, პეტრე დიდის სახელობის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში  ინახება.
  როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ჰეგელმა ყურადღება მიაქცია ბლუმენბახის კვლევას და „გონის ფილოსოფიაში“ თქვა, რომ ფიზიოლოგია  ანსხვავებს:
კავკასიურ, ეთიოპიურ, მონღოლურ, მალაიურ და ამერიკულ მოდგმებს და მათი განსხვავებულობა თავს იჩენს თავის ქალისა და სახის აღნაგობაში. „თავის ქალის აღნაგობა უნდა განისაზღვროს ერთი ჰორიზონტალური და ერთი ვერტიკალური ხაზით, რომელთაგან ერთი ყურის გარეგანი არხიდან ცხვირის ძირისკენ მიდის, მეორე კი – შუბლის ძვლიდან ზედა ყბამდე. ამ ორი ხაზისგან შექმნილი კუთხით განსხვავდება ცხოველის თავი ადამიანის თავისაგან“. 1792 წელს „ევროპეიდული მოდგმის“ ადამიანის სახის დახრის კუთხე განსაზღვრული იყო 90 გრადუსით. ბლუმენბახმა სინამდვილეში პირველმა აღმოაჩინა, რომ ქართველი ქალის თავის ქალის  დახრის კუთხე იყო 90 გრადუსი. ამ კვლევის მიხედვით, ჰეგელი ამბობს, რომ „კავკასიურ რასას ეს კუთხე სავსებით ან თითქმის მართი აქვს. განსაკუთრებით ეს ითქმის  იტალიური, ქართული და ჩერქეზული ფიზიონომიის შესახებ“.
  ტერმინი „კავკასიური“ უკავშირდება ახალგაზრდა ქართველი დიდგვაროვანი ქალბატონის თავის ქალის კვლევას, რადგან ქართველი ქალი იყო სამხრეთ კავკასიიდან, ამიტომ თეთრი ადამიანის განმსაზღვრელად ბლუმენბახმა აიღო ტერმინი „კავკასიური“. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დღემდე ეს ტერმინი გამოიყენება, რომელიც ბლუმენბახმა თეთრი ადამიანის მოდგმას ქართველი ქალის სილამაზის პატივსაცემად უწოდა. ინგლისურ ენაში სიტყვა Caucasian „ქოქეიჟნ“ – „კავკასიური“ თეთრს აღნიშნავს. მაგალითად, ბარაკ ობამას დედა თეთრკანიანი იყო და მისი მოდგმის განმსაზღვრელ გრაფაში „კავკასიური“ წერია. ის ქალბატონი კავკასიიდან კი არ იყო, მაგრამ რადგან ბლუმენბახმა განსაზღვრა, რომ „კავკასიური“ აღნიშნავს თეთრკანიანს, ეს ტერმინი ამერიკაში დღემდე გამოიყენება.
  კვლავ დავუბრუნდეთ ჰეგელის სიტყვებს, რომლებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ კარგად გავიგოთ ჩვენი როლი და ადგილი მსოფლიოს რთული პოლიტიკურ-გეოგრაფიული ასპექტების გათვალისწინებით. მეცნიერულად გავიაზროთ, რომ კავკასია, კერძოდ, საქართველო არის „ევროპეიდული მოდგმის“, თეთრი ადამიანის გაჩენის ადგილი, რასაც რეალური ფაქტი უდევს საფუძვლად. ამას მთელი გერმანული სამეცნიერო საზოგადოება მეთვრამეტე საუკუნიდან აღიარებდა. გავიხსენოთ ჰეგელის სიტყვები: „მსოფლიო ისტორიის წინსვლა... მხოლოდ კავკასიური მოდგმის მეშვეობით ხორციელდება“.
როგორც ბლუმენბახი ამბობდა, საქართველო – ეს არის პირველ ადამიანთა საცხოვრისი ადგილი, მან ეს ჯერ კიდევ 1795 წელს თქვა. თუ დავაკონკრეტებთ, თეთრი ადამიანის დაბადება სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

скачать dle 11.3