№23 რატომ მოიკლა თავი მილიციის ცნობილმა პოლკოვნიკმა საკუთარ ბინაში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
გასული საუკუნის 50-70-იან წლებში თბილისის მილიციაში სიბინძურით გამორჩეული მილიციელი, ვინმე პავლე სონღულაშვილი მუშაობდა, რომელსაც „ყროლას“ ეძახდნენ და დღევანდელ პუბლიკაციაში სწორედ მასზე მოგითხრობთ.
„ყროლა“
1935 წელს კახეთის ერთ-ერთ სოფელში დაბადებული პავლე სონღულაშვილი მეძავი დედისგან იყო ნაშობი და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბავშვობა ბორდელში გაატარა – დედამისი კლიენტებს პირდაპირ სახლში იღებდა. თავის შვილსაც არ ერიდებოდა და პავლეს თვალწინ სჩადიოდა ყოველგვარ გარყვნილებას. ბავშვი საკმაოდ მყრალი ხასიათის იყო და აქედან გამომდინარე, მას ჯერ კიდევ ბავშვობაშივე შეარქვეს „ყროლა“. პავლეს არც მეგობრები ჰყავდა, არც ნათესავები, არც გულშემატკივრები. 17 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. რაიონის მეძავი მისსავე სახლში მკვდარი ერთ-ერთმა კლიენტმა აღმოაჩინა. როგორც მილიციამ დაადგინა, ქალი სპირტიანმა სასმელმა დაახრჩო და საქმეც დახურეს. დედა რომ დაასაფლავა, საშუალო განათლების ატესტატი და პასპორტი აიღო, მას ჯარიდან გამოძახება მოუვიდა და რუსეთში გაამწესეს. ორი წლის შემდეგ კი „ყროლა“ სოფელში საკმაოდ შეცვლილი დაბრუნდა, თუმცა მალევე გაემგზავრა.
ბინძური ოპერი
1955 წელს ჯარიდან დაბრუნებულმა პავლე სონღულაშვილმა, ეგრეთ წოდებული, „ლიმიტი“ ჩამოიტანა, რაც მას უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად უპირატესობას ანიჭებდა. „ყროლამ“ ისარგებლა ამით და იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე მოეწყო. პარალელურად კი, თბილისის კალინინის (ახლანდელი მთაწმინდის) რაიონის მილიციაში დაიწყო მუშაობა რიგით ოპერად. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალი ვარლამ შადური იხსენებდა: „ინფორმაციები პავლე სონღულაშვილზე, იგივე „ყროლაზე“, ჩემთანაც მოდიოდა. იმდენად გაქნილი ნაძირალა იყო, რომ მის გამოჭერას ვერ ვახერხებდით, თუმცა, არაერთხელ ვცადეთ. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ მას სამინისტროში მფარველი ჰყავდა, რადგან ის („ყროლა“) საჭირო კაცად მიაჩნდა...“
პავლე სონღულაშვილი „გაჩალიჩების სპეციალისტად“ ითვლებოდა და შეეძლო, ნებისმიერ სიბინძურეზე მოეწერა ხელი. ამიტომ პავლეს კოლეგებიც ერიდებოდნენ და ცდილობდნენ, მასთან საქმე არ დაეჭირათ. რაც დრო გადიოდა, ბინძური ოპერი მეტ გამოცდილებას იღებდა. იურისტის დიპლომით ის უკვე მილიციის უფროსი ლეიტენანტი და იმავდროულად, უფროსი ოპერრწმუნებული გახდა. ბევრად მეტი უფლებამოსილება შეიძინა და უფრო მეტ ბინძურ საქმეს ატრიალებდა.
მეძავი კარინა
პავლე სონღულაშვილი სიცოცხლის ბოლომდე დაუოჯახებელი იყო და მხოლოდ ერთხელ სცადა ცოლის მოყვანა. თუმცა, გოგონა მაშინდელი ცეკას ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ქალიშვილი აღმოჩნდა. როდესაც მამამისმა შეიტყო, ვინ ეტრფოდა მის შვილს, „ყროლა“ კაბინეტში დაიბარა და მის ქალიშვილთან სათოფეზე მიახლოებაც კი აუკრძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური განადგურებით დაემუქრა. „ყროლამ“ იცოდა, რომ მაღალჩინოსანს ვერ აჯობებდა და გოგოს ჩამოშორდა. ამან სონღულაშვილი უფრო მეტად გააბოროტა და სასტიკი და დაუნდობელი გახადა. სიბინძურეების კეთებაში მას ვინმე კარინა გოგრიაშვილი ეხმარებოდა, რომელიც „ბოზკარინას“ სახელით იყო ცნობილი. გოგრიაშვილი მეძავი იყო და „ყროლას“ მითითებებს ასრულებდა, პარალელურად კი, სექსუალურ პარტნიორობასაც უწევდა. წყვილს ასეთი ბინძური კომბინაცია ჰქონდა დამუშავებული – კარინა ოპერის წინ დგებოდა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ამსვლელ მანქანას აჩერებდა. მძღოლს გვერდით ჩაუჯდებოდა და სულ რაღაც ხუთასიოდე მეტრში ჩამოდიოდა. მძღოლი გზას აგრძელებდა. მაგრამ მალე მას „ყროლა“ წამოეწეოდა, მანქანას გააჩერებინებდა, გაჩხრეკდა და გვერდითა სავარძლის ფსკერიდან კარინას ჩადებულ წამალს ან იარაღს ამოუღებდა. ამის მერე იწყებოდა ვაჭრობა და რომ არ „გასროკილიყო“, ყოვლად უდანაშაულო მძღოლს „ყროლასთვის“ ფული მიჰქონდა...
ლოგიკური დასასრული
1960-63 წლებში პავლე სონღულაშვილი მოსკოვში, მილიციის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა და თბილისში მაიორის ჩინით დაბრუნდა. მას მილიციის სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილეობა უბოძეს და „ყროლა“ თავის სიბინძურეებს უკვე ახალ თანამდებობაზე, მაიორის ჩინით აგრძელებდა. მას არც „ბოზკარინა“ დავიწყებია და ქალს კვლავ ბინძური საქმეებისთვის იყენებდა. თუმცა, კარინა გაურბოდა ძველ საქმიანობას და ამას იმით ხსნიდა, რომ ეკლესიაში დაიწყო სიარული. სარწმუნოების გზაზე დადგომა კი კარინა გოგრიაშვილმა თავის 3 წლის ქალიშვილის, ნონას გამო გადაწყვიტა.
– სანამ მე მოსკოვში ვსწავლობდი, ნაბიჭვრის გაჩენა მოგისწრია და ეკლესიაში დაეთრევი, ხომ? – უთხრა კარინას მოსკოვიდან დაბრუნებულმა „ყროლამ“.
წლები გადიოდა. კარინა მართლა გაურბოდა „ყროლას“, მაგრამ დროდადრო მაინც ებმეოდა მახეში, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა – სონღულაშვილი ციხეში ჩასმითა და ბავშვის წართმევით ემუქრებოდა. ნონა იზრდებოდა. მშვენდებოდა და 15 წლისა მიმზიდველი ქალიშვილი დადგა. „ყროლამ“ თვალი დაადგა ბავშვს და შეფარული არშიყი დაუწყო. ერთ მშვენიერ დღეს კი კარინა დიდი რაოდენობით ნარკოტიკით დააპატიმრეს და მიუხედავად იმისა, რომ უარობდა – ჩემი არ არისო, 6 წლით ციხეში ჩასვეს. ეს ყველაფერი „ყროლას“ მოწყობილი იყო იმ მიზნით, რომ 16 წლის ნონას დაუფლებოდა და მოახერხა კიდეც...
1977 წლის დეკემბერში კი პოლკოვნიკმა პავლე სონღულაშვილმა საკუთარ ბინაში თავი მოიკლა. მილიციამ კარინა გოგრიაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი იპოვა, რომელშიც ეწერა: „შევიტყვე, რომ ნონასთან გაქვს კავშირი და მინდა, იცოდე, შე ბინძურო, რომ ნონა შენი შვილია.“