№22 დედაჩემის ეგოისტობის გამო მეორე ცოლიც გამშორდა
მართალია, დედაა და მასზე ასე საჯაროდ არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ ფაქტია, მეორე ოჯახიც მისი ეგოისტობის გამო დამენგრა. მართლა ხელისგულზე გამზარდა, ხელჩაკიდებული დავყავდი სკოლაში, ყველაფერი გააკეთა, რომ კარიერაში წარმატებული ბიჭი ვყოფილიყავი. თუმცა, ჩემს პირად ცხოვრებაში ერევა და უკვე მეორე ცოლთან დამაშორა. რომ პკითხოთ, უვარგისი გოგოები შემხვდა და იმას, რაც ჩაიდინა, ჩემივე კეთილდღეობისთვის აკეთებდა. ჩემს გულში არც კი ჩაუხედავს, როგორ მტკიოდა, მტკივა და მთელი ცხოვრება ვერ მოვიშუშებ იმ იარას, რომელიც სწორედ მან მომაყენა და არა სიყვარულმა. მაკა რომ ცოლად მოვიყვანე, თავიდანვე აითვალწუნა. არადა, მართლა კარგი გოგო იყო, მზრუნველი, მოსიყვარულე, ჭკვიანი. უბრალოდ, გაჭირვებული ოჯახიდან იყო, თან რაიონიდან და დედა სულ ამას აყვედრიდა. პირში ეუბნებოდა: ჩემს შვილს შეეტენე, ვითომ სასწავლებლად ჩამოხვედი, ასფალტზე ფეხი დადგი და ტალახის სუნი დაგავიწყდაო. იმდენი უჩიჩინა, სანამ არ ჩაალაგა თავისი ტანსაცმელი და არ წავიდა. ბევრი ვეხვეწე, მაგრამ აღარ დაბრუნდა. მითხრა: სანამ დედაშენთან იცხოვრებ, მე მას ვერ შევეგუები და შენც დაგტანჯავო. შეგნებული გოგოა, მაგრამ დედაჩემის გამოხდომები ვერ აიტანა. მთელი ორი წელი გულჩათხრობილი დავდიოდი, ძალიან განვიცდიდი ოჯახის დანგრევას. დედაჩემი კი, ამით უბედნიერესი იყო, მეუბნებოდა: უკეთესს იპოვი, შვილო, მაგაზე დარდობო? დედაა და არ მინდოდა, რასაც მის მიმართ განვიცდიდი, ყველაფერი მეთქვა. ვფიქრობდი, გული ეტკინება-მეთქი. თუმცა, გავიდა წლები და წყენამ გადამიარა, ისევ შევხვდი გოგოს, რომელიც შემიყვარდა და ცოლად მოვიყვანე. დედაჩემმა ესეც დაიწუნა. ატყდა: ვაის გავეყარე, უის შევეყარე. სულ შენ რატომ გემართება ასე? თვალებს ვერ გაახელ, შენი შესაფერისი გოგოები დაილიაო. მოკლედ, ლიკუნასთანაც დამიძაბა სიტუაცია. ეს მაკასავით დამთმობი არ აღმოჩნდა და ისე კამათობდნენ, სამეზობლოც კი ერეოდა. სამსახურიდან მოსულს, სახლში აღარ მინდოდა გაჩერება. ისე დაძაბეს სიტუაცია, ერთხელ წყობიდან გამოვედი და ვიყვირე: თუ არ მოაგვარებთ ერთმანეთში ურთიერთობას, ავდგები და წავალ სახლიდან, აღარ შემიძლია, მეც კაცი ვარ, მრცხვენია, მთელი სამეზობლოს მასხარა გავხდი-მეთქი. ლიკუნა რომ ორსულად დარჩა, სამყარო ჩემი მეგონა, მაგრამ ვინ შემარგო? ახლა ამაზე გამოხტა დედაჩემი: თვითონ გასაზრდელია, ამან რა შვილი უნდა გაზარდოს. ისევ ჩემი თავში სახლელი იქნება, მე სად შემიძლიაო. მოკლედ, ჯერ არ დაბადებულ ბავშვს დაატირა და ისე გაუჭირდა ჩემს ცოლს მშობიარობა, კინაღამ შვილი დავკარგე. სიმართლე გითხრათ, ბავშვი რომ დაინახა, დედაჩემი ცოტა დამშვიდდა, რაღაც პერიოდი ლიკასთანაც აღარ კამათობდა, მაგრამ მერე ისევ აუშვა აფრები. მოკლედ, იმდენი ქნა, სანამ ლიკასთან და შვილთან არ დამაშორა. ლიკას მშობლები შეესწრნენ ჩემი ცოლისა და დედაჩემის კამათს, მოჰკიდეს შვილსა და შვილიშვილს ხელი და წაიყვანეს. სამსახურიდან რომ დავბრუნდი და სახლი ცარიელი დამხვდა, კინაღამ გადავირიე. მართალია, ლიკა შვილის ნახვას არ მიშლის, მაგრამ უკან აღარ ბრუნდება. დედაჩემი კი, ისევ თავის აზრზეა: როცა მოგინდება, ბავშვი მოიყვანე, ჩემი შვილიშვილია და მიყვარს, მაგრამ ის ქალბატონი, აქ ფეხშემოდგმული არ დავინახო, ჩემს ნაწვალებ-ნაშრომ სახლში არ ვაპარპაშებო. ვხვდები, დედას ეს ყველაფერი ეგოისტობით მოსდის. ჰგონია, ერთადერთი შვილის სიყვარულს სხვები ედავებიან და ართმევენ. თუ ცოლი მეყოლება, მისი სიყვარული გამინელდება და ამის გამო ვერ აიტანა ვერცერთი რძალი. ძალიან მტკივა, განვიცდი, მაგრამ ფაქტია, სანამ ის ჩემ გვერდითაა, ცოლს ვეღარ მოვიყვან. ყოფილმა ცოლებმა კი ჩემზე უარი თქვეს.
გუკა, 32 წლის.