კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 დაქალები

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #20-22(961)
  მაცაცომ ისიც გაიგო (უფრო სწორად, ზუსტად დაადგინა), რომ იმ გოგომ, ლაურამ, ივიკო რესტორანში ნახა პირველად, მოეწონა, როგორღაც დაადგინა მისი ანკეტური მონაცემები და იმდენი მოახერხა, რომ იმავე ღამით ჯერ რამდენჯერმე იცეკვა საკმაოდ მთვრალ ივიკოსთან, მერე მის ლოგინშიც აღმოჩნდა. დილით კი, მისსავე ლოგინში, ახალგაღვიძებულ და უცხო გოგოს დანახვით გაოგნებულ ნაბახუსევ კაცს გამოუცხადა:
– შენ წუხელ ისარგებლე ჩემი გამოუცდელობით, საწოლში შემომიტყუე და გამაუპატიურე. მე სულ რაღაც 16 წლის ვარ, მანამდე კაცისთვის ნაკოცნიც კი არ მქონდა. მე ოთხი უფროსი ძმა მყავს, რომლებიც ჩემს დაჩაგვრას არავის აპატიებენ. იმათ რომც გაპატიონ, არასრულწლოვანზე ძალადობა კანონით ისჯება და ციხეში ჩაჯდები. ერთადერთი გამოსავალი გაქვს: დღესვე წამოხვალ ჩემებთან და მამაჩემსა და ჩემს ძმებს ჩემს ხელს სთხოვ, მერე აქვე მოვაწერთ ხელს და პატარა ქორწილსაც გადავიხდით. ამ ყველაფრის შემდეგ კი თბილისში წამიყვან და ერთად ვიცხოვრებთ. აი, ნახავ, რა კარგი ცოლი ვიქნები!
  ივიკოს ეს ყველაფერი ჯერ სიზმარი ეგონა, მერე დაფიქრდა – ვის ისტორიას ვისმენო, ბოლოს კი, როცა უცნობი გოგოს მონოლოგიდან ოციოდე წუთის შემდეგ, ჯერ კიდევ ბახუსიდან ბოლომდე გამოუსვლელს სასტუმროს კარი ვიღაცამ შემოამტვრია და ოთახში ოთხი გაუპარსავი ამბალი შემოცვივდა ყვირილით, ჩვენი და სად არისო, ისე დაიბნა და დაფრთხა, რომ იქვე სთხოვა ძმებს დის ხელი, მეორე დღეს კი იქორწინეს კიდეც. მთელი ამ ხნის განმავლობაში ივიკოს თავი ღრმა ძილში ეგონა, რადგან ვერ აღიქვამდა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა. იმ დონეზე გათიშული ჰქონდა გონება და ცნობიერება, რომ ისიც კი ვერ მოიფიქრა, ან ახალშერთული ცოლისთვის და ან მისი ოჯახის წევრებისთვის ეკითხა, რა უნდოდა არასრულწლოვან, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე პატიოსან გოგოს (ჯერ კაცისთვის რომ არ ჰქონდა ნაკოცნი) შუაღამისას რესტორანში, თანაც ძალიან გამომწვევად ჩაცმულს, უფრო სწორად, ნახევრად შიშველს (ეს ივიკომ მას შემდეგ დააფიქსირა, როცა გოგო საწოლიდან ადგა და, თავისი გაგებით, შეიმოსა).
ელდამიღებულ ივიკოს კატოც და თავისი ოჯახიც მხოლოდ ქორწილის მეორე დღეს გაახსენდა და, რა თქმა უნდა, იმ დღიდან შეწყვიტა კომპიუტერითა და ტელეფონით ყველასთან ურთიერთობა.
  ეს ყველაფერი რომ გაიგო, კატომ საშინლად განიცადა, მაგრამ ივიკოს მიმართ გრძნობა არ შეცვლია. მიხვდა, რომ ეს ღალატი არ იყო და ამიტომ გულში მაშინვე აპატია, მაგრამ არ იცოდა, შემდგომში როგორ მოქცეულიყო და, რადგან ვერაფერი მოიფიქრა, გადაწყვიტა, დალოდებოდა მოვლენების განვითარებას, მერე კი სიტუაციისდა შესაბამისად გადაედგა სათანადო ნაბიჯი. არავის გაენდო, თვით მაცაცოსაც კი და თავის დარდებსა და განცდებში ჩაიძირა.
***
  ქორწილის მეორე დღესვე ივიკომ სამსახურში დარეკა, ორთვიანი უხელფასო შვებულება აიღო და თავის მდგომარეობაზე ჩაფიქრდა. მიხვდა, რომ საშინელი ვამპირების ხელში ჩავარდა და ნებისმიერი გზით უნდა დაეხსნა მათგან თავი. ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ მაცაცოსა და ერეკლეს დაურეკა და ბათუმში ჩასვლა სთხოვა. მათაც არ დააყოვნეს და ორი დღის შემდეგ მიაკითხეს სასტუმროში, სადაც ივიკოს ცოლის ჩუმად ჰქონდა აღებული ერთი ნომერი.
პრობლემის დაწვრილებით გაცნობის შემდეგ მაცაცომ და ერეკლემ ურჩიეს, ერთი-ორი თვე როგორმე აეტანა თავისი მდგომარეობა, მერე კი გაყრა შეეთავაზებინა რაიმე ქონების სანაცვლოდ.
– მანქანაზე ესენი არ დამთანხმდებიან, ძალიან კარგი მადა აქვთ და თან, როგორც ვატყობ, ჭიპმოჭრილები არიან წართმევა-გამოძალვაში. გარდა ამისა, არაფერ საშინელებაზე უკან არ დაიხევენ. მე რემბო არა ვარ, რომ ამათ ფიზიკურად გავუსწორდე, ამიტომ რაღაც სხვა გზით უნდა დავიხსნა მათგან თავი, – ამოიოხრა ივიკომ.
– თავდაპირველად, ეცადე, რომ შენგან არ დაორსულდეს, თორემ მერე ვეღარასოდეს მოიშორებ თავიდან, – გააფრთხილა მაცაცომ.
– რას ამბობ, რა დაორსულება, საერთოდ არ მაქვს ურთიერთობა! – გაწითლდა ივიკო.
– მერე, პრეტენზიები არ აქვთ ცოლსა და ცოლისძმებს? – სიცილი აუტყდა ერეკლეს.
– შენ წარმოიდგინე, არა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, – თვითონაც გაეცინა ივიკოს, – მაგრამ არ ვიცი, როდის რა მოუვლით. ამიტომ დროულად უნდა მოვიფიქროთ რამე.
– მოვიფიქრე! – კარგა ხნის პაუზის შემდეგ იყვირა მაცაცომ, – შენ მე გამაცნობ შენს ეგრეთ წოდებულ მეუღლეს. მე მას დავუდაქალდები, შენ ნელ-ნელა აგითვალწუნებ; ჩავაგონებ, რომ უკეთესი ქმარი ეკუთვნის და რამენაირად მოგიშოროს თავიდან, თან ისე, რომ რამე სარგებელიც ნახოს. მერე რჩევის სახით „შევუგდებ“, რომ ბინა ან ფული მოგთხოვოს კომპენსაციის ვარიანტში და გაგეყრება, რადგან შენისთანა კაცის შეყვარება შეუძლებელია... ჰა, როგორი იდეაა?
– მართლა ასე ფიქრობ ჩემზე? – ვითომ ხუმრობით ჰკითხა ივიკომ, მაგრამ სინამდვილეში ოდნავ გულისტკენა იგრძნობოდა მის ხმაში.
– რას ამბობ, გაგიჟდი?! – შეიცხადა მაცაცომ, – შენნაირმა კაცმა რომ მომაქციოს ყურადღება, დღესვე შევიყვარებდი, – გაეკეკლუცა  ხუმრობით, თუმცა მის ხმაშიც გამოჟონა რაღაც „სხვამ“, რაც კაცებმა მაშინვე დააფიქსირეს და უხერხულობისგან ორივემ სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან.
ჰაერი აშკარად დაიმუხტა. ერეკლემ იგრძნო ეს და შეეცადა, გამოესწორებინა სიტუაცია:
– ჩემნაირს არ შეიყვარებდი?
– შენნაირს? – გაიმეორა მაცაცომ, – ალბათ არა. შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ არა ჩემი ტიპაჟი.
– აბა, ვისი ტიპაჟი ვარ? – ვითომ იწყინა ერეკლემ.
– ალბათ, უფრო კატოს შეეფერები, გარეგნობითაც და ისეც.
 ჰაერი ისევ დამძიმდა. მაცაცო მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და ნათქვამის გამოსწორებას შეეცადა:
– გავიხუმრე, რა გჭირთ, აცრილები ხართ იუმორზე?
– საწყალი კატო, მეცოდება. წარმომიდგენია, რა განცდებშია ახლა! გოგო ქორწილისთვის ემზადებოდა და უცებ ასეთი დარტყმა!
– უკეთ უნდა გაფრთხილებოდა თავის ბედს! – წაიგესლა მაცაცომ, – ვის გაუგია დანიშნული საქმროს ამდენი ხნით გაშვება მივლინებაში?
– აბა, რა უნდა ექნა? – ვერ მიხვდა ერეკლე.
– სულ მცირე, თვითონაც უნდა გაჰყოლოდა.
– ანუ, არ უნდა ნდობოდა?
– როგორც გინდა, ისე ახსენი. თუ ენდო, რა მიიღო? მე ამისთანა შეყვარებულს თუ საქმროს ერთი დღით არ მოვშორდებოდი. ჩემი აზრით, ვინც სიყვარულს არ თუ ვერ უფრთხილდება, ის არც არის სიყვარულის ღირსი!
– შენ, გოგო, რაებს ერეკები? – გაბრაზდა ერეკლე, – აქ დახმარებისთვის გთხოვეს ჩამოსვლა თუ ჩორტების ჩამოსაგდებად?
– არაფერ ჩორტებს არ ვაგდებ. მე კატოს ბავშვობის მეგობარი ვარ, მასზე ახლო დაქალი არ მყავს და გული შემტკივა, რომ, ამდენი მცდელობის მიუხედავად, ვერ აიწყო პირადი ცხოვრება. ეტყობა, მასშია პრობლემა, თორემ, ყველა როგორ ტყუის მასთან?
– და ამის მერე შენ ამბობ, რომ კატოს დაქალი და გულშემატკივარი ხარ?! – აღშფოთდა ერეკლე, – ძალიან გთხოვ, მეტი აღარაფერი თქვა, თორემ, ვიფიქრებ, რომ ვერ იტან კატოს და გშურს მისი. მე თუ მკითხავ, უმაგრესი გოგოა და ივიკოს მართლა გაუმართლა, ასეთმა ქალმა რომ შეიყვარა. არა, ივა?
– ჰო, – მშრალად თქვა ივიკომ და გაჩუმდა.
– აი, ხომ ხედავ, მგონი, მე უფრო მეთანხმება შენი ძმაკაცი! – გაუხარდა მაცაცოს.
– მართლა ასეა? – ახლა მეგობარს ჩაეკითხა ერეკლე.
– არა, ასე არ არის, მაგრამ ამდენი ხანია, ვბლოკავ, არ ვურეკავ, არ ვეხმიანები, ის კი ისე ადვილად შეეგუა ამას, ვითომც არაფერი... არც კი გაარკვია, რაშია საქმე.
– შენ წარმოიდგინე, გაარკვია – გაიგო, რომ ცოლი შეირთე და აღარ ჩამოგეკიდა კისერზე, თავმოყვარე ქალია და იმიტომ! უბრალოდ, ის ნიუანსები გვიან შეიტყო და, შენ წარმოიდგინე, გაპატია.
– რა მიჭირდა საპატიებელი, ჩემი ინიციატივით მოხდა, რაც თავს გადამხდა?
– შენი ინიციატივით არა, მაგრამ, არ გეწყინოს და, შენი უტრაკობითა და ბოთეობით! ახლა კი, თურმე, საცოლეზეა ბიჭი ნაწყენი! იცი, რას გეტყვი? დროზე მოიშორე ეგ პუტანკა თავიდან, მიდი კატოსთან და მუხლებზე დაჩოქილმა მოუხადე ბოდიში, იქნებ შეგირიგდეს!
– მარტო ვერ მივალ. შენ წამომყვები?
– ვერა. ასეთ რამეზე მარტო უნდა მიხვიდე.
– მართალია ერეკლე, ასეთ საქმეზე კაცის წაყოლა უხერხულია.
– მაშინ, შენ წამომყევი. მარტო მისვლა ძალიან გამიჭირდება. ან, სულაც ჯერ შენ მიდი, დაელაპარაკე, აუხსენი ყველაფერი და მერე მე მივალ.
– კარგი, როგორც შენ გინდა, – მცირეოდენი ფიქრის შემდეგ დაეთანხმა მაცაცო, – ოღონდ, თუ არ შეგირიგდა, მე ნურაფერს დამაბრალებთ.
– ესე იგი, შევთანხმდით? – ორივეს ჰკითხა ივიკომ.
– ბიჭო, მთელი ქვეყნის გადაკეთებას ცდილობ, მთელი საზოგადოების უარყოფით საქციელსა და თვისებებს ებრძვი საჯაროდ და, საკუთარ, თუნდაც ყოფილ საცოლესთან ბოდიშის მოსახდელად შუამავლები გჭირდება?! ამის შემდეგ შენ ხარ მაჩო თუ დონკიხოტი?! მეტი არაა ჩემი მტერი! რაც გინდათ, ის ქენით, მე წავედი. წარმატებებს გისურვებთ!
– ასე მტოვებ? – შეშფოთდა ივიკო, რადგან მიხვდა, რომ ერეკლე მართალი იყო და მისი დაკარგვის საშიშროებაც იგრძნო, – აღარ ვართ ძმები?
– ვართ და, როცა დაგჭირდები, შენ გვერდით ვიქნები, ოღონდ, კაცურ ამბებში. მე კი, სიმართლე უნდა გითხრა, კატო მებრალება და არა შენ. წავედი, ჩაო!
***
  მაცაცომ მალე მოახერხა ივიკოს ცოლთან, ლაურასთან დადაქალება და ძალიან მალე „შეაგნებინა“, რომ ქმართან გაყრით კარგი ქონების დათრევას შეძლებდა. ლაურა, თავისი დაცემულობის მიუხედავად, წამოეგო ჩანგალზე და, ივიკოს მიერ თბილისში ოროთახიანი ბინის გადაფორმების შემდეგ, ოფიციალურად გაეყარა ქმარს იმ პირობით, რომ მის ცხოვრებაში აღარასოდეს გამოჩნდებოდა და ეს პირობა მართლაც შეასრულა.
***
  თბილისში დაბრუნების შემდეგ ივიკომ რამდენჯერმე სცადა კატოსთან დაკავშირება, მაგრამ ქალს უჭირდა ცრემლის გარეშე მასთან დალაპარაკება და ამიტომ ტელეფონს უთიშავდა. სხვა გზა რომ ვეღარ გამოძებნა, ივიკომ ისევ მაცაცოს სთხოვა, გამყევიო, რაზეც მაშინვე მიიღო თანხმობა და კატოსთან სახლში მისვლა ორი დღის შემდეგ დაგეგმეს. მაგრამ მაცაცომ იმავე საღამოს მიაკითხა დაქალს (სინამდვილეში უკვე ყოფილს) და უთხრა:
– ივიკოს დავალებით ვარ მოსული, ძალიან მიჭირს ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
– რა მოხდა? – შეეშინდა კატოს.
– ივიკომ შემოგითვალა, დედამისის და თავისი მოცემული სამკაული დაუბრუნო.
– რა?! – კატომ მეტის თქმა ვეღარ მოახერხა, ორიოდე წუთს იჯდა თავჩაღუნული და ცრემლებს იკავებდა, მერე კი წამოდგა, უჯრიდან ბეჭდები და საყურეები ამოიღო, პატარა სასაჩუქრე ცელოფნის პარკში ჩაყარა და მაცაცოს ხელში ჩაუდო, მერე კი ზურგით დაჯდა მისკენ და ჩუმად, ისე, რომ არშემდგარმა მეჯვარემ ძლივს გაიგონა, უთხრა:
– მარტო დამტოვე. ახლავე.
– ბატონო? – ჩაეკითხა მაცაცო.
– და დამივიწყე...
„მიხვდა, – გაიფიქრა კატოსგან გამოსულმა მაცაცომ, – ყველაფერს მიხვდა, მაგას რას გამოაპარებ. იმიტომაც ამიკრა გუდა-ნაბადი, მაგრამ სულ მკიდია. მაინც მოგვიწევდა დაშორება“...
მეორე დღეს, როცა მაცაცო ივიკოს შეხვდა, ვითომდა კატოსთან გასაყოლად, ყოფილი დაქალისგან წამოღებული სამკაული ჩაუდო ხელში და უთხრა:
– ამ დილას კატო შემხვდა, თავისთან წამიყვანა და ეს ყველაფერი შენთან გამომატანა – ვისაც უნდა, იმას გაუკეთოს, მე კი თავი დამანებოს მაგ იდიოტმაო.
– იდიოტმაო? – გული ეტკინა კაცს, – შენც იდიოტად მთვლი?
– რას ამბობ, ივიკო! – ვნებიანად ამოიკვნესა მაცაცომ და თვალები მორცხვად დახარა.
– ჰოდა, მომეცი ხელი, გაშალე თითები! ახლა ეგ შენი საყურეები მოიხსენი! – და ივიკომ თითებიც და ყურებიც ძვირფასი სამკაულით შეუმკო ბრძოლაში გამარჯვებულ მაცაცოს.
***
  იოანე-ივიკო-ვანიკო-ხუანი და მაცაცო ერთ თვეში დაქორწინდნენ, მაგრამ მათი ოჯახი დიდი სიყვარულითა და ბედნიერებით არ ბრწყინავდა, უბრალოდ, იტანდნენ და უძლებდნენ ერთმანეთს, რადგან ივიკოს უკვე რცხვენოდა მესამედ თუ მეოთხედ განქორწინება. მეგობრები ივიკოს ხუანს აღარ ეძახდნენ, აღარც მაჩოსა და დონკიხოტს. მის ეგრეთ წოდებულ „ქადაგებებზეც“ თითქმის აღარავინ დადიოდა. თვითონაც მობეზრდა ფუჭი ბობოქრობა და ქარის წისქვილებთან ბრძოლა და გახდა ჩვეულებრივი რიგითი მუდო ქართველი, რომელსაც არავისი და არაფრის არ სწამს, არაფერი უხარია და არაფერი ეხალისება. მაცაცომ შვილიც კი არ გაუჩინა – მკერდი გამიფუჭდებაო. ამის გამო დედამთილმაც აითვალწუნა და იყო რძალ-დედამთილს შორის გაუთავებელი ბრძოლები. მათ შემხედვარეს, ივიკოს სახლში მისვლა შესძულდა, დაღამებამდე იჯდა ხოლმე ოფისში და კომპიუტერში საბავშვო თამაშობებით ირთობდა თავს.
  კატო-კატრინამ კი გადაიტანა სტრესი, თავისი ეგრეთ წოდებული ჰობი – საზოგადოების მანკიერებებთან ბრძოლა – კიდევ უფრო გააძლიერა და გაააქტიურა იმ გაგებით, რომ გამოსცა რვაგვერდიანი გაზეთი, რომელშიც აკრიტიკებდა სნობიზმს, არ ინდობდა არავის და მოჰყავდა უწიგნურობის, უკულტურობის, უტაქტობისა და ასე შემდეგ მაგალითები, მით უფრო, თუ ამ ყველაფრის ადრესატები ცნობილი ადამიანები იყვნენ, ანუ ისინი, ვინც ჭკუას ასწავლიდნენ საზოგადოებას, მაგრამ თვითონ იყვნენ ჭკუის სასწავლებლები. გარდა გაზეთის გამოცემისა, გახდა ბლოგერი და მისი საუბრების მთავარი თემა იყო განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები და ამ ხარვეზების აღმოფხვრის გზები. კატო უფლებას აძლევდა თავს, ამ საკითხებზე გამოეთქვა აზრები, რადგან მშობლებიც პედაგოგები ჰყავდა და თვითონაც ათი წელი ჰქონდა სკოლაში ნამუშევარი. ამიტომ, ძალიან კარგად იცოდა, რა ულხინდა და რა უჭირდა ზოგადად სკოლას.
  ამ საქმიანობამ კატოს, მართალია, მოწინააღმდეგეებიც შესძინა, მაგრამ თანამოაზრეებიც მოუმრავლა და, კარგი გაგებით, პოპულარობაც მოუტანა.
რაც მთავარია, ამ ყველაფერში მას ჰყავდა ერთგული და ენერგიული დამხმარე – ერეკლე, რომელსაც კატო-კატრინა ძალიან დაუმეგობრდა, თუმცა ჯერ თვითონაც არ იცოდა, როგორ განვითარდებოდა მათი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უგრძნია მისგან სუფთა მამაკაცური ფლუიდების ნიაღვარი. მაგრამ კატო ჯერ მაინც თავს იკავებდა, თვითონაც გამოემჟღავნებინა გრძნობები, რადგან მიაჩნდა, რომ ბედს კი არ უნდა მიუკაკუნო, ბედმა თვითონ უნდა გაგიღოს ფართოდ კარი.
(დასასრული)
скачать dle 11.3