№23 რა საიდუმლო მისია ეკისრებოდა სტალინის მიერ მოწონებულ ცნობილ ქანდაკებას პარიზში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– აი, იდეალი! აი, ჩვენი ეპოქის სიმბოლო და სოციალისტური რეალიზმის ეტალონი.
სტალინი კარგად იცნობდა ვერა მუხინას. იგი თავად მოიხმო და უთხრა:
– მე მომნუსხა თქვენმა დიდებულმა ქმნილებამ და ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ პარიზის მსოფლიო გამოფენისთვის სწორედ თქვენი ქანდაკება უნდა დამტკიცდეს და დამზადდეს“.
ქანდაკებაზე მუშაობა ბელადის ნებართვისთანავე დაიწყო. დამზადდა უძვირფასესი ქრომმონიკელებული ფოლადის ფურცლები, რომლისგანაც ეს მონუმენტი შეკრეს. მისი დამზადების პროცესს თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ საბჭოთა უშიშროების გამოცდილი თანამშრომლები და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი წერდა: „ვერა მუხინას ქანდაკება – „მუშა და კოლმეურნე“, გარდა იმისა, რომ ხელოვნების შედევრი იყო, აგრეთვე ჩვენი სამსახურისთვის ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო საგანს წარმოადგენდა. საქმე ის იყო, რომ პარიზის შუაგულში მდგომი ეს ქანდაკება ჩვენთვის, მზვერავებისთვის, სათვალთვალო და მოსასმენი ადგილი უნდა ყოფილიყო. ქანდაკების თავში, კონკრეტულად კი „მუშის“ თვალებში კინოაპარატურა იყო ჩამონტაჟებული და ის ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობდა. ჩვენ ფირზე ვიღებდით სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომლებს – სამხედროებს, ჟანდარმერიისა თუ დაზვერვის მუშაკებს და შემდგომ მათ სახეებს ჩვენს კარტოთეკაში ვინახავდით. „კოლმეურნეს“ სხეულზე კი იმ პერიოდისთვის უახლესი რადიოაპარატურა იყო დამონტაჟებული და მართალია, შეზღუდულ რეჟიმში, მაგრამ მაინც ვახერხებდით ზოგიერთ ახლომდებარე სტრატეგიული ობიექტის მომსახურე პერსონალის დისტანციურ მოსმენასა და საიდუმლო მასალების მოპოვებას. ქანდაკებას საიდუმლო შესასვლელი და სათავსო ჰქონდა, რომელიც მისი მონტაჟის დროს გაკეთდა.“
სტალინი რის სტალინი იყო, რომ ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში მტრებისთვის დარტყმა არ მიეყენებინა და ამით სარგებელი არ ენახა, თან ირონიით, ზოგჯერ სარკასტულადაც მოქცეოდა მათ. ასე იყო ამ შემთხვევაშიც და გარდა იმისა, რომ „მუშა და კოლმეურნემ“ წარმატებით შეასრულა პარიზული სადაზვერვო მისია, მილიონობით მნახველის უდიდესი მოწონებაც დაიმსახურა. ამ მონუმენტით თავად ფრანგებიც აღფრთოვანდნენ და სურვილი გაუჩნდათ, შეეძინათ ქანდაკება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ალბერ-ფრანსუა ლებრანმა კი სტალინს დეპეშა გაუგზავნა, რომელშიც მას მონუმენტის მიყიდვას სთხოვდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინი რომ ფრანგი პრეზიდენტის სურვილს გაეცნო, მას საპასუხო წერილი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: „თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ, რომ აღგაფრთოვანათ საბჭოთა სკულპტურამ და მისი შეძენის სურვილი გამოთქვით. გაგაწბილებთ და გეტყვით, რომ ჩვენ სიმბოლოებს არ ვყიდით. ეს ქანდაკება კი ჩვენი დიადი ყოფის ერთ-ერთი სიმბოლოა. თუმცა, რჩება ერთი ვარიანტი და თუკი შეელევით თქვენს სიმბოლოს – ეიფელის კოშკს, მაშინ მას ჩვენს მონუმენტში გაგიცვლით. პატივისცემით, სტალინი“. სტალინის მახვილგონივრულ პასუხში, რა თქმა უნდა, სარკაზმის დიდი დოზაცაა. საბჭოთა ბელადმა კარგად იცოდა, თუ ვისთვის, როდის, რა პასუხი გაეცა.“