№23 ექიმის რჩევები
კითხვა: ჩემს 10 წლის შვილიშვილს (ბიჭს), რამდენიმე ხნის წინ წარბებთან და ლოყებზე ყურებთან ახლოს გაუჩნდა მოწითალო, წვრილი გამონაყარი. დერმატოლოგმა დაუსვა მილიუმის დიაგნოზი და გამოუწერა „ელიკომისა“ და „ვიალიპოგელის“ კრემები, რომლებმაც შედეგი არ გამოიღო. გთხოვთ გვირჩიოთ, როგორ მოვიქცეთ.
პასუხი: სამწუხაროდ, ვიზუალური დათვალიერების გარეშე მილიუმისა და დახურული კომედონების გარჩევა შეუძლებელია მილიუმი (ლათინურად Millium – ფეტვი) რეტენციული ცისტა, რომლის შიგთავსი წარმოადგენს კერატინს (ანუ გარქოვანებულ კანის უჯრედებს). კომედონი – ცხიმოვანი საცობი თმის ფოლიკულის შესართავში. კომედონი ადვილად გამოსარწყავია, ხოლო მილიუმი – არა. მილიუმების მოსაშორებლად უმჯობესია, მიმართოთ კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს. ასევე დიდი სიფრთხილით გამოიყენება კერატოლიტიკები, რომლებიც ხელს უწყობენ გარქოვანებული კანის უჯრედების მოშორებას.
კითხვა: 27 წლის მამაკაცს ტანის არეში გვერდებზე და ზოგჯერ წელზეც პატარ-პატარა მონაკვეთები უუხეშდება, ზოგჯერ ცოტა მუქ შეფერილობას იღებს, ექერცლება და ექავება. ცოტათი შველის დამატენიანებელი მალამო. რისი ბრალია? წყლის ნაკლებობა ორგანიზმში თუ შეიძლება, ყოველდღიური დაბანის შედეგად მხოლოდ მაგ ადგილებში ასე გამოუშრეს კანი?
პასუხი: ეს შესაძლოა, არის ნეიროდერმიტი, კანის ანთებითი დაავადება, რომელსაც აქვს ნერვულ-ალერგიული ხასიათი, დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის დანიშვნისთვის დერმატოლოგს ან ალერგოლოგს უნდა მიმართოს.
კითხვა: ხშირად მემართება ცისტიტი ოვულაცის პერიოდში. უკვე 8 თვის გათხოვილი ვარ. ორსულად ჯერ არ დავრჩენილვარ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: როცა ცისტიტი ქრონიკულია, ხშირი რეციდივებით, სქესობრივი კონტაქტის შემდეგ აღინიშნება გამწვავება, მაშინ გამოკვლევის ჩასატარებლად შეგიძლიათ გინეკოლოგს მიმართოთ, რადგან როგორც წესი, ცისტიტის მიზეზი ქალებში გინეკოლოგიური დაავადებებია. თუ მიზეზი არ დადგინდა, პრობლემა პერიოდულად შეგახსენებთ თავს და შემდგომი გართულებებიც არ არის გამორიცხული. აუცილებელია, გაკეთდეს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, საშოს ნაცხის ანალიზი. ასე განისაზღვრება გამომწვევი ბაქტერია, შემდეგ უნდა დადგინდეს ბაქტერიის მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ და მკურნალობა ამის მიხედვით შეირჩეს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე