კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ჭეშმარიტების გზაზე


მდიდარ ქალბატონს უმუშევარი მეზობლის შესახებ
შენს მეზობლად ერთი ადამიანი ცხოვრობს, შენივე სიტყვების თანახმად, „გულმოდგინე, პატივცემული, საიმედო“. მაგრამ ამჟამად ის უმუშევარია და ლუკმა-პური არა აქვს. მეკითხები – შეუძლიათ თუ არა, მას დაეხმარონ აქედან, ოხრიდის ეპარქიიდან? შეუძლიათ. შეუძლიათ და დაეხმარებიან კიდეც. ოხრიდი მას თავისი წვლილით შეეწევა. მაგრამ თვითონ რატომ არ ეხმარები, შენ ხომ მდიდარი ხარ? არაჩვეულებრივი შემთხვევა გეძლევა, მშიერი დააპურო და სახარებისეული მცნება აღასრულო. ასეთ საოცარ შესაძლებლობას სხვას რატომ უთმობ და სთავაზობ, სული გადაირჩინოს, რომელიც ღმერთმა შენ წარმოგიგზავნა? ის ადამიანი ოხრიდიდან ათასობით კილომეტრით არის დაშორებული, შენი სახლიდან მის სახლამდე კი ასიოდე მეტრიც არ არის. „ამ აბეზარმა მათხოვარმა თავი მომაბეზრა“, – მწერ შენ. მერწმუნე, უფალსაც მობეზრდა ისეთი მდიდრები ითმინოს, რომლებიც მხოლოდ იღებენ და არ გასცემენ. იმ უპოვარს გულს ნაღველი და სირცხვილი უღრღნის (სირიცხვილი კი ბევრად უფრო მტანჯველია) იმის გამო, რომ კარდაკარ უნდა იაროს და ლუკმა-პური სხვისი კარის წინ ითხოვოს. ყოველდღიურად ხომ ვკითხულობთ „მამაო ჩვენოს“. განა ზეციურ მამას არსობის პურს არ ვთხოვთ? მაგრამ ზოგიერთები, როგორც კი არსობის პურს მოიხელთებენ, ამბობენ: „პური ჩემია!“ ნუთუ ეს ქრისტიანულია? ნუთუ ქრისტემ ჯვარცმა ჩვენი ამგვარი სიცრუისათვის დაითმინა? არა, არავითარ შემთხვევაში! სისხლიანი დრამის ჟამს ის იზრახავდა და ამბობდა, რომ ზეციური მამა ჩვენი მამაა, და მისი პური ყოველი ჩვენგანისაა. ამიტომ, როდესაც მშიერი ადამიანი პურს ითხოვს, მას ამის უფლება ქრისტიანულად აქვს და როდესაც მქონებელი კაცი გასცემს, ის ქრისტიანული მოვალეობის მიხედვით გასცემს, რადგან მოწყალება ისეთივე საღმრთო მცნებაა, როგორც „არა კაც კლა“. გამოცდილება გვასწავლის, რომ უმჯობესია, გასცე, როდესაც მშიერი გთხოვს, ვიდრე დაელოდო, როდის წაგართმევს იმას, რაც კანონით მას ეკთვნის.
  უფლის სიტყვებს, „მამაო ჩვენო...“ და „პური ჩვენი არსობისა...“, კიდევ ერთხელ კარგად დაუფიქრდი და როდესაც ამ სიტყვების სიღრმესა და ძალას ჩასწვდები, საკუთარ სულსაც შეეწევი და შენი „გულმოდგინე, პატივცემული და საიმედო“, მაგრამ მშიერი მეზობლის სიცოცხლესაც გადაარჩენ.
პირუტყვით მოვაჭრის საღმრთო განგებულების შესახებ
  შენს ცხოვრებაში მომხდარი უცნაური შემთხვევის შესახებ მოგითხრობ, როდესაც გზაზე შეფერხებამ სიკვდილისგან გიხსნა. ძმებთან ერთად პირუტყვის ბაზარში ოთხთვალათი გაემგზავრეთ. ბორანი საათში ერთხელ გადიოდა და ჩქარობდით, რომ მომდევნო რეისზე არ დაგგვიანებოდათ. მოულოდნელად გზაზე მანქანამ დიდი სიჩქარით ჩაგიქროლათ. შენ ლაგამი სასწრაფოდ მოქაჩე და ცხენი მარჯვნივ მიაბრუნე, მაგრამ მანქანა ოთხთვალას ბორბალს მაინც შეეხო და გატეხა. თქვენ მძღოლს ლანძღვა-გინებით მისცვივდით, რადგან ბორანს ვეღარ მიუსწრებდით და თვალის შეკეთება დაიწყეთ. დიდხანს იწვალეთ, გატეხილი თვლის შეკეთება როგორღაც მოახერხეთ და სასწრაფოდ ნაპირისკენ გაემართეთ, მაგრამ როდესაც მდინარეს მიუახლოვდით, საშინელი სურათი იხილეთ: ხალხით, ბარგითა და პირუტყვით სავსე ბორანი ჩაიძირა! ნაპირზე გამოსვლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა და ცხენმა მოახერხა. დანარჩენი წყალმა შთანთქა. მაშინ ღმერთს დიდება აღუვლინეთ და იმ მძღოლს მთელი გულით მადლობდით, რომელმაც თვალი დაგიზიანათ და თქვენი დაგვიანების მიზეზი შეიქნა. ამგვარი რამ ადამიანებს ყოველთვის ემართებათ. ადამიანები იმ მოვლენების გამო რისხდებიან, რომლებიც მათ გეგმებს ხელს უშლის. მაგრამ მოგვიანებით რწმუნდებიან, რომ წინააღმდეგობა ფარული საღმრთო განგებულებით მოხდა, მათთვის სასარგებლოდ.
ამ შემთხვევამ გასწავლა, რომ შეფერხების გამო, რაც შენს ხელთ არ არის, აღარასოდეს განრისხდე. შემდეგ მრავალჯერ დარწმუნდი, ყოველი შეფერხება შენთვის სასიკეთო იყო. დაე, შენს მაგალითზე ზოგიერთ თავნება ადამიანს ესწავლოს, რომელთაც სურთ, რომ ამქვეყნად ყველაფერი მათ ნებაზე ხდებოდეს.
მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბელი

скачать dle 11.3