№23 როდის არის კაცი ღალატისთვის „მომწიფებული“ და იგრძნობს თუ არა ამას ცოლი
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
ალბათ, ბევრი ქალბატონი გეტყვით, რომ მამაკაცის მიმართ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. საკმარისია, მათ თვალი მოაცილოთ, მაშინვე საღალატოდ გაიქცევიან. ამაში სიმართლე ნამდვილად არის, თუმცა, ალბათ, ყველაზე ერთის მაგალითით მსჯელობა სწორი არ იქნებოდა. არიან ჭკვიანი ქალები, რომლებმაც ეს კარგად იციან, იცნობენ კიდეც საკუთარ მეუღლეებს და ურთიერთობაშიც ნაკლები პრობლემები აქვთ. საინტერესოა, არსებობს თუ არა ღალატის „სიმპტომები“, რომლებიც დაგვეხმარებოდა, თავიდან აგვეცილებინა სტრესი, უსიამოვნო ინციდენტები და ტკივილი.
მარიკა (37 წლის): ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე და ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ასეთ პირადულზე საუბარი მომინდებოდა, მაგრამ თემა, რომელსაც ახლა შევეხები, ბევრისთვის ნაცნობია. ჩვენი ქმრების გადამკიდე, მშვიდად ცხოვრება არ გვიწერია. როცა გვერდით მამაკაცი გყავს, სულ ფხიზლად უნდა იყო. ეხერხებათ ჩვენთვის გულის ტკენა. მე არ ვიზიარებ აზრს, რომ ყველა კაცი მოღალატეა, მაგრამ ყველა კაცს შეუძლია ღალატი.
– ანუ, გათხოვება თავისთავად გულისხმობს იმაზე ზრუნვას, რომ ქმარმა არ გიღალატოს?
– დიახ. თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვისო, ხომ გაგიგონიათ. ოჯახში ეს პრინციპი უნდა ამუშაო. არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, რომლებიც თვალებზე ხელებაფარებულები ცხოვრობენ და თითქოს ვერ ხედავენ, როგორ ღალატობთ მეუღლე. არც მესმის ასეთი ქალების. თუმცა, ყველას თავისი არჩევანი აქვს.
– რამდენი წელია, გათხოვილი ხართ?
– რვა წელია. ორი წელი შეყვარებულები ვიყავით. მაშინაც ვფხიზლობდი, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად, ჩემს კაბაზე იყო გამოკერებული. ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. ასეთები არიან მამაკაცები, სანამ „გაგინაღდებენ“.
– ერთის მაგალითით ყველა მამაკაცზე მსჯელობა, ალბათ, არ შეიძლება. ხომ არიან ქმრები, რომლებსაც სურვილიც კი არა აქვთ, ცოლს უღალატონ.
– მე ძალიან მეეჭვება, არსებობდეს მამაკაცი, რომელსაც ღალატის სურვილიც არ აქვს. ახერხებს ღალატს თუ ვერ ახერხებს, ეს სხვა თემაა. ზოგს მომენტი სჭირდება, ზოგს რაღაც მოტივაცია. ბევრია ისეთი, რომელიც ფიქრობს, რომ თუ კაცი ხარ, ცოლს ერთხელ მაინც უნდა უღალატო.
– ეს, ალბათ, მენტალობიდან მოდის.
– გეთანხმებით. მენტალობიდან მოდის, მაგრამ ამათ ცოლებს რა შეღავათი აქვთ. როგორ უნდა მივხვდეთ, რა განწყობა აქვთ ჩვენს მეუღლეებს ღალატზე? მეტი მობილიზაცია და ყურადღებაა საჭირო.
– ძნელია, სულ ჩასაფრებულის პოზაში ცხოვრება.
– სულ ჩასაფრებული ვერ იქნები. ამაში გეთანხმებით. ასეთი ცხოვრებისთვის ვერავის გავიმეტებდი. მე სხვა რამესაც ვგულისხმობ, თუ მოინდომებ, ისწავლი იმის შემჩნევას, როდის არის კაცი ღალატისთვის „მომწიფებული“.
– ასეთი მდგომარეობა – „მომწიფება“ პირველად გავიგე.
– შეიძლება, მაგრამ ნამდვილად არსებობს. როცა კაცი ასეთ მდგომარეობაში არ არის, შეგიძლია, მშვიდად იცხოვრო. თუმცა, ყურადღებით სულ უნდა იყო. ახლა აგიხსნით, რას ნიშნავს კაცის ღალატისთვის „მომწიფება“. ზოგიერთი კაცი სულ მზად არის ღალატისთვის. მისი გონება ამით არის დაკავებული, როგორც უკვე გითხარით, ბუნებით მოღალატე კაცთან ცხოვრება ნამდვილი წამებაა. მე არ ვინდომებდი იმ კაცის გვერდით ყოფნას, რომელსაც თვალს მოაცილებ თუ არა, პირველივე შემხვედრ ქალს უძვრება კაბის ქვეშ. მე ვლაპარაკობ ჩვეულებრივ, ნორმალურ მამაკაცზე. გეტყვით, როგორ იქცევა ღალატისთვის „მომწიფებული“ მამაკაცი. საკუთარ მეუღლეს კარგად უნდა იცნობდეთ. ხომ იცით, როგორი ხასიათი აქვს თქვენს ქმარს, როცა ღალატისთვის იწყებს „მომწიფებას“, ირევა – ანუ, სიმშვიდეს კარგავს. შეუძლებელია, ყურადღებიან ცოლს ეს მდგომარეობა გამოეპაროს. ჯერ ერთი, სულ შარზეა. გადაწყვეტილების მიღების სირთულე აღიზიანებს და ანერვიულებს. არც აქეთ არის, არც – იქით. პატიოსანი მამრი ღალატით წვალობს. შეუჩნდა მაცდური და იტანჯება. ცოლისაც ერიდება და საცდურზეც ვერ ამბობს უარს. დიეტაზე არასდროს ყოფილხართ? რომ იცი, გემრიელი ნამცხვარი არ უნდა შეჭამო და შფოთავ.
– „სხვა“ ქალი გემრიელი ნამცხვარია კაცისთვის?
– არ ვიცი, ალბათ. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. გულახდილად გეტყვით, ჩემი ქმარი ორჯერ გამოვიჭირე „მომწიფებაში“. ერთ შემთხვევაში სერიოზულად „ეჩალიჩებოდა“ თანამშრომელი. თავს არასდროს ვიტყუებ და ფხიზლად ვარ. ეგრევე მივხვდი, ცოტაც და მიღალატებდა. ხან შარზე იყო, ხან ჩემ მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. ტელეფონს არსად ტოვებდა. იყო შეკითხვები: მე რომ გიღალატო, შენ რას იზამ? შეიძლება, რაღაც პროექტზე დამატებით დავიწყო მუშაობა და სახლში დილამდე ვერ მოვიდე? მთავარია, ცოლი გიყვარდეს და ერთხელ „გავლა“ ყველას ეპატიება... ეგრევე კონტრშეტევაზე გადავედი და საშუალება არ მივეცი, ჩანაფიქრი სისრულეში მოეყვანა.
– როგორ შეაჩერეთ?
– ერთი წუთით არ ვტოვებდი მარტო. დავგეგმე მოგზაურობა და ბილეთები რომ ვაჩვენე, ფაქტის წინაშე დავაყენე. რაღას იზამდა. ისე ვაეჭვიანე, რომ ლამის გულის შეტევა მიიღო. თან სახლში სრული კომფორტი შევუქმენი, თან საქმეებით სულის ამოხდამდე ვტვირთავდი. ღალატზე აღარ არის ლაპარაკი, ფიქრის დროც აღარ ჰქონდა. ამიტომ დააკვირდით საკუთარი ქმრების ქცევებს, როგორც კი მათში ცვლილებებს შენიშნავთ, მაშინვე მიხედეთ პრობლემას.