№23 როგორ დადნა და გაქრა ჩუბჩიკას თვალწინ ნიკო ფიროსმანის ნამდვილი სურათი
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
ის მთელი ცხოვრება ერთ დიდ სურათს ხატავდა...
ასე ითხზებოდა ერთი ვრცელი საგა. ის ქვედაფენების მხატვარი იყო და მაინც არისტოკრატი. ის სოფლის მხატვარი იყო, ოღონდ, ამ უსახელო სოფელში მისთვის, რეზო ინანიშვილის პროზასავით, მთელი მსოფლიო ეტეოდა. კოლორისტული სიმფონიზმის პრეტენზია არასოდეს ჰქონია, სამაგიეროდ, ჰქონდა მხატვრის შეუმცდარი თვალ-ყური და, რაც მთავარია, ხელი. ხელში ჰქონდა ჭკუა-გონება და ცხადია, თავშიც, აურაცხელ ინფორმაციას რომ იტევდა, ემოციურად გადამუშავებულ ინფორმაციას. ვერ ეგუებოდა გაფუყულ ავტორიტეტებს და ხშირად ქარის წისქვილებსაც ებრძოდა. ის მხატვარიც იყო და მხატვარსაც თამაშობდა. ჩუბჩიკას სოციალური არტისტიზმიც მისივე ნატურიდან მოდიოდა. ყველგან შეეძლო ეხატა, ყველას თანდასწრებით. გროსმაისტერივით სახელდახელოდ შეეძლო ეთამაშა ბლიც–პარტიები და თითო სვლით დაეშამათებინა მოპაექრე. არადა, ოპონენტი მხატვრობაში თითქოსდა, არცა ჰყოლია. საამისო საბაბს არავის აძლევდა – შორიდან ყველას ეფერებოდა. თეორიაში – იცოცხლე, იმდენი კორიფე გადაიმტერა, თუმცა, თავისი ჩუბჩიკობის გამო ბოლომდე ვერავინ იმეტებდა. (წყარო: „არტიფაქტი“). თუშეთი ყველაფერს ერჩივნა. აქ აღმოაჩინა თავისი სამყარო, იქნებ უფრო – კუთხე, სულისშემძვრელი ინტიმურობითა და ადამიანად ყოფნის სევდით აღსავსე. ფასს საკუთარ პერსონას უფრო ადებდა, ვიდრე ნამუშევარს. სულ სადღაც გარბოდა, მხატვრობის ჩარჩოებში ვერ ეტეოდა.
ერთმა კვიმატმა ლიტერატორმა ხუმრობით თქვა ჩუბჩიკაზე – „მელი მოძღვრადო…“ მართლაც, მელასავით დაცუნცულებდა, სულ რაღაცას ეძებდა, საკბილოს. ფიროსმანზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. „უცნობი ფიროსმანებიც“ საკმაოდ აღმოაჩინა – ძველებს ახლები დაუმატა. ხალხური პოეზია იყო მისი გაუნელებელი სიყვარული და თავადაც ხალხური მთქმელივით იმეორებდა პაწია სურათებს. ეს იყო ნამდვილი ხელი – ქსეროქსი.
ისე ხატავდა, თითქოს წერდა და ისე წერდა, თითქოს ხატავდა. მისი სურათები იაპონური ტანკებივით „იკითხება“. მას არასოდეს ეცალა მოტივში
ჩაღრმავებისთვის. მისი ზერელობაც კი სანიმუშო იყო. ის ხომ ჩუბჩიკა იყო. მან სიცოცხლეშივე მოიპოვა აღიარება, ნამდვილი აღიარება. ის სახალხო მხატვარი იყო. არადა, გაგიკვირდებათ, მაგრამ კომუნისტებს ოფიციალურად ამგვარი წოდება არც მიუნიჭებიათ; ან კი, რაში სჭირდებოდათ?! მხატვრობის სოკრატესავით იყო... ზოგიერთი გასამწარებლად გრაფომანსაც ეძახდა, მაგრამ ამ ბრიყვებს ვერ გაეგოთ, რომ ჩუბჩიკასთვის ხატვა სიამოვნების ერთადერთი ნამდვილი ობიექტი იყო. ნახატის გაჩუქება მისთვის სასიყვარულო ბარათის გაგზავნას უდრიდა, ბარათისა ყველგან და ყველასათვის. ასეთ ბარათებს, უწინარეს ყოვლისა, თავის თავს უძღვნიდა. საკუთარ თავს უგზავნიდა. ჩუბჩიკას გააზრებული ჰქონდა თავისი დამოკიდებულება საკუთარი დროის, სოციალური დროის მიმართ. თავისუფალი, უქმად გასატარებელი დრო არასოდეს ჰქონია. წერტილის დასასმელად ვერასოდეს იცლიდა. ხეირიანად ინიციალებსაც კი ვერ უსვამდა წერტილებს.
ჩაღრმავებისთვის. მისი ზერელობაც კი სანიმუშო იყო. ის ხომ ჩუბჩიკა იყო. მან სიცოცხლეშივე მოიპოვა აღიარება, ნამდვილი აღიარება. ის სახალხო მხატვარი იყო. არადა, გაგიკვირდებათ, მაგრამ კომუნისტებს ოფიციალურად ამგვარი წოდება არც მიუნიჭებიათ; ან კი, რაში სჭირდებოდათ?! მხატვრობის სოკრატესავით იყო... ზოგიერთი გასამწარებლად გრაფომანსაც ეძახდა, მაგრამ ამ ბრიყვებს ვერ გაეგოთ, რომ ჩუბჩიკასთვის ხატვა სიამოვნების ერთადერთი ნამდვილი ობიექტი იყო. ნახატის გაჩუქება მისთვის სასიყვარულო ბარათის გაგზავნას უდრიდა, ბარათისა ყველგან და ყველასათვის. ასეთ ბარათებს, უწინარეს ყოვლისა, თავის თავს უძღვნიდა. საკუთარ თავს უგზავნიდა. ჩუბჩიკას გააზრებული ჰქონდა თავისი დამოკიდებულება საკუთარი დროის, სოციალური დროის მიმართ. თავისუფალი, უქმად გასატარებელი დრო არასოდეს ჰქონია. წერტილის დასასმელად ვერასოდეს იცლიდა. ხეირიანად ინიციალებსაც კი ვერ უსვამდა წერტილებს.
(ამონარიდი ჩუბჩიკას ინტრევიუდან ნიკო ფიროსმანის კვლევასთან დაკავშირებით. მიხო მოსულიშვილი)
– ნიკო ფიროსმანაშვილის ფოტოებზე რას იტყვი?
– ცნობილია, რომ ნიკო ფიროსმანი მხატვართა საზოგადოებამ მიიწვია თავყრილობაზე. მაშინ, თავმჯდომარე გიორგი ჟურული იყო. ყველაზე კარგი, რაც ამ საზოგადოებამ გააკეთა, ის არის, რომ გადაწყვიტეს ფიროსმანის ფოტოპორტრეტის გაკეთება. ორმა მხატვარმა წაიყვანა. გოლოვინზე იყო. ჟვანიას ფოტოგრაფია იცი?
– ახლანდელი კავშირგაბმულობის სახლის სიახლოვეს.
– მანდ იყო, ედვარდ კლარის ფოტოგრაფია, ძალიან პრესტიჟული და იქ გადაუღეს ფოტო. ის ფოტო აღარ არსებობს, ნეგატივიც დაკარგულია. მაგრამ, საბედნიეროდ, მხატვართა საზოგადოებამ ნიკოს სურათი მიიტანა გაზეთ „სახალხო ფურცლის“ რედაქციაში. იქ გამოდიოდა „სახალხო ფურცლის სურათებიანი დამატება“ და 1916 წლის 19 ივნისის ნომერში არის ძალიან კარგი გამოსახულება.
– წვერ-ულვაშით, არა?
– ჰო, ეგ არის. კიდევ ერთი ფოტოა, გადაღებული ქალანთაროვის ოჯახთან ერთად. იქ სულ ახალგაზრდაა, არ ვიცი – ცხრამეტის თუ...
– მახსოვს.
– აი, ეს ორი ფოტოგრაფია არის დოკუმენტური. მესამეც იყო, მაგრამ ძალიან უცნაურად გაქრა.
– მაინც, როგორ?
– პირდაპირ, დაუჯერებელი რაღაცა მოხდა. ლამარა ალუღიშვილმა, იმ დიმიტრი ალუღიშვილის შვილიშვილმა, ვისთანაც თავის დროზე ნიკო ფიროსმანს დუქანი ჰქონდა, მითხრა: ჩვენ ჯგუფური ფოტოსურათი გვქონდა, იქ ნიკოც იყოო. ჰოდა, ეძება, ეძება მთელი წელიწადი და ერთხელაც, უცებ მირეკავს: თენგიზ, დავიღუპეთო. რა მოხდა-მეთქი? ვიპოვე ის ფოტოსურათი და ფუჭდებაო. რატომ-მეთქი? ჩემს ძმას რაღაც სითხე აქვს, ის დაექცა და... საჩქაროდ გავვარდი ტაქსით. მივირბინე მათთან და ჩემი თვალით ვუყურე, როგორ ქრებოდა ფიროსმანის შესანიშნავი პორტრეტი – ალუღიშვილების ოჯახთან ერთად იყო გამოსახული. აი, ამის მოყოლაც კი, მტკივნეულია ჩემთვის. მერე წავიღე ეს გაფუჭებული ფოტო მოსკოვში, იქნებ იქაურმა რესტავრატორებმა აღადგინონ-მეთქი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. პირდაპირ ჩემ თვალწინ გაქრა!
– ესეც იმისი ბედი ყოფილა.
– კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების ერთ-ერთმა საუკეთესო მკვლევარმა, ერასტ კუზნეცოვმა სათავე დაუდო ფიროსმანის ფოტოპორტრეტის ერთ ყალბ ვერსიას, რომელიც მეტად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და გამოცემიდან გამოცემაში მეორდება, ტელევიზიაშიც ფიროსმანად ასაღებენ. ეს ჩვენს დაბალ კულტურაზე მეტყველებს.“