კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რატომ ურჩევნიათ ქართველებს, დარჩნენ მარად ბავშვებად და როგორ გადაიზარდა მეორე ინფანტილურ დამოკიდებულებაში მიდგომა, რომ „სტუმარი ღვთისაა“, მისი მიზნების მიუხედავად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ისე მოხდა, რომ საქართველოში ცნობილი მიდგომაა, თითქოს შვილი მშობლისთვის, განსაკუთრებით, დედისთვის, ყოველთვის ბავშვია, რაც, მიუხედავად ამ მოსაზრების მიმდევართა სიმრავლისა, დიდი საფრთხის შემცველია, ვინაიდან ბავშვად ყოფნა ნიშნავს, რომ ის უნდა უყვარდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს და მას არ ეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა.
  მეორე მხრივ, ფსიქოლოგიაში არსებობს „დედობრივი“ და „მამობრივი სიყვარულის“ ცნებები (ოღონდ, შესაძლოა, დედას უყვარდეს შვილი „მამობრივი სიყვარულით“, მამას კი – „დედობრივით“). „დედობრივი სიყვარული“ ნიშნავს შვილის სიყვარულს უპირობოდ, კარგად იქცევა ის თუ ცუდად, აი. „მამობრივ სიყვარულს“ კი დამსახურება სჭირდება – კარგი ქცევითა და სიბეჯითით. რა სავალალო შედეგი მოაქვს ზრდასრული ადამიანების ბავშვებად დარჩენის სურვილს როგორც მშობლისთვის, ისე შვილისთვის და, რაც მთავარია, საზოგადოებისთვის, რომელიც ჯერჯერობით გადავსებულია ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელი „ბავშვებით“?  – ამ თემას ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ.
  დიმიტრი ნადირაშვილი: რაც ახსენეთ, ნიშნავს,  რომ დედა არის უპირობო სიყვარულის მიმცემი, ხოლო მამა – პირობითის. უპირობოა სიყვარული, როდესაც, რაც უნდა გააკეთოს ბავშვმა, მისდამი დამოკიდებულება არ იცვლება, მაშინ, როდესაც მამის დამოკიდებულება ასეთია: თუ კარგად მოიქცევა ბავშვი, მაშინ მას მამა დაასაჩუქრებს, თუ ცუდად მოიქცევა, დასჯის, განსხვავებით დედისგან, რომელიც ყოველთვის ასაჩუქრებს ბავშვს. ეს ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ჩვენი კულტურა შეიძლება, ავხსნათ და ამ წინამძღვრებიდან გამომდინარე, ორი რამ მხვდება თვალში. ერთია ინფანტილიზმი, რომელიც ახასიათებს ქართული კულტურის აღზრდის პედაგოგიკას, რაც გაუცნობიერებლად ბავშვის ინფანტილობას იწვევს და, მეორე – სოციალურ-კულტურული, რომელიც ეხება ერის ხასიათში გაჩენილ თვისებას, რაც, ასევე, ინფანტილურია. ვგულისხმობ დამოკიდებულებას: „სტუმარი ღვთისაა“, რადგან სულერთია, როგორ მოიქცევა სტუმარი. აქაც წინა პლანზეა დედის დამოკიდებულება. ამიტომ სტუმარი ყოველთვის უნდა დასაჩუქრდეს, მიუხედავად იმისა, ის მტრულადაა განწყობილი თუ მოყვრულად.
- როგორც ამბობენ, „სტუმარი ღვთისაა“ დამოკიდებულება არ გაჩენილა კარგი ცხოვრებით. მუდმივი თავდასხმებისა და შემოსევების გამო, თავის გადასარჩენად და ნაკლები ზიანის მისაღებად, ამ პოზიტიური აზროვნებით დახვედრა უფრო ეფექტიანი იყო.
– კარგი აქცენტია. ეს, ფაქტობრივად, იმპერიულ სისტემაში საქართველოს, როგორც ერთეულის, მოხვედრის სიმპტომია. როდესაც დაკარგულია სახელმწიფოებრიობა, მეფის ინსტიტუტი, ფსიქოლოგიურად თუ ვიტყვით, გამქრალია მამის სივრცე.
– დამცველი აღარ არის.
– დამცველი, მებრძოლი არ არის, მაშინ ძალიან რაციონალურადაც ჩანს ასეთი უპირობო მიღება და მსახურება. რაც არ აკლდა ქართველ თავადაზნაურობას, რომლებიც ემსახურებოდნენ რუსის იმპერატორის კარს.
– მანამდე ოსმალეთის, შაჰის, ყაენისა და ასე შემდეგ.
– დიახ, გიორგი სააკაძისა და სტალინის სინდრომები, ისევე, როგორც შევარდნაძის. მე არ ვარ მეფე, მე არ ვარ მამა, მამაა იმპერიის წარმომადგენელი და მე ვემსახურები მას. სოციალურ პლანში „სტუმარი ღვთისაა“ არის იმპერიული მსახურების სინდრომი, როდესაც უკრიტიკოდ პოზიტიურადაა დანახული მსახურება და ეს ჰგავს ოჯახში ბავშვისა და მამაკაცის ინფანტილურად აღზრდას. იმიტომ რომ მეცხრამეტე, მეოცე საუკუნეებში გოგონასა და ვაჟის აღზრდა განსხვავდებოდა. ახლა შემოდის გოგონასა და ვაჟის აღზრდის პროცესის თანაბარ პოზიციაზე წარმოჩენა.
– უფლებები, გოგონასიც და ვაჟისაც, ცხადია, თანაბარი უნდა იყოს, მაგრამ მასქულინური ნიშანი მასქულინურია, ჩემი აზრით და ფემინური – ფემინური. მე არ მესმის, ვაჟმა რატომ უნდა ითამაშოს დედობანა, მაგალითად. ვისაც უნდა, ათამაშოს თავისი ვაჟიშვილი თოჯინებით, მე მანქანებით ვათამაშებ.
– ეს სპეციფიკა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდისთვის, მაგრამ, რასაც ვხედავთ, ეს არის თანაბარ პირობებში ჩაყენება ყველასი – ფერის, რასის, სქესის და ასე შემდეგ, მიუხედავად. საქართველოც არ არის გამონაკლისი და ეს ტენდენცია მძაფრად გვეხება. ამიტომ, როგორც ტრადიციულ საზოგადოებას, ქართველ საზოგადოებასაც აქვს პროტესტის განცდა ამის გამო, ისევე, როგორც სხვა ტრადიციულ ქვეყნებში, დაწყებული ბრიტანეთით და დამთავრებული საბერძნეთით, მით უმეტეს, მკვეთრია პროტესტი მუსლიმანურ ქვეყნებში. რომ დავუბრუნდეთ ჩვენს თემას: ინფანტილიზმს ოჯახსა და ეროვნულ დამოკიდებულებაში, ორივეგან ჩანს უპირობო დამოკიდებულებები. ორივე დედის უპირობო დამოკიდებულებიდან მოდის.
– არადა, მიიჩნევა, რომ უპირობო სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი რამაა პიროვნული ზრდისა და ჰარმონიული ცხოვრებისთვის, ჩვენთან რატომ ასრულებს უარყოფით როლს?
– ეს რომ იყოს გაწონასწორებული მამის პირობითი დამოკიდებულებით ოჯახშიც და სოციალურ სფეროშიც, მაშინ პრობლემა არ შეიქმნებოდა, რადგან, თუ ერთისკენ გადაიხრებოდა, ამის საპირისპიროც იარსებებდა. ჩვენთან არის მამაკაცის, როგორც ოჯახის წევრის, დეფიციტი. ხშირად უთქვამთ კიდეც, რომ „დედაენაში“ არაფერი ეწერა მამაზე. ერთი-ორი ნახატი თუ იქნებოდა, რომელზეც არც ჩანდა მისი სახე, კუთხეში იჯდა და კითხულობდა გაზეთს, რაც ნიშანდობლივი იყო და აჩვენებდა, როგორ არ იღებს მონაწილეობას მამა არც პადაგოგიურ და არც სოციალურ ცხოვრებაში.
– არ იღებენ მონაწილეობას და რას გავაწყობთ?!
– ეს წარსულიდან მოდის და ის ფიქსირებული განწყობებია, რომლებიც უკავშირდება იმ ძნელ გამოცდილებას, როდესაც მკვდარი იყო ოჯახისა თუ ერის მამა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. გადატანით მნიშვნელობაში იმას ვგულისხმობ, რომ ფიზიკურად ყოფნა ხშირად არ ნიშნავს ფსიქოლოგიურად ყოფნას, ამიტომაც გვაქვს სინდრომი, როგორ მოვკალით ილია ჭავჭავაძე, როგორც ერის მამა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად დამოუკიდებლები ვართ, ეს განწყობები ცოცხლობს. არც გადაფასებულა, არც გააზრებულა, არც გაცნობიერებულა. რადგან ეს არ ხდება, ის ფიქსირებული განწყობები მოდის გაუცნობიერებლად და იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ეს ინერცია არის ჩვენი ტრადიცია. ამ დროს ეს ინერცია სრულიადაც არ გამოხატავს ჩვენს გაცნობიერებულ დამოკიდებულებას, რაც არის ტრადიცია. ტრადიცია არის გაცნობიერებული დამოკიდებულება. ხოლო რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, არ არის ჩვენი გაცნობიერებული დამოკიდებულება, ეს მხოლოდ შეცდომით თუ გვეგონება ტრადიცია. როდესაც ვაცნობიერებთ, მივდივართ ჩვენს იმ უსუსურ მდგომარეობასთან, რომელიც მოვარგეთ გადარჩენას. გადარჩენა კი არ არის საკმარისი განვითარებისთვის. იმის თქმა მინდა, რომ გააზრებულად უნდა შევქმნათ ახალი განწყობები, რომლებიც გამოგვადგება ოჯახშიც და სოციუმშიც.
– და სახელმწიფოს განვითარებისთვის, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, მუდმივად იმეორებენ, რომ უპატრონოები არიან და, მეორე, რომ სახელმწიფოც უპატრონოა. ვინ უნდა იყოს შენს თავზე უკეთესი პატრონი შენიც და სახელმწიფოსიც, თუ გაქვს ორი ფეხი, ორი ხელი და მათზე – თავი რუხი ნივთიერებით?
– რას ნიშნავს, რომ „არ გვყავს პატრონი“?! იმას, რომ ჩვენ იმავე ფიქსირებული განწყობებით ვუყურებთ დღევანდელ დღეს, როგორც მაშინ, როდესაც არ გვყავდა არც მეფე, არც ხელისუფლება და ეს როლი ვიღაცას უნდა შეესრულებინა.
– თუ უპირობოდ არ ვუყვარვართ ვინმეს, ეს გვაგიჟებს? რადგან, თუ მოიქცევი ისე, რომ დაიმსახურო პატივისცემა და კეთილგანწყობა, გამოგიჩნდება პარტნიორი, რომელსაც მაშინვე დაკარგავ, თუ მასში პატრონი დაინახე. ვეძებთ დედას, პატრონს, რომელიც გვეტყვის, მერე რა, რომ უვარგისები ხართ, მაინც მიყვარხართო?
– უდავოდ, ეს არის იმის გამოძახილი, რომ ჩვენ თავად არ შეგვიძლია, ვიყოთ ჩვენი თავის პატრონი. ჩვენი თავი გვეყუდნოდეს, როგორც ილია ამბობს და ამ ტენდენციის დაწყების ნაცვლად ისევ უგულებელყოფილი გვაქვს დამოუკიდებლობა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ინერციით ვეძებთ სხვას, რომელიც უკეთესად გვიპატრონებს. ხშირად მინახავს „ფეისბუქში“ ინფორმაცია სტატუსებად, თუ რამდენი რამ შეიძლება, ეყიდათ ერთი მანეთით. ეს იგივეა, ციხეში მყოფი ადამიანი კმაყოფილი იყოს იმით, რომ ციხეში კვებავენ. ეს არის მონის ფსიქოლოგია, რაც ძალიან გავრცელებულია დღევანდელ დღეს და ქართველები ხშირად იხსენებენ საბჭოთა პერიოდს, რომ დაცულები იყვნენ, როგორც შინაური ცხოველები არიან დაცულები.
– რომლებსაც, სანამ დაკლავენ და შეჭამენ, ასუქებენ. რა უარყოფით გავლენას ახდენს ასეთი ფიქსირებული განწყობები, ანუ მარად ბავშვებად დარჩენის სურვილი, დედისა და პატრონის უპირობო სიყვარულის მოლოდინით?
– ბავშვები გამადიდებელი შუშით უყურებენ მშობლებს და მშობლების მხრიდან აუცილებელია გააზრებული დამოკიდებულება, არ შეიძლება, ბავშვის მოთხოვნილებების აყოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვში ინფანტილიზმს გააძლიერებს. ბრძნული დამოკიდებულება ისაა, რომ ეს ინფანტილიზმი გადაიზარდოს პასუხისმგებლობის აღებაში და საკუთარი თავის, ოთახის, სივრცის პატრონობაში. ბავშვმა უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად ურთიერთობა და სოციუმში დედისა და მამის საშუალებით არ უნდა გავიდეს. ბავშვს ამის გაკეთება არ უნდა და რომ არა მშობლების ბრძნული და პედაგოგიური დამოკიდებულება, რომლითაც ისინი აიძულებენ, ერთი-ერთზე დარჩეს ცხოვრებასთან, აიღოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს, თავისი მცირე გამოცდილებით ის მუდმივად დარჩება ინფანტილური და ასაკის მიუხედავად, დამოკიდებული მშობელზე და შეიძლება, ასეთი უსუსური იყოს 20, 40 წლის ადამიანი და, მეტიც, ეს განწყობები სიკვდილამდე ჰქონდეს გამჯდარი. ჩვენთან ხშირია ასეთი ინფანტილური შვილები და აქედან მომდინარეობს უცნაური გამონათქვამები, ჩვენ უნდა ვიყიდოთ ესა და ეს, უნდა ჩავაბაროთ უმაღლესში, მოვაწყოთ ოჯახი და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჩვენ“ გარდაიქმნას „მედ“ და ბავშვმაც იგრძნოს თავისი მიმართებები და პასუხისმგებლობები. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღებთ ლუარსაბ თათქარიძეს, ერთი მხრივ, ოჯახში და მეორე მხრივ, სოციალურ ცხოვრებაში. ორივე საშინელია, ორივე უპასუხისმგებლოა, ორივე, თავისი პირადი გამოცდილებით, მწირია, რადგან სულ სხვის გამოცდილებაზე არიან ორიენტირებულები და ვიღაცის აზრით მოქმედებენ. ფაქტობრივად, ეს ჩვენთვის ტრაგედიაა. მაგრამ, ვფიქრობ, ნელ-ნელა ეს დაიძლევა.

скачать dle 11.3