№22 გივი მარგველაშვილმა ერთი გულშემატკივრით ოთხი მსოფლიო რეკორდი მოხსნა
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ამერიკაში გამართულ პოვერლიფთინგის მსოფლიო ჩემპიონატი ქართველმა სპორტსმენმა, გივი მარგველაშვილმა ოთხი მსოფლიო რეკორდით მოიგო. 30 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობაში უამრავი ტიტულის მფლობელია: მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი სამჭიდში, 6-ჯერ ევროპის ჩემპიონი, 4-ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი, „არნოლდ კლასიკის“ ეგიდით ევროპის ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიო თასების გამარჯვებული, ევროპისა და მსოფლიოს რეკორდსმენი, მსოფლიო ქამრის მფლობელი და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი ყველა წონით კატეგორიაში. რა გზა გაიარა მან წარმატებამდე, თავად გიამბობთ.
გივი მარგველაშვილი: 1989 წლის 25 ივნისს დავიბადე ქალაქ ქუთაისში. 7 წლის ვიყავი, როცა ბებიამ და ბაბუამ კარატეზე მიმიყვანეს. წითელ ქამრამდე მივედი, თუმცა მერე სწავლასა და სპორტს ერთდროულად ვერ ვახერხებდი და სპორტის ცეკვით ჩანაცვლება მომიწია. 15 წლის ასაკში გადავწყვიტე სპორტს დავბრუნებოდი და კრივში დავიწყე ვარჯიში. გავხდი საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტი და პრიზიორი. მაგრამ მივხვდი, რომ კრივი არ იყო ჩემი საქმე და სიმძიმეებთან ჭიდილი უფრო მიზიდავდა. ასე აღმოვჩნდი დარბაზში და დავიწყე ვარჯიში ძალისმიერ სპორტში. თანდათან არაერთი წარმატება იყო, რამაც სპორტის ამ სახეობის მიმართ უფრო გამიღრმავა ინტერესი. 2013 წელს საქართველოს ჩემპიონი გავხდი, რამაც დიდი სტიმული მომცა და გამიჩნდა სურვილი, მსოფლიო ასპარეზზე ვყოფილიყავი. საქართველოს ჩემპიონატზე დაფიქსირებული ევროპის რეკორდით მიმიწვიეს 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ქართველი ვიყავი, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. შემდეგ იყო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, მსოფლიო და ევროპის თასები, საიდანაც სულ ოქროს მედლებით ვბრუნდებოდი. 2014 წლის ევროპის ჩემპიონატებზე ჩემ მიერ მოხსნილი ოთხი ევროპის ახალი რეკორდი გახდა საფუძველი, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მიეწვიათ, სადაც 220 კილოგრამის აწევით მსოფლიო რეკორდი დავამყარე. სხვა ქართველებმაც კარგად იასპარეზეს და ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ფედერაციამ უფლება მოგვცა, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის თბილისს ემასპინძლა. განსაკუთრებით მეამაყება მოსკოვში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობა – მასპინძელი ქვეყნის ფავორიტ სპორტსმენს დიდი უპირატესობით მოვუგე მაშინ, როცა დარბაზში ჩემი ერთი გულშემატკივარი იჯდა.
– როცა ძალისმიერ სპორტში გადწყვიტე ვარჯიში, ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ?
– დედა განიცდიდა. სიმძიმეების აწევა რომ მიწევდა, მეუბნებოდა: არ გინდა, თავს გაუფრთხილდიო. როცა 2014 წელს ევროპა მოვიგე, მის მერე პირიქით, სულ მამხნევებდა და სტიმულს მაძლევდა. მთელი ოჯახი გვერდში მედგა: დედა, მამა, ბებო, და... თითოეული მათგანი გადაყოლილია ჩემზე და მაქსიმალურად მეხმარებიან დიდი შედეგის მიღებაში. მათი გვერდში დგომის გარეშე ამ შედეგს ვერ მივაღწევდი. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ.
– წარმატებამდე რა სირთულეების გადალახვა მოგიწია?
– როცა ვარჯიში დავიწყე, არ იყო პირობები, მაგრამ ბიჭებისა და ჩემმა წარმატებებმა ხელი შეუწყო ქუთაისში ამ სპორტის განვითარებას. ჩემი გამარჯვებით სხვებს მოტივაცია ეძლევათ. მიუღწეველი არაფერია. თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერს შეძლებს. ახლა უფრო დაინტერესდა ახალგაზრდა თაობა, რაც ძალიან მახარებს. თავიდან ერთი დარბაზიც არ გვქონდა, რომ გვევარჯიშა, დღეს უკვე ორი გვაქვს. ქუთაისის მერიაც ყველაფერს აკეთებს, რომ სპორტსმენებს კარგი პირობები შეგვიქმნას მსოფლიო ასპარეზზე შედეგების დასადებად.
– ტრავმები ხშირად გაქვს?
– ჩვენი სპორტი ძალიან ტრავმულია. ღმერთის წყალობით, პირადად მე არ მქონია დიდი ტრავმა. ათასში ერთხელ წელი თუ შემაწუხებს და ისიც მალევე გამივლის ხოლმე. ალბათ, ეს იმის დამსახურებაა, რომ სწორად ვაკეთებ მოძრაობებს. თუ სპორტსმენი სწორად ვარჯიშობს და სწორად წევს შტანგას, ტრავმები ნაკლებად ექნება.
– სოციალურ ქსელში დაწერე, რომ ოცნება აისრულე. ახლა რა მიზანი გაქვს?
– კი, ჩემი ოცნება მაინც ავისრულე. ოცნებად მქონდა მსოფლიო თამაშებზე მონაწილეობის მიღება, ასევე ყველა სამჭიდელი ოცნებობს მსოფლიო ქამარზე და ამ ყველაფერთან ერთად ყველა წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონობა, ხომ, ძალიან დიდი გამარჯვებაა. ოთხი მსოფლიო რეკორდით მაქვს მოგებული – ეს არაა სახუმარო რამ. ახლა უკვე მიზნად მაქვს „მრ.ოლიპია“, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართება. ძალიან მინდა შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატისა და „არნოლდ კლასიკის“ მოგება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ქვეყანა იქაც ვასახელო.
– ოთხი მსოფლიო რეკორდი როგორ დაამყარე?
– ოთხი ახალი მსოფლიო რეკორდი მოვხსენი: პირველი – ჩაჯდომაში, 67.500 კილოგრამ კატეგორიაში, 200 კილოგრამი დავძლიე, მეორე – ამოწევაში. 230 კილოგრამი იყო მსოფლიო რეკორდი და 232, 500 გრამი ავწიე. ჯამში, ყველაზე მაქსიმალური წონა 560 კილოგრამი ფიქსირდებოდა, მე კიდევ 570 კილოგრამი მქონდა. ჩემი რეკორდი კიდევ გავაუმჯობესე და საბოლოო ჯამური ქულა 577.500 კილოგრამი დავაგროვე, ანუ ორი რეკორდი მოვხსენი. „365 strong world powerlifting pederetion-ში“ მთელ მსოფლიოში არავის დაუგროვებია მსგავსი შედეგი. ვაჯობე ყველა წონით კატეგორიას 56 კილოგრამიდან დაწყებული 180 კილოგრამით დამთავრებული. აბსოლუტური ჩემპიონის მსოფლიო ქამარი ავიღე.
– ძირითადად, როგორ ვარჯიშობ?
– წონებზე ვვარჯიშობთ. შეჯიბრება მაქვს ჩაჯდომ-ამოწევაში და დაწოლილი შტანგის აწევაში. ყველაფერი წონებზეა დამოკიდებული. შეჯიბრებაზე, ასევე, გამოდიოდა ჩემი ტრენერი – რაულ ცირეკიძე და მეორე ადგილი დაიკავა.
– რა არის შენი წარმატების ფორმულა? როცა შენ ერთი გულშემატკივარი გყავს და მოწინააღმდეგეს უფრო ამხნევებენ, ასეთ სიტუაციაში, როგორ ახერხებ გამარჯვებას?
– წარმატებამდე მიმიყვანა იმან, რომ სულ მჯეროდა ჩემი თავის. ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან დიდ შედეგს დავდებდი. მუდამ გამარჯვებისთვის ვიბრძოდი. თავიდან დარბაზში სულ უბრალოდ მივედი, მაგრამ მერე მომეწონა და პროფესიონალურად გავაგრძელე. ჩემს მოწინააღმდეგეებს რომ ამხნევებენ, მაგ დროს მე ვძლიერდები, უფრო ვბრაზდები და მოგებაც უფრო მინდება (იცინის). ახლაც, ამერიკაში ერთი გულშემატკივარი მყავდა, ჩემი კლასელი ჩამოვიდა. ყველაზე ამაყი ვიყავი, როცა რუსეთში საქართველოს დროშა ასწიეს, მერე რა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი მამხნევებდა.
– მეუღლის როლი როგორია შენს სპორტულ ცხოვრებაში?
– ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს სპორტი და ჩემთან ერთად ვარჯიშობს კიდეც. ის მეხმარება და ყველანაირად ხელს მიწყობს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ოჯახს დიდი დრო დავუთმო. ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის ჩემი მეუღლე დგას. ახლა ამერიკაშია, სასწავლებლად წავიდა.