№22 ტუტანხამონამდე გაცილებით ადრე საქართველოში მიცვალებულს აბალზამებდნენ და თაფლს ატანდნენ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დროს შემთხვევით აღმოჩენილმა ყორღანმა და იქ მოპოვებულმა მასალებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოჰფინეს ნათელი.
ელისო ყვავაძე (პალინოლოგი): საქართველოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დროს სოფელ საკირესთან კოდიანას ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც ადრებრინჯაოს ხანისაა, ანუ დაახლოებით 5 500 წლის წინანდელი. ჩვენ პალინოლოგიური მეთოდით შევისწავლეთ კოდიანას ყორღანის მასალა – ქალბატონის ჩონჩხის ნაშთები და სამი ჭურჭელი, ორი – თიხის, ერთი – ხის და საოცრად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ. სამივე ჭურჭელში სხვადასხვანაირი თაფლი იყო. ჩვენ ვიცით, რომ მიცვალებულს თაფლს ატანდნენ და ძალიან ცნობილია ამის დამადასტურებელი ფაქტი, რომელიც აქამდე ითვლებოდა, როგორც მსოფლიო მასშტაბით პირველი. ვგულისმობ ტუტანხანმონისთვის ჩატანებულ თაფლს, წარწერით - „საუკეთესო ხარისხის თაფლი“, მაგრამ ჩვენი აღმოჩენა ცხადყოფს, რომ ეს უფრო გვიანდელი შემთხვევაა, თითქმის 1 500 წლის შემდეგი და რეალურად, მსგავსი ფაქტი ჩვენთან გაცილებით ადრე ფიქსირდება. რატომ უნდა ჩაეტანებინათ თაფლი მაინცდამაინც ქალბატონისთვის? გამოითქვა ვარაუდი, ძირითადად არქეოლოგების მხრიდან, რომ ალბათ, პირველი მეფუტკრეები სწორედ ქალბატონები იყვნენ. ეს რომ ნამდვილად მოშინაურებული ფუტკრის თაფლი იყო, მისი შემადგენლობა მეტყველებს. მასში ძალიან ბევრი იყო იმ მცენარეთა მტვერი, რომელიც იზრდება ეზოებში, ადამიანებთან ახლოს. მაგალითად, მრავალძარღვა, ნარშავი, ღიღილო და სხვა. მის შემადგენლობაში იყო კულტურული ხორბლისა და სხვა სათესი მარცვლოვნების ყვავილის მტვერიც.
– გამოდის, ამ თაფლის შემადგენლობა გვაძლევს იმის საფუძველს, დავასკვნათ, რომ ევროპის მასშტაბით, პირველად ზუსტად საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა ფუტკრის მოშინაურების ფაქტი და მეფუტკრეობაც აქ ჩამოყალიბდა?
– დიახ, ამ საკითხზე პირველი გამოკვლელვა 2004 წელს ჩატარდა, როგორც უკვე ითქვა, კოდიანას ყორღანზე. მერე და მერე გამოჩნდა მასალები, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ უფრო ადრინდელი თაფლიც გვაქვს აღმოჩენილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ჩვენ ვართ ღვინის ქვეყანა, რომ პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოვაშინაურეთ ვაზი მსოფლიო მასშტაბით და პირველებმა დავწურეთ ღვინო. სადაც ეს ყველაფერი დადასტურდა ნეოლითური ხანის ძეგლია და რვა ათასი წლით თარიღდება. ასეთი ნეოლითური ნამოსახლარები მარნეულის რაიონში გვხვდება. ეს ადგილებია: გადაჭრილი გორა, იმირის გორა, ხრამის დიდი გორა და შულავერის გორა. აქ არის ვაკე ადგილები და ნოყიერი ნიადაგები, ამიტომ მცენარეების მოშინაურება ძალიან ადვილი იყო. აქ ძალიან კარგი ტყე იყო, სადაც ვაზიც ხარობდა და ბევრი თაფლოვანი მცენარეც. მოკლედ, კვლევა ჩაუტარდა რვა ათასი წლის წინანდელ ჭურჭელს, რომელშიც თაფლი იყო ჩაღვრილი და რომელიც შულავერის გორაზე იქნა აღმოჩენილი. ასევე საჭმლის
მოსამზადებელ კერაში ჩაღვრილ თაფლსაც გავუკეთეთ ანალიზი და აღმოჩნდა, რომ ვაზის მოშინაურება და მეფუტკრეობის ჩამოყალიბება ერთ პერიოდში მოხდა, დაახლოებით რვა ათასი წლის წინ. დათარიღება უკვე გადამოწმებულია ძალიან ბევრი ქვეყნის ლაბორატორიაში. აქ უკვე საერთაშორისო ჯგუფები არის ჩართული და კვლევაში ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ახლაც არიან კანადელი მეცნიერები ჩამოსული ტორონტოს უნივერსიტეტიდან და ერთობლივად ვსწავლობთ ნეოლითურ ძეგლებს.
მოსამზადებელ კერაში ჩაღვრილ თაფლსაც გავუკეთეთ ანალიზი და აღმოჩნდა, რომ ვაზის მოშინაურება და მეფუტკრეობის ჩამოყალიბება ერთ პერიოდში მოხდა, დაახლოებით რვა ათასი წლის წინ. დათარიღება უკვე გადამოწმებულია ძალიან ბევრი ქვეყნის ლაბორატორიაში. აქ უკვე საერთაშორისო ჯგუფები არის ჩართული და კვლევაში ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ახლაც არიან კანადელი მეცნიერები ჩამოსული ტორონტოს უნივერსიტეტიდან და ერთობლივად ვსწავლობთ ნეოლითურ ძეგლებს.
– რამდენად ხდება ამ კვლევის შედეგების საერთაშორისო მასშტაბით აღიარება, ხომ არ რჩება ლოკალურ დონეზე?
– არანაირად. ნეოლითური თაფლის ნაშთი, ასევე, გამოიკვლიეს პენსილვანიის უნივერსიტეტში. იქ გამოიკვლიეს ღვინის კვალიც, რისი მასალებიც უკვე გამოქვეყნებულია, ხოლო მასალები თაფლის შესახებ უცხოეთში ახლა უნდა გამოქვეყნდეს. ასე რომ, სხვადასხვა მეთოდებითა და სხვადასხვა მეცნიერის მიერ ნამდვილად დადგენილია ის ფაქტი, რომ ფუტკრის უძველესი მოშინაურების შემთხვევა პირველად სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ფიქსირდება და შესაბამისად, მეფუტკრეობას ჩვენთან ჩაეყარა საფუძველი.
ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ არა მარტო ამ ორ ადგილას – კოდიანის ყორღანში, ანუ ადრებრინჯაოს ხანაში და შულავერის გორაზე, რომელიც ნეოლითურ ხანას მიეკუთვნება, ასევე მტკვარ-არაქსის პერიოდის სამარხში, საყდრისთან ახლოსაცაა აღმოჩენილი ამის დამადასტურებელი ფაქტები. ძეძვების ნამოსახლარზე გაითხარა და უკვე შესწავლილია სამარხები. ერთ-ერთ სამარხში არა მარტო დიდი ქოთნით ჩატანებული თაფლი იყო, არამედ აღმოჩნდა, რომ მიცვალებული თაფლით იყო ბალზამირებული. თაფლის ნაშთები ნაპოვნია მისი ჩონჩხის თითქმის ყველა ძვალზე. ეს აღმოჩენაც ადრებრინჯაოს ხანას მიეკუთვნება, ანუ დაახლოებით, ხუთი ათასი წლის წინანდელია.
გარდა ამისა, კიდევ ძალიან საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ ლაგოდეხთან გაითხარა ანანაურის ყორღანი, რომელიც ასევე, ადრებრინჯაოს ხანას მიეკუთვნება, დაახლოებით 4 400 წლის წინანდელია და იქ აღმოჩნდა რამდენიმე მიცვალებული, რომლებსაც ასევე დიდი ჭურჭლით ჩაატანეს თაფლი და ამასთან, სამივე მიცვალებული თაფლით იყო ბალზამირებული. ანანაურის ყორღანში უამრავი თაფლით გაჟღენთილი სელის ქსოვილიცაა ნაპოვნი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თაფლით ბალზამირებაც კი ჩვენთან გაცილებით ადრე ხდებოდა, ვიდრე ეგვიპტეში, იმიტომ რომ ადამიანმა ფუტკარი ჩვენთან უფრო ადრე მოაშინაურა.
ვანში აღმოაჩინეს ანტიკური ხანის ანუ, ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე-მეოთხე საუკუნეების სამაჯური. მასზე იყო ქსოვილის რამდენიმე ფენა, რომელიც ასევე თაფლით იყო გაჟღენთილი. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ის მიცვალებულიც თაფლით იყო ბალზამირებული. ბალზამირების შემთხვევა აღმოვაჩინეთ შუა საუკუნეების ჩაილურის ძეგლზეც. ეს ფაქტები კი იმას ადასტურებს, რომ რომ ფუტკრის მოშინაურება და თაფლის გამოყენება უწყვეტად მოდის ნეოლითური პერიოდიდან.
– ეს, ზოგადად, როგორ ცვლის საქართველოს პოზიციონირებას, ალბათ, ჯერ კიდევ ბევრისთვის ისევ ტუტანხანმონის აღმოჩენაა პირველი?!
– არა. ძალიან სწორად ვიქცევით, როცა ამ ინფორმაციას უცხოეთში ვბეჭდავთ კარგ და ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებში. 2007 წელს კოდიანას ყორღნის სტატია რომ დაიბეჭდა გერმანიაში, უამრავი ჟურნალისტი დამიკავშირდა შვეიცარიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ინტერვიუებს მთხოვდნენ, ესე იგი თქვენ პირველებმა მოაშინაურეთ ფუტკარი და მეფუტკრეობის ყველაზე ადრინდელი კვალი ევროპაშიაო. ამას შემდგომაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მასალა შეტანილია „ვიკიპედიებში“. რაც შეეხება ნეოლითური პერიოდის აღმოჩენას, ანუ რვა ათასი წლის წინანდელ ფაქტებს, უცხოეთში ჯერ არ გამოგვიქვეყნებია და როცა ეს მოხდება, ამ ფაქტსაც უდავოდ ექნება დიდი რეზონანსი, ამის შესახებ მთელი მსოფლიო გაიგებს, ისევე, როგორც ღვინის ამბის გამოქვეყნების შემთხვევაში მოხდა.