კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 აბსურდული სიტუაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #21(960)
  ხაჩიძე რომ წავიდა, კოტემ ვახო სიგუას დაუძახა და უთხრა:
– ვახო, ღუდუშაურის კლინიკაში 39 წლის დილარ ქანჩიანი წევს. წუხელ ის მძიმე საავტომობილო ავარიაში მოჰყვა და უგონოდაა. ქუთაისელია. შენ, აი, რა უნდა ქნა: პირველ რიგში, ღუდუშაურის კლინიკაში მიხვიდე და იქ მყოფი მისი ჭირისუფლების სრული სია მოიპოვო საპასპორტო მონაცემებით. შემდეგ უნდა გამირკვიო ყველაფერი ამ ადამიანის შესახებ და ალბათ, ქუთაისში მოგიწევს გამგზავრება. აუცილებლად უნდა დამიდგინო, სად იმყოფებოდა ქანჩიანი ავარიამდე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. აი, გამომართვი 500 ლარი და იმოქმედე. სულ ორი დღე გაქვს და უნდა ჩაერთო.
– გასაგებია. ახლავე შევუდგები მუშაობას. წავედი! – თქვა სიგუამ და კაბინეტიდან გავიდა.
კოტემ ფეხები მაგიდაზე შემოაწყო. სიგარეტი გააბოლა და ჩაფიქრდა. მაიორ სულაძის ვერსიით, კობა ძნელაძე კვლავ საქართველოში დაბრუნდა და სწორედ იქ შეემთხვა რაღაც „ჩეპე“. ამის ვარაუდის საფუძველს კი ლიკას მონათხრობი აძლევდა, – კობა რუსულ ნარკოტრაფიკზე წიგნს წერსო... სულაძე ვარაუდობდა, რომ კობა რუსული ნარკოტრაფიკის გზით შემოვიდა საქართველოში და რაღაც შეემთხვა. გამორიცხული არ იყო ძარცვა, მაგრამ  კოტეს აზრით, ეს უარესი და შესაძლოა, ფატალური ვარიანტიც კი ყოფილიყო. მაიორი ფიქრობდა, თუკი კობა გაძარცვეს და ცოცხალი გადარჩა, მაშინ აუცილებლად გამოჩნდებოდა. ხოლო თუკი გაძარცვეს და არ ჩანს, ესე იგი, მოკლეს... თუმცა, კოტე ინტუიციით გრძნობდა, რომ აქ რაღაც სხვა ამბავი იყო და სწორედ ამიტომაც უთხრა ლიკას – აბსურდულ სიტუაციას არ გამოვრიცხავო.
მოსაღამოვდა. კოტე კვლავ ოფისში იყო, მაგრამ უკვე წასვლას აპირებდა,  ლიკამ რომ მობილურზე დაურეკა.
– გისმენ, ლიკუშ, – უპასუხა კოტემ.
– კოტიკო, შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე? – ჰკითხა ლიკამ.
– კი. მოხდა რამე?
– მოდი. გელოდები. მხოლოდ შეუმჩნევლად. „ჩორნი ხოდით“ და ორი გრძელი ზარი დარეკე.
– გასაგებია, მოვდივარ, – მიუგო კოტემ. იარაღი ქამარში გაირჭო და ლიკასთან მანქანით გაემართა.
კოტემ მანქანა მოშორებით გააჩერა და ლიკას საცხოვრებელი კორპუსისკენ ფეხით გაემართა. სახლი რვა სადარბაზოიანი იყო და ლიკა პირველ სადარბაზოში ცხოვრობდა. კოტე მერვე სადარბაზოში შევიდა და სხვენით პირველში გადავიდა. შემდეგ მეექვსე სართულზე დაეშვა და ლიკას ბინაში ორი გრძელი ზარი დარეკა. ლიკამ სწრაფად შეიყვანა კოტე სახლში და კარი გადარაზა.
– რა ხდება? – იკითხა კოტემ.
– შენ რომ ჩემგან წახვედი, საათ-ნახევრის მერე სახლის ტელეფონზე ვიღაც კაცმა დარეკა და კობა იკითხა. ვუთხარი, ქალაქში არაა, სამ-ოთხ დღეში ჩამოვა-მეთქი. მან კი ისე სწრაფად გათიშა ტელეფონი, რომ ვერ მოვასწარი მეკითხა, ვინ იყო. ამ ზარიდან ნახევარ საათში მობილურზე დამირეკეს და ქალმა მითხრა, ლორა ქეში ვარ და ერთ საათში გასაუბრებაზე გელოდებითო. ეს ქალი თბილისში ამერიკული კლინიკის მენეჯერია. მაღალი კლასის კლინიკაა. ბევრ ფულს იხდიან და ერთი თვის წინ ჩემი „სივი“ და საბუთები მივიტანე, რომ მუშაობა დავიწყო. სწორედ ამიტომ დამირეკეს. ისე გამიხარდა, რომ სიჩქარისგან სახლიდან უპასპორტოდ გამოვედი. მხოლოდ კიბეებზე გამახსენდა და უკან მივბრუნდი. სულ რაღაც ორი წუთის გამოსული ვიყავი და რას ვხედავ? ჩემს კარს ვიღაც ახალგაზრდა კაცი „ეჩალიჩება“. რომ დამინახა, თავი მომაჩვენა, ვითომ მთვრალი იყო. სართული შემეშალაო, ჩაიბურდღუნა და ქვევით  დაეშვა. მე სახლში შევედი და ეგრევე, შენ დაგირეკე. ჩემი აზრით, სახლის ტელეფონზე იმიტომ დამირეკეს, რომ შეამოწმეს, იყო თუ არა ვინმე სახლში. მე კი იმიტომ დამირეკეს მობილურზე, რომ ბინიდან გამოვეტყუებინე. ჩემი აზრით, ვიღაცას, რაღაცისთვის აქ შემოღწევა უნდა.
– ლოგიკურია. ყოველ შემთხვევაში, შენი მონათხრობიდან ასე ჩანს, – თქვა კოტემ. საათს დახედა და დაამატა, – შენი სახლიდან გამოტყუების მცდელობიდან სულ რაღაც ნახევარი საათია გასული. როგორც გავიგე, იმ ლორა ქეშს ნახევარ საათში უნდა შეხვდე. ხომ ასეა?
– კი. მასეა, – დაუდასტურა ლიკამ.
– თუ ასე დაჟინებით ცდილობს ვიღაც აქ შემოღწევას, თანაც ამაში ამერიკელ მენეჯერს იყენებს, არ მგონია, ეს მცდელობა მოიშალონ. ამიტომ მათ აქ შემოღწევის საშუალება უნდა მივცეთ. მოდი, შენ იმ ამერიკელ მენეჯერს დაურეკე და მოუბოდიშე. უთხარი, რომ თუკი შეიძლება, მასთან გასაუბრებაზე ერთ საათში მიხვალ. შემდეგ წადი და შეუმჩნევლად სხვენში ადი და ჩემს ზარს დაელოდე. ვფიქრობ, მალე სტუმარი გვეწვევა და გავკოჭავ.
– კოტიკო, რამდენიმე კაცი რომ მოვიდეს და ვერ გაუმკლავდე?
– გავუმკლავდები. მიდი, დარეკე!
ლიკამ მობილურზე დარეკილ ნომერზე გადარეკა. იმავე ქალის ხმამ უპასუხა. ლიკამ მას მოუბოდიშა და სთხოვა, ერთი საათის შემდეგ შეხვედროდა, რაზეც ამერიკელი დათანხმდა. ლიკამ ტელეფონი გათიშა და ძმობილს უთხრა:
– ეგრევე დამთანხმდა, რაც ძალიან საეჭვოა. უცხოელები ასეთ რამეს ვერ იტანენ და „გადაგდებას“ არ გპატიობენ. საყვედურს მაინც ამბობენ. იმ ქალმა კი, ეგრევე, თანხმობა განმიცხადა და ხაზგასმულად თავაზიანი იყო.
– ძალიან კარგი. წადი და ყველაფერი ისე შეასრულე, როგორც გითხარი. არ დაიბნე და არ შეგეშინდეს. მობილურს ხმა გაუთიშე.
– კარგი. წავედი, – თქვა ლიკამ და სახლიდან გავიდა.
გოგონა ლიფტით დაეშვა ეზოში. საკუთარ მანქანაში ჩაჯდა და ეზოდან გავიდა. ორასიოდე მეტრი რომ გაიარა, მანქანა მეზობელ კორპუსთან გააჩერა, თავად კი ფრთხილად დაბრუნდა უკან. მერვე სადარბაზოდან სხვენში ავიდა. ფრთხილად გადავიდა პირველ სადარბაზოში და ლუკის თავზე სიბნელეში გაისუსა...
***
  ლიკა რომ გაისტუმრა, კოტემ მოხერხებული პოზიცია დაიკავა. შემოსასვლელთან კედელში ჩამონტაჟებულ უზარმაზარ ტანსაცმლის კარადაში შეძვრა და დაუპატიჟებელი სტუმრის მისაღებად მოემზადა. ვიზიტიორმა არ დააყოვნა – თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ შემოსასვლელი კარი უხმაუროდ გაიღო და უხმაუროდვე დაიკეტა. ბინაში მამაკაცი ფეხაკრეფით შევიდა და შეჩერდა. მიიხედ-მოიხედა და სასტუმრო ოთახისკენ აიღო გეზი. კოტე ყურადღებით უთვალთვალებდა დაუპატიჟებელ სტუმარს. კარადიდან უხმაუროდ გამოძვრა და რადგან ფეხსაცმელები არ ეცვა, კატასავით უხმოდ მოძრაობდა. სასტუმრო ოთახში რომ შევიდა, კომოდთან ზურგით მდგომ უცნობს პისტოლეტი მიუშვირა და ინგლისურად უთხრა:
– არ გაინძრე და ხელები მაღლა!
უცნობი შეკრთა და ხელები ასწია. შემობრუნდა. უცებ ცრუ მოძრაობით სცადა კოტესთვის პისტოლეტის წართმევა, თუმცა ყბაში იარაღის ტარი მოხვდა და იატაკზე უგონოდ დაეცა. კოტემ უცნობს ზურგსუკან ხელები გადაუტრიალა და ხელბორკილები დაადო. შემდეგ მოასულიერა და ისევ ინგლისურად ჰკითხა:
– ვინ ხარ და აქ რატომ შემოიპარე?
– ინგლისური არ მესმის, – ქართულად უპასუხა კოტეს დაუპატიჟებელმა სტუმარმა.
– მარტო ხარ? – ჰკითხა კოტემ.
– კი, – მიუგნო უცნობმა.
კოტემ თვალებზე ცერა თითები მიაჭირა უცნობს და კბილებში გამოსცრა:
– სიმართლე მითხარი, მარტო ხარ თუ არა, თორემ ორივე თვალს ამოგიგდებ.
– მარტო ვარ: ნუღარ მაჭერ... – სიმწრით მიუგო უცნობმა კოტეს.
კოტემ უთხრა:
– იცოდე, რომ მომატყუო, უთვალებოდ დაგტოვებ. სიმართლე მითხარი!
– მარტო ვარ. სიმართლეს ვამბობ, – უთხრა უცნობმა.
კოტემ ლიკას დაურეკა და ჰკითხა:
– სად ხარ?
– ზემოთ.
– ვირთხა ხაფანგში მყავს. ასე ამბობს, მარტო ვარო, მაგრამ მაინც ფრთხილად ჩამოდი.
– კარგი, – მიუგო ლიკამ და ორიოდე წუთში უკვე ბინაში შევიდა.
– შუქი არ აანთო, – უთხრა კოტემ და დაამატა, – გამორიცხული არაა, რომ დამზღვევი ჰყავდეს.
– მარტო ვარ-მეთქი, – ხომ გითხარი.
– გაჩუმდი! – შეუღრინა კოტემ და ლიკას უთხრა:
– აბაზანაში შევათრიოთ და იქ გავარკვიოთ, ვინაა.
კოტემ გაკოჭილი უცნობი მამაკაცი მოკუზული შეიყვანა უზარმაზარ აბაზანაში. მათ ლიკა მიჰყვა და კარი მიიხურა. გაჩახჩახებულ შუქზე კი, მამაკაცს რომ დააკვირდა ძმობილს უთხრა.
– ეს „ეჩალიჩებოდა“ ჩემს კარს და რომ დამინახა, ვითომ მთვრალი იყო და სართული შეეშალა, ქვევით დაეშვა.
კოტემ გულდასმით გაჩხრიკა უცნობი და „ატმიჩკების“ აცმისა და ოცი ცალი ხუთლარიანის გარდა, ჯიბეში ვერაფერი აღმოუჩინა. მას არც მობილური ტელეფონი ჰქონდა და არც რაიმე საბუთი. კოტე თვალებში ჩააშტერდა უცნობს და უთხრა:
– ვინ ხარ და აქ რატომ მოხვედი?
– ვინ ვარ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ არც მკვლელი ვარ და არც მძარცველი, უთხრა კოტეს ხელბორკილდადებულმა.
– აბა, ვინ ხარ? – სიტყვა გააწყვეტინა კოტემ.
– ხომ გითხარი, ამას მნიშვნელობა არ აქვს და თქვენთან ერთი წინადადება მაქვს.
– აბა, მიდი, – უთხრა კოტემ უცნობს.
– მე ამ სახლიდან რაღაც ნივთი უნდა წავიღო, რომელიც თქვენთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს და თქვენ არ გეკუთვნით. დამიჯერეთ, მეგობრებო. მოვძებნი ამ ნივთს. წავიღებ და აღარასოდეს შეგაწუხებთ, – თქვა უცნოშბმა.
– ვინ ხარ? – გაუმეორა კითხვა კოტემ უცნობს.
– ხომ გითხარი, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, – ძალიან თავდაჯერებულად მიუგო გაკოჭილმა კოტეს.
მაიორს უცნობის ასეთი პასუხი უკიდურეს თავხედობად მოეჩვენა, თანაც აუცილებელი იყო, სიტუაციის „გაიასნება“, რადგან კოტეს ახალი ეჭვები აღეძრა. ამიტომ, უცნობს ხორხზე მუხლით დააწვა. თვალებზე კი ცერა თითები დააჭირა და კბილებში გამოსცრა:
– თავხედო ნაბიჭვარო, მაშ, ნივთი მოგაძებნინო და აქედან გაგიშვა, ხომ? ან სიმართლეს იტყვი, ან აქვე ამოგართმევ სულს.
კოტე ნელ-ნელა აძლიერებდა ზეწოლას. უცნობი ჯერ უძლებდა, ბოლოს კი ხროტინით თქვა:
– გაჩერდი და სიმართლეს გეტყვი.
– ჯერ თქვი, – კბილებში გამოსცრა მაიორმა და თვალებზე უფრო მეტი ძალით დააჭირა თითები.
– ამერიკელი ვარ და სპეციალურ დავალებას ვასრულებ, – ამოიხროტინა უცნობმა.
კოტემ უცნობს მუხლი და ხელები მოაშორა. ფეხზე წამოდგა და ვითომ არაფერი მომხდარაო, თქვა:
– ხომ ვთქვი, ამერიკელია-მეთქი. ეტყობა, სპეცმომზადება აქვს გავლილი, იმდენ ხანს გაუძლო ზეწოლას. ასეთ რამეს ამერიკელ სპეცებს ასწავლიან და მეც ეს პროგრამა გავიარე.
ლიკამ უხმოდ დაუქნია თავი ძმობილს. უცნობი კი წამოჯდა. სული მოითქვა და თქვა:
– ხომ დარწმუნდი, რომ მტერი არ ვარ. გამათავისუფლეთ და ისე ვილაპარაკოთ.
– ამერიკელი რომ ხარ, იმას არ ნიშნავს, მტერი არ ხარ. ხელებშეკრული კი უფრო საიმედო ხარ და ასე ვილაპარაკოთ, – მიუგო კოტემ.
– რა, გეშინია ჩემი? – ირონიით იკითხა უცნობმა. კოტემ კი უთხრა:
– სულაც არ მეშინია. უბრალოდ, არ მინდა შემომაკვდე და სანამ სრულ სიმართლეს არ იტყვი, გაკოჭილი იქნები.
– რომ არ ვთქვა? – გამომწვევად უთხრა მაიორს უცნობმა.
– მოგკლავ, – მშვიდად უპასუხა კოტემ.
– მეგობრებო, ჩემი მთავრობის საიდუმლო სპეციალურ დავალებას ვასრულებ და უფლება არ მაქვს, გავამჟღავნო. ეს ღალატია. მე კი ფიცი მაქვს დადებული. ისედაც ბევრი გითხარით. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ საჭირო ნივთს წავიღებ და წავალ. თქვენ კი არაფერს გავნებთ, – თქვა უცნობმა.
– ახლა მე მომისმინე და კარგად გაიაზრე ყველაფერი. ნათელია, რომ ნივთი, რასაც ეძებ, კობა ძნელაძეს ეკუთვნის. ყოველ შემთხვევაში, მისი შენახულია. ჩვენ კი მისი ახლობლები ვართ. კობა გაუჩინარდა. ჩვენ მას ვეძებთ. აშკარაა, რომ შენ მასზე რაღაც იცი და თუკი სიმართლეს არ იტყვი, კარგი დღე არ დაგადგება. გაიგე? – უთხრა უცნობს კოტემ. ლიკამ კი დაამატა:
– ჩემი ხელით მოგკლავ, იცოდე!
– მაინც, რა გაინტერესებთ? – იკითხა უცნობმა.
– ყველაფერი, რაც კობას შეეხება. პირველ რიგში კი, ის, ცოცხალია თუ არა ჩემი მეუღლე, – უთხრა ლიკამ უცნობს და ანთებული თვალები მიანათა მას.
– ცოცხალია თუ არა, არ ვიცი. სწორედ ამიტომ გამომგზავნეს აქ. გუშინწინ მასთან კავშირი დავკარგეთ. რადიოსიგნალი სხვა მიმართულებით დაფიქსირდა, რამაც უარესი გვაფიქრებინა და ამიტომ გამომიშვეს, – თქვა უცნობმა.
– უფრო გარკვევით თქვი, რაზეა ლაპარაკი,   თქვა კოტემ.
– კობას ოქროს ყელსაბამი გავუკეთეთ. მასში რადიოჩიპია ჩამონტაჟებული, რომელიც მის კოორდინატებს გადმოსცემს. ჩიპს ყოველ მეხუთე დღეს დატენვა სჭირდება. გუშინწინ, როგორც ეტყობა, ის დაჯდა და მის კოორდინატებს ვეღარ ვაფიქსირებდით, – გასაგებია?
– რატომ იფიქრეთ, რომ კობა ცოცხალი არაა? – იკითხა კოტემ.
– იმიტომ, რომ ის იქ არ აღმოჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო, – მიუგო უცნობმა.
– დააკონკრეტე!
– სამხრეთ ოსეთის ნაცვლად რადიოჩიპმა ჯერ საქართველოს მთიანეთი გვიჩვენა, ბოლოს კი თბილისში გაწყდა, – მიუგო კოტეს უცნობმა და თვალი თვალში გაუყარა.
– სიმართლეს ჰგავს, – უთხრა კოტე სულაძემ ლიკას. შემდეგ ისევ უცნობს მიუბრუნდა:
– მეტი ინფორმაცია გვჭირდება.
– მეტს ვერაფერს გეტყვით. თუნდაც მომკალით! – მტკიცედ თქვა უცნობმა.
– უარესს გიზამთ, – მოულოდნელად უთხრა უცნობს ლიკამ, თან კოტეს ანიშნა, – არ ჩამერიოო.
– მაინც, რას? – ჩაეცინა უცნობს.
– რას და, რასაც თქვენ ჩემს სახლში ეძებთ, იმას რუსებს გადავცემ. თქვენ უკან მიგაყოლებთ და არ მგონია, ამან თქვენს წისქვილზე დაასხას წყალი, – მიუგო ლიკამ.
უცნობი შეცბა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და ლიკას უთხრა:
– მატყუებთ, ხომ, რომ ინფორმაცია გამომტყუოთ?
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3