№22 ცოლად მეგობრის საყვარელი მოვიყვანე და ყველამ გამრიყა
ბევრი მეგობარი არ მყავს. ბავშვობიდან რამდენიმე შემომრჩა და მათ გარეშე ჩემი ყოფა ვერ წარმომედგინა. ისინი ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი განუყოფელი ნაწილები იყვნენ. განსაკუთრებული დამოკიდებულება შოთასთან მქონდა, ძმებივით ვიყავით. წლების წინ გამანდო. ერთი განათხოვარი გოგო მომწონს და რომ არ „დავითრიო“, მოვკვდებიო. საძმაკაცომ ხელი შევუწყვეთ, ბევრი „ვიჩალიჩეთ“ და ის გოგო წლების განმავლობაში მისი საყვარელი იყო. მისთვის სხვა თვალით არასდროს შემიხედავს, მიუხედავად იმისა, რომ სადაც ბიჭები ვიკრიბებოდით, შოთას ყველგან მოჰყავდა. დასასვენებლადაც კი ერთად დავდიოდით. ბოლო პერიოდში შოთამ ეჭვიანობა დაიწყო, აიჩემა, სხვა კაცებს უყურებს და მგონი, მღალატობსო. ისევ საძმაკაცო ჩავერიეთ „გამოძიებაში“. ყველგან დავყვებოდით, ვუთვალთვალებდით, მაგრამ მართლა არავის შეხვედრია. ნინი ის გოგო არ იყო, საყვარელი მამაკაცისთვის ეღალატა. თუმცა, მივხვდით, შოთას მობეზრდა მასთან ურთიერთობა და დასაშორებლად მიზეზს ეძებდა. ვიცოდით, ჩვენი უბნელი ანკა მოსწონდა და მასზე სერიოზულად ფიქრობდა. მითხრა კიდეც: დროა, ცოლის მოყვანაზე ვიფიქრო, მომბეზრდა საყვარლის როლში ყოფნაო. ესეც გავუგეთ ბიჭებმა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მხარში ამოვუდექით, ხელი შევუწყვეთ და ანკასთან დაიწყო სიარული, ნინი კი მიატოვა. სწორედ ამ დროს შევამჩნიე, რომ ნინი რაღაცნაირად გულის სიღრმეში მიყვარდა, მომწონდა, მიზიდავდა... შემეცოდა, ჩემი მეგობრისგან მოტყუებული და მიტოვებული რომ დარჩა. მანამდე ამის გაფიქრებასაც ვერ გავბედავდი, მაგრამ ფაქტია, მისი ნახვისას გული სხვანაირად ძგერდა და მასთან საიდუმლო შეხვედრები დავიწყე. ისე შევეჩვიე და შემიყვარდა, მის გარეშე ყოფნა ერთ წამსაც აღარ მინდოდა. ისეთი ხასიათები, გარეგნობა და თვისებები აქვს, ნებისმიერ მამაკაცს რომ მოხიბლავს. ეს ამბავი საძმაკაცოს შევაპარე და გადაირივნენ, მითხრეს: არ გაბედო მაგ გოგოსთან ისევ შეხვედრა, სირცხვილი და კაცობა სულ დაკარგე? ბავშვობის მეგობრის საყვარელთან რომ არ იარო, ქალები დაილიაო? მივხვდი, მათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, ვერ გამიგებდნენ. მოვკიდე ნინის ხელი და პირდაპირ სახლში ავიყვანე. მშობლებს გამოვუცხადე: ეს გოგო ჩემი ცოლია, არ გაბედოთ ზედმეტის თქმა. მის გვერდით ყოფნა მინდა და მორჩა-მეთქი. ჩემებმა იცოდნენ, რომ ნინი შოთას საყვარელი იყო და ამ ამბავს კინაღამ გადაყვნენ. რასაკვირველია, სახლიდან გამოგვყარეს, ჩემი საძმაკაცოც მტრად გადამეკიდა და ყველა ნათესავმა ზურგი მაქცია. რთულია, გადალახო ეს პერიოდი, როცა იმას გრძნობ, რასაც სხვები ვერ გიგებენ. მაგრამ ნინი მართლა კარგი გოგოა და იმ შეცდომების გამო, რაც ადრე დაუშვა, ვერ მივატოვებ, ვერ ვკრავ ხელს. მიყვარს და მინდა, მასთან ერთად ბევრი წელი გავატარო, მყავდეს შვილები და თბილი ოჯახი შევქმნა. დავაპირეთ ხელის მოწერა, მაგრამ მეჯვარედ ჩემი ძმაკაცი უნდა წამეყვანა და უარი მითხრა. უცხო ადამიანს კი ვერ ვეტყვი, მოდი, გვერდით დამიდექი-მეთქი. მწყინს, ჩემმა საძმაკაცომ, ბავშვობის ყველა მეგობარმა რომ ზურგი მაქცია. როცა მათი მხარდაჭერა მჭირდებოდა, ყველაზე რთულ მომენტში, მარტო დამტოვეს. ახლა მე და ნინი ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, ჩემი უბნიდან შორს და ქუჩაში რომ გავდივართ, აქეთ-იქით ვიყურებით, ვინმე ნაცნობმა არ დაგვინახოს და შეურაცხყოფა არ მოგვაყენოს. ვერ ვიტყვი, ნინიზე კარგი გოგოები არ დადიან-მეთქი, მაგრამ ის ჩემი ერთადერთი სიყვარულია, არავინ მყვარებია ასე. მისი არც წარსული მაინტერსებს და არც დაშვებული შეცდომების გამო გავუმწარებ ყოფას. მთავარია, ჩემ გვერდით იყოს ისეთი, როგორიც მე მიყვარს და მომწონს. იმედია, გავა დრო და ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც ამას შეეგუებიან.
ნიკუშა, 28 წლის.