კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 დაქალები

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #20-21(960)
– კი ბატონო, იყოს ზეგ ამ დროს, – კატომ ფრთხილად გაითავისუფლა ხელი კაცის ტორებისგან და აღმართს შეუყვა, კმაყოფილმა ივიკომ კი ფალიაშვილის ქუჩისკენ ჩაუხვია.
„მგონი, ვიპოვე ჩემი ნამდვილი მეორე ნახევარი, ჩემი ბედი, – ფიქრობდა ივიკო გზაში, – იქნებ მესამედ მაინც გამიმართლოს და მეც შევქმნა მართლა ბედნიერი ოჯახი. დედაჩემს ჯერ არაფერს ვეტყვი, ამის დროც მალე დადგება“...
„ეტყობა, ზეცაში გადაწყდა დღეს ჩვენი შეხვედრა, – ფიქრობდა შინისკენ მიმავალი კატო, – თუ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა, ეს იქნება ჩემი მესამე და უკანასკნელი მცდელობა ოჯახის შექმნისა. დიახ, ოჯახის შექმნისა! ბოიფრენდები, კავალრები და ეგრეთ წოდებული „მეგობრები“ თუ ოფიციალური საყვარლები ნამდვილად არ მაინტერესებს. მოსიყვარულე ქმარი მინდა და თბილი ოჯახი ბევრი შვილით. დამღალა მარტოობამ. ჯერ არავის არაფერს ვეტყვი. ყველაფერს თავისი დრო აქვს“...
***
  ახლა ცოტა უკან დავბრუნდეთ:
იმ პრეზენტაციიდან მეორე არა, მაგრამ მესამე შაბათს, საღამოს, კატოს გოგოებმა დაურეკეს და უთხრეს, ყველანი მაცაცოსთან ვართ და გელოდებით, შენღა გვაკლიხარო. კატოს, მართალია, ძალიან ეზარებოდა თავსხმაში (იმ პრეზენტაციის შემდეგ გადაუღებლად წვიმდა) სახლიდან გასვლა, მაგრამ, სალაპარაკო მასალაც და ლაპარაკის ენერგიაც დაგროვილ-მოზღვავებული ჰქონდა და ძალიან მოუნდა, დაცლილიყო. ამიტომ მაშინვე დაეთანხმა და მობილურის გათიშვისთანავე დახურა კომპიუტერი, თავისი ბლოკნოტი ხელჩანთაში ჩაიდო, ტანსაცმელი გამოიცვალა და ქოლგით ხელში გავარდა სახლიდან.
– მოვედი! – შესასვლელიდანვე იყვირა კატომ, – უჩემოდ ხომ არაფერი განიხილეთ?
– მოვარდა გრიგალი და ქარტეხილი და მოიტანა ელვა და ჭექა-ქუხილი! – პათეტიკურად წარმოთქვა მაცაცომ, კატოს უახლოესმა დაქალმა, – უშენოდ ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას, ან რა ეშხი  ექნებოდა ჩვენს რატრატს! ჩუმად ვისხედით და შენ გელოდებოდით. მიდი, დაიწყე!
კატომ პირდაპირ ხალიჩაზე მოირთხა ფეხი, ერთი ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და ტყვიამფრქვევივით მიაყარა:
– ძალიან სერიოზული საკითხების ხასიათზე დღეს არ ვარ, ამიტომ უფრო მსუბუქ თემებს შევეხები, როგორიცაა, მაგალითად, ტელეწამყვანების მაკიაჟი – რა უნდათ ამ ვიზაჟისტებს, ვერ გავიგე. დიდი მზეთუნახავი ისედაც არცერთი არ არის და ესენი იმდენს უჩალიჩებენ, ყვრიმალებამოვარდნილ სოფლის პატარძლებს ამგვანებენ ნახშირის ნატეხით მოხაზული წარბებითა და ნასოსით დაბერილ ტუჩებზე ლამის შავი ან კვასკვასა წითელი პომადით!
– იგივე სჭირთ ჩვენს ვარსკვლავებსაც! – სიტყვა ჩაურთო მაცაცომ.
– ჰო, ეს ვარსკვლავობა კიდევ ცალკე თემაა! – მაშინვე აიტაცა კატომ, – საკმარისია, ვინმემ ერთხელ დაასლოკინოს ტელევიზორში, რომ არაფერი ვთქვათ ჩახდა-გახდასა და სხვა მსგავს საქციელებზე, მაშინვე ამომავალ, მოგიზგიზე, მობდღვიალე და იმედის მომცემ ვარსკვლავად გამოაცხადებენ. ვის რაში აინტერესებს იმათი დასილიკონებული ტუჩები და ძუძუები, გადანერგილი თმა, მოჭრილი ცხვირები, დალიპოსაქციებული მუცლები და უკანალები და ცელულიტებიანი ბარძაყები?! აღარაფერს ვამბობ თეთრი აგურებივით ჩამწკრივებულ კბილებზე! დედას გეფიცები, ხანდახან უსწორმასწორო, ოდნავ მოყვითალო და შიგადაშიგ დაბჟენილი კბილების დანახვა თუ არ მენატრებოდეს! – მერე კი სიცილით დაამატა: – ანუ, ბუნებრივის, ოღონდ მოვლილის.
– იცით, რა მაინტერესებს? – აზრი გამოთქვა ირინამ, – ასეთებს პარალელურ რეჟიმში ჰყავთ ქმრებიც და საყვარლებიც და, გასაგებია, რომ ყველაფერს დედის რძესავით ირგებენ, მაგრამ მე ის მიკვირს, მათი რჩეული კაცები რა სიამოვნებას განიცდიან ასეთ სინთეტიკურ ქალებთან სექსით? ზოგიერთს იმდენი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული სახეზე, მალე ვეღარც პირს მოკუმავენ, ვეღარც თვალებს დახუჭავენ და სიბერემდე ასე დაკრეჭილები და თვალებდაჭყეტილები ივლიან.
გოგოებს სიცილი აუტყდათ.
– რა გაცინებთ, – ისევ კატომ აიღო ხელში სადავეები, – ლუდმილა გურჩენკოს დაემართა თურმე ასე – იმდენი ოპერაცია გაუკეთებია, რომ არაერთხელ გადაჭიმულ კანს ელასტიკურობა დაუკარგავს და სულ ყურებამდე გაცინებული და თვალებდაჭყეტილი დადიოდა სიცოცხლის ბოლო პერიოდში. არადა, ამ „ვარსკვლავებიდან“ ზოგიერთი მართლა გაცილებით უკეთესი შესახედავია უმაკიაჟოდ.
– ეტყობა, ზოგიერთი ტელევიზიის ვიზაჟისტს აშკარად ბოღმა აქვს რომელიღაც კონკრეტული „ვარსკვლავის“ მიმართ და ამიტომაც ამახინჯებს შეგნებულად, – ისევ მაცაცომ გამოთქვა თავისი მოკრძალებული მოსაზრება.
დაქალებმა კიდევ ბევრი იქაქანეს ამ საკითხებზე, მაგრამ კატო, როგორც ყოველთვის, ყველაზე ენერგიული, შემტევი, შეურიგებელი და ცოტა აგრესიულიც იყო. ბოლოს, უგემოვნობის, „ქაჯუნობისა“ და ამორალობის კრიტიკის ნაცვლად, ერთი ლაზათიანი ლანძღვა-გინება გამოუვიდა და, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში, მაინც უკმაყოფილო დარჩა – იგრძნო, რომ მისი ამჟამინდელი გამოსვლა საკუთარი წარუმატებლობით დაბოღმილი შურიანი ქალის ჭორაობასა და ბალღამის ფრქვევას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჯანსაღ კრიტიკას.
– მოკლედ, ეს ჩვენი კატო ნამდვილი ტაიფუნია! – გაეცინათ გოგოებს, – ტორნადო, ცუნამი! არ გადაუარა ერთბაშად ყველას და ყველაფერს?!
– ეს მისი სტილია. რაც აქვს, ვერ წაართმევ! – თქვა მერიკომ.
– მოდი, სახელი შევუცვალოთ. წინადადება შემომაქვს, ახალი სახელი შევურჩიოთ! – წამოიძახა მაცაცომ.
ყველამ ერთბაშად აიტაცა იდეა და არც კატოს გაუპროტესტებია. ამიტომ თამამად გამოთქვეს ვერსიები:
– ქარბორბალა!
– ტანკი!
– ჭექა-ქუხილი!
– ვეზდეხოდი!
– ცუნამი!
– ტორნადო! – გაჰკიოდნენ გოგოები, მაგრამ კატო ყველა ვერსიაზე თავს იქნევდა უარის ნიშნად.
– მე მოვიფიქრე! – დაიყვირა უცებ მაცაცომ, – ამას წინათ ტელევიზიით აჩვენეს, რომ ტორნადომ, სახელად კატრინამ, 2005 წლის აგვისტოში დაანგრია ფლორიდა, ლუიზიანა და ახალი ორლეანი. მე მგონი, ყველას კატრინა ჯობია, მით უმეტეს, რომ კატო ჰქვია. კატო კი იგივე კატრინაა.
კატოს ახალი სახელი მოეწონა და ასე გახდა კატრინა.
... იმ საღამოს, როგორც გადაწყვიტა, ისე მოიქცა – არ გაამხილა, რომ ივიკო პირადად გაიცნო და აქტიურად ხვდებოდა კიდეც.
***
ივიკო ერთხელ იყო ესპანეთში ტურისტად, მას მერე ლამის ყოველ ღამით სიზმარში ხედავდა ამ მართლაც საოცარ ქვეყანას და იქ ხანგრძლივ მოგზაურობაზე ოცნებობდა, მაგრამ ფინანსების სიმცირის გამო ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებდა. მეგობრებმა იცოდნენ მისი ოცნების შესახებ და ხშირად უბოროტოდ ეხუმრებოდნენ, განსაკუთრებით თავისი ქარტეხილიანი „ქადაგებების“ შემდეგ: ნამდვილი მაჩო ხარო; დონკიხოტობას არაფერი გიკლიაო... ერთხელ კი მისმა უახლოესმა ძმაკაცმა, კოტემ, ხმამაღლა გამოაცხადა:
– რა მაჩო და რის დონკიხოტი, ნამდვილი ხუანია!
– ხუანი რა შუაშია? – გაუკვირდათ ბიჭებს.
– რა შუაშია და, ჯერ ერთი, ივანე, იგივე იოანე, ესპანურად ხუანია; მეორეც, ხუანი დამანგრეველი ტროპიკული ციკლონის სახელია, რომელიც 1985 წელს   დაატყდა თავს ლუიზიანას. ჰოდა, ესეც ხომ ტორნადოსავით აცამტვერებს ხოლმე თავის „მსხვერპლს“?!
ივიკოსაც მოეწონა ახალი სახელი და ასე გახდა ვანიკო-ივიკო, ანუ იოანე, ხუანი. ახალი სახელი მით უფრო მოეწონა სამართლიანობისთვის მებრძოლს, რომ ესპანეთთან უფრო დაახლოებულად გრძნობდა თავს.
ესეც ზუსტად იმ დღეს მოხდა – პრეზენტაციის მეორე კი არა, მესამე შაბათ საღამოს, თავისი უახლოესი მეგობრების წრეში.
კინაღამ სულმა წასძლია, მაგრამ არც ივიკომ გაუმხილა თავის სამეგობროს, რომ მის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა, სახელად კატო, რომელსაც მისი მეგობრების უმრავლესობა შორიდან მაინც იცნობდა.
***
  რამდენიმე მეტად თბილი, გულწრფელი და გულითადი პაემნის შემდეგ კატო-კატრინამ და იოანე (ვანიკო-ივიკო)-ხუანმა უკვე თითქმის ყველაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ: ოჯახის შექმნის ორი ხელმოცარული მცდელობაც, ჩოგბურთისა და ცურვის სიყვარულიც, მშობლების ოცნებაც მათ დაოჯახებაზე, მეგობრების მიერ შერჩეული ახალი სახელებიც, შეურიგებლობა და თავისებური ბრძოლა საზოგადოებისა თუ ცალკეული ადამიანების მანკიერებებთან, არაპროფესიონალიზმთან, უგემოვნობასთან, გაუნათლებლობასთან, ქაჯურ მენტალიტეტთან, სექსუალური თუ სხვა სახის უმცირესობების პრობლემებთან და ასე შემდეგ.
  მათ ძალიან გაუკვირდათ და კიდევ  უფრო მეტად გაუხარდათ, რომ ამდენი საერთო აღმოაჩინეს ერთმანეთში.
შეიძლება ითქვას, ორივეს ერთდროულად, კორტებზე პირველი შეხვედრიდან ძალიან მალე ეწვია სიყვარული, თანაც აღტაცებული, როგორც ეს ძალიან ნორჩი ქალ-ვაჟის გულებში იფეთქებს ხოლმე, არადა, ორივე კარგა ხნის გადაცილებული იყო 30-ს და, ერთსაც და მეორესაც საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება ეკიდა ზურგზე, როგორც ბედნიერების, ისე იმედგაცრუებისა და დრამატული ელემენტების შემცველი. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, ორივე კმაყოფილი ბრძანდებოდა ბედისწერის, იღბლის თუ განგების. ამიტომ ივიკომ დროის დაკარგვა აღარ მოისურვა, კატოს გული და ხელი შესთავაზა და, თანხმობის მიღების შემდეგ ხელის ოფიციალურად სათხოვნელად დღეც დანიშნეს.
ნიშნობა მოკრძალებული იყო: ივიკოს მხრიდან დედა, დეიდა, ორი ბიძა, მამიდა და მომავალი მეჯვარე მივიდნენ ხელდამშვენებულები, კატოს მხრიდან კი დედ-მამა, ბებია, ბიძა-ბიცოლა და ასევე მომავალი მეჯვარე დახვდნენ.
ყველაფერი ტრადიციების სრული დაცვით ჩატარდა: ბეჭდის გაკეთება, საჩუქრების გადაცემა, სადღეგრძელოები, საერთო ახლობლების აღმოჩენა, სახელოვანი ნათესავებით წატრაბახება, ურთიერთმოფერება და ქორწილის დღეზე მოლაპარაკება.
– მე ხვალვე მზად ვარ, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ორთვიან მივლინებაში მიშვებენ ზღვისპირა ქალაქებში ჩვენი ქსელის მუშაობის შესამოწმებლად და ამიტომ ჯობია, რომ ჩამოვალ, მერე გადავიხადოთ ქორწილი. თან მანამდე ცოტას შევემზადებით კიდეც. მინდა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყოს.
მშობლები და ბიძა-დეიდა-მამიდები აყაყანდნენ – ყველას უნდოდა საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა და განსაკუთრებული როლი მოეპოვებინა ამ საქმეში, მაგრამ კატო-კატრინამ თავაზიანად გააჩუმა ყველა და სათნო ღიმილითა და საკმაოდ კატეგორიული ტონით გამოაცხადა:
– ხუანი რომ დაბრუნდება...
– ხუანი ვინღაა?! – ლამის იკივლა დუდანამ. ივიკოს ნათესავები კი შესამჩნევად აიფოფრნენ.
– ხუანი მე ვარ, დედა, კატო კი კატრინაა, – გაეცინა ივიკოს და შეკრებილ საზოგადოებას მოკლედ უამბო თავიანთი ახალი სახელების შერქმევის ისტორია. ყველას გულზე მოეშვა და მხიარული სიცილი გაისმა, მხოლოდ დუდანა იჯდა უკმაყოფილო:
– კატრინას კიდევ არა უშავს, მაგრამ ეს ხუანი რა უბედურებაა, უკეთესი სახელი ვერ მოიფიქრეს იმ შენმა ტუტუცმა მეგობრებმა? განსაკუთრებით ეს პირველი მარცვალი მიშლის ნერვებს.
– დედა! – თვალები გადაუბრიალა ივიკომ დუდანას და ამით აგრძნობინა, რომ მის მეგობრებზე ასე აღარც კი ეხუმრა.
– ხუანი, უკაცრავად, ივიკო რომ დაბრუნდება... რა? რისი თქმა გინდოდა? – ჩაეკითხა კატოს დედა.
– განსაკუთრებულის არაფრის. უბრალოდ, მისი დაბრუნების შემდეგ ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, სად გადავიხდით ქორწილს და, საერთოდ, რა და როგორ გვინდა. ერთი კი აქედანვე მინდა იცოდეთ, რომ მაქსიმუმ ორმოცდაათი კაცი გვეყოლება და არც განსაკუთრებული ხარჯები არ არის საჭირო. თანხას დავითვლით, დავიანგარიშებთ და შუაზე გავიყოფთ, რომ არცერთი ოჯახი არ დაზარალდეს...
უცებ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს და უსიამოვნოდ შეიშმუშნენ. იგივე მოიმოქმედეს მასპინძლებმა.
სიტუაცია ივიკომ განმუხტა:
– ეს სულ ემოციების ბრალია. მივლინებიდან რომ დავბრუნდები, მე და კატო-კატრინა თვითონ მოვილაპარაკებთ ყველაფერზე და ორივე მხარეს შევატყობინებთ.
  მაცაცო და ივიკოს მეგობარი ერეკლე, ანუ მომავალი მეჯვარეები, რაღაცნაირად, თამაშგარე მდგომარეობაში და ღარიბი ნათესავებივით გრძნობდნენ თავს და ამიტომ ჩუმად ისხდნენ, ცოტა არ იყოს, განაწყენებულები, რადგან ისინი მხოლოდ ერთხელ გაახსენდათ სუფრის წევრებს – როცა ოფიციალურად შესვეს ხელისმომკიდეთა სადღეგრძელო, მერე კი ისე მიავიწყდათ, თითქოს ეს ორი ახალგაზრდა აქ არც კი ყოფილიყო. ერეკლეს ცოტათი კი „გაუტყდა“, მაგრამ მერე „დაიკიდა“ და თვითონ გააქტიურდა: დანიშნულებს ცნობილი ლექსები მიუძღვნა, მერე იმღერა და სხვებიც აიყოლია, ბოლოს კი ჯერ საპატარძლო გამოიცეკვა, შემდეგ კი მაცაცოს დაავლო ხელი და სულ ძალით აბზრიალ-ატრიალა. ეს ყველაფერი ისე კარგად გამოუვიდა, რომ კატოს დედას ცოტათი გულიც კი დასწყდა, რომ მისი სასიძო ივიკო იყო და არა ერეკლე, დუდანა კი მაცაცოს აკვირდებოდა და ფიქრობდა, ჩემმა შვილმა რატომ ეს გოგო არ აირჩია საცოლედო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხმა არცერთს არ ამოუღია და ერეკლეს მიერ გამხიარულებული სტუმრები და მასპინძლები სასიყვარულო სიტყვების ფრქვევითა და პირზე კოცნით გამოემშვიდობნენ ერთმანეთს.

***
  ივიკო-ხუანმა კი გამოაცხადა ნიშნობაზე, რომ დავბრუნდები, მერე მოვილაპარაკოთო, მაგრამ მივლინებიდან ის ორი კი არა, ოთხი თვის შემდეგ დაბრუნდა, თანაც ახალშერთული ცოლით.
  კატომ უკვე იცოდა თავისი საქმროს დაოჯახების შესახებ და კარგა ხანს გონზე ვერ მოდიოდა, ვერ იჯერებდა, რომ ივიკომ ის ასე მწარედ მოატყუა.
  მივლინებაში წასვლიდან მთელი თვე-ნახევრის განმავლობაში დილა-საღამოს სკაიპით ელაპარაკებოდნენ და სიყვარულს უხსნიდნენ ერთმანეთს, მერე კი, ივიკო, როგორც იტყვიან, „რადარიდან გაქრა“. კატოს ისე შეეშინდა, რამე ხომ არ დაემართაო, რომ მასთან ჩასვლას აპირებდა და ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მაცაცოს გაანდო. მაცაცოც ღელავდა მეგობრის გამო, ამიტომ, მიდგა-მოდგა, ქვეყანა შეაწრიალა და თავისი ზღვისპირელი მეგობრებისა და ივიკოს სისტემაში მომუშავე ნაცნობების მეშვეობით დაადგინა, რომ ბატონ იოანე-ხუანს არაფერი დამართნია, პირიქით, თავს იმდენად კარგად გრძნობს, რომ ცოლიც კი შეურთავს, ვიღაც 16 წლის ლაწირაკი გოგო, რომელსაც ჯერ სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული.
დასასრული შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3