კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 საშიში მცენარეები

აგათა კრისტი

  ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერკიულ პუაროს, ვინმე ამელია ბაროუბისგან წერილი მოუვიდა. ქალბატონი შეწუხებული ჩანდა და დახმარებას სთხოვდა, თუმცა დეტალებზე არაფერს ამბობდა. მხოლოდ წერდა, საქმე ძალიან დელიკატურია და თუ ფაქტები დადასტურდება, მირჩევნია, ის პირადად მოვაგვაროო. პუარომ თანხმობა მისწერა, პასუხი აღარ მიუღია. ერთ მშვენიერ დღეს კი გაზეთში შემთხვევით უცნაური შინაარსის ინფორმაცია  ამოიკითხა: „26 მარტს ჩერმანს გრინში, სახლში, რომელსაც „ვარდის ბაღი“ ჰქვია, სამოცდაცამეტი წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ამელია ჯეინ ბაროუბი. გთხოვთ სამძიმარზე ყვავილები არ მოიტანოთ“.
პუარომ წერილი გაამზადა:
  „ძვირფასო მის ბაროუბი! სამწუხაროდ, ჩემს წერილზე პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ ხუთშაბათს ჩერმანს გრინში ვიქნები. შემოგივლით და განვიხილოთ ის პრობლემა, რაზეც თქვენს წერილში წერდით“.
პასუხმაც არ დააყოვნა:
  „პატივცემულო სერ! გაცნობებთ, რომ ჩემი დეიდა მის ბაროუბი, 26 მარტს გარდაიცვალა. ასე რომ, თქვენს ვიზიტს უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მერი დელაფონტენი“.
– უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს... – პუარომ ჩაიღიმა, – ამას კიდევ ვნახავთ.
„ვარდის ბაღი“ თავის სახელს სავსებით შეესაბამებოდა. ჭიშკრიდან სახლამდე ვიწრო გზა მიდიოდა, რომლის ორივე მხარეს ყვავილნარი იყო მოწყობილი. გზის ერთი კიდე ნაწილობრივ ნიჟარებით იყო მოკირწყლული. პუაროც სწორედ ამ ყვავილნარს ათვალიერებდა, როდესაც სახლიდან მოახლე გამოვიდა. სტუმარი სახლში შეიპატიჟა და დიასახლისის დასაძახებლად წავიდა. ვიდრე დიასახლისი მოვიდოდა, ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა და სტუმარს ეჭვით მიაჩერდა. შემდეგ კი პირდაპირ მიახალა:
– რატომ ჩამოხვედით? ადვოკატი ხართ? არა? მას სურდა, რომ ფული მე დამრჩენოდა და მე მათ მივიღებ! ფული ჩემია! მან ასე დაწერა და ასე იქნება!
გოგონა თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ქალი შემოვიდა.
– კატრინა, – ხმადაბლა თქვა მან.
გოგონა მაშინვე გავიდა. პუარო მიხვდა, რომ მის წინაშე სახლის დიასახლისი – მერი დელაფონტენი იდგა.
– მოსიე პუარო? მე თქვენ მოგწერეთ. ჩემი წერილი არ მიიღეთ?
– სამწუხაროდ, ლონდონში არ ვიყავი.
– გასაგებია! ნება მომეცით გაგეცნოთ. მე მერი დელაფონტენი ვარ. ეს ჩემი ქმარია. მის ბაროუბი ჩემი დეიდა იყო.
მისტერ დელაფონტენი ოთახში ისე ჩუმად შემოვიდა, რომ პუარომ მისი შემოსვლა ვერც შეამჩნია. სამაგიეროდ, შენიშნა, რომ ის  ხშირად აპარებდა ცოლისკენ თვალს და სავარაუდოდ, ოჯახში „დაქვემდებარებული პირი“ უფრო იყო, ვიდრე უფროსი. პუარომ შეწუხებისთვის ბოდიში მოიხადა და წასვლა დააპირა. ქალმა შეაჩერა:
– ხომ ვერ გვეტყვით, რა საქმეზე უნდა გელაპარაკათ დეიდასთან? იქნებ დაგეხმაროთ?
– ძალიან პირადული საკითხია, – უპასუხა პუარომ, – მე დეტექტივი ვარ.
– დეტექტივი? – გაკვირვებით იკითხა მისის დელაფონტენმა, – და თქვენ შეხვედრა დეიდამ დაგინიშნათ? რა უცნაურია! უფრო დაწვრილებით ვერ მოგვიყვებით? ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია!
– ვშიშობ, რომ ამ მომენტისთვის ვერაფერს გეტყვით.
პუარო გასასვლელისკენ გაემართა. ბაღში შეჩერდა და დიასახლისს მიმართა:
– მგონი, თქვენ ბაღი ძალიან გიყვართ, მადამ.
– დიახ, აქ თავად ვაკეთებ ყველაფერს.
– მიიღეთ ჩემი კომპლიმენტები.
სახლიდან გამოსული პუარო პირდაპირ პოლიციის განყოფილებისკენ გაემართა. ინსპექტორი სიმსი საკმაოდ თავაზიანად შეხვდა. აი, რა უამბო მან პუაროს:
– მოხუცი სამშაბათს საღამოს, სადილის შემდეგ გახდა ცუდად. კონვულსიები, სპაზმი... და ასე შემდეგ. ვიდრე ექიმი მოვიდა, ლედი გარდაიცვალა, თითქოს გულის შეტევისგან. ექიმი ამ ახსნამ ვერ დაარწმუნა და გარდაცვალების მოწმობის გაცემაზე უარი თქვა. გაკვეთამ აჩვენა, რომ მოხუცი სტრიქნინისგან გარდაიცვალა. ახლა საკითხავი ისაა, ეს ვინ გააკეთა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ სტრიქნინი კერძში ჩაუყარეს, თუმცა ეს ძნელი წარმოსადგენია. მათ სახლში რუსული წარმომავლობის გოგონა ცხოვრობს – კატრინა რიგერი, რომელიც მის ბაროუბის კომპანიონიც იყო, მომვლელიც და მოახლეც. სახლში კიდევ ერთი მოახლეა, მაგრამ სამშაბათს  დასვენების დღე ჰქონდა. მან სუპი და თევზი მომზადებული დატოვა. სუფრასთან მჯდომმა ყველა ადამიანმა ერთი და იგივე საჭმელი ჭამა. ამას გარდა, ამ საჭმელებში სტრიქნინის ჩაყრა შეუძლებელია. ის საშინლად მწარეა. ყავაში კიდევ შეიძლება, მაგრამ მოხუცს ყავა არ უყვარდა. ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ მოხუცმა ჭამის წინ რაღაც ფხვნილი მიიღო, რომელიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. აი, ფხვნილის შეცვლა კი ნამდვილად არ იქნებოდა პრობლემა. მწარე გემოსაც, მოხუცი ყურადღებას არ მიაქცევდა. კიდევ ფხვნილი მას იმ რუსმა გოგომ დაალევინა. მთავარი კი ის არის, რომ მის ბაროუბიმ თავის ნათესავებს, დელაფონტენებს თანხის ძალიან მცირე ნაწილი უანდერძა, დანარჩენი კატრინა რიგერს დაუტოვა. არც თავად გოგონა უარყოფს, რომ ფხვნილთან შეხება მის გარდა არავის ჰქონდა. მას, ალბათ, დავაპატიმრებთ. არ მინდა, გავრისკოთ. მას შეიძლება  ისეთი მეგობრები აღმოაჩნდნენ, რომლებიც მის გადამალვაზე იზრუნებენ.
– არა მგონია მას მეგობრები ჰყავდეს, – თქვა პუარომ, შემდეგ კი დაამატა, – არა, ვცდები, მას შეიძლება, ერთი მეგობარი ჰყავდეს. კიდევ რაიმეს თქმა ხომ არ შეგიძლიათ?
– როგორც ჩანს, მის ბაროუბი, ბოლო დროს, თავისი აქციებით რაღაც საეჭვო ოპერაციებს ახორციელებდა და ბევრი ფული დაკარგა.
მეორე დღეს ინსპექტორმა სიმსმა პუაროს აცნობა, რომ კატრინას საწოლში სტრიქნინის პაკეტი იპოვეს.
–  ეს საქმეს ასრულებს, – უთხრა მან პუაროს.
– კი, – თქვა პუარომ, – მეც ასე  ვფიქრობ, ეს საქმეს ასრულებს.  
პუარო ისევ პოლიციაში მივიდა და დაპატიმრებულ კატრინა რიგერთან დალაპარაკება მოითხოვა. კატრინა კიდევ უფრო ფერმკრთალი და მოღუშული ჩანდა, ვიდრე იმ დღეს, როდესაც იგი პუარომ პირველად ნახა. პუარო მას რამდენიმე წუთი ესაუბრა. დამშვიდობების წინ კი უთხრა:
– გამაგრდით, მადმუაზელ! თქვენ თავისუფლება, ფული და უზრუნველი ცხოვრება გელოდებათ!  
როდესაც პოლიციის განყოფილებიდან გადიოდა, ინსპექტორმა სიმსმა გააჩერა:
– რაღაც ვერ გავიგე, გუშინ თქვენ ამბობდით, რომ გოგონას ვიღაც მეგობარი ჰყავს...
– რა თქმა უნდა, ჰყავს. ეს მე ვარ.
პუარომ, ვიდრე „ვარდების ბაღში“ მივიდოდა, იმ თევზით მოვაჭრესთან შეიარა, რომელიც ამ სახლს ამარაგებდა და  რამდენიმე კითხვა დაუსვა. მისის დელაფონტენი სტუმარს ბაღში დაუხვდა.
– მოსიე პუარო? დაბრუნდით? რატომ?
– კი დავბრუნდი, – პუარო ცოტა ხნით გაჩუმდა, – მადამ, როდესაც თქვენი ბაღი პირველად ვნახე, თვალში ნიჟარებით მოპირკეთებული გზის კიდე მომხვდა. თუმცა უცნაური ნიჟარები შეგირჩევიათ. ეს ხომ ხამანწკების ნიჟარებია?
მან გაიგონა როგორ სწრაფად შეისუნთქა ქალმა ჰაერი. თვალებში კითხვა გამოესახა. პუარომ განაგრძო:
– ვიცი, რომ მოახლემ თქვენ წინასწარ მომზადებული სადილი დაგიტოვათ, იმიტომ რომ იმ საღამოს ისვენებდა. თქვენ მარტო ის ჭამეთ, რაც იმ ქალმა მოამზადა და ამას მოახლეც და კატრინაც დაადასტურებენ. მაგრამ  მხოლოდ თქვენ და თქვენმა ქმარმა იცით, რომ სახლში დამატებით ხამანწკებიც მოიტანეს. რა მარტივია სტრიქნინის ხამანწკაში ჩაყრა... და კიდევ უფრო  მარტივია ხამანწკის გადაყლაპვა!.. მაგრამ რჩება ნიჟარები... ნაგვის ურნაში მათი ჩაყრა შეუძლებელია. მოახლე ამას შენიშნავდა.   თქვენ გამოსავალი იპოვეთ, ნიჟარებით გზის კიდე მოკირწყლეთ. თუმცა, როგორც ჩანს, ნიჟარები არ გეყოთ და რიგი ბოლომდე ვერ დაასრულეთ, რამაც თქვენს ბრწყინვალე ბაღში სიმეტრია დაარღვია. ხომ დამეთანხმებით, რომ  ხამანწკის ნიჟარები აქ ნამდვილად უადგილოა... ისინი მაშინვე თვალში გხვდება.
– თქვენ ყველაფერს  წერილიდან მიხვდით? – უპასუხა  გაფითრებულმა მერი დელაფონტენმა, – მე ვიცოდი, რომ წერილი დაიწერა, მაგრამ არ შემეძლო მცოდნოდა, რამდენად გაგენდოთ.
– ჩემთვის ცნობილი ის იყო, რომ ეს საქმე ოჯახს ეხებოდა, – უპასუხა პუარომ, – საუბარი კატრინაზე რომ ყოფილიყო, თქვენს დეიდას ყველაფრის საიდუმლოდ შენახვის საჭიროება არ ექნებოდა. როგორც ვხვდები, მის ბაროუბის ფასიან ქაღალდებს თქვენი ინტერესებისთვის იყენებდით და მან ამის შესახებ გაიგო.
მერიმ თავი დააქნია.
– ჩვენ ეს რამდენჯერმე გავაკეთეთ. არ მეგონა, თუ მას იმის ჭკუა ეყოფოდა, ყველაფერს მიმხვდარიყო. შემდეგ გავიგე, რომ დეტექტივი მოიწვია, რომ მთელ ფულს კატრინას უტოვებს – იმ საცოდავ ქმნილებას.
– და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა სტრიქნინის პაკეტი კატრინას საძინებელში. გასაგებია. თქვენ შეგეშინდათ, რომ მე ყველაფერს მივხვდებოდი და შეეცადეთ, ყველაფერი უდანაშაულო გოგოსთვის დაგებრალებინათ. თქვენ ძალიან დაუნდობელი ხართ, მადამ.
მერი დელაფონტენმა მხრები აიჩეჩა. მისი ცისფერი თვალები პუაროს დაჟინებით და ავად მისჩერებოდა.
– დანდობა? – თქვა მან, – იმ საცოდავი არსების? იმ უსინდისო ინტრიგნის? – მის ხმაში ზიზღი იგრძნობოდა.
– ვფიქრობ, მადამ, – ხმადაბლა წარმოთქვა პუარომ, – ცხოვრებაში თქვენ მხოლოდ ორი რამ გიყვარდათ: ერთი თქვენი ქმარია...    
მან შემჩნია, როგორ შეირხა მისი ტუჩები.
– მეორე – თქვენი ბაღი,  რომელსაც ნამდვილად დააკლდება თქვენი ხელი.  
პუარომ ირგვლივ მიმოიხედა. თითქოს, ყვავილებს პატიებას სთხოვდა იმის გამო, რაც უკვე გააკეთა და იმის გამოც, რაც უნდა გაეკეთებინა.
    თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3