კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 სიბრძნე სათნოებათა ერთობლიობაშია

სახარებისეული იგავი ათი ქალწულის შესახებ
  ამ იგავში ხუთ ბრძენ და ხუთ უგუნურ ქალწულზეა საუბარი, მაგრამ ხუთი გონიერი და ხუთი უგუნური ადამიანი იგულისხმება. გონიერთ ლამპრებისთვის წმიდა ზეთი ჰქონდათ, ხოლო სულელთ მხოლოდ ლამპრები ეპყრათ. ლამპარი ამ იგავში სხეულის სიმბოლოა, ხოლო ზეთი – წყალობისა.
  ბერძნულად „წყალობა“ გამოითქმის „ელეოს“, აქედან იშვა სიტყვა „პოლიელოს“, რაც „მრავალმოწყალეს“ ნიშნავს. ტაძრის კურთხევის საზეიმო წირვაზე სანთლები და კანდლები ინთება, როდესაც რჩეული ერის მიმართ ფსალმუნები იკითხება ღმერთის მრავალმოწყალების შესახებ და მრავალგზის მეორდება სიტყვები: „რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი!“
  ბრძენ ქალწულებს წმიდა სხეულები და სულები ჰქონდათ, გარდა ამისა, დიდად მოწყალენი იყვნენ იმ უძლურთა მიმართ, რომლებიც ჯერაც ცოდვებში არიან. უგუნურნი ხორციელ სიწმიდეს მკაცრად იცავდნენ, მაგრამ უძლურთ შეურაცხებით, უწყალოდ უმზერდნენ, ქედმაღლურად განსჯიდნენ და ზურგს აქცევდნენ მათ. „მართლებს უგუნურები ეწოდათ, – ამბობს წმიდა ნილოს სინელი, – იმიტომ, რომ რთულ, თითქმის შეუძლებელ ღვაწლში წარემატნენ – უმანკოება დაიცვეს, მაგრამ მცირე და ადვილი უგულებელყვეს“. ხოლო უგულებელყვეს მოწყალება, თანაგრძნობა, მიტევება. მათი ლამპარი წმიდაა, მაგრამ ცარიელია და ჩაბნელებული! როდესაც სიკვდილის ჟამი მოაწევს, სხეულს მიწა დაფარავს, სული გზას სამუდამო ნავსაყუდელისკენ გაუდგება, მოწყალების ზეთი კი გზას გაუნათებს და წინ წაუძღვება. ვისაც ამგვარი ზეთი არ აღმოაჩნდება, წყვდიადი შთანთქავს! წინ ბნელი ჭიშკარი დაუხვდება. ეს საზარელი სიბნელე როგორ უნდა განვლოს? სული შეშინებული ძრწის, აჩრდილთა ხილვა აკრთობს, როგორც კოშმარულ სიზმარში. ვინ შეიწყალებს მას? თუნდაც სინათლის სხივს ვინ გაუწვდის? ღმერთი მხოლოდ მოწყალეებს შეიწყალებს, როგორც ითქვა: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (მთ. 5,7). ვინც ქმნილების მიმართ მოწყალე იყო, შემოქმედის მიერ იქნება შეწყალებული. რაოდენ სარწმუნოა და სანუგეშო, მაგრამ ამავე დროს საშიში – უწყალოთათვის!
  ჩვენ მახლობლად ერთი გაუთხოვარი დედაკაცი ცხოვრობდა. ამბობდნენ, რომ ახალგაზრდობაში „პატიოსანი“ იყო, მთელი ცხოვრება ასე განვლო. ძალიან კარგია ეს ყოველივე და მხოლოდ ქებას დაიმსახურებდა, რომ არა მისი ბოროტი ენა, რომელსაც ყოველდღიურად სწყდებოდა შხამიანი ისრები იმათ მიმართ, ვინც დაოჯახებულია და სცოდავს. დილიდან საღამომდე თავს საკუთარი უმანკოებით იქებდა და იმათ შეურაცხყოფდა, ვინც საძაგლად ეჩვენებოდა. ერთმა მღვდელმა მასზე თქვა: „თუკი ვერ ხვდებით, როგორია უგუნური ქალწული სახარებისეული იგავიდან, აჰა, იხილეთ!“ მართლაც, უგუნურება უფრო მეტად ჩანს, როდესაც ადამიანს ერთ-ერთი სათნოება აქვს. მგზავრს ღამის სიბნელე უფრო მეტ წყვდიადად მოეჩვენება, თუკი ცეცხლს მისჩერებია. სიბრძნე ერთ სათნოებაში კი არ არის, არამედ სათნოებათა ერთობლიობაში. ბრძენის სიტყვებია: სიბრძნემ სახლი შვიდ სვეტზე აიშენა. ბრძენია ის, ვისაც შვიდი სათნოება აქვს.
ნიკოლოზ სერბელი
(ველიმიროვიჩი)
скачать dle 11.3