№22 როდის გადადიან ადამიანები სარწმუნოებისადმი მაგიურ დამოკიდებულებაში და ქრისტიანების რამდენი სახეობა არსებობს დღეს
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
ადამიანებს ეკლესიური ცხოვრებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. ხშირად არასწორად გვწამს და არასწორად ვცხოვრობთ. რაზე უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენი ეკლესიური ცხოვრება, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– ჩვენ სხვებს კი არ უნდა დავუსვათ შეკითხვები, არამედ საკუთარ თავს. მაგალითად, რომელი სარწმუნოებაა მაცხონებელი – მართლმადიდებლობა. ხარ თუ არა მართლმადიდებელი? – ხარ. იცავ მცნებებს? – რა თქმა უნდა, ვერ იცავ. რას აკეთებ იმისთვის, რომ მცნებები დაიცვა? – უნდა იარო ეკლესიაში. რომელ ეკლესიაში? – იქ, სადაც შენი სული სიმშვიდეს მოიპოვებს, სიყვარულსა და სიხარულს ეზიარება. ყველა ჩვენგანმა მსგავსი შეკითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს. თანამედროვე კვლევების მიხედვით სულ ორი ტიპის საზოგადოება არსებობს. პირველი – უნივერსალური საზოგადოება და მეორე – იგივე ნეპოტისტური საზოგადოება. პირველი საზოგადოების მიხედვით აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის კანონი კანონია, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, ადამიანები თავად ამყარებენ წესრიგს. რაც შეეხება მეორე საზოგადოებას, ეს ზუსტად ის საზოგადოებაა, რომელიც საქართველოშია. თუ ვინმე არ ჰყავს, დაიჭერენ; თუ პატონი არ ჰყავს, პასუხს მოჰკითხავენ; თუ ვინმეს ნათესავია, დააწინაურებენ, მოკლედ შერჩევითი სამართალია. უნივერსალურ საზოგადოებაში ადამიანი ხომ უნდა იცავდეს უფლის მცნებებს. რანაირად შეიძლება, საზოგადოება იყოს უნივერსალური, თუ ის იცავს საგზაო წესებს, იცავს ქუჩაში სისუფთავეს, მაგრამ არ იცავს ათ მცნებას, 9 ნეტარებას.
– როგორია დღევანდელი ქრისტიანების სარწმუნოება, რას არის ის მოკლებული?
– სოფრომ სახაროვი ამბობს: სამი რამ მაკვირვებსო: პირველი: ადოგმატური სარწმუნოება. ანუ სარწმუნოება დოგმატების გარეშე. თქვენ ყოველ დილით კითხულობთ სარწმუნოების სიმბოლოს „მრწამსს“, სადაც 12 მუხლია წარმოდგენილი, 12 დოგმატი. რამდენმა ქრისტიანმა იცის ზეპირად „მრწამსი“? კი, ვკითხულობთ, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, რა დოგმატზეა საუბარი. ნათლისღების დროსაც არც მოძღვარი უხსნის რამეს და არც მოსანათლმა და ნათლიამ იცის არაფერი. რომელი წესების უნივერსალურ დაცვაზეა საუბარი, როდესაც უფლის მცენებებს არ იცავ, როცა ღმერთი გწამს და დოგმატებში ვერ ერკვევი? ზოგი ფიქრობს, მე ღმერთი დოგმატების გარეშე მწამსო. ყველას თავისი ქრისტე, თავისი სახარება, დოგმატი და შეხედულება აქვს. ამიტომაც ხედავ მორწმუნე ადამიანს, რომელიც ბილწსიტყვაობს, ეს შეიძლება, სასულიერო პირიც იყოს. ერთხელ პატრულმა დამირეკა: სასულიერო პირი ვნახე, ნასვამია, დედას მაგინებს და წაიყვანეო. ის საკმაოდ ცნობილი მოძღვარია და ბევრ ადამიანს არიგებს ჭკუას. თუ „მრწამსი“ არ იცი, ელემენტარული კატეხიზაცია არ გაგივლია, მაშინ შენ გარკვეული მაგიის წარმომადგენელი ხარ. ასეთი სარწმუნოება არ არსებობს.
– მამაო, რას ნიშნავს არაქრისტიანული ქრისტიანობა. ვინ არიან ეს ადამიანები?
– უფრო მეტს გეტყვით: არიან ქრისტიანები, რომლებიც აღდგომის მერე მიდიან ეკლესიიდან, ასევე, მარხვის შემნახავი ქრისტიანები, გაჭირვებაში მოსული ქრისტიანები, მოხიბლული ქრისტიანები, ფარისეველი ქრისტიანები, მოზეიმე ქრისტიანები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ფარისევლობაა თუ ამ ყველაფერს მხოლოდ გარეგნულად აკეთებ. ხატს დაწერენ, სამებაში გადააბრძანებენ ან ჩოხებით გაივლიან და ეს ჰგონიათ ღვაწლი. ღვაწლი სხვა რამეა. მრავალშვილიან ოჯახში რომ მიხვალ და სახლს დაულაგებ, შესაწირს გაუკეთებ. რომ ხედავ, ვიღაც რაღაცას აშავებ და რჩევას მისცემ: ეს არ გააკეთო, ოჯახი დაგენგრევა, გიყვარდეს შენი ქმარი, გიყვარდეს შენი ცოლი. ეს არის ოჯახის სიწმინდე და არა ბაირაღებით სიარული. ვიღაცას ვაჩვენებთ, რა მაგრები ვართ. ეს ყველაფერი ხომ პოპულიზმია, რომ მერე დავადოთ გულისამაჩუყებელი მუსიკა და ვატრიალოთ სოციალურ ქსელში. აჩვენეთ სხვებს, როგორი მტკიცე ოჯახები გვაქვს ქართველებსო. ვის აქვს მტკიცე ოჯახი? იცით, ვის, როცა ცოლიც და ქმარიც ეკლესიაში მოდის, ერთმანეთს შენდობას სთხოვენ: მაპატიე, რომ გაბრზებ, სხვისკენ გამირბის თვალიო. ქალი კი ეტყვის: ჩემი ბრალია, მე არ ვიქცევი სწორადო. ეს არის მტკიცე ოჯახი, ასე აძლევენ მაგალითს და ამას ხედავენ მათი შვილები. ერის, გვარის, ოჯახის კურთხევა იმას ნიშნავს, რომ ესა თუ ის ერთი გვარი, რამდენად გაქრისტიანებულია, დაწინდულია და რამდენად უყვარს ღმერთი, ასრულებს კანონებს. ამიტომაც დაადგინა პატრიარქმა, რომ გარკვეულ დღეს ამა თუ იმ გვარს ლოცავენ. ესენი კი დაწერენ ხატს, მივლენ ეკლესიაში და ერთხელ მისვლით მთავრდება ყველაფერი. რადგან ერთხელ დალოცა პატრიარქმა, ამიტომ სულ დალოცვილები არიან. ასეთი სწავლება არ აქვს ეკლესიას. ეკლესიურობის გარეშე არანაირი გვარის კურთხევა, გადარჩენა არ არსებობს. სამწუხაროდ, ასეთი ქრისტიანები არიან დღეს საქართველოში და ეს არ არის ეკლესიური ცხოვრება. ეკლესიური ცხოვრებაა, როცა ეკლესიაში არ არის არანაირი დღესასწაული და ადამიანები მოდიან, თავჩაღუნულები ესწრებიან წირვა-ლოცვას. ავად რომ გახდები, ექიმი გეტყვის, რამდენიმე დღე გაქვს დარჩენილიო და მაშინ მიდიხარ ეკლესიაში, ეს არ არის მოსვლა. კარგად რომ ხარ, ოჯახშიც კარგად რომ არის საქმე, მაშინ მიხვალ და მამაოს ეტყვი: მინდა, სამადლობელი პარაკლისი გადაიხადო, რომ ყველას დავანახვო, რაც მაქვს, ყველაფერი უფლსიგან არის, ღმერთმა მომცა. ეკლესიური ცხოვრებით მოვიმუშაკე ის, რაც გამაჩნიაო. შეიძლება, ადამიანი დროებით განიკურნოს, წავიდეს, დაავიწყდეს, ვინ მისცა ეს კურნება და უარეს მდგომარეობაში ჩავარდეს. წავა ეშმაკი, თავისზე 7-ჯერ უფრო ძლიერ ეშმას მოიყვანს და უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს ადამიანს, ოღონდ, ღმერთის დაშვებით. იმიტომ კი არა, რომ ღმერთი ბოროტია, სხვაგვარად არ გესმით ადამიანებს, არ გინდათ, რომ ისე იაროთ ეკლესიაში, თუ მარხვა არ არის, ჯვრისწერა, ნათლობა... როცა ჩვეულებრივი დღეებია, ეკლესიური ადამიანები მაშინ დადიან ეკლესიაში, დღესასწაულებს არ ელოდებიან. ტაშ-ფანდურად იქცა დღეს ყველაფერი. ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: მძულს თქვენი დღესასწაულებიო. ნახეთ, რა ხდება აღდგომის მერე, ნინოობაზე, გიორგობაზე. ეს არის ფარისევლობა და ღმერთს არ მოსწონს. ეს არის ანტიეკლესიურობა. მესამე, რამაც გამაოცა, არის ასკეზის გარეშე ქრისტიანობა.
– რას გულისხმობთ, მამაო?
– ნებისმიერ რამეს დიდი შრომა სჭირდება და როგორ გგონიათ, ქრისტიანობა ასეთი მარტივია? 49 დღე ხაჭაპური არ ვჭამე, ლობიანი ვჭამე, მეტანიები გავაკეთე, ავდექი, დავჯექი, ბზა წავიღე სახლში და ქრისტიანი ვარ. ეს ასკეტიკა კი არ არის, გაქანებული ფარისევლობა, თავის მოტყუებაა. ლოცვის მერე რომ წახვალ, ვერავინ გხედავს და მოწყალებას აკეთებ, სახლში მისული მუხლს მოიყრი და სხვებისთვის ლოცულობ, ესაა ქრისტიანობა. ეკლესიურობა ის არის, რომ მტკივა სხივისი პრობლემები და თქვენც გტკივათ ჩემი. სამი რამ დაიმახსოვრეთ: ეკლესია, სარწმუნოება არ არსებობს დოგმატების, ეკლესიური ცხოვრებისა და ასკეტიზმის გარეშე. ასკეტიკა კი გვესმის მარხვის შენახვით და მეტანიების კეთებით. ასკეტიკა – ეს არის დაფარული ღვაწლი, რომელითაც უნდა ცხოვრობდნენ ქრისტიანები. დღეს მხოლოდ სიტყვების ბრახა-ბრუხი გვაქვს: ბაირაღები ავიღოთ, ტრანსფარანტები, იქ ვიყავი, გახსნაზე ვიყავი, ფოტოები გადავიღე, ამ ეპისკოპოსთან ახლოს ვარ, თანხა შევწირე, ცხვარი შევწირე – ეს არის დღეს ჩვენი ქრისტიანობა.