კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ გაიხსენა „პრეზიდენტმა“ ბიბილოვმა ირანული წარმომავლობა და არის თუ არა მოსალოდნელი ირანის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ათიოდე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იუჟნაია ოსეტიას“ „პრ.-მა“ ბიბილოვმა ირანელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ირანთან ურთიერთობის გაღრმავების სურვილზე ისაუბრა (ირანული მოდგმის ხალხი ვართო) და ირანის მიერ სეპარატისტული ცხინვალის აღიარების სურვილიც გამოთქვა. ამის შემდეგ პრორუსულმა „სპუტნიკ იუჟნაია ოსეტიამ“ ვინმე ირანელ პოლიტოლოგთან ინტერვიუც გამოაქვეყნა, რომელიც მიესალმა სამხრეთელ ოსებთან ურთიერთობის გაბმა-გაღრმავებასა და იქ ირანელი ტურისტების ინტენსიურ ჩასვლას (ირანული მოდგმის არიანო, ოღონდ რა ესაქმებათ მაშინ სამხრეთ კავკასიაში?!). მართალია, მეტად საეჭვოა ირანელი რესპონდენტის რეალურობა, თუმცა ის კი ფაქტია, რომ მსგავსი ინფორმაცია შემთხვევით არ ვრცელდება ხოლმე და კონკრეტული მიზანი აქვს. ეს, უბრალოდ, ბიბილოვის მადის გამოვლინებაა (სირიის შემდეგ ირანის აღიარებაც მოესურვილათ), თუ მისი პირით კრემლი გვაფრთხილებს, რომ შემდეგ ამღიარებლად რიგში ირანია? – ამ თემაზე პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
– ბიბილოვის თვითშემოქმედებაა, რაც მოვისმინეთ თუ მოსკოვის დავალებას ასრულებს? ალბათ, ლოგიკური იყო, რაც ითქვა, მაგრამ რისი თქმა უნდათ ამით ჩვენთვის?
– ბუნებრივია, ეს არის ლოგიკური ჯაჭვის მორიგი რგოლი. ასეთი ინფორმაცია ძალიან იშვიათად ჩნდება ამა თუ იმ პოლიტიკური მოთამაშისა თუ მედიის დაინტერესების შედეგად, ასეთი ინფორმაცია გამიზნულად შემოდის საინფორმაციო ველში, რაც ახდენს სასურველი ან არასასურველი რეაქციის პროვოცირებას ამა თუ იმ მხარის მიერ. ცხადია, ბიბილოვს არავინ არაფერს ეკითხება და ეს ყველაფერი საქართველოზე ზეწოლის ძალიან მნიშნელოვან მოვლენათა რიგში ერთ-ერთი რიგითი ფაქტორია. არ შეიძლება, გულუბრყვილოები ვიყოთ და გვეგონოს, რომ შემთხვევითია პანკისის ხეობაში, დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები ან ჯავახელი სეპარატისტების უცნაური განცხადებები, რომ ამერიკელი სომხები ფულს აგროვებენ ჯავახელი სეპარატისტების დასატრენინგებლად. ლოგიკურად უნდა წამოსულიყო აჭარისა და თურქეთის ექსპანსიის თემა, მაგრამ აქცენტი, ეგრეთ წოდებულ, „სამხრეთ ოსეთზე“ გადავიდა. ამ თემას არ შეიძლება, კონკრეტულ ისტორიულ ასპექტში შევხედოთ, იმიტომ რომ ისტორიული ასპექტი, ირანისა და ოსების ურთიერთმიმართება, ოსების ეთნოგენეზი, ძალიან საინტერესო საკითხია მკვლევარი ისტორიკოსებისთვის.
– თუ ირანელების მონათესავეები არიან და ამას აღნიშნავენ, კავკასიაში, მით უფრო, საქართველოს ტერიტორიაზე როგორღაა მათი ისტორიული განსახლების, ანუ ალანიის ადგილი?
– ამ მიმართულებით ვაპირებდი მსჯელობის გაგრძელებას. ცხადია, ალანები მნიშნელოვანი ცივილიზაცია იყო, მომთაბარე ხალხი და მომთაბარეობის საფუძველი ყველა იმ ხალხისთვის, რომლებმაც ეს ეტაპი თავის დროზე გაიარეს, ის არის, რომ ბინადარ ცხოვრებამდე არ ჰქონდათ საცხოვრისი. ჯერ ერთი, ცალკე თემაა, ცხოვრობდნენ თუ არა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტეშობამდე ალანები, დღევანდელი ოსების წინაპრები, ან რატომ იყო, რომ ვახტანგ გორგასალმა მოძალებული ალან-ოსური მოსახლეობა დაამარცხა და როგორც ისტორიკოსი წერს, თავად ჩაიყვანა მათ ისტორიულ სამკვიდროში.
– რომ დარწმუნებულიყო, უკან აღარ დაბრუნდებოდნენ.
– გაჰყვა მათ ადგილზე და დააბინავა, ოღონდ აქეთ, დარიალს გადმოღმა არ გადმოსულიყვნენ. ან, როდესაც გიორგი ბრწყინვალემ გაატარა ეროვნული ინტერესები და გორში დამკვიდრებული ოსები ბრძოლით გადარეკა კავკასიონს გადაღმა. ძალიან საინტერესოა ისტორიის ლაბირინთში შესვლა და, რა თქმა უნდა, ისტორია საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ, ეს ისეთი ლაბირინთია, საიდანაც გამოსვლას არიადნას ძაფიც ვერ უშველის. მეორე მხრივ, ჩვენი მოძმე და დღეს გზაკვალარეული ოსები ამბობენ, რომ ეს იყო მათი განსახლების ადგილი, მაგრამ მაშინ, მეხუთე საუკუნის დასაწყისში რომ ჩრდილოეთ აფრიკაში გერმანული მოდგმის ტომებთან, ვანდალებთან, ერთად, კართაგენის სახელმწიფო დააფუძნეს, რომელიც რომს უწევდა მეტოქეობას და რომელმაც 534 წლამდე იარსება, მოითხოვონ ტუნისში სახელმწიფოს შექმნა, დასახლდნენ კომპაქტურად, იმიტომ რომ მათი  ისტორიული წინაპრები იქაც ცხოვრობდნენ ოდესღაც. ასე რომ, ამ ასპექტით სარგებლობა ძნელია და ჩვენ ამ საკითხს დღევანდელი გეოპოლიტიკური გორდიას კვანძის სახით უნდა შევხედოთ. ამერიკელებიცა და ევროპელებიც დიდი სიფრთხილით ეკიდებიან აქ მიმდინარე პროცესებს, იმიტომ რომ, საკუთრივ, სამხრეთ  კავკასიაში მეტად ჭრელი სურათია. საქართველო მთლიანადაა ამერიკისა და დასავლეთის მოკავშირე და მათი ინტერესების გამტარებელი რეგიონში. სომხეთი, ფაქტობრივად, რუსეთის ფავორიტია, მიუხედავად ფაშინიანის მოსვლისა ხელისუფლებაში და აზერბაიჯანი, უწინარესად, თურქეთის სტრატეგიული მოკავშირეა, თუმცა, პარალელურად, ის რუსეთთან ურთიერთობასაც ახერხებს.
– ზუსტად მახსოვს, პუტინმა რამდენჯერმე თქვა, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო.
– დასტურდება თუ არა ეს ოფიციალური დოკუმენტებით, ძნელი სათქმელია, თუმცა ამის თქმა განცხადებების დონეზე იოლია, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში მოხდა საოცარი რამ – რუსეთი და თურქეთი მთელ რიგ საკითხებში დაახლოვდნენ, მაშინ, როდესაც მთელი მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეები რუსეთ-თურქეთისა და ირანის ომების ეპოქა იყო. თუ არ გავითვალისწინებთ ქემალ ათა თურქისა და ლენინის თანამშრომლობას ჩვენი ტერიტორიების გამო, პირველი შემთხვევაა, რომ ისინი მეგობრობენ და სათანადო რუსული შეიარაღების შესყიდვაზე, ამერიკის ზეწოლის მიუხედავად, თურქეთმა უარი არ თქვა. ეს მნიშვნელოვანი ამბავია. გავიხსენოთ, რა მოხდა ამ ამბამდე: აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, ბოლო პერიოდში 22-ჯერ დაირღვა შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
– არჩევს, ნეტავ, რუსეთი, სად არიოს ვითარება?
– ამის პარალელურად, სპარსეთის ყურეში შევიდა ამერიკული ავიამზიდი, რაზეც თეირანმა უპასუხა, რომ არ აპირებენ აწარმოონ მოლაპარაკებები აშშ-სთან.
– და დაიმუქრა, განვაახლებთ ბირთვულ პროგრამას, თუ ჩემს ამა და ამ მოთხოვნებს არ შეასრულებთო.
– დიახ, პირობები ჩამოასახელა. და ამას მოჰყვა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რატომღაც, ჩვენი მედია ამას სათანადო ყურადღებით არ აკვირდება, არადა, უშუალოდ ჩვენ გვეხება: პენტაგონმა მოამზადა 120 000-ანი სამხედრო კონტინგენტის ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის გეგმა. როდესაც გეგმა არსებობს, ის ოპერატიულად ამოქმედება ხოლმე.
– საინტერესო იყო, ჩვენთან ირანთან დაპირისპირება რომ ტრამპის ახირებად ჩათვალეს, თითქოს კარგა ხნის წინათ მსგავსი ოპერაციები დეტალურად არ იყოს გაწერილი თავისი ამოქმედების თარიღებიანად.
– ტრამპი, უდავოდ, სხვა ყაიდის პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ეს მოქმედება ამერიკული ტვინის ტრესტების გვერდის ავლით დამუშავებული ვარიანტი არ მგონია, იმიტომ რომ, მარტივად თუ შევნიშნავთ, გლობალიზაციის პროცესი ბევრი რამის გამო შევიდა ჩიხში და ამიტომ აშშ-მა მოსინჯა ახალი მიდგომები: ნაციონალიზმთან მიბრუნება და ახალი გეოპოლიტიკის შემუშავება. ჩემი აზრით, ეს არის დასავლეთის ექსპერიმენტი, მაგრამ ახლა ამას თავი დავანებოთ და რეგიონს დავუბრუნდეთ.
– ირანს აქვს კავშირი ბიბილოვის ამ განცხადებასა და რუსეთის ამ ზეწოლასთან?
– ძნელი სათქმელია.
– ახლა რაც უნდა დაახლოვდნენ, ტაქტიკური მოსაზრებებით, თამაში უფრო მასშტაბურია და ირანს თავისი დიადი გეგმები აქვს სამხრეთ კავკასიასა და, რა თქმა უნდა, საქართველოში, ამიტომ არ მგონია, მხოლოდ ცხინვალზე დახურდავდეს. თუ წყალწაღებულივით ხავსს ვეჭიდები?
– ბოლო დროს, უფრო ადრე, ვიდრე თურქეთი ამას გააკეთებდა, რუსეთს ირანმა გაუწოდა მეგობრობის ხელი და, ამ მხრივ, მათი დამოკიდებულება და სტრატეგიული ღერძის  – რუსეთი-სომხეთი-ირანი – შექმნა ბოლო რამდენიმე ათწლეულში სულ აქტუალური იყო და არის. მეორეც, გავიხსენოთ, როგორი დაძაბული იყო ირანისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ: ჩრდილოეთ ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ავტონომია მიეცათ, რაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლების ჩანაფიქრით, იყო პირველი ეტაპი ამ წარმონაქმნის საბჭოთა აზერბაიჯანისთვის მისაერთებლად. ეს ასპექტიც კი დაიძლია –  დღეს იქ ავტონომია აღარ არის, თუმცა ირანის ტერიტორიაზე მილიონობით ეთნიკური აზერბაიჯანი ცხოვრობს და დღეს რუსეთი და ირანი პარტნიორები არიან, ისევე, როგორც ალიევის აზერბაიჯანი ახერხებს, აღმოსავლური გამჭრიახობით, გლობალური გეოპოლიტიკური პროექტების შესრულებას.
– ქართულად ამას პირმოთნეობა ჰქვია.
– დავარქვათ აღმოსავლური დიპლომატია და ხედავთ, როგორ ახერხებს აზერბაიჯანი, ირანთან ჰქონდეს ნეიტრალიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ნავთობს ვერ იყოფენ, აქეთ –  თურქეთის მეგობარია, იქით  – ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთთან. ბოლო დრომდე ირანი იყო ნეიტრალური სამხრეთ კავკასიისადმი და ცდილობდა, როგორმე მოეძებნა სამი მხარის – რუსეთი, თურქეთი, დასავლეთი – ბალანსი და არც საქართველოს სეპარატისტული რეგიონები უღიარებია ბიბილოვის სისხლის ყივილის გამოხატულებამდე. რა თქმა უნდა, ოსები ჩვენი მოძმე ხალხია, როდესაც ისინი მეტს მოინდომებდნენ, ანუ ქართული ტერიტორიების ათვისებას, მხოლოდ მაშინ ხდებოდა გარკვეული ექსცესები, გორგასლისა და ბრწყინვალის დროს, სხვა შემთხვევაში პრობლემა არ გვქონია და დინასტიური ქორწინებებიც ხშირი იყო.
– დღესაც უამრავი ოსი ცხოვრობს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რაც მოწმობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პრობლემა ხელოვნურია.
– მიუხედავად ყველაფრისა, დიდგორის ბრძოლაშიც კი აღმაშენებლის მხარდამხარ იბრძოდა ოს-ალანთა რაზმი თურქ-სელჯუკების წინააღმდეგ.
– ასეთი ინფორმაციები ჩნდება ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის. გაფრთხილებაა თუ რაღაცისთვის იძულება?
– ასე ადვილი არ არის ულტიმატუმებით ლაპარაკი, თუნდაც, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე საქართველოსთან. ის მაინც დასავლეთის მოკავშირეა და ასეთი დაშინებები ნაკლებად ეფექტიანი იქნება.
– ირანი არ არის სირია და მის მიერ აღიარება მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
– ირანს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები, თუმცა ირანის პრეზიდენტმა ერთხელ ახსენა ისტორიული პროვინციები, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიაც იგულისხმა,  ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ აქ არ მოქმედებს მხოლოდ ერთი ქვეყნის სპეცსამსახურები. ამდენად, მართალია, არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია, მაგრამ იმის გათვალისწინებაც საჭიროა, რომ ირანი, პერსპექტივაში, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფაქტორია.

скачать dle 11.3