№21 ვის შეეწირება მსხვერპლად ნოდიკო ტატიშვილი და როდის ექცეოდა ის ქალის მარწუხებში ადვილად
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
ნოდიკო ტატიშვილი ალბათ დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და იმავდროულად მოთხოვნადი მომღერალია, რომელიც მუდმივად ახალ-ახალ სიმღერებზე მუშაობს, ვიდეოკლიპებს იღებს და კონცერტებსაც ხშირად მართავს. მუდამ საქმიანი ნოდიკოს პირად ცხოვრებაში ისევ სიმშვიდეა და როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე ის შეყვარებული არ არის და არც ცოლის მოყვანას გეგმავს.
ნოდიკო ტატიშვილი: ბენდი „ფაივი“ ჩემ გარეშეც მღერის, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ როცა ცოცხალ კონცერტს დავნიშნავ, ეს ბენდი ჩემთან ერთად იქნება. ეს ადამიანები ძალიან კომფორტულები არიან და იმავდროულად, კარგი მუსიკოსები, მსიამოვნებს მათთან ერთად ურთიერთობა და მუშაობა. პრეტენზიული ნაკლებად ვარ. უბრალოდ, როცა საკითხი საქმეს ეხება, წესრიგი მიყვარს. ვერ ვეგუები დაგვიანებას და ბევრი წელია, ჩემთვის დრო ძალიან ძვირფასი გახდა. მოწესრიგებული ადამიანი უნდა იყო და ვფიქრობ, რომ ეს თვისება, ასევე, ცოტა პედანტობა ჩემს პროფესიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ახლახან დათო ევგენიძის ახალი სიმღერა ჩავწერე „ბრავო რექორდსში“, მასტერინგს ალეკო ბერძენიშვილი აკეთებს და ზაფხულში კლიპის გადაღებას ვაპირებ. ცისფერთვალება გოგოზეა და ვფიქრობ, წყვილებისთვის საყვარელი სიმღერა გახდება.
– და არსებობს ცისფერთვალება გოგონა, რომელსაც ამ სიმღერას უძღვნი?
– ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცისფერთვალება გოგონა არსებობს, რადგან მომღერლები ხშირად სიმღერით ვამბობთ ჩვენს სათქმელს ან ბევრი ადამიანის სათქმელს. ჩემი და სალომეს დუეტშიც ბევრმა ადამიანმა ამოიცნო საკუთარი თავი და ამიტომაც აქვს 11 მილიონი ნახვა. მთავარია, ქალი გიყვარდეს, ლამაზი ქალი შეიძლება იყოს ქერათმიანი, შავთმიანი, ცისფერთვალებაც და შავთვალებაც. რაღაც მომენტებში მქონია გამძაფრებული შეგრძნება, როდესაც სცენიდან მიმღერია გოგონასთვის. ან კონცერტზე მოსულა და სულ მთლად გადავრეულვარ – ისე მიმღერია, როგორც არასდროს. ან რომ მინდა, რაღაცნაირად თავი მოვაწონო, თავი გამოვიჩინო, რაღაცას ვიტყვი, თან ვმღერი და ვაკვირდები: მიხვდა, რაშიც არის საქმე? ძირითად შემთხვევაში ყველა ყველაფერს ხვდება და შემდეგ მიმიღია ესემესი: მადლობა სიმღერისთვისო.
– სცენიდან თვალებით ფლირტაობ ხოლმე?
– სცენიდან სიმღერით უკეთესად გამომდის ფლირტი. ასეთ დროს სხვა სივრცეში გადადიხარ, სხვა მდგომარეობაში. შეიძლება, იმ დროს ისე ემოციურად იმღერო, რომ თვალებმაც იფლირტაოს, ცხვირმაც და ზოგადად, ყველაფერმა. ფლირტის პერიოდი, როდესაც ურთიერთობა იწყება, ყველაზე მაგარია. როცა ჯერ ბოლომდე არ ხსნი კარტებს და მსუბუქი „ნამიოკებით“ საუბრობ, თანამედროვე ლექსიკონით რომ ვთქვათ, „ჩათაობ“. სანამ ყველაფერს ბოლომდე დაარქმევ თავის სახელს, ეს ყველაზე მაგარი პერიოდია. ადრე ხშირად ადვილად მოვექცეოდი ხოლმე მოწონების სუბიექტის მარწუხებში, გადარეული ვიყავი, აჟიტირებული. შემეძლო დღეს ერთთან მეფლირტავა, ხვალ – მეორესთან. ახლა არ ვარ ასე. ახლა უფრო სტაბილური ვარ, არ მომწონს, როცა ორ და სამ ადამიანთან ერთდროულად ვფლირტაობ, თან, როცა ურთიერთობა სერიოზულ დონემდე მიდის.
– არასდროს არავისთან გქონია სერიოზული რომანი?
– თავისებურად, ეგოისტი ვარ, სითბოც მიყვარს, ყურადღებაც. მაგრამ რაღაც მომენტში მეუბნებიან: კარიერა შენთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მეორე ხარისხში გადავდივარო. ჩემთვის კარიერა, რაც წვალებით შევქმენი, იმდენად ძვირფასია, რომ ვერაფრის და ვერავის გამო ვერ დავანგრევ. თან, ეს მე მაცხოვრებს სულიერად და მატერიალურად. ჩემი პროფესია დიდ დროს მოითხოვს, თუმცა, როცა შეყვარებული ვარ, უმადური ადამიანი უნდა იყოს, რომ უყურადღებობაში დამადანაშაულოს. როგორ შეიძლება, კარიერა და საყვარელი ადამიანი ერთმანეთს შეადარო, თუ არ ხარ უმეცარი და მე ასეთ უმეცარ ადამიანებს გადავყრილვარ. როცა ადამიანს აქვს კომპლექსები, აქვს ეჭვები, სულ მასთან ხარ ტელეფონის მეშვეობით, ფიზიკურად და მაინც ჰგონია, რომ მას ნაკლებ დროს უთმობ, ასეთი ადამიანები უმადურები არიან. ვიტყვი – მორჩა და მომენტალურად ვამთავრებ ურთიერთობას. ხანდახან მიჭირს ხოლმე დამთავრება. ახლა ზუსტად ვიცი, რომ დამთავრებულია.
– არადა, გავიგე ნოდიკო ისეთი შეყვარებულია, მალე ცოლი მოჰყავსო.
– ცოლი ნამდვილად არ მომყავს და არც შეყვარებული ვარ. თუმცა ხვალ შეიძლება, ისეთი გადარეული შეყვარებული ვიყო, დაოჯახებაც გადავწყვიტო. მაგრამ ის მიდგომა, რატომ არ მოგყავს ცოლი, უკვე დროაო, ცოტა მდაბიო დამოკიდებულებად მიმაჩნია. ეტყობა, მე ამდენად არ გამიმართლა, რომ აქამდე მივსულიყავი. თუმცა, არაფერს ვნანობ, რადგან ურთიერთობაში ძალიან გახსნილი ვარ, თბილი და მოსიყვარულე. ვერ ვიტყვი, რომ მე ვსვამ წერტილს. ბოლო ურთიერთობაში – კი. უმადურობაში ვგულისხმობ – „შენ სულ არ გცალია“, არადა ნებისმიერ დროს შემიძლია, მის გვერდით ვიყო. ჩემთვის სიყვარული ერთმანეთისადმი უდიდესი პატივისცემაა. შეცდომაც დამიშვია და ერთი და იგივეც, იმედიც გამცრუებია და საკუთარი თავისთვის მითქვამს: ამხელა ხარ და ხომ უნდა ისწავლო ადამიანების ცნობა.
– რა ისწვალე წინა ურთიერთობებიდან და რას გაითვალისწინებ მომავალში?
– ერთ რამეს მივხვდი, არ უნდა გადაჰყვე ადამიანს იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა. კოშკებს ვაშენებდი ხოლმე და მერე მემსხვრეოდა თავზე. გადაყოლაში მატერიალურს არ ვგულისხმობ. როგორც უნდა გიყვარდეს ადამიანი, რეალობის შეგრძნება არ უნდა დაკარგო. თავიც დამიკარგავს, ეს რაღაც მომენტში კარგია, გულწრფელი ხარ. მაგრამ ზედმეტი არ არის საჭირო, რადგან ადამიანი ფიქრობს, რომ ასეა საჭირო და უფრო მეტს ითხოვს – კიდევ ვამბობ, მატერიალურს არ ვგულისხმობ. მატერიალური საკითხები ვერ შემიცვლის სიყვარულს, სითბოს, იმ ლამაზ ჰარმონიას, რომელიც ურთიერთობის დროს ორ ადამიანს შორის იქმნება. დღეს ხდება რაღაც, მაგრამ გაცნობითი ხასიათის არის, მიმოწერის. ურთიერთობა უნდა იყოს „ლაითი“ და არავისთვის გახდე მსხვერპლად შეწირული. მსხვერპლად შეწირული ვიქნები დედაჩემისთვის, მამამაჩემისთვის, ჩემი დისთვის, მეგობრებისთვის. სანამ არ გადაწყვეტ, რომ ადამიანს უკავშირებ შენს ცხოვრებას, მანამდე მსხვერპლად შეწირვა არ არის საჭირო. ოჯახი ისეთი რამ არის, ერთად ცხოვრობთ, შვილები, შვილიშვილები გყავს, მას მსხვერპლად შეეწირები კი არა, გულს ხელით ამოიღებ და აჩუქებ. მაგრამ ეს ყველაფერი თავიდანვე ორმხრივი თუ არ იქნება, არ აქვს აზრი.
– გქონია სურვილი, რეალობას გაქცეოდი?
– კი, როგორ არა, მითქვამს: ოღონდ ეს არ მომხდარიყო. ღმერთი იმდენს არ გაძლევს, რომ ვერ გადალახო. არასდროს გავრბივარ და სხვა რომ გარბის, იმაზე ვბრაზდები. ყველაზე მეტად რომ მიჭირს საუბარი, მაშინაც შემიძლია, დავჯდე და სიმართლე ვთქვა – მომენტალურად ლაგდება ყველაფერი.
– რამდენიმე წლის წინ ბულინგის მსხვერპლიც იყავი, რასაც არ ხარ მიჩვეული.
– ძალიან მძიმე იყო. არ ვარ ბულინგს, დამცირებას, ლანძღვა-გინებას, კომენტარებს შეჩვეული. მაშინ ისე ვინერვიულე, ლამის გავგიჟდი, თან, არაფრის გამო ატეხილი ამბავი იყო და მოულოდნელად გავიგე. საოცარი ინტუიცია მაქვს და ზუსტად ვიცი ხოლმე ვინ აკეთებს ამას და ძალიან პატარა ადამიანებად მიმაჩნია ასეთი ხალხი.