№21 მერაბ კოკოჩაშვილი: თუ დიდი სიყვარულია, წესებზე ლაპარაკი ზედმეტია
ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია
სახელი: მერაბი.
გვარი: კოკოჩაშვილი.
– ბავშვობის მოგონება.
– მამაჩემი რეპრესირებული იყო. ორ-ნახევარი წლის ვიყავი, როდესაც ის წაიყვანეს, აქედან გამომდინარე, მე მამა არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ერთი რამ: ქუჩაში, ეზოში, ჩვენი სახლის წინ ვიყავით და ფერადი ნაჭრებისგან შეკერილ ბურთს მამაჩემი ფეხით მიაგორებდა. სამწუხაროდ, ისეთი ეპოქა იყო, როდესაც შეეძლოთ, ასე წაერთმიათ მამა და უმამოდ დაეტოვებინე.
– მეტსახელი თუ გქონდათ?
– კი, მე ვარ კოკოჩაშვილი და კლასში კოკოჩას ნაცვლად „ტრაკუჩას“ მეძახდნენ. თვითონ თვლიდნენ, რომ ამის შესატყვისი მე არაფერი მქონდა, მაგრამ ასე უფრო ადვილი იყო.
– რომ არა თქვენი პროფესია, რა პროფესიის შეიძლება, ყოფილიყავით?
– შეიძლება, ვყოფილიყავი მუსიკოსი. ოღონდ მუსიკოსი როგორ? მე თვითონ დავწერდი მუსიკას. ბავშვობაში მუსიკას ვსწავლობდი, მაგრამ ჭირივით მეზარებოდა დაკვრა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თავის თვისებებით მუსიკა ყველაზე ახლოს არის კინოსთან. კინო ისე არის აგებული, როგორც მუსიკალური ნაწარმოები. კინოში იდეები და ინფორმაციები პირდაპირ არ უნდა იყოს მოცემული. უწყვეტად უნდა იყოს განცდა და მუსიკა – სწორედ განცდაზე აღებული ხელოვნებაა.
– პროფესიული ჩვევა თუ გაქვთ?
– მგონი, არ მაქვს. რასაკვირველია, შენ იცი, როგორ კეთდება რაღაც კინოში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს შემოქმედებასთან არის დაკავშირებული და საბოლოო ჯამში, ის ჩვევა ნაირსახეობის სახით უკვე შედეგად მოდის. გაკეთებული ჩემთვის ყოველთვის განსხვავებულია იმისგან, რაც იცი, რომ პროფესიულად ასე უნდა გაკეთდეს. ეს არ არის ლურსმნის ჩარჭობა და ეს არ არის, თუნდაც, ერთი სიტყვის დაწერა, ეს არის შემოქმედება, რომელშიც ყველაფერი იწვის.
– რისი გეშინიათ?
– ბედისწერის. ბედისწერა არის ის, რაც შეიძლება, ნებისმიერ სიტუაციაში დაგემართოს, რასაც არ ელი და იმას ვერაფერს უზამ.
– ბედისწერის შეცვლა შესაძლებელია?
– ბედისწერის შეცვლა შეუძლებელია, რადგან ის ჩემი დაგეგმილი არ არის. რაც ჩემი დაგეგმილი არის, იმის შეიძლება. ბედისწერა სხვა რამეა. ეს ზეძალაა.
– იღბალი ეს არის...
– იღბალი, ბედისწერა ეს ერთმანეთზე გადაბმული ძალაა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს, გაცილებით ძლიერი და ჩვენ მიერ ჯერ შეუგნებელი და რომელიც სულ ზემოქმედებს ადამიანზე. ეს ისეთი რამ არის, რომელსაც ვერასდროს განსაზღვრავ.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– საერთოდ, ქრისტიანული მოძღვრება გვეუბნება, რომ ყველაფერი უნდა აპატიო და სამწუხაროდ, ჩვენი კულტურა ქრისტიანულ მოძღვრებაზეა დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ჩვენში ეს ზის. არა მგონია, არპატიება იყოს ისეთი რამ, რასაც შეიძლება, კვდომა ან მოკვლა შეესაბამებოდეს. მე ვერ მოვკლავ. ეს მე ვიცი და აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ვაპატიებ, თუნდაც, ეს ძალიან მძიმე რამ იყოს. საერთოდ, ასე არის ქრისტიანულ მოძღვრებაში ნათქვამი, რომ გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ესე იგი, თუ შენ თავს გაწირავ და კლავ, მაშინ ჩათვალე, რომ შენ შეგიძლია სხვაც მოკლა.
– რისი გწამთ?
– პირველ რიგში, ადამიანია ჩემთვის ის, რასაც უნდა ერწმუნო, რაც შენთან ერთად არსებობს, ის უნდა გიყვარდეს, ის შესაძლებელია, გძულდეს, შეიძლება მასთან ურთიერთობა არ გქონდეს, ეს შენი საქმეა, შენი ასარჩევია. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, არის ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით და როდესაც შენ რაღაც არ იცი, არ შეიძლება, თქვა, რომ შენ არ გჯერა რაღაცის. ერთი ის შემიძლია, გითხრათ, რომ მე ბევრი ისეთი რამის მჯერა, რაც არ მინახავს, რასაც ხელით არ შევხებივარ, მაგრამ ვიცი, რომ ალბათ, არსებობს. ჩემი რწმენა არის იმასთან დაკავშირებული, რომ ადამიანი მუდმივად, უწყვეტად ცდილობს რაღაც გაიგოს და ყველაფერს ვერასდროს გაიგებს.
– სიკვდილის შემდეგ არსებობის გჯერათ?
– მჯერა, რადგან მე ვერ მივიღებ იმას, რომ მატერიის კვდომასთან ერთად სულიერებაც და ყველაფერი კვდება. თუნდაც ის მაგალითი, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანზე მოგონება რჩება, ვინაიდან მან რაღაც დატოვა. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ შეუძლებელია, მატერიალურთან ერთად ყველაფერი გაქრეს.
– შეგშურებიათ რამის?
– ეს გრძნობა მე საერთოდ არ მაქვს.
– რა გწყინთ?
– ტყუილსა და უსამართლობაზე ვბრაზდები. თუმცა, იშვიათად ვბრაზობ.
– რას ნანობთ?
– ბევრ რამეს ვნანობ. მე ვაჟი არ მყავს და ძალიან მინდოდა. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი გოგონები ისევე მიყვარს, როგორც შეიძლება, ბიჭი მყვარებოდა. ვნანობ იმას, რომ ყველა ფილმი ისე ვერ გავაკეთე, როგორც მე მინდოდა. ვნანობ იმას, რომ ყველას ისე ვერ მოვუწყვე ცხოვრება, როგორც მე მინდოდა. ვნანობ იმას, რომ დღეს ჩვენ ისეთ საქართველოში გვიწევს ცხოვრება, რომელიც დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ სულ სხვანაირი წარმომედგინა. მაგრამ ხომ ხედავთ, თურმე, ცივილიზაციისკენ სვლამ შეიძლება, სრულიად მოულოდნელი და ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანოს.
– ადამიანს შეიძლება, თვალდახუჭული ენდო?
– ჩემი საქმიანობა გრძნობასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე. თუ გრძნობა ამას მკარნახობს, მე შემიძლია, ადამიანს თვალდახუჭული ვენდო.
– რამეს თუ აგროვებთ?
– არაფერს ვაგროვებ, თუმცა ჩემს სახლში არის ნივთები, რომლებიც ჩემი მეგობრების ნაჩუქარია და ჩემთვის ძვირფასია, რადგან მოგონებებთან არის დაკავშირებული.
– ბედნიერება არის...
– ბედნიერება – ეს არის სიხარული. თუ რაღაც გახარებს, ესე იგი, რაღაც კარგი მოხდა და ბედნიერი ხარ.
– რომ არა სიკეთე, ბოროტებას რით დავამარცხებდით?
– ბოროტებას სიკეთით თუ დაამარცხებ, სხვანაირად ძალიან ძნელია. რასაკვირველია, ძალითაც მარცხდება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ შენ ისევ ბოროტება გამოიყენე. ამიტომ, სიკეთით უნდა ამარცხებდე ბოროტებას.
– სიყვარული – ეს არის...
– სიყვარული – ეს არის ბედნიერება. სხვათა შორის, ადამიანს შესაძლოა, ბევრი ბედნიერება ჰქონდეს სხვადასხვა სიყვარულის შედეგად. ნუ იფიქრებთ, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის. მე კი მთელი ცხოვრება ერთი მეუღლე მყავს. სამოცი წელია, ერთად ვართ და ეს დიდი ბედნიერებაა, მაგრამ შესაძლებელია, იყოს სხვა გზაც, როდესაც ძიებაში კიდევ უფრო დიდ ბედნიერებას პოულობ. მე ეს არ მქონია.
– დრო არ აუფერულებს ურთიერთობას?
– მე ასე არ ვფიქრობ. როდესაც ეს ურთიერთობა ნამდვილია და დაკავშირებულია სიყვარულთან, ეს პირიქით არის – გაცილებით მეტად შეყვარებული და გამგებიანი ხდები.
– სიყვარულს წესები აქვს?
– თუ დიდი სიყვარულია, ამ შემთხვევაში ზედმეტია წესებზე ლაპარაკი. მაშინ ადამიანი ყველა ხერხს იყენებს, რომ ეს სიყვარული მოიპოვოს. ჩემი ერთ-ერთი პირველი ფილმი იყო მიხა, სადაც შეყვარებულები იძულებულები იყვნენ საჯაროდ სასიყვარულო აქტი ჩაეტარებინათ, რომ ერთმანეთი არ დაეკარგათ. ასე რომ, ამას საზღვარი არ აქვს.
– მოვლენა, რომელმაც შეგცვალათ...
– მამა რეპრესირებული იყო და ეს ამბავი რომ გავიგე, ამან ჩემში რაღაც პრინციპული ცვლილება გამოიწვია. მეორე კლასში ვიყავით და ერთ მშვენიერ დღეს გვითხრეს, ლექსი დაწერეთო. მე ბერიაზე დავწერე. ძალიან მინდოდა დედისთვის წამეკითხა. ის რამდენიმე სამსახურში მუშაობდა და ძალიან გვიან მოვიდა. მე დაწოლილი დავხვდი, ჩამომიჯდა, გამომკითხა იმდღევანდელი ამბები და ვუთხარი, რომ ლექსი დავწერე და წავუკითხე. მითხრა, არ დაგინახო, ლექსი დაწეროო. ბერიაზე დაწერილი ლექსი, მაშინ როდესაც მამაჩემი დაპატიმრებული იყო, დედასთვის მიუღებელი იყო, ამით გამაგებინა, რა შეიძლება ადამიანისთვის და რა – არა.
– რისკიანი ხართ?
– როდესაც ეს შეეხება პრინციპულ საკითხს, მაშინ რისკიანი ვარ. როცა გინდა, გააკეთო სიმართლე და ის, რისიც შენ გჯერა, მაშინ რისკიანი ხდები.
– მძაფრი მოგონება.
– როდესაც ბავშვობაში მე ძაღლი ვერ დავიცავი და მისი სიცოცხლე გაიწირა. ეს არასდროს მავიწყდება. ალბათ, მაშინ შევშინდი და მას შემდეგ სულ ვცდილობ, არაფერს შევუშინდე.