№21 ვინ იყო პირველი ქართველი ალპინისტი ქალი და რატომ იყო მისი განვლილი ცხოვრება უბედურებებით სავსე
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ალექსანდრა ჯაფარიძე ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი გახლდათ. მან კავკასიონის მწვერვალებზე ასამდე სპორტული ასვლა შეასრულა და მთამსვლელთათვის დაწესებულ თითქმის ყველა ტიტულს დაეუფლა. მის სახელს უკავშირდება ლეგენდად ქცეული ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენა და კიდევ, უამრავი კეთილი საქმე. უფრო დაწვრილებით მის საინტერესო, სიძნელეებით, გაჭირვებითა და ტკივილით განვლილ ცხოვრებაზე, მისი ძმისშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ბატონი ივანე ჯაფარიძე გვესაუბრა, რომელიც თავად ქართული ალპინიზმის ლეგენდამ, ალექსანდრა ჯაფარიძემ გაზარდა.
ივანე ჯაფარიძე: ალექსანდრა ჯაფარიძის ცხოვრების გზა ზემო იმერეთის, ჭიათურის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ხრეითში 1895 წლის 11 თებერვალს დაიწყო. რვა წლის ალექსანდრა უფროსმა ძმამ, ვანომ, ქუთაისის წმიდა ნინოს გიმნაზიაში მიაბარა, თვითონ კი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა. სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობისათვის, ის მეფის მთავრობამ დააპატიმრა და პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვა, სადაც დაავადდა და 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. ათი წლის ალექსანდრას სულში ბავშვური უშუალობითა და ღრმა განცდით აღიბეჭდა ოჯახის ეს დიდი ტრაგედია. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, გაჭირვებისა და უსახსრობის გამო, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა და მუშაობა დაიწყო ლეჩხუმის რაიონის სოფელ ლაილაშში, ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად. 1913 წელს მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც არ არსებობდა სკოლა. ალექსანდრამ სოფელში ჩასვლისთანავე დაიწყო ზრუნვა სკოლის გასახსნელად. დაბრკოლებების მიუხედავად, დაწყებითი სკოლისათვის ფიცრული სახლის აგება მოახერხა, სადაც გამგეც და ყველა საგნის პირველი მასწავლებელიც თავად გახლდათ. როცა ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა, სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცა და უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
– ალპინიზმით როდის დაინტერესდა?
– ხელმოკლეობის გამო, ალექსანდრა, სწავლის პარალელურად, მუშაობას იწყებს თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, ჯერ დამკვირვებლად, გამომთვლელად, სინოპტიკოსად, ხოლო დაწესებულების გასამხედროების შემდეგ, ამიერკავკასიის ფრონტის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს ამინდის ბიუროს უფროს ინჟინერ-სინოპტიკოსად. 1923 წელს, ობსერვატორიის დირექტორის, ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით, მყინვარწვერზე პირველი სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყო, რომლის შემადგენლობაში ერთადერთი ქალი – ალექსანდრა ჯაფარიძე იყო, როგორც „მეტეოროლოგიური ნაწილის დამკვირვებელი“. 3 სექტემბერს მან პირველად შედგა ფეხი მყინვარწვერზე. ჯაფარიძეების ოჯახიდან მთამსვლელობას სულ პირველად სწორედ ალექსანდრა ეზიარა. მან კავკასიონის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მწვერვალზე დადგა ფეხი და მთამსვლელებისთვის დაწესებული თითქმის ყველა ტიტული თუ წოდება მიიღო. კავკასიონმა მხოლოდ ძმათა ნამუხლარზე წასული დის წინაშე მოიხარა ქედი. მის პირად არქივში ერთ ასეთ ჩანაწერს ვხვდებით: „პირველად მე დავადგი ფეხი მთების ამაყ გულს. პირველად მე შევაღე მათი სული და ჩემს ძმებზე კი იყარეს ჯავრი. იქნებ, ამით უფრო მეტი ვნება მომაყენეს, სული ჩამითუთქეს, გამომიწვიეს“...
– რომელ გამოწვევას გულისხმობდა?
– თეთნულდის კალთებზე სიმონის დაღუპვას გულისხმობდა. ერთი ძმა მეორემ შეცვალა. ალექსანდრას მისი უმცროსი ძმა, ალიოშა ამოუდგა მხარში. და-ძმამ, სიმონის საფლავზე საიდუმლო ფიცი დადეს – მისი დამსხვრეული ოცნებების აღსადგენად, წლისთავზე თეთნულდი დაელაშქრათ. დიდხანს მალავდნენ თავიანთ განზრახვას. არ უნდოდათ ამ ამბის თქმა მშობლებისთვის. ფიქრობდნენ, რომ თეთნულდზე ასვლა მათთვის ახალი ლახვარი იქნებოდა, მაგრამ მათი ფიქრი მცდარი აღმოჩნდა. მშობლებმა უყოყმანოდ მოიწონეს მათი განზრახვა. 80 წლის მამა სთხოვდა თან წაეყვანათ: „თეთნულდის ძირამდე ამოვალ და „იმ დასაღუპავ კლდეებს შორიდან მაინც შევხედავო“. სიმონის დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგ, თეთნულდზე იდგა ქართველი ქალი – მსოფლიოში პირველი ქალი, ვინც ამ მწვერვალზე ავიდა.
– უშბის მწვერვალის დაპყრობას სირთულეები მოჰყვა, როგორ იხსენებდა ამ ამბავს?
– თეთნულდიდან დაბრუნებულებმა, უშბის მწვერვალიც დაზვერეს, მოსინჯეს მისი ძალაც, მაგრამ უნაგირაზე ასულები უამინდობის გამო უკან გამობრუნდნენ. 1934 წელს, მას შემდეგ, საგანგებოდ შექმნილმა „უშბის კომიტეტმა“ ექსპედიციის უფროსად ალიოშა ჯაფარიძე დანიშნა, შესაძლებელი გახდა უშბაზე შეტევის დაწყება. მრავალი სირთულის დაძლევის შემდეგ, მთამსვლელთა წინაშე ვერტიკალური კედელი აღიმართა. გზა არსად ჩანდა. დაქანცულები, უსიამოვნო ფიქრებით დაბრუნდნენ იმ ადგილზე, სადაც ალექსანდრა ელოდებოდა. ალექსანდრას არ მოეწონა მათ მიერ მოტანილი ამბავი. ბიჭებს უთხრა: „თქვენს ცდაში, მე ქვემოდან ვათვალიერებდი ადგილს კედლის თავზე და მგონი, იქ არის ზევით წასვლის შესაძლებლობაო”. მრავალი უშედეგო ცდის შემდეგ, უფსკრულზე გადმოზნექილი კედლის სიმაღლე დაძლეულ იქნა. ალექსანდრას ვარაუდი გამართლდა. მწვერვალამდე 200-მდე მეტრი რჩებოდა, რომ დაღამდა. იმ ადგილზე მხოლოდ ერთი ადამიანი თუ შეძლებდა ღამის გათევას, ისიც ნახევრად დამჯდარი. აუცილებელი გახდა 200 მეტრით ქვევით დაშვება. კაცებმა ყოყმანი დაიწყეს, მხოლოდ ალექსანდრა არ აპირებდა წასვლას. მას გამოცდილება კარნახობდა, რომ ამ კრიტიკულ მომენტში, მცირე დაბრკოლების შემდეგ, შეიძლება, უარი ეთქვათ განზრახვაზე. ალიოშა მაშინვე მიხვდა დის ჩანაფიქრს და დათანხმდა, რომ იმ კედელზე მხოლოდ, ალექსანდრა დარჩენილიყო. ამით და-ძმამ უკან დასახევი გზა მოჭრა. მათ უკვე იცოდნენ, რომ დილით ვერც ერთი თანამგზავრი ვერ იტყოდა უარს ასვლაზე, რადგან მძევლად ქალი დატოვეს. ალექსანდრამ ნაბადი მოიხურა, თოკზე დაეკიდა და თანამგზავრ მამაკაცებს მშვიდობის ღამე უსურვა. ოთხეულმა უშბის მწვერვალზე დიდი ქვებისგან აგებულ ნიშში, უცხოელთა წერილების ნაცვლად, ქართველ მთამსვლელთა ხელით დაწერილი პატარა ბარათი დატოვეს. როცა დაღამდა და ნისლი გაიფანტა, მწვერვალზე ცეცხლი აინთო. რამდენიმე წუთის შემდეგ, უშბაზე დანთებული ცეცხლის საპასუხოდ, სვანეთის სოფლებში კოცონების ალი ავარდა და როგორც ალიოშა ჯაფარიძე წერდა: „ამ კოცონებზე იწვოდა უკანასკნელი ნაშთები სვანების ცრუმორწმუნეობისა, უშბის წვერზე ადამიანის ასვლის შეუძლებლობის შესახებ.”
– თუ გამოყოფდა განსაკუთრებით რომელიმე მწვერვალზე ასვლას?
–მას ასეთად მიაჩნდა 1940 წელს ჩატარებული ტრავერსი ცენტრალური კავკასიონის ურთულეს ნაწილში – ჯანთუგანიდან კაშკატაშამდე და წურუნგალიდან – რუსთაველის პიკამდე. ექსპედიციას 80 კილომეტრის გავლა და 22 მწვერვალზე ასვლა მოუხდა, რომელთაგან 11 უძნელესთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. ასეთი დიდი ტრავერსი პირველად ჩატარდა დამხმარე ბაზების მოუწყობლად და სურსათის მარაგის შეუვსებლად. იმ დროისთვის ასეთ ძნელ ალპინისტურ ლაშქრობაში ქალის მონაწილეობა მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო. 1945 წელს ალექსანდრა ჯაფარიძეს ახალი უბედურება დაატყდა თავს – უშბა-შხელდის ტრავერსის დროს, საქართველოში უეცრად შემოჭრილი ციკლონის შედეგად გამოწვეული არნახული სიძლიერის ზვავის მსხვერპლი გახდა ალიოშა ჯაფარიძე. თორმეტი წელი ეძებდა უშბის კალთებზე დარჩენილ ძმას. ბოლოს მაინც იპოვა. უშბამ პირველად დააბრუნა თავისი მსხვერპლი...
– ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენის ისტორია გვიამბეთ.
– ალექსანდრამ ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოროლოგიური სადგურის თანამშრომლებისაგან შეიტყო მყინვარწვერის კალთებზე, კლდეში რაღაც კარის მსგავსი შევამჩნიეთო. მან დაუყოვნებლივ მიმართა საქართველოს მთავრობას: „მე, როგორც ალპური კლუბის სპელეოლოგიური კომისიის წევრი, ბეთლემის საკითხით ძალიან დაინტერესებული ვარ, მაქვს სურვილი, საკმაო ფიზიკური და მორალური შესაძლებლობანი, მივიღო ჩემს თავზე ამ საქმის ორგანიზაცია”. მომზადებას დიდი დრო არ დასჭირვებია და 1948 წლის 7 იანვარს ალპინისტური ჯგუფი, მისი ხელმძღვანელობით, უკვე ბეთლემის გამოქვაბულში იყო. ის ხშირად იგონებდა პირველ ემოციებსა და განცდებს, მათ შორის: „ხასხასა და დაუჟანგავ ზღაპრად თქმულ ჯაჭვს ხელით რომ შევეხე, გული კინაღამ ამომივარდა მკერდიდან”. გამოქვაბულში შესული ჯგუფის ყურადღება სისუფთავემ და ნივთების მრავალფეროვნებამ მიიპყრო. ნაპოვნ განძთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მეცამეტე საუკუნის ჭედური, რელიეფური გამოსახულებებითა და ასომთავრული წარწერებით შემკული დროშა (ხატი), მასზე უფრო ძველი, ბრინჯაოს სამფეხა შანდლის ძირი და მეთხუთმეტე, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე საუკუნეების ქართული და ირანული ვერცხლის ფული.
– რომელი იყო მისი ბოლო ალპინიადა?
– ალექსანდრა არ ივიწყებდა თავის მშობლიურ ჭიათურის რაიონსაც. 1953 წელს, ალპინიზმის 30 წლისთავთან დაკავშირებით, სამოც წელს მიტანებულმა, თავის ნაბოლარა ძმასთან – ნოესთან ერთად, წარმატებით უხელმძღვანელა ჭიათურის მაღაროელთა 52-კაციან ალპინიადას მყინვარწვერზე. ეს იყო მისი მე-19 და საბოლოო ასვლა მყინვარწვერზე.