№21 რატომ ეგონა იაპონელ მათემატიკოსს თავისი ქართველი კოლეგები გაფიცულები
გენიალური ქართველი მათემატიკოსი ნიკო მუსხელიშვილი ასეთ ისტორიას ყვებოდა: „1973 წელს მათემატიკის ინსტიტუტში ერთი ძალიან ცნობილი იაპონელი მათემატიკოსი მოვიწვიეთ, რომელსაც ქართველი კოლეგებისთვის თავისი ცოდნა უნდა გაეზიარებინა. მე იმ მომენტში მოსკოვში ვიმყოფებოდი და თბილისში მეორე დღეს უნდა ჩამოვსულიყავი. ისე მოხდა, რომ იაპონელ სტუმარს მხოლოდ მისი თარჯიმანი მოჰყვა და ჩვენს უწყებაში მასპინძლის გარეშე მოუხდათ ადაპტირება. იაპონელს დროებით მათემატიკური ანალიზის განყოფილებაში უნდა ემუშავა და სანამ ამ განყოფილებას ეძებდა, თითქმის ყველა ოთახი შემოიარა. სადაც შევიდა, მამაკაცები ყველგან ჭადრაკს თამაშობდნენ, ქალები კი – ქსოვდნენ. ამის შემხედვარე იაპონელ სტუმარს თარჯიმნისთვის უთქვამს:
– ბოდიში მოუხადე ჩემს პატივცემულ კოლეგა-პროფესორებს და უთხარი, რომ მოწვეული ვარ. ფულს მიხდიან და გაფიცვაში გვერდით ვერ დავუდგებიო.
საქმე კი ის იყო, რომ იაპონელს „მოჭადრაკეები“ და „მქსოველები“ გაფიცული მათემატიკოსები ეგონა, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ სამუშაო საათებში სხვა საქმის კეთება იყო შესაძლებელი“.
ნიკა ლაშაური