№21 ვინ და როგორ ჩაითრია გორბაჩოვის წინააღმდეგ გამართულ ტერაქტში ქართველი სუპერსნაიპერი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
გაქცევა
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის გარეუბანში მდებარეობდა საპყრობილე, რომელსაც „ჯოჯოხეთს“ უწოდებდნენ. ეს ოთხასადგილიანი, ოთხსართულიანი ციხე სამხედრო დამნაშავეებისთვის იყო განკუთვნილი და მასში მხოლოდ ოფიცრები იხდიდნენ სასჯელს. „ჯოჯოხეთში“ აუტანელი პირობები იყო. პატიმრებს დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათი ეძინათ, დანარჩენ დროს კი ფეხზე დამდგარი, პერმანენტული ზეწოლისა და დამცირების ქვეშ ატარებდნენ. მათ დღეში ორჯერ კვებავდნენ, თანაც სალაფავით. ამიტომ ორ წელზე მეტს იქ ვერავინ ძლებდა, ხშირი იყო თვითმკვლელობის შემთხვევებიც. პატიმარი რომ გადარჩენილიყო, ის სხვა დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ. სხვაგვარად ის ან უმძიმესი რეჟიმისგან იღუპებოდა, ან თავს იკლავდა, ან ჭკუიდან იშლებოდა. გაქცევის შანსი არ იყო და ციხის არსებობის პერიოდში მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ორჯერ იყო გაქცევის მცდელობა. პირველ შემთხვევაში მავთულხლართებისკენ გაქცეული პატიმარი ავტომატებით ჩაცხრილეს. მეორე შემთხვევაში კი მეოთხე სართულის სახურავიდან გადმომხტარი პატიმარი მიწაზე დაენარცხა და გარდაიცვალა. 1987 წლის 14 თებერვალს კი „ჯოჯოხეთიდან“ 37 წლის ყოფილი მაიორი აკაკი სანაძე გაიქცა...
სუპერსნაიპერი
1950 წლის 14 თებერვალს დაბადებული ქართველი მაიორი სუპერსნაიპერი იყო და „ჯოჯოხეთში“ თხუთმეტი წლით იყო გამწესებული. სამი საბრძოლო ორდენის მფლობელი აკაკი სანაძე გარნიზონის საგანგებო განყოფილების უფროსის მკვლელობისთვის გაასამართლეს. გარნიზონი ავღანეთიდან ევაკუაციის შემდეგ მოსკოვის მახლობელ ოდინცოვოში იყო დისლოცირებული და სამხედრო ქალაქში ახალდაქორწინებული სანაძე მეუღლესთან, ნინა კოლცოვასთან ერთად ცხოვრობდა. საგანგებო განყოფილების უფროსმა, 41 წლის პოლკოვნიკმა ვიტალი მახიჩმა სანაძის მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა. მთვრალმა პოლკოვნიკმა ქალს საჯდომზე ხელი მიარტყა, რაზეც ნინამ სილა გააწნა. მახიჩმა კი ქალს სილა დაუბრუნა, თან აგინებდა. სამსახურიდან დაბრუნებული სანაძე პოლკოვნიკ მახიჩს მივარდა და ნაჯახით თავი ქათამივით გააგდებინა. სანაძეს ჯერ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. შემდეგ მისი საბრძოლო დამსახურება გაითვალისწინეს. კერძოდ კი ის, რომ ამ სუპერსნაიპერს ავღანეთში 207 დუშმანი ჰყავდა მოკლული და თხუთმეტწლიანი „სროკით“ „ჯოჯოხეთში“ გაამწესეს.
„პატრიოტული გვარდია“
როგორც მოგვიანებით სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო მასალებიდან გახდა ცნობილი, სასჯელის შემსუბუქება „პატრიოტულმა გვარდიამ“ ჩაუწყო. ეს იყო ოპოზიციონერ სამხედრო მაღალჩინოსნების ჯგუფი, რომლის წევრები გორბაჩოვისეული „პერესტროიკით“ უკმაყოფილოები იყვნენ და საბჭოთა მეთაურის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. სწორედ ამ მიზნით გამოუყვანეს ციხიდან კაკო სანაძე თავის 37-ე დაბადების დღეზე. სუპერსნაიპერიც იძულებული გახდა მათ მიმხრობოდა. ქართველ მაიორს სხვა გზა არ ჰქონდა. მართალია, პოლიტიკა არ აინტერესებდა, მაგრამ გორბაჩოვი დიდად არც მას ეხატებოდა გულზე. ამიტომ შეთავაზებაზე დათანხმდა და დაგეგმილი ოპერაციისთვის დაიწყო მზადება, რომელიც 1987 წლის 9 მაისს უნდა განხორციელებულიყო. სანაძეს გორბაჩოვი 1 300 მეტრის მანძილიდან დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანიდან („ესვედე“) გასროლით მავზოლეუმის ტრიბუნაზე უნდა მოეკლა. ამ ამოცანის შესრულება ძალიან რთული იყო და მთელ ქვეყანაში სულ რამდენიმე ადამიანს შეეძლო. სანაძე კი იმიტომ ამოარჩიეს, რომ ის ციხეში იჯდა და მისი დათანხმება სხვებზე იოლი იყო. მას მერე, რაც გორბაჩოვს მოკლავდნენ, „გვარდიელები“, კვალის დაფარვის მიზნით, აკაკი სანაძის ლიკვიდაციასაც აპირებდნენ.
ფანტასტიკური გაქცევა
ქართველი სუპერსნაიპერი 1987 წლის 9 მაისს, დილის 9 საათზე სასროლ პოზიციაზე აიყვანა „კაგებეს“ სპეცჯგუფმა. სანაძე „ლუბიანკაზე“ მიიყვანეს. პარალელურად, დააპატიმრეს „პატრიოტული გვარდიის“ კიდევ 19 წევრი, რომელთა შორის ორი გენერალი იყო. ორგანიზაციის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა იური სკვორცოვმა კი, როდესაც მის დასაპატიმრებლად „ჩეკისტები“ მივიდნენ, საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი. ეს შეთქმულება პოლკოვნიკმა პეტრე განეცკიმ გასცა. ბოლო მომენტში მას შეეშინდა. „ლუბიანკაზე“ მივიდა და „გვარდიელები“ დააბეზღა (1992 წელს განეცკი საბერძნეთში უცნობ ვითარებაში გარდაიცვალა – მას ყელი გამოჭრეს).
კაკო სანაძე „ლუბიანკაზე“ უსასტიკესად აწამეს. „ჩეკისტებს“ მეტი მოუვიდათ. ყოფილი ქართველი მაიორი ფსიქიკურად შეირყა და მისი გასამართლება შეუძლებელი გახდა. ამიტომ 37 წლის სანაძე ქალაქ ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში გაამწესეს, რომელიც ტაშკენტურ ჯოჯოხეთს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
1988 წლის 2 იანვარს ყაზანის ციხე-კლინიკიდან სანაძე გაუჩინარდა.