კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 აბსურდული სიტუაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლიკა ისეთი აღელვებული იყო, რომ მობილური ტელეფონის ღილაკებს ვერ იმორჩილებდა. როგორც იქნა სატელეფონო წიგნში შევიდა. ნუგზარ სონღულაშვილს მიაგნო და დარეკა.
– გისმენთ, – მოესმა ლიკას მამაკაცის ჩახლეჩილი ხმა.
– ნუგზარ, ლიკა ვარ, – თქვა გოგონამ.
– გამარჯობა, ლიკუშ. როგორ ხარ?
– შენ როგორ ხარ? – კითხვა შეუბრუნა გოგონამ.
– კარგად. ხომ მშვიდობაა?
– რაღაც უნდა გთხოვო.
– გისმენ, ლიკუშ.
– შენ რომ პატრიოტული ლექსი დაწერე, იმის ზუსტი ტექსტი მჭირდება.
– რად გინდა? – სიცილით იკითხა ნუგზარ სონღულაშვილმა.
– მჭირდება, ნუგზარ. მეტყვი? – ჰკითხა გოგონამ.
– კი, ბატონო, – გაეცინა ნუგზარს და ლექსის წაკითხვა პოეტურად დაიწყო, – შენ რა იცი, ჩემს გულში რა დარდი ტრიალებს, მთვარე ღამე გზასაც კი არ მინათებს, იგოეთში რუსის დროშა ფრიალებს და ქართველი მავთულგაღმა ღრიალებს...
– მადლობა, ნუგზარ. ნახვამდის, – თქვა გოგონამ და ტელეფონი უნდა გაეთიშა, მაგრამ ნუგზარ სონღულაშვილმა მოასწრო და ჰკითხა:
– ლიკუშ, ლიკუშ, არ მეტყვი, მაინც რაში დაგჭირდა ჩემი ლექსი?
– ჩემს დისშვილს ბაღში ზეიმი აქვს. პატრიოტული ლექსი უნდა თქვას და ზუსტი ტექსტი ამიტომ მინდა, – თქვა ლიკამ.
– ა, გასაგებია, – გაეცინა ნუგზარს და დააყოლა, – კობას ხომ არ დაურეკავს?
კობას ხსენებაზე ლიკა ქურხული შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია და უთხრა:
– არა, ნუგზარ, არ დაურეკავს და ტელეფონიც კი არ წაუღია.
– როდის ჩამოდის?
– ზუსტად არ ვიცი. ასე თქვა, ერთ კვირას არ გადავაცილებო.
– რომ ჩამოვა, შემეხმიანოს. თუ დარეკავს, ჩემგან მოკითხვა გადაეცი.
– კარგი, ნუგზარ, აუცილებლად გადავცემ. ნახვამდის!
– ნახვამდის, ლიკუშ! – თქვა ნუგზარმა და ტელეფონი გათიშა.
ლიკა ქურხულმა ტელეფონი სავარძელზე დააგდო. შემდეგ, მაგიდიდან ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული, წმიდა გიორგის ხატი აიღო, რომელიც ოქროს მსხვილ ჯაჭვზე იყო დამაგრებული. ხატი გახსნა და შიგნით ამოტვიფრული ტექსტი წაიკითხა: „შენ რა იცი, ჩემს გულში რა დარდი ტრიალებს, მთვარე ღამე გზასაც კი არ მინათებს, იგოეთში რუსის დროშა ფრიალებს და ქართველი მავთულგაღმა ღრიალებს...“
 გოგონამ ყელსაბამი კვლავ მაგიდაზე დადო. სიგარეტი გააბოლა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან რაღაცაზე გამალებული ფიქრობდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ კარზე ზარის ხმა გაისმა. ლიკა გასაღებად გაემართა. ათიოდე წამში კი ახალგაზრდა, მაღალ მამაკაცთან ერთად დაბრუნდა. ახალმოსული სავარძელში ჩაჯდა. ლიკაც ჩამოჯდა და სტუმარს მიმართა:
– კოტიკო, ძვირფასო, ჩემს თავს რაღაც დიდი უბედურება ტრიალებს. აქ კი იმიტომ მოგიყვანე, რომ მირჩიო, რა ვქნა და იქნებ მიშველო.
– დამშვიდდი, ლიკუშ და წყნარად მომიყევი, რა გჭირს, – მიუგო მასპინძელს ახალმოსულმა.
ლიკამ კოტეს ძვირფასი ყელსაბამი გაუწოდა და უთხრა:
– გუშინწინ კობა რუსეთში გაემგზავრა და ეს ყელსაბამი თან ჰქონდა. წუხელ კი მე ჩამივარდა ხელში.
კოტემ ყელსაბამი ყურადღებით დაათვალიერა, შემდეგ მაგიდაზე დადო და ლიკას უთხრა:
– ხომ არ გეშლება, ლიკუშ. ასეთი ყელსაბამი შეიძლება, სხვასაც ჰქონოდა.
– არა, კოტიკო, ეს ყელსაბამი კობამ საგანგებოდ დაამზადებინა და თანაც, ერთ ეგზემპლარად. მთავარი კი ისაა, რომ, – ლიკამ ხატი გახსნა და მამაკაცს გაუწოდა, – საგანგებოდ ეს ლექსი ამოატვიფრინა. ძმაკაცი ჰყავს ერთი. პატრიოტი ბიჭია. მოყვარული პოეტი და კობას ისე მოეწონა ეს სტრიქონები, რომ თქვა, – გულით უნდა ვატაროო და წმიდა გიორგის გამოსახულებასთან ერთად მუდამ თან ჰქონდა. დავურეკე კიდეც ნუგზარს, ამ ლექსის ავტორს და ტექსტი გადავამოწმე. ასპროცენტიანია. კობას ყელსაბამია და წყალი არ გაუვა.
– კეთილი, გასაგებია. ახლა ის მითხარი, როგორ ჩაგივარდა ხელში ეს ყელსაბამი, – უთხრა კოტემ ლიკას.
– წუხელ ჩვენს კლინიკაში ავტოავარიაში დაშავებული პაციენტი შემოიყვანეს, ძლიერი დარტყმისგან მძღოლს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. დახმარების აღმოჩენას რომ შევუდექი, მას კისერზე ჩამოკიდებული კობას ყელსაბამი შევნიშნე. უმალვე მოვხსენი და შევინახე. სულ მალე საპატრულო მოვიდა. „ტოიოტას“ მძღოლი 39 წლის დილარ ქანჩიანია და ქუთაისში ცხოვრობს.
– გარდაიცვალა? – იკითხა კოტემ.
– ცოცხალია, მაგრამ ძალიან მძიმედაა. რეანიმაციაში წევს. მრავლობითი მძიმე ტრავმები აქვს და მისი გადარჩენის შანსი მინიმალურია, – უთხრა კოტეს ლიკამ, თან დააყოლა, – ამიტომ, ალბათ, ამ კაცისგან ვერაფერს შევიტყობ. რა ვქნა, არ ვიცი და ამიტომ დაგიძახე.
– პოლიციას უნდა მიმართო. ისინი ყველაფერს გაარკვევენ. ოფიციალურად დაუკავშირდებიან რუსულ მხარესაც, – ურჩია კოტემ.
– არ მინდა ამ საქმეში ოფიციოზის ჩარევა, – თავი გააქნია ლიკამ.
– რატომ? – მხრები აიჩეჩა კოტემ.
– იმიტომ, რომ კობა რუსეთში ყალბი პასპორტით, სხვისი ვინაობით გაემგზავრა – ვითომ რუსი იყო, მოსკოველი.
– კი მაგრამ, ასეთი რამ რაში სჭირდებოდა?
– რუსულ ნარკოტრაფიკზე წიგნს წერს და დოკუმენტურ ფილმს იღებს. შენიღბულად მოქმედებს და ამიტომ, – თქვა ლიკამ.
კოტემ თავი გააქნია და თქვა:
– საბუთების გაყალბება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და ყველგან მკაცრად ისჯება. ღმერთმა დაიფაროს და რუსეთში თუ ამისთვის ჩაავლეს, ამ საქმეს „ეფესბე“ გამოიძიებს. არაა გამორიცხული, რომ ჯაშუშობაც კი დააბრალონ. ქართველი ჯაშუში კი რუსეთის ციხეში, ჩათვალე, „ტრუპია“.
– ვიცი, – თავი დააქნია ლიკამ და დაამატა, – ასე ამბობდა, – რასაც ვაკეთებ, ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რისკად ღირსო.
– „ეფესბე“ იქით იყოს და შენს ქმარს თუ ნარკომაფიოზებმა გამოსდეს „კრუჩოკი“, რუსეთის უშიშროებას მოანატრებენ, – თქვა კოტემ. შემდეგ ხელი ჩაიქნია და დაამატა, – თუმცა, ეს, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა. ერთმანეთთან არიან შეკრულები და ვინც მათ დაუპირისპირდება, არ გაახარებენ.
– შენი აზრით, იმათმა გაშიფრეს? – ჰკითხა შეშინებულმა ლიკამ.
– ვინ იმათმა? – გაეცინა კოტეს.
– აი, იმათმა – მაფიოზებმა და „ეფესბემ“.
– არ მგონია. მასე რომ იყოს, მაშინ მისი ყელსაბამი შენთან არ მოხვდებოდა. ის ხალხი სუფთად მუშაობს და შენს ქმარს თავის ყელსაბამიანად გააქრობდნენ. ვფიქრობ, აქ საქმე სხვა რამეშია და აბსურდულ სიტუაციასაც კი არ გამოვრიცხავ.
– ფიქრობ, რომ კობა ცოცხალია? – იკითხა ლიკამ, რომელსაც თვალებში იმედის ნაპერწკალი აუკიაფდა.
– ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი შანსია. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებს, გეტყვი, რომ ინტუიცია მკარნახობს, შენი კობა ცოცხალია, მაგრამ დიდ გასაჭირშია.
– დამეხმარები, კოტიკო? – უთხრა ლიკამ კოტეს და თვალებზე ცრემლი მოადგა.
– შენი აზრით, აბა, რისთვის ვარ მე აქ? – თქვა კოტემ და დააყოლა, – ოღონდ, ლიკუშ, ცრემლი არ დამანახვო. ტირილი და ვაი-ვიში ასეთ საქმეში ცუდი მოკავშირეა. ამიტომ, ცივი გულითა და ცხელი გონებით უნდა ვიმოქმედოთ. გასაგებია?
– გასაგებია, კოტიკო, – მიუგო კოტეს ლიკამ და ცრემლები შეიმშრალა.
***
  30 წლის ლიკა ქურხული ექიმი-ტრავმატოლოგი იყო და ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მუშაობდა. 30 წლის კოტე სულაძეს იურიდიული განათლება ჰქონდა და 4 წელი პოლიციაში იმსახურა. ხელისუფლება რომ შეიცვალა, აიძულეს, პატაკი დაეწერა და ორგანოდან წასულიყო. შემდგომ სამხედრო „კონტრაქტნიკი“ გახდა და ოთხი წლის განმავლობაში ყველა ის ცხელი წერტილი მოიარა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მებრძოლები მსახურობენ. ბოლოს ავღანეთის მისიიდან დაბრუნდა. კონტრაქტი აღარ განაახლა. ცოტა ფული ჰქონდა დაგროვილი და კერძო დეტექტივის სამსახური გახსნა. კოტე პოლიციის მაიორის ჩინს ატარებდა და იარაღის ტარების უფლებაც ჰქონდა. ის დაუოჯახებელი იყო... ლიკას და კოტეს ოცდაექვსწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ. ქალ-ვაჟი ერთ საცხოვრებელ კორპუსში იყვნენ დაბადებულები და მათი მშობლები ოჯახებით მეგობრობდნენ ერთმანეთთან. ბავშვები ჯერ საბავშვო ბაღში დადიოდნენ ერთად, შემდეგ თერთმეტი წელი სკოლაში ერთ მერხზე გაატარეს და დღე ისე არ გავიდოდა, რომ ერთმანეთი არ ენახათ. ბოლო ერთი წელი იყო, რაც ლიკა გათხოვდა და ქმრის ბინაში გადასახლდა. კოტე კი კვლავ მშობლებთან ერთად, ძველ სახლში ცხოვრობდა. ლიკა და კოტე ერთმანეთთან ღვიძლი და-ძმასავით იყვნენ და მათ შორის სხვა გრძნობა არასდროს ყოფილა. ლიკამ რომ გათხოვება გადაწყვიტა, პირველად კოტეს გაანდო და მხოლოდ ამის მერე ამცნო დედ-მამას. ლიკა და კობა ძნელაძე კი ერთმანეთს საავადმყოფოში შეხვდნენ. იმ დღეს ლიკა მორიგე იყო, როდესაც რეანიმაციულ განყოფილებაში 28 წლის ათლეტური აღნაგობის, სლავური გარეგნობის ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა კაცი მოიყვანეს. ეს კობა ძნელაძე იყო და მას მარცხენა ფეხი და ოთხი ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული, თან ტვინის შერყევაც უფიქსირდებოდა. აგრეთვე, რვა საშუალო სიმძიმის ნაკვეთ-ნაჩვხლეტი ჭრილობა, რომლებიც წვეტიანი, ბასრი საგნით (მოგვიანებით დადგინდა, რომ ფოლადის ორი დანით) ჰქონდა მიყენებული. მიუხედავად ასეთი მძიმე დაზიანებებისა, რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტი გონებაზე იყო და იღიმებოდა კიდეც. კობა ძნელაძეს პირველადი დახმარება ლიკამ აღმოუჩინა. დიაგნოზიც მანვე დაუსვა და ამასთანავე, ერთი ნახვითაც შეუყვარდა... ისევე, როგორც კობას – ლიკა... კობა ძნელაძე კი იმიტომ აღმოჩნდა ასეთ დღეში, რომ ავლაბარში ორ უკრაინელ გოგონას გამოესარჩლა, რომლებსაც ოთხი ადგილობრივი „კაი ბიჭი“ შეურაცხყოფას აყენებდა. კობა სამების ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდა და ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ის დაღმართზე ფეხით ეშვებოდა. „კაი ბიჭებს“ ქერათმიანი გოგოები ერთ ვიწრო ქუჩაზე, კედელზე ჰყავდათ აყუდებული და სახლში ეპატიჟებოდნენ. კობამ ჯერ სიტყვით სცადა სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ მას თავს დაესხნენ და იძულებული გახდა, თავი დაეცვა. კობა ხელჩართულ ბრძოლაში იყო დახელოვნებული და ოთხ „ახვართან“ გამკლავება არ გასჭირვებია. თუმცა, ერთ-ერთმა დანა ამოიღო და კობას შეუტია, მეორემ კი  „ნივა“ დაქოქა, კობას დაეჯახა და შემდეგ ფეხზეც გადაუარა. ამის მერე ოთხივე გარეწარი „ნივით“ მიიმალა. კობა კი სწორედ უკრაინელმა გოგონებმა მიიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. მოგვიანებით პოლიციამ ოთხივე „ახვარი“ დააპატიმრა. გოგონებმა ისინი ამოიცნეს და სასამართლომ თავდამსხმელები 8-8 წლით ციხეში გამოამწყვდია. კობა კი ერთ თვეში ფეხზე დადგა. ერთი წლის მერე კი ლიკაზე იქორწინა.
  კობა ძნელაძე მხატვარი იყო – თოიძის სახელობის სასწავლებლის გრაფიკის ფაკულტუტი ჰქონდა დამთავრებული. გარდა იმისა, რომ საუცხოოდ ხატავდა, მას კინოდოკუმენტალისტიკა და ფოტოგრაფიაც იტაცებდა, შესანიშნავად წერდა, საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მებრძოლი იყო და ქართულის გარდა რუსულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს ფლობდა. ოთხი წელი კობას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდა გატარებული და იქიდან რომ დაბრუნდა, სწორედ მას მერე მოჰკიდა ხელი კერძო საგამოძიებო ჟურნალისტიკას და წიგნის დაწერისა და დოკუმენტური ფილმების გადაღების სურვილი გაუჩნდა.
***
  კოტე სულაძემ ლიკა ქურხულს უამრავი კითხვა დაუსვა, რაც მისი აზრით, კობა ძნელაძის მოძებნაში დაეხმარებოდა. აუცილებელი ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭირო კითხვები რომ ამოწურა, წასასვლელად მოემზადა და თავის დობილს უთხრა:
– კარგად დაიმახსოვრე, ლიკუშ, რომ ენას კბილი უნდა დააჭირო და კობას გაუჩინარების შესახებ სიტყვაც კი არავისთან დაგცდეს. სამსახურში რომ იქნები და ისედაც, დილარ ქანჩიანის მიმართ შენს ინტერესს ნურავის გააგებინებ. თუ ეგ ქანჩიანი მოკვდება, უმალვე შემატყობინე. მაცნობე, აგრეთვე, თუკი რაიმე საეჭვოს შეამჩნევ. იყავი მშვიდად, ყურადღებით და იმედიანად. იცოდე, რომ თავს არ დავზოგავ კობას მოსაძებნად.
– ვიცი, კოტიკო. შენი დიდი იმედი მაქვს. შენც ფრთხილად და ყურადღებით იყავი, – მიუგო ლიკამ ძმობილს. ლოყაზე აკოცა და სახლიდან გაისტუმრა.
ლიკასგან წამოსული კოტე ოფისში დაბრუნდა, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი ძველებური სახლის უზარმაზარ სარდაფში იყო განთავსებული. კოტეს სულ ექვსი შტატიანი თანამშრომელი ჰყავდა და თითოეულ მათგანს მაიორი სულაძე საკუთარი თავივით ენდობოდა. ყველა თანამშრომელი ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალი იყო და კოტე სულაძეს მათ კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარებოდა. მიუხედავად ამისა, კოტემ მაინც თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური დავალებების მიცემა გადაწყვიტა და საერთო თათბირი არ მოუწვევია. კოტემ პირველად კაბინეტში 26 წლის ბონდო ხაჩიძე იხმო, წინ სურათი დაუდო და უთხრა:
– ესაა 30 წლის კობა ძნელაძე. გუშინწინ რუსეთის მოქალაქის იური მანკინის პასპორტით ერევნის გავლით რუსეთის ქალაქ მინერალნიე ვოდიში გაფრინდა. შენ უნდა ზუსტად დამიდგინო, შევიდა თუ არა ეს მოქალაქე ერევანსა და მინერალნიე ვოდიში და ისევ ხომ არ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. სულ ორ დღეს გაძლევ. ალბათ, ამ ქალაქებში გამგზავრება მოგიწევს. აი, შენ ორი ათასი დოლარი და დაუყოვნებლივ შეუდექი საქმეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3