№21 ბერიას მიერ ჩატარებული გრანდიოზული ოპერაცია
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– სამ თვეში ყველა ქარხანა უკვე ურალის მთებს იქით უნდა იყოს ევაკუირებული და ხარისხიან პროდუქციას უშვებდესო. კაგანოვიჩს სახეზე ფერი არ ედო. ცარცივით იყო გაფითრებული და ალბათ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. ეს, ასეც მოხდებოდა, ბერიას რომ არ გადაერჩინა. მან (ბერიამ) სტალინს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, დასახული ამოცანის შესასრულებლად ამხანაგი კაგანოვიჩი ჩემს მოადგილედ უნდა დაინიშნოს და ამის დადასტურებას გთხოვთ.
ეს, ფაქტობრივად, კაგანოვიჩის სახრჩობელიდან მოხსნის ტოლფასი სვლა იყო. ბერიას სიტყვებზე სტალინი შეცბა და კოპებშეკრულმა უთხრა:
– რაში უნდა გამოიყენო კაცი, რომელმაც დავალება ვერ შეასრულა?
– ამხანაგო სტალინ, ამხანაგ კაგანოვიჩს რკინიგზაზე დიდი ავტორიტეტი და გამოცდილება აქვს და მის გარეშე ევაკუაცია არ გამოვა, – მტკიცედ თქვა ბერიამ.
– თუ ასეა, წაიყვანე, მაგრამ იცოდე, ლავრენტი, რომ მთელი პასუხისმგებლობა ახლა შენზეა და ფეხი რომ დაგიცდეს, უკვე ვეღარაფერი გიშველის, – მიუგო სტალინმა.
აშკარაზე აშკარა იყო, რომ ბერიამ კაგანოვიჩი უეჭველი სიკვდილისგან იხსნა, რადგან სტალინი მას ევაკუაციის გეგმის ჩაგდებას არ აპატიებდა. იქვე ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მეც შევდიოდი და როგორც კი სტალინის კაბინეტიდან გამოვედით, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში გადავინაცვლეთ. იქ ბერიამ პირველი თათბირი ჩაატარა. იქვე შევადგინეთ მოქმედების გეგმა და მეორე დღეს „საევაკუაციო მანქანა სრული სვლით დაიქოქა“. ბერიამ ჩვეული პროფესიონალიზმით მოჰკიდა ხელი საქმეს და დღე-ღამეს ვასწორებდით...“
ძალზედ საგულისხმო ფაქტია ის, რომ ლაზარ კაგანოვიჩი ერთ-ერთი პირველი მიემხრო ანტიბერიულ შეთქმულებას. არადა, რომ არა ბერია, სტალინი მას (კაგანოვიჩს) 1941 წლის აგვისტოში სიკვდილით დასჯიდა. ვიაჩესლავ მალიშევი წერდა: „ბერიამ ფანტასტიკური რამ შეძლო. სტალინის მიერ მიცემული სამი თვის ვადა სამ კვირამდე შეამცირა და 21 დღის შემდეგ საბჭოთა კავშირის მრეწველობის 95 პროცენტი უკვე ურალის მთებს იქით იყო ევაკუირებული და პროდუქციას უშვებდა. შთამბეჭდავია რიცხვები, რომლებითაც ეს გრანდიოზული ღონისძიება გამოისახება. 21 დღის განმავლობაში ბერიამ მოახერხა 2 მილიონი ვაგონის ურალს იქით გადასროლა. ევაკუირებული იყო 12 ათასი მსხვილი საწარმო და 4 მილიონი ადამიანი (მუშა-მოსამსახურეები, ინჟინრები და ადმინისტრაცია). ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ქარხნების ევაკუაციისას (დაშლა-აწყობის დროს) ერთი ჭანჭიკიც კი არ დაკარგულა და რადგან ურალს იქით უკვე 15 სექტემბერს ყინვები დაიჭირა, ადამიანებს უმძიმეს პირობებში უხდებოდათ მუშაობა. რომ არა ეს გრანდიოზული ოპერაცია, ჩვენ ამ ომში ვერასგზით გავიმარჯვებდით და ამაში ლომის წილი ლავრენტი ბერიას ეკუთვნის“.
ამ გრანდიოზულ ოპერაციას თავისი ტრაგიკული გმირებიც ჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი გმირი იყო ჩელიაბინსკის სატრანსპორტო ქარხნის დირექტორი ივანე პოგორელოვი. 29 აგვისტოს ბერიამ პოგორელოვს დაურეკა და უთხრა, რომ სამი კვირის ვადაში ქარხანას ტრაქტორების მაგივრად უკვე ტანკები უნდა გამოეშვა. დირექტორმა ყურმილი დადო და პისტოლეტით თავი მოიკლა, რადგან ეს ამოცანა გადაუჭრელად მიაჩნდა. მის მაგივრად დანიშნულმა სომოვმა კი უკვე 17 დღის მერე შეძლო ტანკების გამოშვება. ბერიამ სომოვს გმირობა მიანიჭა. თუმცა არც პოგორელოვი დავიწყებია და მის ოჯახს დახმარება დაუნიშნა. ასე შეძლო ბერიამ საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 7 ათას კილომეტრზე გადასროლა, რამაც საბჭოთა კავშირს ომი მოაგებინა“.