№21 როგორ ჩაუშალა სტალინმა ანგლო-ამერიკელებს სეპარატული მოლაპარაკება ფაშისტებთან
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

1945 წლის თებერვალში ყირიმის ქალაქ იალტაში სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის მონაწილეობით მორიგი კონფერენცია ჩატარდა. ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. საბჭოთა კავშირი ევროპის დიდ ტერიტორიაზე დომინირებდა. შეუჩერებლად მიიწევდა წინ და მთელი გერმანიისა და დანარჩენი ქვეყნების ოკუპაცია დიდ სირთულეს უკვე აღარ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, სტალინი ზუსტად იცავდა თეირანში მიღწეულ შეთანხმებას და გეგმაზომიერად და კოლეგიალურად მოქმედებდა. იალტაში კი სამივე სახელმწიფოს ლიდერს უკვე უფრო კონკრეტული პუნქტები უნდა გაეწერათ, თუ როგორ ემოქმედათ ჰიტლერის დამარცხების შემდეგ. კონფერენციის დაწყებამდე სულ რაღაც სამიოდე დღით ადრე საბჭოთა დაზვერვამ სტალინს უტყუარი ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, რომ ამერიკელები, ნაწილობრივ ინგლისელებიც, სეპარატულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ფაშისტებთან შვეიცარიის ქალაქ ბერნში... გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „მიუხედავად იმისა, რომ ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, საბჭოთა საგარეო დაზვერვა უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა. სტალინის საგანგებო მითითებით პოლიტიკურ საკითხებზე ვიყავით გადართულები და აღმოვაჩინეთ, რომ შვეიცარიის ქალაქ ბერნში, ზეგასაიდუმლოებულ ვითარებაში, ანგლო-ამერიკელები ჰიმლერის პირად წარმომადგენელთან, გენერალ კარლ ვოლფთან აწარმოებდნენ სეპარატულ მოლაპარაკებებს. ამ შეხვედრებს „ცეერუს“ მომავალი შეფი ალენ დალესი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკების მთავარი საკითხი იყო „წითელი არმიისთვის“ უმძლავრესი წინააღმდეგობის გაწევა მთელ ფრონტზე. ვოლფის პირით ჰიმლერი ანგლო-ამერიკელებს დანებებასა და მათთან ბრძოლის შეწყვეტას სთავაზობდა. სამაგიეროდ თხოულობდა ხელშეუხებლობის გარანტიას და პირობას იძლეოდა, რომ მთელ გამოთავისუფლებულ ძალებს საბჭოთა „წითელი არმიის“ წინააღმდეგ გამოიყენებდა. ჩვენმა აგენტურამ არა მარტო ხმოვანი ჩანაწერები მოიპოვა ამ მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც 100 საათზე მეტს მოიცავდა, არამედ ოთხსაათიანი კინოფირიც გვქონდა. მთელი ეს მასალა სტალინს მივაწოდეთ და 31 იანვარს, ანუ იალტის კონფერენციის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე, ვერაგი მოკავშირეების საწინააღმდეგოდ მას უკვე მნიშვნელოვანი სამხილები ჰქონდა.“
სტალინი ისე შეხვდა თავის კოლეგებს, რომ ჩერჩილსა და რუზველტს გონებაშიც კი არ გაუვლიათ, თუ რა ინფორმაციებს ფლობდა სტალინი. კონფერენცია დაიწყო და ჩერჩილი გააქტიურდა, რომელიც ყველაზე „მსუყე ნაჭრების მოპოვებას“ ცდილობდა... ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „საბჭოთა დაზვერვის მიერ მოპოვებული კინოფირები, სტალინის ბრძანებით, „მოსფილმის“ საუკეთესო მემონტაჟეებს დაამონტაჟებინეს და ერთსაათიანი ფილმი გამოვიდა, რომელსაც დიქტორ იური ლევიტანის ხმა დაადეს. ლევიტანი კარგად ფლობდა ინგლისურს და საკომენტარო ტექსტსაც ამ ენაზე კითხულობდა.
– ამით ჩერჩილს მოვდრეკ, როცა ახალ მოთხოვნებს წამოაყენებსო, – მითხრა სტალინმა კონფერენციის გახსნის წინა დღეს.
და, მართლაც, როდესაც რუზველტი, განსაკუთრებით კი ჩერჩილი, თეირანის კონფერენციაზე მიღწეული ზოგიერთი მუხლის თავიანთ სასარგებლოდ გადახედვას მოითხოვდნენ, სტალინმა თავის კოლეგებს სამსაათიანი შესვენება მოსთხოვა და უთხრა, რომ კონფიდენციალური ფილმის საყურებლად გაჰყოლოდნენ...“
ამ, ეგრეთ წოდებული ერთსაათიანი „კონფიდენციალური“ ფილმის ყურების შემდეგ, რუზველტსა და ჩერჩილს კიდევ ორი საათი დასჭირდათ გონზე მოსასვლელად და სწორედ ამიტომ მოითხოვა სტალინმა სამსაათიანი შესვენება. იმავე დღეს სეპარატული მოლაპარაკებები შეწყდა. ჩერჩილსა და რუზველტს კი თეირანში მიღწეული ხელშეკრულების გადახედვა აღარ მოუთხოვიათ. სამ თვეში ომი დასრულდა და როგორც გათვალისწინებული იყო, სტალინმა ევროპის უმეტესი ნაწილის ოკუპაცია განახორციელა...“