№21 მოწყალების მნიშვნელობა
ყველა სხვა სათნოებათა შორის მოწყალებას განსაკუთრებული ადგილი უკავია, რამეთუ საშინელი სამსჯავრო სულის მიერ მოწყალების საქმეებისა (მათე 25, 31-46) და სიყვარულის გამოვლინების ნიშნებით მოხდება. სიყვარული სულს მოწყალებისკენ უბიძგებს და მხოლოდ ის ანიჭებს ჭეშმარიტ ფასს მოწყალებას, როგორც მარილი – საჭმელს.
შეიძლება ითქვას, რომ მოწყალება და სიყვარული განუყოფელია. ერთმანეთის გარეშე ისინი ღვთის თვალში ნაკლებად ფასობს. იგივე უნდა ითქვას რწმენაზეც: როგორც რწმენა საქმის გარეშე მკვდარია, ასევე მხოლოდ კეთილი საქმეები რწმენის გარეშე სულს ვერ აცხოვნებს.
***
ღრმად უნდა გვწამდეს, რომ ღვთის სიტყვები უცილობლად აღსრულდება ჩვენზე, როგორც თავის დროზე აღსრულდნენ ისინი წმიდანებზე, რომლებიც საკუთარი ცხოვრების მაგალითებით გვასწავლიან
მაგალითად, ღირსი საბა განწმენდილი და ღირსი სერგი რადონეჟელი მოუსავლიან წლებში მშივრებს მონასტრის უკანასკნელ მარაგს ურიგებდნენ. სავანის მცხოვრებთ დრტვინვა დაიწყეს მათზე გადამეტებული სიუხვის სიყვარულისთვის, მაგრამ ღირსი მამები – საბა და სერგი ანუგეშებდნენ მათ და ურჩევდნენ, შეწევნას ზეციდან დალოდებოდნენ. მართლაც, უფალმა მათი დახმარება არ დააყოვნა. ღვთაებრივი ჩანაფიქრით, მონასტერში უფრო მეტი პროდუქტი აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე იყო.
ბერი სილუანი წერს: „როდესაც ქონებას გართმევენ, მიეცი, რამეთუ ღვთის სიყვარულს უარის თქმა არ შეუძლია; ხოლო ვინც სიყვარული ვერ შეიმეცნა, მას არ შეუძლია, მოწყალე იყოს. რამეთუ მას სულში სულიწმიდის სიხარული არ აქვს... ეს ჯერ კიდევ მშობელმა მამამ მასწავლა: როდესაც სახლში უბედურება ხდებოდა, ის მშვიდი რჩებოდა.“
***
მამა იოანე გვირჩევს: „თუ ფული უბრალოდ, დიდი შრომის გარეშე მოგეპოვება, ბევრი არ იფიქრო, გულუხვად დაარიგე... თუ გლახაკები უკან დაგდევენ, ეს ნიშნავს, რომ ღვთის წყალობა განუწყვეტლივ თან გდევს“.
ჭეშმარიტად მოწყალე ქრისტიანების მოწყალება ყველა გარშემო მყოფს განურჩევლად ეფრქვევა. ოღონდ მოწყალების საქმეები მნიშვნელობის მიხედვით განსხვავებულია, მაგრამ გულითადი თანადგომა მათ ყველას მიმართ ერთნაირი აქვთ.
გირჩევთ, შენც ასე მოიქცე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წყალობას გლახაკების მიმართ იჩენ. ნუ განასხვავებ შენი ყურადღების ღირსსა და უღირსს. ყველას მიეცი, ვინც გთხოვს. ამით შენც სულიერად გამდიდრდები და მოყვასსაც დაცემისგან დაიცავ. ზოგიერთი გლახაკი ბოროტდება მათზე, ვინც გულგრილად უვლის გვერდს. ამ დროს მათ ყველა მდიდრის, რელიგიურის, გამაძღარის, უჭირველის მიმართ სიძულვილი უჩნდებათ. ზოგჯერ ეს სიძულვილი იქამდე მიდის, რომ თავად ღმერთის ლანძღვას იწყებენ.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი წერს: „ვინც თავისი გულის კეთილ ნებას გზას აძლევს, ის, უპირველეს ყოვლისა, თავად მდიდრდება. მის სულში შედის ნათელი, მაკურნებელი ძალა, სიხარული, მშვიდობა, რაც ჩვენი სულის ყველა წყლულსა და სნეულებას კურნავს. გულსასტიკი, პირიქით, წურავს თავის გულს, მასში სიცივეს, მტრობას, სიკვდილს უშვებს.
იყო კეთილი – არ ნიშნავს, საკუთარი თავი კეთილი საქციელისკენ მიმართო, გულში მადლის სითბო მოიგროვო, უპირველეს ყოვლისა კი – განწმენდითა და ლოცვით. როგორ არ გავცივდეთ ყინვაში? – შინაგანად გამთბარნი ვიყოთ. როგორ არ გავცივდეთ ამა სოფელში? – გულში სულიწმიდის მადლის სითბო შემოვუშვათ. ჩევნი უმოწყალობა, შეუბრალებლობა, ადამიანებისადმი დაუნდობლობა გაუვალი ზღუდეა ჩვენსა და ღმერთს შორის. ეს ისაა, თითქოს მცენარეს შავი თალფაქი დავაფარეთ, შემდეგ კი წუწუნი დავიწყეთ იმაზე, რომ ის მზის სხივების გარეშე იღუპება“.
სქიმ იღუმენი საბა