№21 რატომ არიან დღეს მორწმუნე ადამიანების შვილები ეკლესიიდან შორს და რატომ აქვთ მათ გენეტიკა დანაგვიანებული წინაპრების გამო
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
დღეს ადამიანებს ბევრი საკითხისადმი არასწორი დამოკიდებულება გვაქვს, რაც ხშირად თუნდაც ჩვენს სარწმუნოებასთან მიმართებაში არასწორად აისახება. თუმცა ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ცოტა ხნის წინ ღვთისმშობლის წილხვედრილობის კვირეული გაიმართა. რატომღაც მე ვერ აღვიქვი და არც ვიცი, რას ნიშნავს ღვითისმშობლის წილხვედრილობის კვირეული. ეს არ უნდა იყოს სწორი ტერმინი. ქვეყანას, სადაც პირველმა მოციქულმა იქადაგა 2000 წლის წინ, სირცხვილია, შეახსენო, რომ წილხვედრილობის კვირეული გჭირდება. ჩვენთვის სიხარული – ივერიის გაბრწყინება, აღდგომა, ამაღლება, უფალთან სამოთხისეული სიახლოვე დაიწყო პირველ საუკუნეში, როდესაც ღვთისმშობლის საოცარი განგებულებით, ჩვენს ქვეყანაში სვიმონ კანანელი და ანდრია პირველწოდებული შემოვიდნენ. ზოგი ფიქრობს, რომ მანამდე ვიყავით ქრისტიანები, ზოგი კი ფიქრობს, რომ ქართველები დაბადებიდან ქრისტიანები არიან. ეკლესიას არ აქვს ასეთი სწავლება, რომ ვინმე, რომელიმე ერი ბუნებით იყოს ქრისტიანი. ყველა ადამიანი დაბადებიდან არის ქრისტიანი, რადგან ღვთისგან იბადება. მერე იკითხავთ, მაშინ ჩვენი შვილები რატომ არიან ცუდად, რატომ ავადმყოფობენ, რატომ არ დადიან ეკლესიაშიო. იმიტომ, რომ თქვენი შვილები არიან. ჩვენი შვილები იმიტომ არიან ღმერთისგან შორს, იმიტომ ავადმყოფებენ, რომ ჩვენი და ჩვენი წინაპრების შვილები არიან. ჩვენი გენეტიკა დაზიანებულია, მასში ბევრი ნაგავი დაგროვდა. ეს ნაგავი რომ გავიტანოთ, გვჭირდება სულიერი პასპორტი, რომელიც არის სახარება. ღვთისმშობელი რომ გვისმენდეს, ძალიან შერცხვებოდა ჩვენ გამო. ამ ღონისძიებაზე ამდენი თანხა იხარჯება, იდგმება უნიჭო სპექტკალები და ვის რაში სჭირდება. ჯობია, ამ თანხით სახარება ვიყიდოთ და სოფლებში დავურიგოთ ხალხს, წმიდა პავლეზე, პეტრეზე ვესაუბროთ მათ. ჩვენ გაცილებით მაღლა უნდა ვიდგეთ, ვიდრე სხვა დიდი ერები. მაგრამ ამას ვერ შევძლებთ, რადგან ჩვენ მოვკალით ილია, ვერ გავუგეთ ბარათაშვილს და ფანჯრიდან გადმოვაგდეთ გალაკტიონი. მკვდარი ქვეყანა ჩაიბარა ილია ჭავჭავაძემ, ხოლო სუდარაგადაფარებული ქვეყანა ჩაიბარა ილია მეორემ, ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა და ააღორძინა. დღეს კი გარკვეული სასულიერო პირები და პოლიტიკოსები ღიად აკრიტიკებენ ილია მეორეს, უპირისპირდებიან. მაგრამ ვერ მოგვერევიან, რადგან სახარება, „ვეფხისტყაოსანი“ გვაქვს და იესო ქრისტე გვყავს. ქრისტეს აღდგომას ვზეიმობთ და რა ცეცხლი გვჭირდება? როცა მონაზვნები და ბერები მონასტერში უნდა იყვნენ, თვითმფრინავში სხედან და ცეცხლს დაარბენინებენ. ჩადი აღდგომას ისრაელში, სომხების გვერდით ილოცე და მერე იძახე: ეკუმენიზმი მასონებისგან მოდისო.
– რა უნდა გავითვალისწინოთ დღეს ყველაზე მეტად?
– არ მიატოვოთ ეკლესია. სისხლი და ხორცი, რომელსაც ვიღებთ, გადაარჩეს ჩვენს ქვეყანას. ქრისტეს სისხლმა და ხორცმა მოგვიყვანა აქამდე. ზოგი ამბობს: აღდგომას ხომ ვიყავი ეკლესიაში და ახლა რაღა მინდაო? მაინცდამაინც მძიმე სენით უნდა იყო შეპყრობილი, რომ ეკლესიაში მიხვიდე და მიხვდე, რისთვის გჭირდება ეკლესიაში სიარული. ეკლესიას სკოლაში აღარ უშვებენ – თურმე, ეკლესიური აზროვნება დამღუპველია ბავშვებისთვისო. სახელმძღვანელოებიდან ამოიღეს აკაკი წერეთლის „ღამურა“, აღარ ასწავლიან, რადგან ადამიანი თავად ირჩევს ქვეყანას, სქესს, სამშობლოს. როგორ შეიძლება, სამშობლო აირჩიო?! სერბეთის პატრიარქი, პავლე იძახდა: ჩვენ ვირჩევთ აღმსარებლობას, სიკეთეს და ბოროტებას, მაგრამ სამშობლოს არ ვირჩევთო. ჩვენ სამშობლოში ვიბადებით. ემიგრანტებსაც ვთხოვთ, დაბრუნდნენ საქართველოში, მიხედონ თავის მშობლებს, რადგან რომ დაბრუნდებიან, შეიძლება, აღარავინ დახვდეთ საკუთარ სახლში და თქვენი დაკეტილი სახლის კარს, არაბი, ირანელი და თურქი გააღებს. ასე რომ არ მოხდეს, ყოველთვის მოვიდეთ ეკლესიაში. ხან წმიდა ანდრეას ხსენება იქნება, ხან წმიდა გიორგისი, ხან წმიდა ნინოსი და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ არ დაგავიწყდეთ, ღვთისმშობლის სარწმუნოებამ გადაგარჩინათ და თქვენზე მხოლოდ არჩევანია დამოკიდებული. რომელს აირჩევთ: აქეთ – სიკვდილია, იქით – სიცოცხლე, აქეთ ნათელია, იქით – ბნელი, აქეთ სიკეთეა, იქით – ბოროტება. ჩვენ გვინდა წმიდა ანრია, წმიდა ნინო, თამარ მეფე... მინდა გითხრათ, რომ დღეს ქალბატონები და მამაკაცები თანასწორები კი არ ხართ, ქალები მამაკაცებზე მეტნი ხართ, თან, ბევრი რამით. ღვთისმშობელი იყო ქალწული, რომელიც ზეციურ იერარქიაში აღმატებული ქმნილებაა. ამიტომ, ვინც ქალებს გეტყვით, რომ თანასწორები ხართ, უთხარით, რომ ნუ მამცირებთ: თანასწორები კი არ ვართ, ჩვენ, ქალები, მამაკაცებზე მაღლა ვდგავართო.
– მამაო, დღეს ძალიან ადვილად ინგრევა ოჯახები. რა არის ამის მიზეზი?
– დღეს ადვილად ინგრევა ოჯახები. ადრე, ოჯახი რომ ინგრეოდა, მთელი ქვეყანა შეიძრებოდა ხოლმე. არ ვიცი, ვისი ბრალია ეს – ქალების თუ კაცების, თუ დრო მოვიდა ასეთი. ვფიქრობ, ეს ჩვენი ბრალია, ურწმუნოების. ის ერთი უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ არ გიყვარს, როგორც ფსიქოლოგები გვეუნებიან: ჯობია არ იყო მასთან, რადგან ბავშვები არ დაზარალდნენ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანის არჩევანია. მე მინდა, ჩვენი ქვეყანა გამრავლდეს, ბედნიერი ოჯახები იყოს, მაგრამ ეშმაკი დღეს ყველაფერს ანგრევს. მხოლოდ ეკლესია ვერ დაანგრია და ასევე მცირე ეკლესია – ოჯახები ვერ დაანგრია ბოლომდე. ამიტომ უნდა გვქონდეს რწმენა, სიყვარული და სანამ ოჯახს შევქმნით, მანამდე წავიკითხოთ სახარება, მივიდეთ მოძღვართან, გავესაუბროთ. არც მეორე ოჯახის შექმნა არ არის უბედურება, ბევრმა ადამიანმა შექმნა მეორე ოჯახი და გადაარჩინა საკუთარი სული და ქვეყანა. ეკლესია აკურთხებს მეორე, მესამე ოჯახს, ოღონდ გადავრჩეთ და კარგად ვიყოთ. სამწუხაროდ, დღეს არაფერი გვეტყობა რწმენის, სიყვარულის, ერთმანეთის პატივისცემის. დღეს გოგონები, ბიჭები დადიან ეკლესიაში, მაგრამ როგორც კი დაქორწინდებიან, აღარ მოდიან. რა ჩავიცვა, რა დავიხურო, სად წავიდე, რა ვიყიდო – მხოლოდ ამაზე ფიქრობენ და წარმართულ ცხოვრებაში გადადიან. ავიწყდებათ, რისთვის შექმნეს ოჯახი. რომ მეორე ნახევარი ადამიანს ცხონებაში უნდა დაეხმაროს. ოჯახის შექმნის მიზეზი ერთმანეთის დახმარებაა, ოჯახის ცხონებაა. ზოგჯერ, რადგან შვილები არ უჩნდებათ, ადამიანები ანგრევენ ოჯახებს. შვილები აუცილებელია, მაგრამ არა – მთავარი. მთავარია ის, რომ კაცმა აღარ იუფლოს თავის სხეულზე, არამედ ქალმა, ისევე როგორც კაცმა – ქალის სხეულზე. რომ მოგინდება საპირისპირო სქესთან ურთიერთობა, იმისთვის გყავს მეუღლე, რომ მასთან დაიკმაყოფილო ქალური თუ მამაკაცური მოთხოვნილებები და არ ჩავარდე ცოდვაში. ორი ხდება ერთი, რომ ერთმანეთს დაეხმარონ ცხონებაში. რატომ ვერ ნახულობენ ახალგაზრდები მოსაწონ გოგონებს, როგორ შეიძლება, ყველა ცუდი იყოს ან შეუხედავი? ამ ყველაფრის გამო ცოტა ხანში საქართველოში ქართველები უმცირესობაში ვიქნებით – ამის ნიშნები უკვე არსებობს.