კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ დატოვა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე 900 000-მა ქართველმა და როგორ გაუსწრო ყველა მაჩვენებლით, ავტორიტარმა ნურსულთან ნაზარბაევმა დემოკრატიის შუქურასა და რეფორმების მამად აღიარებულ საქართველოს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  თუმცა სსრკ-ს დაშლაში აქტიური მონაწილეობა ერთ სამოქალაქო ომად და ორივე ყოფილ საბჭოურ ავტონომიასთან სამხედრო კონფლიქტად დაგვიჯდა, 1992 წლის დეკემბრის მიწურულს საბჭოეთის ოფიციალურად გაუქმების შემდეგ დამოუკიდებლობა საქართველომაც მიიღო და ყაზახეთმაც (ისევე, როგორც დანარჩენმა საბჭოთა რესპუბლიკებმა). მას შემდეგ ჩვენ დასავლურ ორბიტაზე მოვხვდით, (სავსებით ბუნებრივად) „დემოკრატიის შუქურის“ ეპითეტიც დავიმსახურეთ და პოსტსაბჭოთა სივრცეში – რეფორმების მამებისაც, იმას გარდა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დღენიადაგ გვაქებენ. ამასობაში კი ყაზახეთში დამოუკიდებლობის დღიდან პრეზიდენტი (მანამდე კი საბჭოთა ნომენკლატურა) ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა და დედაქალაქ ასტანასაც მის პატივსაცემად ნურსულთანი ეწოდა. ამ გადაწყვეტილებამ, მათ შორის, ჩვენთანაც განამტკიცა აზრი, რომ ყაზახეთი შორსაა დემოკრატიისგან, თუმცა საქართველოსა და ყაზახეთის ეკონომიკური და დემოგრაფიული მონაცემების შედარება აშკარად არ არის დემოკრატიის სასარგებლოდ. ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად შევადარებთ ამ ორი ქვეყნის განვითარების ტემპებსა და მიღწევებს საბჭოთა კავშირის დაშლიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ.
–  ფაქტია, რომ ასტანა, როგორც ტერიტორია, ყაზახეთს ნურსულთან ნაზარბაევმა შეუნარჩუნა, მაგრამ ეს განსვლა განვითარების ტემპებში რით აიხსნება? განვიხილოთ, რა მიღწევები აქვს საქართველოს, როგორც დემოკრატიის შუქურასა და მუდმივი ქების ობიექტს და ყაზახეთს, როგორც ნაკლებად დემოკრატიულად შერაცხულ სახელმწიფოს ავტორიტარული გადახრებით?
– მწარე რეალობაა, ჩვენ უფრო თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეების ექსპლუატაციას ვახდენთ, ხოლო ყაზახეთი და სხვა ქვეყნები უფრო მატერიალისტები არიან, ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით.
– პრაქტიკული გაგებითაც.
– დიახ, ცხოვრების დონით, კეთილდღეობით, კომფორტით. ზედმეტი ვნებათაღელვისა და აჟიოტაჟის გარეშე წინ წავიდნენ. მეც შემოვიტან ირონიის ელემენტებს: არის ქართული ფილმი „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, რომელშიც რაჭველი აუჩქარებლად მირბის, გზად მოასწრებს დაოჯახებას, ბავშვიც შეეძინება, ფაცხა-ფუცხა იმერელი კი თითქოს წინ გარბის, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მობაჯბაჯე დაწინაურდება და გაიმარჯვებს. დაახლოებით, ასეთივე პარალელის გავლებაა შესაძლებელი ამ ორ ქვეყანას შორისაც. კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მონაცემებს და გასული საუკუნის 90-ან წლებიდან ყაზახეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 1,5-ჯერ გაიზარდა, საქართველოს წილი კი 3-ჯერ შემცირდა და მხოლოდ ამ ერთი მონაცემითაცაა შესაძლებელი დასკვნების გამოტანა. კონკრეტული ციფრების დასახელებაც შემიძლია: ყაზახეთს ადრე 0,28 პროცენტი ეჭირა, ახლა 0,37 პროცენტი უჭირავს, მაშინ, როდესაც საქართველოს წილი 0,09 პროცენტი იყო და 0,03 პროცენტამდე შემცირდა. საინტერესო სტატისტიკა აქვს სავალუტო ფონდს და თითოეული ქვეყნის შესახებ იმაზე გაცილებით მეტი იცის, ვიდრე იმ ქვეყნების ხელისუფლებებმა, რასაც იყენებს და, თუ სავალუტო ფონდის ინფორმაციას დავეყრდნობით, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ დავეყრდნოთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი პერიოდის განმავლობაში ჰიპოთეტურ სურათში, პოსტსაბჭოთა სივრცე ისევ ერთიანი რომ იყოს, საქართველოს წილი განახევრდა – იყო 1,5  პროცენტი და გახდა 0,8, ყაზახეთის წილი იყო 4,3  პროცენტი და გახდა 7,6. საშუალო პოსტსაბჭოთა სივრცესთან შედრებით, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს წილი 79-დან 63 პროცენტამდე შეგვიმცირდა, ყაზახეთის ანალოგიური მაჩვენებელი 75-დან 120 პროცენტამდე გაიზარდა. ანუ, ფაქტობრივად, ყველა პარამეტრით, ყაზახეთი წინ წავიდა და თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია.
– ეს იმის გამო მოხდა, რომ სსრკ-ში სრულად არ იყენებდნენ ყაზახეთის პოტენციალს, მათ შორის, ენერგეტიკულსაც და საქართველო კი ხელოვნურად იყო დატვირთული წარმოებებით?
– ანალოგიური სკეფსისი გამოთქვა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჩემმა მეგობარმა ზურაბ დავითაშვილმა: ბალტიისპირეთის ქვეყნებთან შედარებით როგორ არის საქმე, ყაზახეთს ხომ ენერგორესურსები, სახნავი მიწები აქვსო და მე მოვიტანე სპეციალური სტატისტიკა: ბალტიის ქვეყნებს რუსეთმა ტექნიკური სიურპრიზი მოუწყო, როდესაც ენერგომატარებლების ტრანზიტი შეუწყვიტა და სამეურნეო კავშირებსა და ნედლეულის მიწოდებაზე მკაცრი კოტროლი დააწესა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ქვეყნები საკმაოდ განვითარდნენ და ჩვენი თანაფარდობა არა მარტო ყაზახეთთან არის ჩამორჩენილი, არამედ ბალტიის ქვეყნებთანაც. მაგალითად, თავის დროზე, საქართველოს ეკონომიკა მოსახლეობის ერთ სულზე ესტონეთთან შედარებით შეადგენდა 63 პროცენტს, ახლა შეადგენს 23 პროცენტს; ლიტვასთან შეადგენდა 79 პროცენტს, ახლა შეადგენს 27 პროცენტს. არც იმათ აქვს ენერგეტიკული რესურსები. ამიტომ ჩვენ ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ პოლიტიკური ლიდერების აჟიტირებულ განცხადებებს და მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ეკონომიკას, თორემ მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ კარგ კლიმატურ პირობებში ღვთისგან კურთხეულ მიწაზე ვცხოვრობთ, აღარაა საკმარისი. დღევანდელ მსოფლიოში გაცილებით თვალსაჩინო შედეგებს არახელსაყრელი კლიმატური პირობების მქონე ქვეყნები აღწევენ და შეუძლიათ, უდაბნოც კი აქციონ წალკოტად.
– ჩვენ გვაქვს ნიჭი, წალკოტი ვაქციოთ უდაბნოდ.
– ამიტომ ყოველდღიურად უნდა ვიხსენებდეთ, რომ სატრაბახო ბევრი არაფერი გვაქვს. მახსენდება ჩემი ბავშვობისდროინდელი ცნობილი მწერალი თენგიზ გოგოლაძე, რომელმაც დაწერა ვრცელი მოთხრობა „რითი ვჯობივარ მამაჩემს“, რომელშიც ბოლოს ბავშვი მიდის დასკვნამდე, ჯერჯერობით მამაჩემს ვერაფრით ვჯობივარო. პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, ჩვენ ჯერჯერობით სატრაბახო ბევრი არაფერი გვაქვს, რაც იყო თავის დროზე დაწერილი თუ შექმნილი, წარსულია. დღევანდელი მსოფლიო პრაგმატული და ცინიკურია და ჩვენ ახლანდელი თაობით როგორ წარვდგებით მსოფლიო ასპარეზზე, ამით დაგვაფასებენ და ამით მოვიპოვებთ ჩვენს ადგილს მსოფლიო ცივილიზაციასა და კულტურაში. მეტი მუშაობა და თავდადება გვმართებს და იმ პირების ხელშეწყობა, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ნიჭი და უნარი, შეუძლიათ, თავიანთი სიტყვის თქმა კულტურაში, მეცნიერებაში, ეკონომიკაში.
– დემოგრაფიული პრობლემა როგორ გადაჭრა ნაზარბაევმა? მით უფრო, ვიცით, რომ ყაზახები ყაზახურად, ფაქტობრივად, არც ლაპარაკობდნენ საბჭოთა დროს?
– თვითონ ნურსულთან ნაზარბაევს ყაზახურად რამდენიმე სიტყვა ესმოდა, უკრაინაში გაიზარდა და ჩამოყალიბდა, როგორც პიროვნება, შემდეგ დაბრუნდა ყაზახეთში და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყაზახეთში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა ყაზახურ ენას, კულტურას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყაზახეთში თითქმის გაორმაგდა ყაზახი მოსახლეობის რაოდენობა. თანაც, მიაქციეთ ყურადღება: რა ამბავი ატეხა ევროპამ და „ნატომ“ იმის გამო, რომ მილოშევიჩის ხელისუფლებამ 200 000 ალბანელ ლტოლვილს დაატოვებინა კოსოვო, რასაც იუგოსლავიის დაბომბვა მოჰყვა. გაცილებით რბილი ფორმით ნაზარბაევმა, არ ვიცი, როგორ მოახერხა, 3 მილიონ რუსს დაატოვებინა ყაზახეთი, ისე, რომ სათქმელიც კი არ მისცა რუსეთს. მათ მილიონ-ნახევარი სხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელიც მიჰყვა – უკრაინელები, გერმანელები... და არავის უთქვამს, რომ ყაზახეთში ეროვნულ უმცირესობებს ავიწროებდნენ. ის თავის პიროვნულ თავმოყვარეობას უკანა პლანზე სწევდა და რამდენჯერაც დაიბარებდნენ „ყარაყორუმში“, იმდენჯერ ეახლებოდა და მორჩილებას უცხადებდა ჩრდილოეთის დიდ ხელმწიფეს, მაგრამ საკუთარ სახელმწიფოში ბოლომდე ატარებდა საკუთარი ერისა და სახელმწიფოს ინტერესებს. ამიტომ დღეს ყაზახეთი მსოფლიო ეკონომიკაში 42-ე ადგილზეა, დაახლოებით, იმდენივე აქვს მთლიანი შიგა პროდუქტი, რამდენიც შვეიცარიას და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან: ჩილე, ავსტრია და ერთ-ნახევარჯერ აღემატება ამ მაჩვენებლით ისრაელს. 75-80 მილიონ ტონა ნავთობის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოში და ძალიან ბევრი ისეთი მაჩვენებელი აქვს, რომლებითაც შეიძლება, ნებისმიერმა დიდმა ქვეყანამ იტრაბახოს, ამასაც რომ თავი დავანებოთ, რუსეთს ყოველწლიურად ბაიკანურის კოსმოდრომის ექსპლუატაციისთვის 115 მილიონ დოლარს ახდევინებს.
– გასაგებია, ყაზახეთის მაჩვენებლები დიდწილად გონივრული პოლიტიკის შედეგიცაა, რადგან ენერგომატარებლებს არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ სამმა მილიონმა რუსმა და მილიონ-ნახევარმა სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ყაზახეთი დატოვეს. არადა, როდესაც კარგი ცხოვრებაა, პირიქით, უნდა დარჩენილიყვნენ. ენერგომატარებლებმა, როგორც რესურსმა, რა როლი შეასრულა ჩვენს ფონზე აშკარა ყაზახურ ეკონომიკურ-დემოგრაფიულ სასწაულში? აზერბაიჯანმა რატომ ვერ შეძლო იგივე?
– აზერბაიჯანის ახლანდელი ხელისუფლება, როდესაც ენერგომატარებლების ფასი ბარელზე 130 დოლარს გადასცდა, აპირებდა აფშერონის ნახევარკუნძულზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 1 000-მეტრიანი შენობის აგებას, მაგრამ მას შემდეგ ნავთობის ფასები დაეცა, მანათის კურსიც დოლართან მიმართებაში ორჯერ გაუფასურდა, რამაც ამ გრანდიოზულ გეგმებს ფრთები შეუკვეცა. შედარებაც არ შეიძლება ყაზახეთის ეკონომიკურ პოტენციალთან და ენერგორესურსებთან, დაახლოებით, 2-2,5-ჯერ უფრო მეტია. თანაც, აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს და თავის გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში შედარებით შეზღუდულია, ამიტომ მისი ენერგორესურსების დიდი ნაწილი რუსეთის გავლით მოძრაობს.
– ყაზახეთის დემოგრაფიული მდგომარეობა გავიგეთ, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობაც მეტ-ნაკლებად ვიცით. პარალელს თუ გავავლებთ, როგორ სურათს მივიღებთ?
– ნუ მკითხავთ... ჩვენი მოსახლეობის მედიანური ასაკი თითქმის მიუახლოვდა ჩინეთის ანალოგიურ მაჩვენებელთან. მედიანური ასაკი ის ასაკია, რომელიც მოსახლეობას ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. ჩინეთმა იმდენად მტკივნეულად განიცადა მოსახლეობის დაბერება, რომ ორი წლის წინათ გააუქმა პრონციპი: ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი. წარმოიდგინეთ, მილიარდ სამასმილიონიან ჩინეთს რომ პრობლემად მიაჩნია მოსახლეობის დაბერება, ჩვენთვის ეს გაქრობის ტოლფასია.
– რა ასაკია ჩვენთვის მედიანური?
– მივუკაკუნეთ 38 წელს და არის რეგიონები, სადაც 4-5 წლით გადასცდა. ქალთა ფერტილური ასაკი 49 წელია. რაჭა-ლეჩხუმში მედიანური ასაკი 54-55 წელია და იქ ბავშვის გაჩენა ისეთივე იშვიათობაა, როგორც „მერსედესის“ გამოჩენა გასული საუკუნის 70-ან წლებში.
– რამდენმა ადამიანმა დატოვა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ?
– გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დღემდე ჩვენი მოსახლეობა 32 პროცენტით შემცირდა, საქართველოს ტერიტორია დატოვა მილიონ რვაასი ათასმა ადამიანმა, მაგრამ ამ ციფრში შედიოდა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურების წარმომადგენლები, საბჭოთა არმიის ოფიცრობა, ის ეთნიკური მიგრანტები, რომლებიც შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში. რაც შეეხება ავტოქტონურ მოსახლეობას: ქვეყანა, დაახლოებით, 900 ათასმა ქართველმა დატოვა, მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში ბუნებრივი მატება ყოველწლიურად 35 000-40 000 იყო, ამჟამად კი – 10 000-იც აღარ არის, ის ტემპი რომ შენარჩუნებულიყო, ქართველი მოსახლეობა 900 000-ით კი არ შემცირდებოდა, სულ მცირე, მილიონ ექვსასი ათასით გაიზრდებოდა. უცხოეთში ქართველების ოჯახებში უკვე 200 000-ზე მეტი ბავშვია დაბადებული. თუ ისინი სამშობლოში არ დაბრუნდებიან, იქნებიან საზოგადოების ისეთივე აქტიური წევრები, როგორებიც იტალიელები არიან ამერიკაში, მაგრამ ისინი უკვე იტალიელები კი არა, ამერიკელები არიან.

скачать dle 11.3