№20 ბექა მახაჭაძე: როცა „სვეცკ“ ცოლს ვღალატობდი, არ მიფიქრია, მის ემოციებზე, თუმცა მოღალატე კაცი არ ვარ
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მართალია, 30 წლის ბექა მახაჭაძე „კომედი შოუს“ მსახიობთა გუნდს გვიან შემოუერთდა, მაგრამ სკეტჩებში მისმა განსახიერებულმა პერსონაჟებმა მაყურებელს მალევე დაამახსოვრა და შეაყვარა თავი. მიაჩნია, რომ ოჯახსა და საქმეში გაუმართლა და იმ ადამიანებშიც, ვინც გვერდით უდგას.
ბექა მახაჭაძე: ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. აჭარელი კი ვარ, მაგრამ „აჭარულს“ ვერ ვცეკვავ, ამ საქმეშიც უხეირო ვარ და არც აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა ვიცი, მაგრამ ჭამა მიყვარს (იცინის). ასე რომ, ჩემთვის ცეკვასა და ცხობაში აჭარულმა გენეტიკამ ვერ გაჭრა. ზოგადად, აჭარლები ცოტა მორიდებული ხალხია, მაგრამ პირდაპირები და მეც ასეთი ვარ. პირდაპირობის გამო პრობლემები არ შემქმნია და ვხუმრობ ხოლმე, ჩემი გენეტიკა პრობლემებს არ მიქმნის-მეთქი (იცინის). წყნარი ბავშვი ვიყავი, თუმცა, მაკვარანცხი და რამდენიმეჯერ დათაბაშირებული ხელებით მომიწია ყოფნა. არ დამავიწყდება, კარადის თავზე დედას „სერვიზი“ ედო. დამაინტერესა, რა იყო, ავძვერი, გადმოვყირავდი და თაროებიც და „სერვიზიც“ თავზე დავიმხე. რასაკვირველია, დედისგან ცემას ვერ გადავურჩი და კარგად მომხვდა (იცინის). ქამრით და ქუსლიანი „ტუფლით“ საცემრად ვერ მიმეტებდნენ, მაგრამ როცა სწავლა მეზარებოდა, კარგად მხვდებოდა. ერთხელ მშობელთა კრება დანიშნეს და ვიფიქრე, დედაჩემმა ჩემი მათემატიკის ორიანი რომ ნახოს, ისევ მომხვდება-მეთქი. მოკლედ, შემეშინდა, მოვიპარე ჟურნალი და სკოლის სარდაფში დავწვი. დედაჩემს რომ უთხრეს, ვიღაცამ ჟურნალი მოიპარაო, აღშფოთდა: ხელები უნდა დაამტვრიოო. მამას გავანდე ეს საიდუმლო და შემინახა. მოკლედ, ხელების დატეხვასაც გადავურჩი და დღემდე მამა, ჩემი მესაიდუმლეა. მეზობლის მსხალიც მომიპარავს და ისიც შემრჩა (იცინის). ქუჩის „ინტიტუტიც“ გავლილი მაქვს, სხვა უბნელებთანაც მიჩხუბია, მაგრამ არც „ჩაცუცქული“ ვიყავი და არც თავ-ყბა დალეწილს მივლია. თუმცა, „ჩაცუცქულების“ გვერდით ვიდექი, მუხლები მტკიოდა და ვერ „ვიცუცქებოდი“ (იცინის). სხვათა შორის, ფეხბურთელობა მინდოდა, დავდიოდი კიდეც, მაგრამ მერე თავი დავანებე, არ გამომივიდა. ხელმოტეხილს ჩემპიონატზე „გიფსითაც“ მითამაშია. საბედნიეროდ, ფეხი არ მომიტეხავს, მაგრამ ორ-ორჯერ მაქვს თითო ხელი მოტეხილი. არ დამავიწყდება, რომ წავიქეცი და ხელი მოვიტეხე, ორი დღე არ ვამბობდი. კარგად რომ ამტკივდა, მერე გავამხილე და „გამგიფსეს“ (იცინის). ასე რომ, ფეხები ახლაც ჯანზე მაქვს, კი არ მიმტყუნა, მაგრამ მივხვდი, ფეხბურთელობა ჩემი საქმე არ იყო და თავი დავანებე.
– რა პროფესიის ხარ?
– ეკონომისტი ვარ, თუმცა ჩემი სპეციალობით არ მიმუშავია. ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩავაბარე, მაგრამ ეკონომიკის ფაკულტეტი ავირჩიე, რადგან ზღვის ღელვის შიში მაქვს და ისევ ხმელეთზე ყოფნა ვამჯობინე.
– ზღვის ღელვის შიში რატომ გაქვს, დახრჩობას ხომ არ ხარ გადარჩენილი?
– ბავშვობაში, მე და ჩემი და გავიპარეთ ზღვაზე. გაგვიტაცა ზღვამ და ღრმა წყალში აღმოვჩნდით. შავ ზღვაში დახრჩობას უცნობი კაცის წყალობით შემთხვევით გადავურჩით. დაახლოებით ათი წლის ვიყავი და ახლაც მახსოვს, სიკვდილს როგორ ჩავხედე თვალებში. წყლის შიში კი არ მაქვს, უფრო შტორმის მეშინია და არ მიყვარს. ერთხელ კი ტყემლის ხეზე ავძვერი, ვიმალებოდი, ჩამოვფრინდი იქიდან და თვე-ნახევარი საავადმყოფოში გავატარე. დაახლოებით ხუთი მეტრი ვიფრინე. მართალია, მაშინ სიკვდილს თვალებში ვერ ჩავხედე, მაგრამ მიწაზე რომ დავეცი, მერე მივხვდი, სამოთხეს ავცდი (იცინის). ბავშვობაში ტიტლიკანა სიარული მიყვარდა, სულ ჭიპი მიჩანდა და მეზობელის კაცმა „ჭიპო“ შემარქვა (იცინის).
– ბათუმიდან დედაქალაქში ჩამოსულს არ გაგიჭირდა „გადმოსახლება“? როგორ აღმოჩნდი „კომედი შოუში“?
– საზღვაო აკადემიის „კავეენის“ გუნდის წევრი ვიყავი და თამაშის დროს თბილისშიც მიწევდა ჩამოსვლა. ბევრჯერ წაგვიგია, მოგვიგია, დასავლეთ საქართველოს ჩემპიონებიც გავხდით. მერე გადაცემა „გააცინე და მოიგეში“ მოვედი და ათასი ლარი მოვიგე. მერე მეორედაც გამოვედი და „კომედი შოუში“ აქედან ამიყვანეს. უკვე მეხუთე წელია, ამ გუნდის წევრი ვარ. რაც შეეხება დედაქალაქზე მორგებას, არც ქუჩები მერევა და არც უბნებში ვიკარგები, თუმცა, ადაპტაცია თავიდან რთული იყო. თავიდან კი, ქუჩებიც მერეოდა და იმასაც ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი. არ ვიყავი ვარკეთილში და გლდანში ნამყოფი და ბევრჯერ დავიკარგე.
– სკეტჩში, ბუნჩულა, დამჯერი, სოფლელი ბიჭი ხარ, თუმცა ქალაქელ, ვაკელ „სვეცკ“ ცოლს ისე უღალატე, უკან არ მოგიხედავს. ზოგადად, „სვეცკი“ გოგოები მოგწონს?
– „სვეცკობა“ უხდება ქალს, მაგრამ გარკვეულ ფარგლებში. რეალურად, სოფლელი ბიჭისთვის, ჩემნაირი „სვეცკი“ ცოლის გვერდით სოფელში ცხოვრება, რთულია. მთელი სოფელი ილაპარაკებს (იცინის). რაც შეეხება ღალატს, როცა ვღალატობდი, არ მიფიქრია, მის ემოციებზე (იცინის). მგონი, კარგად ვითამაშე მოღალატე ქმრის როლი, არ გამჭირვებია.
– თამაშით ღალატი გამოგივიდა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, მოღალატე ხარ?
– რეალურ ცხოვრებაში მოღალატე კაცი არ ვარ. ცოლი და ორი შვილი მყავს და ღალატზე არ ვფიქრობ. ისეთი ქმარი ვარ, ყავა რომ მიმიტანია საწოლში, თუმცა, რომანტიკული არ ვარ. საყვარელი ქალისთვის, ფანჯარასთან სერენადები არ მიმღერია, თუმცა არ მეთაკილება და ახლა მივალ და ვუმღერებ (იცინის). იცით, ჩემი მეუღლე სად გავიცანი? ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, ხუთი ათას დოლარიან მტვერსასრუტებს ყიდდნენ და იქ.
– მერე, გეყიდებოდა ხუთი ათასდოლარინი მტვერსასრუტები?
– ერთი გავყიდე და ისიც, უკან დამიბრუნეს (იცინის). სხვათა შორის, ფოსტაშიც მიმუშავია, ფოსტალიონი ვიყავი.
– სკეტჩებში შენი საფირმო სიცილი გაქვს. რეალურად, ასე „ჭიხვინებ“, როცა იცინი თუ ესეც თამაშის ნაწილია?
– ზოგადად, ასეთი სიცილი არ მაქვს, არ ვჭიხვინებ და სადმე თუ რამე სასაცილოს მოყვებიან და გავიცინე, უკვირთ: ისე რატომ არ იცინიო (იცინის). ერთხელ ბათუმში წავედი მატარებლით. სადგურზე რომ ჩავედი, ერთი მოხუცი ტაქსისტი დამაკვირდა, მიცნო და მკითხა: შენ ის არ ხარო? კი-მეთქი. არ გინდა ტაქსიო? არა-მეთქი. დაიწყო ჩემი „დაკერვა“ და მკითხა, რამდენი გაქვს ხელფასიო... მოვატყუე, ექვსი ათასი ლარი-მეთქი. გადაირია: მერე, ამდენი ფული თუ გაქვს, ტაქსი რაფერ არ გინდებიენ, შე წუწურაქოო (იცინის). კი გავბერე ჩემი ხელფასი, მარა მაინც არაფერი გამოვიდა, ვერ „დამკერა“ (იცინის).