№20 სად გადის ნიუ-იორკის პოლიციის უფროსის მასტერ-კლასებს ლაშა ნებიერიძე და როგორ მოხვდა ის არძინბას გვერდით დახურულ შეხვედრაზე
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ქართველი ოპერატორი ლაშა ნებიერიძე ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ახალ პროფესიას ეუფლება. ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სხვადასხვა ტელეკომპანიასთან, რომელთა შორისაა: „იმედი“, „რუსთავი 2“ „პირველი არხი“ „მზე“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“. მიაჩნია, რომ ობიექტივიდან დანახული სამყარო სულ სხვაა და მის მეხსიერებასა და თვალს უამრავი ისეთი კადრიც შემორჩა, რის გამეორებაც, უბრალოდ, შეუძლებელია.
ლაშა ნებიერიძე: გული მწყდება, რომ იმ ადამიანების ბევრი კადრის გადაღება ვერ შევძელი, ვინც დღეს ცოცხალი აღარ არის. ვთვლი, რომ კამერით ადამიანების ისტორიას ვინახავ. ედუარდ შევარდნაძის გადასაღებად რომ მივდიოდი, ხუმრობდა ხოლმე: ისე გადამიღე, მაღალი, გამხდარი, ლამაზი და ცისფერთვალება გამოვჩნდეო (იცინის). სხვათა შორის, მე იმ პერიოდში მომიწია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა, როცა ჩვენებს აფხაზებთან პირველი შეხვედრა ჰქონდათ და მე პირველი ქართველი ოპერატორი ვიყავი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დადგა ფეხი. არ ველოდებოდი, უცაბედად დამირეკეს, ჩამსვეს თვითმფრინავში და აფხაზეთში გამიშვეს.
– მართალია, რომ იქ ჩასული, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდი რუს ოფიცრებთან ერთად და დაჭერას გადაურჩი?
– დახურული შეხვედრა იყო არძინბასთან და საქართველოს მხრიდან ოპერატორი მხოლოდ მე ვიყავი. იქიდან გამოსული, დელეგაცია რომ გაანაწილეს, ჩამსვეს მანქანაში, რომელსაც რუსი სამხედრო მართავდა და გვერდით კი რუსი ოფიცერი ეჯდა. ვიფიქრე, აფხაზეთის ქუჩების კადრებს გადავიღებ და ჩემს სამშობლოში ჩავიტან-მეთქი, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს. ისე სწრაფად მიდიოდნენ, აფხაზ მამაკაცს დაეჯახნენ. მახსოვს, წინა მინაზე ამოვარდა, აფრინდა და დაახლოებით 30 მეტრის იქით დაეცა. გააჩერეს მანქანა, გადმოვედით. გზაზე პანიკა შეიქმნა. იმ კაცის ახლობელი იარაღით მოვარდა და ატყდა გარჩევები, გინება და გაწევ-გამოწევა. იმ პერიოდში ომი ახალი დამთავრებული იყო, დაძაბული იყო სიტუაცია და ფაქტობრივად, სიკვდილს გადავურჩი. მართალია, საჭესთან არ ვიჯექი, მაგრამ კამერა დავმალე, თორემ რომ გაეგოთ, ქართველი ოპერატორი ვიყავი, იქვე ჩამქოლავდნენ. მოკლედ, აფხაზეთში დაჭერას გადავურჩით და ბოლოს, იმ რუსმა ოფიცრებმა რომ გაიგეს, ქართველი ვიყავი, გაეცინათ, გადარჩენილი ხარო (იცინის). რომ ნახეს, ავარიის დროს გვერდით დავუდექი, მერე კი გამიჩერეს მანქანა და აფხაზეთის კადრები გადამაღებინეს. სხვათა შორის, სხვა ოპერატორების წაყვანაც უნდოდათ, მაგრამ ვერ გარისკეს, არ ვიცით, იქ რა სიტუაცია დაგვხვდებაო. ოპერატორობა ისეთი პროფესიაა, რაღაც-რაღაცების ისტორიაში შემონახვა ხანდახან რისკის ფასად გიჯდება. თუ არ გარისკე, აბა, ამ პროფესიაში რა გინდა? ოპერატორისა და კამერის ურთიერთობა არის ინტიმი, რომელსაც სხვა დარგის ადამიანი ვერ მიხვდება. არ დამავიწყდება, ბარისახოში, საზღვარზე ჯარისკაცები გადავიღე და რამდენიმე საათის შემდეგ ნაღმზე აფეთქდნენ. რომ გადმოასვენეს, მეც იქ ვიყავი და ვინანე, ნეტავ მეტი კადრი გადამეღო და ცოცხლად შემომენახა მათი ისტორია-მეთქი.
– ლაშა, მიუხედავად საქართველოში წარმატებული კარიერისა, მაინც უცხოეთში არჩიე წასვლა და კვიპროსში საკუთარი სატელევიზიო სტუდიაც კი გქონდა და საკუთარი სახლიდან მაუწყებლობდი. ამბობენ, უამრავი მაყურებელი ადევნებდა თვალყურსო...
– ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ იყო. 2003 წელს კვიპროსში ჩემს მეგობართან ჩავედი, რომელიც იქ ტელევიზიაში მუშაობდა. გადაღებაზე გავყევი, სამსახურიც დამათვალიერებინა და იქ მუშაობა შემომთავაზეს. ასე მოვხვდი კვიპროსის წამყვან ტელევიზიაში, სადაც ოპერატორიც ვიყავი, მემონტაჟეც და გადაცემებსაც ვაკეთებდი. ვხედავდი, რომ საინტერესო გადაცემებისა და თემების ნაკლებობა იყო, არადა მაყურებელი ამას მოითხოვდა, მით უმეტეს, რომ კუნძულზე ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა. ერთ დღეს მე და ჩემს მეუღლეს, ჩემს კოლეგასთან ერთად, მოგვივიდა იდეა: საკუთარ სახლში გაგვეკეთებინა, სტუდია და საინტერესო გადაცემები ჩაგვეწერა. დავიწყეთ პროფესიონალი კადრების ძებნა, შევიძინეთ იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის, ძვირად ღირებული ტექნიკა – კამერები, სტუდიური და გარე გადაღების ამწეები, განათების აპარატურა და სამონტაჟოები. მოკლედ, ასე შეიქმნა მინი-ტელევიზია საკუთარ სახლში – სტუდია CEYECON, რომელიც საკმაოდ დიდი სიახლე იყო კვიპროსის ტელესივრცეში. საკმაოდ, მაღალპროფესიულ პროდუქციას ვქმნიდით, რადგან ჩვენი ნამუშევრები სხვა ტელევიზიების ეთერებშიც გადიოდა. კუნძულის მოსახლეობაში სტუდია მალევე გახდა პოპულარული. ვამზადებდით საინფორმაციო-გასართობ გადაცემას რუსულ ენაზე, რადგან იქ ბევრი რუსულენოვანი ადამიანი ცხოვრობს. მე ამ გადაცემის ოპერატორი, პროდიუსერი და რეჟისორი ვიყავი, ჩემი მეუღლე – ინნა პავლოვა, მონტაჟის რეჟისორად მუშაობდა, სტუდიის დირექტორი ჩემი მეგობარი, ნიკოს კარაცაუსიდისი გახდა. გვყავდა გადაცემის წამყვანი და ჟურნალისტები, მუსიკალური ბლოკის წამყვანიც, მერე სტუდია გაფართოვდა და პავილიონში გადავიდა. მოკლედ, გადაცემა მაყურებლისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და მაღალი რეიტინგითაც გამოირჩეოდა. ეს სტუდია დღესაც არსებობს და აგრძელებს მაუწყებლობას.
– კვიპროსიდან ამერიკაში გადაინაცვლე. როგორც ვიცი, კოლეჯში წარმატებული სტუდენტი ხარ და ახლა ახალი გამოწვევების წინაშე დგახარ.
– ინგლისური ენის კურსები გავიარე და ASA-ში ჩავაბარე. ამ კოლეჯს მთელ ამერიკაში რამდენიმე სასწავლებელი აქვს და ერთ-ერთია ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, სადაც მე ვსწავლობ. სწავლა მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის პროგრამა ავირჩიე. ამ პროგრამით ვსწავლობ სხვადასხვა კრიმინალური და გახმაურებული საქმეების გამოძიებას, ანალიზს, განვიხილავთ სხვადასხვა საინტერესო თემას, რაც მსოფლიოს ამ წუთას აწუხებს. სწავლის პროცესში გვიტარდება გასვლითი სემინარები სხვადასხვა სახელწიფო და მნიშვნელოვან კერძო სტრუქტურებში. კოლეჯში მაღალი დონის პედაგოგები ასწავლიან, ნაწილი ნიუ-იორკის საგამომძიებლო ორგანოებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობს, ნაწილი კი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები არიან. მათი გამოცდილება და პროგრამები საგამოძიებო მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. თვეში რამდენჯერმე ნიუ-იორკის პოლიციის უფროსის ან რომელიმე თანამდებობის პირის მასტერკლასს გავდივართ. აქაური კურსდამთავრებულები დღეს ამერიკის სხვადასხვა საგამოძიებო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები არიან. როგორც ოპერატორს, აქ მიღებული კვალიფიკაცია საგამოძიებო გადაცემის მომზადებაში დამეხმარება.