№20 როგორ აქცია სურამი კურორტად მიხეილ მურვანიშვილმა და ვისგან იცავდა მას ილია ჭავჭავაძე
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
ყველასთვის ცნობილია სურამის სამკურნალო დანიშნულების შესახებ. თუმცა ცოტამ იცის, ბუნებრივია თუ ხელოვნური ფიჭვნარი, რომელიც მას აკრავს. კაცი, ვინც სურამი შეცვალა მიხეილ მურვანიშვილია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ სურამის სახით დღეს ასეთი კურორტი გვაქვს. მან სურამის გარდა ტყის მასივები ბორჯომში, ბაკურიანში, წაღვერსა და წყალტუბოშიც გააშენა.
მიხეილ მურვანიშვილი დაიბადა 1875 წელს. 1893 წელს დაამთავრა ახალციხის სატყეო სასწავლებელი. იმავე წელს დანიშნეს მარტყოფის (გარე კახეთის) სატყეოს უფროსის თანაშემწედ. მარტყოფსა და საგარეჯოში ჩასვლისთანავე მიხეილმა დააფუძნა სამკითხველო, სადაც თავმოყრილ ახალგაზრდებს ადგილობრივი მასწავლებლები ხმამაღლა უკითხავდნენ წიგნებს. ახალგაზრდა მეტყევე აქტიურად ერეოდა სოფლის ცხოვრებაში, ის ხშირად შებრძოლებია გათავხედებულ მოხელეებს. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ მიხეილმა „ივერიის“ ფურცლებზე საჯაროდ გაილაშქრა რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედების მინისტრის ბრძანების წინააღმდეგ, დაასაბუთა, რომ მინისტრის ახლად გამოცემული ბრძანება, რომელიც ნებას რთავდა ყველას, გაეჩეხათ სანადელო ტყეები, იყო უაღრესად მავნე განკარგულება, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოს ბუნების განადგურებას. მეფის მოხელეებმა ეს არ აპატიეს, მაშინვე თარგმნეს „ივერიაში“ დაბეჭდილი წერილი და მეფისნაცვლის კანცელარიას წარუდგინეს. „ბობოლა“ მოხელენი გაცოფებულნი იყვნენ – როგორ ბედავს ეს ახალგაზრდა ყმაწვილი, ჩვენივე უწყების მინისტრის განკარგულების დაგმობასო და მურვანიშვილი საგარეჯოს მოაშორეს და ლორეს სატყეოში გადაიყვანეს, რაც საგრძნობლად დაქვეითებას ნიშნავდა.
ახალგაზრდა მიხეილის დასაცავად თვით ილია ჭავჭავაძე გამოვიდა, რომელმაც იმავე 1897 წელს „ივერიის“ ფურცლებზე ასეთი შინაარსის წერილი დაწერა:
„სოფ. საგარეჯოდან გადაყვანილი იქნა ტყის მცველის თანაშემწე ბ-ნი მურვანიშვილი. მისმა მოშორებამ ძალიან დააღონა მთელი სოფელი. მან დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა ხალხისა, რადგან ყველას ძმური სიყვარულით ეპყრობოდა. აქ არ მოიპოვება ერთი კაცი, რომ მასთან სამდურავი ქონდეს, თუმცა მან 4 წელი დაყო გარე კახეთში. ამ ხნის განმავლობაში გლეხობისგან ქურდულად ტყის ჩეხვას აქ ჰქონია ადგილი და ამიტომაც ოქმის შედგენა ძალიან იშვიათი მოვლენა იყო. თუ გლეხობას ტყიდან რამე ჭირდებოდა, მიხეილი თვითონ შუამდგომლობდა მთავრობის წინაშე. საზოგადო საქმეებშიც მხურვალე მონაწილოებას იღებდა; იგი ითვლებოდა საგარეჯოს სახალხო წინგთსაცავის გამგეობის წევრად და როგორც გამგეობის წევრი, სულ იმის ცდაში იყო, გაემდიდრებინა ეს წიგნსაცავი.
შარშან ყოველ ღონისძიებას ხმარობდა, აელაგმა ახალი ჯურის ჩარჩები, რომელიც ვენახის წამლობამ დაჰბადა, ამიტომ ხელის მოწერა გამართა, შეაგროვა ფული და ამ ფულით გლეხებისათვის იყიდა ვაზის სასხურებელი მანქანა და გოგირდის შესაბერი. ყველა გლეხს შეეძლო, უფასოდ გამოეყენებინა.
ნეტავ რა ავ-ენამ დააშორა ამ სოფელს ეს სასარგებლო და ხალხის გულშემატკივარი კაცი?” – ილია ჭავჭავაძე. გაზეთი „ივერია“ 1897წ.
ამის შემდეგ მალე მიხეილი ყვარლის სატყეოში გადაჰყავთ. მან ბინა დაიდო სოფელ გავაზში, სადაც გატაცებით მოჰკიდა ხელი ტყის დავის საქმეს და როგორც სჩვეოდა, ამით არ დაკმაყოფილდა. მანამდე სოფელში არ იყო სკოლა. ახალმა მეტყევემ კი ორი სასოფლო დაწყებითი სკოლა გახსნა, ასევე, სამკითხველო-ბიბლიოთეკა. ააგო ქვითკირის შენობა, სადაც წარმოდგენები იმართებოდა.
მიხეილი სურამიდან იყო ამიტომ სურამს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. 1896 წელს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საგარეჯოში იყო, სურამში დააარსა სამკითხველო. ამავე დროს აქვეყნებს წერილს „ივერიაში“, სადაც ითხოვს, რომ სამკითხველოს დაეხმარონ და წიგნები შესწირონ. 1895 წელს გამოქვეყნებულ წერილში კი ამხელს სურამის მამასახილსს, რომელიც მასწავლებლებს სასკოლო ფულს არ უხდის.
1903 წლიდან აბასთუმნის სატყეოს უფროსის თანაშემწეა, ხოლო 1907 წელს ბაკურიანში გადაჰყავთ და სოფელ თორში ცხოვრობს. სოფელს არ ჰქონდა სასმელი წყალი და წყალსადენის გაყვანა სწორედ მიხეილის მეთაურობით დაიწყო. მისივე ინიციატივით აშენდა სკოლა და გაკეთდა სოფლამდე მისასვლელი საურმე გზა თორიდან-ბორჯომამდე, 14 კილომეტრის მანძილზე. დღემდე ამ გზას „მურვანიშვილის გზას“ უწოდებენ.
1910 წლიდან წაღვერის სატყეოს უფროსია. აქ მან ყველაზე დიდხანს – 8 წელი იმუშავა. პირველ რიგში, ააშენა ქვითკირის 2 შენობა, ერთი – სკოლისთვის და ერთიც – მასწავლებელთა ბინისთვის. შემდეგ შემოიკრიბა იქაური ახალგაზრდობა და დაიწყო წარმოდგენების გამართვა. აქედან შემოსული თანხებით კი ააგო თეატრის შენობა. მოაწყო სამკითხველო და სპორტის მოედანი. სამი კილომეტრის მანძილიდან გამოიყვანა სასმელი წყალი. აღმოაჩინა და მოაწყო მჟავე წყლის ახალი კერები, ააშენა ტყე-პარკი დამსვენებელთათვის. თუ დღეს წაღვერი განთქმული კურორტია, ამას მნიშვნელოვნად მურვანიშვილს უნდა ვუმადლოდეთ. მისი თაოსნობით გამოიყო ყველაზე საუკეთესო კუთხე წაღვერში – კეჩხობი, სადაც მიხეილმა გააშენა ტყე და აგარაკების ასაშენებლად დაგეგმა.
წაღვერში ყოფნისას ნახანძრალ ადგილზე – გვირგვინას უბანზე, საყდრის ღელეზე მან 455 ჰექტარ ფრთობზე ფიჭვის ტყე გააშენა.
1913 წელს იგი დაუკავშირდა მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებას და წინადადება შეიტანა, დაეწყოთ გათხრები წაღვერში, უზნარიანის ციხის მიდამოებში. ერთი თვის განმავლობაში აქ აღმოაჩინეს ნივთები – ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული თამარის ეპოქით დამთავრებული.
1918 წლიდან სურამის სატყეოშია, მაგრამ მალევე გადაჰყავთ ბორჯომში. ბორჯომის უნიკალურ ტყეები მაშინ უამრავი მრეწველის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. მიხეილმა თავდაუზოგავი შრომით მოახერხა და სრულად გადაარჩინა ეს უნიკალური ტყეთა მასივი მეწარმეებისგან.
1924 წელს დააარსა თესლის საშრობი ქარხანა, რომელსაც იმ დროს ყოფილ საბჭოთა კავშირში ანალოგი არ ჰქონდა. დაამზადა წიწვოვანთა ჯიშების თესლი, რომელიც ტონობით იგზავნებოდა არა მარტო საბჭოთა კავშირის ქალაქებში, არამედ ევროპაშიც.
მურვანიშვილმა მოაწყო სანერგეები აბასთუმანში, წყალტუბოში, ბახმაროში. გააშენა ტყეთა მასივი მცხეთასა და კასპში.
1934 წლის დეკემბრიდან ის სურამის სატყეოს დირექტორია. აქ მან ჯერ სანერგე მოაწყო, ხოლო შემდეგ 131 ჰექტარზე, ბაინათხევის და კვირაცხოვლის სერებზე უნიკალური ჯიშის ფიჭვი გააშენა.
მისადმი პატივისცემის გამოსახატავად საბჭოთა ხელისუფლებამ მეტყევეებისთვის მიხეილ მურვანიშვილის სახელობის მედალი დააარსა. ამას გარდა, მას პირადი პენსიაც დაენიშნა.
მიხეილ მურვანიშვილი 1959 წლის 24 დეკემბერს გარდაიცვალა. ის დაკრძალულია დაბა სურამში, მის მიერვე გაშენებული ბაინათხევის ტყის შესასვლელში.