№20 როგორ ძარცვავდა სეიფებს ცნობილი ქართველი „მედვეჟატნიკი“
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
„სუპერმედვეჟატნიკი“
1970 წლის 19 თებერვალს, თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერატიულმა ჯგუფმა ვერაზე 35 წლის გენო შადური დააპატიმრა, რომელიც საკავშირო ძებნაში იმყოფებოდა. დაპატიმრებული შადური „მედვეჟატნიკი“, ანუ სეიფების გამხსნელი იყო და მას მოსკოვის მექანიკური ქარხნიდან გატაცებული 64 ათასი და თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნიდან გატაცებული 83 ათასი მანეთი, საერთო ჯამში – 147 ათასი მანეთი ამოუღეს. „შავ სამყაროში“ „თახვის“ მეტსახელით ცნობილი ბოროტმოქმედი თავისი საყვარლის, მირანდა ჩიმჩიურის ბინაში აიყვანა მილიციამ. ის ქალის ყოფილმა მეუღლემ, ბონდო კოდალაშვილმა „ჩაუშვა“. ცოლთან გაყრილი კოდალაშვილი პერმანენტულად უთვალთვალებდა მირანდას, რადგან ქალის მიმართ ეჭვით იყო შეპყრობილი და მილიციას „შავი სამყაროს“ „ვეშაპი“ ჩაუგდო ხელში.
მოგვიანებით მირანდა ჩიმჩიურმა „ბოზობისთვის“ ქმარყოფილს ბრიტვით სახე დაუსერა და ეგრეთ წოდებული „ბოზური შრამი“ დაასვა...
„თახვი“ თბილისში გაასამართლეს და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „სროკის“ მოსახდელად კი თბილისის „კრიტში“ გამოამწყვდიეს, სადაც მას 5 წელიწადი უნდა გაეტარებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანდნენ ზონაში. შადური ქურდულ საკანში იჯდა და პატიმართა საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა. მომკითხველი მას არ აკლდა და „გრევები“ თითქმის ყოველდღე შესდიოდა. ძალიან ხშირად დადიოდა „სვიდანიებზე“ მირანდა ჩიმჩიური და გარკვეული გასამრჯელოს ფასად მასთან ორი-სამი დღე რჩებოდა, რაც კანონით აკრძალული იყო. ნათესავთაგან კი „თახვის“ ყველაზე ხშირი სტუმარი გენოს ალალი ბიძაშვილი, თეატრის მსახიობი მერაბ შადური იყო.
„თახვის“ ხელწერა
გენო შადური საბჭოთა „მედვეჟატნიკებში“ განსაკუთრებული, განუმეორებელი ხელწერით გამოირჩეოდა, რაც კარგად იცოდა მილიციამ. საგანგებო კარტოთეკაში განსაკუთრებული ხაზგასმით იყო დაფიქსირებული ეს გარემოება და არც ერთ სხვა „მედვეჟატნიკს“ არ შეეძლო მისი გამეორება. „თახვს“ სხეულის განსაკუთრებული ბიომგრძნობელობა ჰქონდა და თითების მეშვეობით ზუსტად ადგენდა სეიფის საკეტის განლაგებას, რაც მას შესაბამისი „ატმიჩკის“ მორგებაში ეხმარებოდა. ანუ, გენო შადურს ბუნებრივი მონაცემი ჰქონდა, რასაც დანაშაულის ჩასადენად იყენებდა. ეს ყოველივე გამომძიებლებს არა ერთი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჰქონდათ ნანახი და სწორედ ამიტომაც ადგენდნენ „თახვის“ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს. სეიფები კი გენო შადურს 12-ჯერ ჰქონდა გაძარცული. პირველი ათი ძარცვის გამო მას მხოლოდ 6 წელი ჰქონდა მოხდილი. მეორე „სროკზე“ გაშვების შემდეგ მილიციას ამოსუნთქვის იმედი ჰქონდა. თუმცა, სულ რაღაც ერთ თვეში კვლავ ელმავალმშენებელი ქარხანა გაიძარცვა. სეიფიდან 49 ათასი მანეთი იყო წაღებული და ყველაფერი „თახვის“ ხელწერაზე მიუთითებდა...
ფანტომი ორეული
საგამოძიებო ორგანოებში სეიფების გახსნის (ძარცვის) სპეციალისტთა საუკეთესო მცოდნე პოდპოლკოვნიკი გოჩა ნიკურაძე იყო, რომელიც „თახვსაც“ პირადად იცნობდა და მის ხელწერასაც. როგორც კი მან ელმავალმშენის სეიფის ძარცვის მოკვლევა ჩაატარა, თქვა – „თახვია“ და ამას წყალი არ გაუვაო... როდესაც მას უთხრეს, რომ შადური „კრიტში“ იყო გამომწყვდეული, რაც თავადაც კარგად უწყოდა, დაამატა:
– ბინძურ გარიგებასთან არ გვქონდეს საქმე. „თახვი“ ციხის ადმინისტრაციასთან არ იყოს შეკრული და მას „საჩალიჩოდ“ ჩუმად არ უშვებდნენო.
გოჩა ნიკურაძის მოსაზრება არ იყო საფუძველს მოკლებული, რადგან სულ რაღაც ექვსიოდე თვის წინ საქართველოს ერთ-ერთი საპყრობილის უფროსი პატიმართა ჯგუფს საქურდავად უშვებდა. საქმე კი მას მერე გასკდა, როდესაც ერთ-ერთი საქმის დროს პატიმარი სახლის პატრონს შემოაკვდა. იმ საპყრობილის მთელი ხელმძღვანელობა გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს...
პოდპოლკოვნიკის ვარაუდი საგულდაგულოდ გადამოწმდა და დადგინდა, რომ „კრიტის“ უფროსი და მისი ხელქვეითები „სუფთები“ იყვნენ და „თახვს“ ფეხიც არ გაუდგამს საკნიდან, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ძარცვის მეორე დღეს გენო შადურთან „სვიდანიაზე“ მისი ბიძაშვილი მერაბი იმყოფებოდა და მას „გრევი“ მიუტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკურაძეს თავის სიმართლეში ეჭვი არ ეპარებოდა, გამოძიება „თახვის“ ფანტომი ორეულის ძებნას შეუდგა. ეძებდნენ უცნობს, ვინც ან გენო შადურის მოწაფე იყო, ან ასი პროცენტით ახორციელებდა „თახვის“ კოპირებას.
უპრეცედენტო ძარცვა
ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო თავად „თახვის“ სამჯერ დაკითხვამ. შადური ამბობდა, რომ მას არანაირი მოწაფე არ ჰყოლია და რომ უბრალოდ, გამოჩნდა მასავით („თახვივით“) ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, ვინც მასავით ოსტატურად ხსნიდა სეიფებს.
პოდპოლკოვნიკი ნიკურაძე ჩიხში იყო მომწყვდეული. ბევრს ფიქრობდა, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობდა. ამასობაში, მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში ქუთაისსა და ბათუმში ორი მსხვილი საწარმო გაიძარცვა, საიდანაც, შესაბამისად, 93 და 100 ათასი მანეთი გაიტაცეს. სამივე დანაშაულიდან მიღებული ზარალი 242 ათასი მანეთი იყო, რაც იმ პერიოდისთვის კოლოსალურ თანხას შეადგენდა.
ნიკურაძე ადგილს ვერ პოულობდა. ისევ და ისევ თავიდან უბრუნდებოდა დანაშაულების ანალიზს და ყოველთვის ერთსა და იმავე დასკვნას აკეთებდა – სეიფები „თახვის“ მიერ იყო გახსნილი.
მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ბოროტმოქმედმა სოხუმსა და სოჭში კიდევ ორი სეიფი გახსნა და 70 და 120 ათასი მანეთი გაიტაცა. ხელწერა იგივე იყო და ნიკურაძე კვლავ თავისას ამტკიცებდა, თუმცა მის სიტყვებს უკვე არავინ იჯერებდა და ზურგსუკან პარანოიკსაც კი უწოდებდნენ...
დრო გადიოდა, „თახვი“ კვლავ „კრიტში“ იჯდა და ერთი წელი მისი ხელწერით სეიფი აღარ გაძარცვულა. თუმცა 1972 წლის 27 მაისს, მოსკოვში ლიხაჩოვის სახელობის ავტოქარხნის მთავარი სეიფი გაიძარცვა და იქიდან 1 მილიონ 460 ათასი მანეთი გაიტაცეს, რომელიც მუშა-მოსამსახურეებისთვის იყო განკუთვნილი. ეს იყო უპრეცედენტო ძარცვა არა მარტო საბჭოთა, არამედ მსოფლიო კრიმინალის ისტორიაში. ფეხზე დადგა მთელი საბჭოთა მილიცია. საქმეში უშიშროებაც ჩაება. დაამუშავეს თბილისის „კრიტის“ მთელი ადმინისტრაცია. თავად „თახვი“ კი ძლიერად „გაპარსეს“, თუმცა შედეგი ნულის ტოლი იყო.
ამ შემთხვევის შემდეგ „თახვის“ ხელწერით სეიფები აღარ გაძარცულა. გენო შადურმა 1980 წელს სრულად მოიხადა სასჯელი, ციხიდან გათავისუფლდა და თავის მშობლიურ სოფელში მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი. 1993 წელს კი ბიძაშვილები საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და მხოლოდ 2010 წელს გახდა ცნობილი, რომ გენო და მერაბ შადურები „სვიდანიის“ დროს ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. გენო მერაბის თეატრალურ წვერს იკეთებდა. გარეთ გადიოდა. საქმეს ამზადებდა და როცა სეიფს გაძარცვავდა, მეორე დღეს ციხეში ბრუნდებოდა. ამგვარად, „თახვმა“ 2 მილიონამდე მანეთი მოჰპარა სახელმწიფოს და შერჩა კიდეც. შადურების შემდგომი ბედი კი უცნობია.