კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რატომ არ აიღო ქართველთა მეფისგან გაგზავნილი ძღვენი თემურლენგმა და რას ითხოვდა ჩვენი მეფისგან

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  ბაღდადი აიღეს თემურლენგის ჯარებმა, მისი შვილების ხელმძღვანელობით. გაძარცვეს ქალაქი და გარშემო არაბული ტერიტორიები. დიდი ნაძარცვით დაბრუნდნენ. შემდეგ ლენგი თემური თავრიზში მივიდა. იქიდან კი გაემართა ალინჯას ციხის სანახავად, საიდანაც ჩვენმა მეფე გიორგი მეშვიდემ მონღოლური წარმოშობის უფლისწული თაჰერი, ჯალაირიანთა სასულთნოს დინასტიის წარმომადგენელი აჰმად ჯალაირის ძე გაათავისუფლა და საქართველოში წამოიყვანა. ურიცხვი ჯარით წამოსულა თემურლენგი, მრავალფერი კარვებით. ნახა ალინჯას ციხე და მერე გელაქუნის ტბაზე მივიდა.
  ეს რომ შეიტყო მეფე გიორგიმ, გააგზავნა მასთან თავისი ძმა, მეფისწული კონსტანტინე. თემურლენგს დიდი ძღვენი გაუგზავნა და შეუთვალა: „სადაც გვიბრძანებთ, გილაშქრებთ თქვენს ჯარში და ვიქნებით მორჩილი თქვენი. ამიერიდან დააცხრეთ თქვენი გულისწყრომა ჩვენზე“.
მემატიანე ამბობს: „შეეწყალა ლანგ-თემურს, აღიღო ძღუენი მისი და მიუმცნო ესრეთ, ვითარმედ: „მიპატივებია დანაშავები შენი და ამიერითგან, რომელნიცა არიან მაჰმადიანნი საზღვარსა საქართველოსასა, ნუღარა იკადრებთ რბევად და წყინებად მათდა და იყოს მშვიდობა ჩუენსა და თქუენს შუა“.
  აიყარა თემურლენგი და ჩადგა ბარდავს.
  ერთი წლის მერე წამოუარა ლენგ თემურს, გაახსენდა თურმე გიორგი მეფის ამბავი და იფიქრა: „შარშან რომ მეფე გიორგი დამპირდა, ვნახოთ, აღმისრულებს იმ პირობას თუ არაო. თუ ამისრულებს მოთხოვნას, ახლა ვნახავო“. დამპყრობელს უნდოდა, ჩვენი ხელმწიფე ხლებოდა პირადად.
შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და დადგა მანგლისთან ახლოს. მაშინ იყო ერთი თავადი ქვემო ქართლში, ადგილზე, „რომელსა ეწოდება მარტიანა“ (მეორე ტექსტში „მარტინი“). იქაურ თავადს ერქვა ესაია. ესაიას პირობა ჰქონდა მიცემული თემურლენგისთვის, რომ ეახლებოდა. მაგრამ არ მისულა. თემურლენგი რომ მანგლისთან მივიდა, შეწუხდა ესაია. სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა ხლებოდა დამპყრობელს. ხერხი იხმარა, თემურის უმცროს ვაჟს, შარუხს (შაჰ რუხი) დაუკავშირდა და შუამავლობა სთხოვა მამამისთან. შარუხმა დაიბარა. მივიდა დიდი ძღვენით ესაია და ეახლა თემურლენგის ძეს. შარუხმა, რომელიც მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა იქნებოდა, მიიყვანა ესაია თემურთან.
  გაუწყრა თემურლენგი ესაიას, როგორ იკადრე ჩემი ურჩობაო. მაგრამ მოეხმარა შარუხი და სთხოვა მამას, ეპატიებინა მისთვის, შეაწყალა და ხალათიც კი აჩუქებინა ესაიასთვის. ხალათის ჩუქება დიდ პატივად და წყალობად ითვლებოდა მაშინ.
  ესაიას ჰყოლია ლამაზი ასული, რომლის არსებობაც შეიტყო და ითხოვა ცოლად თემურლენგის ძემ, აბუბექირმა (უფრო შვილიშვილი შეიძლება იყოს, აბუ-ბაქრი ერქვა თემურლენგის ძის, მირან შაჰის ვაჟს. დაბადებული 1382 წელს). აბუბექირმა შეირთო ცოლად ესაიას ასული. ასე გახდა თემურლენგი ესაიას მძახალი და მიენდო ესაიას.
  მაშინ ათაბაგმა ივანემაც, აღბუღას შვილმა, გადაწყვიტა მისვლა თემურლენგთან და ეახლა დიდი ძღვენით დამპყრობელს. შეიწყალა ისიც თემურლენგმა, მისცა ხალათი და საჩუქრები.
  ასე ეახლნენ თემურლენგს ქვემო ქართლის, სამცხისა და კარის სხვა თავადები და გამოუცხადეს მორჩილება.
ეს რომ შეიტყო მეფე გიორგიმ, გააგზავნა თემურლენგთან თავისი ძმა, კონსტანტინე დიდი ძღვენით. ესიამოვნა მეფისწულ კონსტანტინეს ხლება თემურლენგს და ქართველა მეფისგან კვლავ მორჩილების აღთქმა.
  იქიდან ქურთისტანისკენ გაემგზავრა ლენგი თემური და დაიმორჩილა ქურთისტანი.
მაგრამ, მაინც არ დასცხრა ლენგ თემურის გულისწყრომა საქართველოზე და მოისურვა ჩვენი წინაპრების გათათრება, გამაჰმადიანება. ახსენდებოდა როგორ ებრძოდა და არ ემორჩილებოდა მეფე გიორგი მეშვიდე, რა გაუკეთა მას გიორგი მეფის მამამ, ბაგრატ დიდმა. 12 000 გამაჰმადიანებული მონღოლი რომ დაუხოცეს ბაგრატმა და გიორგიმ. მერე კი სხვა ბრძოლებშიც უამრავი მეომარი მოუკლეს.
  დაიბარა თავისთან ლენგმა დამპყრობმა შირვანის პატრონი შიხ ბარაიმი. გამოაგზავნა, რათა შეეტყო საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი. „რათა შეიტყოს გამოსავალი საქართველოსი გლეხისა და ბეგარა და სარგო მეფისა გიორგისა.“ თვითონ ყარსში მოვიდა.
  მეფე გიორგიმ ეს რომ შეიტყო, ესაია გააგზავნა ელჩად თემურლენგთან და შეუთვალა: „რა პირობაც მოგვიცია, ყველა აღვასრულეთ და ურჩობა არ გვიქნია. ამიერიდანაც რასაც გვიბრძანებთ, არც იმის ურჩი ვიქნებით. ახლა ისმინეთ ჩვენი თხოვნა, არ მოხვიდეთ და არ ააოხროთ ჩვენი ქვეყანა. რადგან, მოსავლის პირია. თუ ახლა მოხვალთ, ეს ქვეყანა მთლიანად წახდება“. ამ თხოვნით გააგზავნა თავისი ქვეშევრდომი, ესაია და თან დიდი ფეშქაში, საჩუქარიც გაატანა ჩვენმა ხელმწიფემ.
  მეფის მიერ გაგზავნილი ძღვენი არ აიღო თემურლენგმა, რადგან ძალიან გამწყრალი იყო ჩვენს მეფეზე და შემოუთვალა მეფე გიორგი მეშვიდეს:
„თუ გინდა შენი ქვეყანა არ ავაოხრო, მოდი ჩემთან და გათათრდი. თუ გათათრედები, არც ხარკს მოგთხოვ და მოგცემ ხელშეუვალად მაგ ქვეყანას და სხვა საჩუქრებსაც გიბოძებ. თუ არ გათათრდები, დაიდე ჩემი ხარკი. მოდი ჩემთან და მოგცემ მაგ ქვეყანას. როგორც გავუშვი კეისრის შვილი, ეგრეთვე შენც არას გავნებ და გაგიშვებ მშვიდობით. კეისრის შვილიც შენი რჯულის იყო. თუ არ მოხვალ ჩემთან, შენს ჯავრს ვიყრი შენზე და შენს ქვეყანაზე. დავასრულებ შენს ცხოვრებას და შენი ქვეყნისასაც. ვფიცავ მაჰმადის თავს, უფრო დიდ პატივს გცემ, ვიდრე კეისარს ვეცი და მშვიდობით გაგიშვებ. თუ არა და, მიეცემიან შენი ძენი და ასულნი ტყვეობას“ (აქ ძეებსა და ასულებში საქართველოს მოსახლეობას გულისხმობდა მაჰმადიანი მტარვალი. მეფე ხომ ერის მამად ითვლებოდა).
  უკან რომ გამოემგზავრა გიორგი მეფის მოციქული, თემურლენგმა იფიქრა: „ვიცი, აიღებენ მოსავალს, დააბინავებენ, გამაგრდებიან ციხეებში, მთებში და არ მოვლენ ჩემთან“. არ დაელოდა გიორგი მეფის პასუხს, არც თხოვნა გაითვალისწინა ჩვენი ხელმწიფისა და დიდი ჯარით საქართველოზე წამოვიდა.
  ეს რომ გაიგო გიორგი მეფემ, გახიზნა მოსახლეობა. სასწრაფოდ აიღეს მოსავალი და თან წაიღეს მთებში და ციხეებში. შემოჭრა ლენგი დამპყრობელი და ჩადგა შიდა ქართლში. რამდენიმე ხანი იქ დაჰყო. ვერავინ მოიხელეს სარბევად. გახიზნულიყო მოსახლეობა. ანგრევდნენ შენობებს და ჩეხდნენ ვენახებს.
  მიადგნენ  ბირთვისის ციხეს.

скачать dle 11.3