№20 დედამთილის გამო ქმართან განმარტოებას ვერ ვახერხებ და გადამიყვარა
სიყვარულით გავთხოვდი და ქმართან იმდენად კარგი ურთიერთობა მქონდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცოლქმრობა არსებობდა. მშობლები საკმაოდ მკაცრად მზრდიდნენ. ძმა კი ისე მაკონტროლებდა, მის გარეშე ფეხს ვერსად ვდგამდი. გათხოვების მერე მივხვდი, რა იყო თავისუფლება და ბედნიერება. ქმარი არაფერს მიშლიდა, არც მოკლე კაბის ჩაცმას, არც სადაქალოში სიარულს და არც სახლის საქმეებს მიმოწმებდა. ცალკე ვცხოვრობდით და დროს ჩვენს გემოზე ვატარებდით. შვილი რომ მეყოლა, დედამთილმა დაიჟინა, მარტოს გაგიჭირდებათ გაზრდა, თან რატომ უნდა ცხოვრობდეთ ერთ ოთახში გამოკეტილი, გაყიდეთ და ჩვენთან გადმოდით საცხოვრებლადო. მოკლედ, იმდენი ქნა, სანამ თავისი არ გაიტანა. ბინის გაყიდვა არ გვინდოდა, მაგრამ თავად მოგვიძებნა კლიენტი და მაინც გაგვაყიდინა. მათთან რომ გადავედით ისე დავიძაბე და შევიბოჭე, გამიჭირდა ურთიერთობების დალაგება. ქმართანაც ვერ ვახერხებდი განმარტოებას. ბავშვი ჩვენს ოთახში გვყავდა და დილაადრიან ისე შემოაღებდა კარს ჩემი დედამთილი, ისე შემოვარდებოდა, შენი ჭირიმე-შენ გენაცვალეს ყვირილით და გაარბენინებდა ბავშვს, მე და ჩემს ქმარს ელეთმელეთი გვემართებოდა. არც კი დააკაკუნებდა, იქნებ უხერხულ პოზაში ვიწექით. მოკლედ, იმდენი ქნა, ჩემი ქმარი მისაღებ ოთახში წვებოდა. ერთხელ შევთავაზე, იქნებ ბავშვის საწოლი, თქვენს საძინებელში დაიდგათ-მეთქი – ვიფიქრე, მიხვდება და დილაადრიანად ჩემს ოთახში აღარ შემოვარდება-მეთქი და გადაირია: შვილი დედის გვერდით უნდა იწვეს, ჩემთან რა უნდა, მთელი დღე ჩემთანაა და ღამეც აღარ გინდა, თავი შეიწუხოო. აი, სწორედ ამ სიტყვების მერე გაჩნდა ჩვენს ურთიერთობაში ბზარი და დღემდე გრძელდება. ვერ მივახვედრე, რომ ახალგაზრდა ვიყავი და ქმრის გვერდით მინდოდა მშვიდად წოლა. ახლა წლები გავიდა, მაგრამ მაინც მინდა, ქმართან ჩახუტებულს მეძინოს, თუმცა ისე გაგვიცივდა ურთიერთობა, ისე გადავეჩვიეთ ერთმანეთს, ცალ-ცალკე გვძინავს. ვხედავდი, დღითიდღე, როგორ მშორდებოდა ჩემი ქმარი, სიყვარულმაც მეორე პლანზე გადაიწია, არც ჩემთან დაწოლის საშუალება ჰქონდა და არც განმარტოების. თავად უარყოფს, მაგრამ ზუსტად ვიცი, საყვარელი ჰყავს და მასთან დროს მშვიდად ატარებს. იცის, არავინ შეუნგრევს შუა სექსის დროს კარს. მეუხერხულება ასეთ თემებზე ხმამაღლა და მით უმეტეს დედამთილთან საუბარი, მაგრამ მაინტერესებს, როცა ახალი გათხოვილი იყო და ქმართან უნდოდა ჩახუტება და ალერსი, დედამთილი რომ ისე მოქცეოდა, როგორც თავად მექცევა, მოეწონებოდა? ვგიჟდები, როგორ ავიწყდება ყველა დედამთილს თავისი ახალგაზრდობა და რძლისგან მხოლოდ ჭურჭლის რეცხვას, იატაკის მოპრიალებას, შვილების მოვლას ითხოვს და სულაც არ აინტერესებს, რომ ქალს ქმრის სითბო და სიყვარულიც სჭირდება. მეც ისე გამიცივდა გრძნობები, ქმართან მოვალეობის გამოც აღარ ვწვები. ასე მგონია, ჩემი მოვალეობა მოვიხადე, შვილები გავუჩინე და ახლა იმ სახლში მხოლოდ დიასახლისის ფუნქცია მაქვს. ვერც ვამტყუნებ ჩემს ქმარს. ქალი ვარ და მე ვერ ველაპარაკები დედამთილს ინტიმურ საკითხებზე და კაცი ხომ არ ეტყოდა, ცოლთან სექსი მაცალეო. ფაქტია, ცოლ-ქმარი ფორმალურად გვქვია, ოჯახში ოფიციალური დამოკიდებულებაა და ეს გულს მტკენს. მართალია, მშობლების ოჯახში მკაცრად მზრდიდნენ, თუმცა იქ სულ სხვა თავისუფლება, სითბო და სიტკბო იყო. არაჩვეულებრივი შვილები მყავს, მაგრამ ისევ ის დრო მენატრება.
თაკო, 39 წლის.