№20 როგორ ცდილობდა ბერია სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ლავრენტი ბერიას ვერაგული მკვლელობის რამდენიმე ვერსია არსებობს. თითქმის ყველა მკვლევარი მთავარ მიზეზად ბერიას ხელში კონცენტრირებულ უზომო ძალაუფლებას ასახელებს... ისტორიკოსი ტიხონ დონსკოი წერს: „ბერიას მკვლელობის ვერსიები, რომ იტყვიან, ამ საშინელი დანაშაულის მხოლოდ ტექნიკური მხარეა. მთავარია ის, რომ ეს ქმედება, შეთქმულთა მხრიდან, უსაშინლესი, განსაკუთრებული ვერაგობითა და სისასტიკით ჩადენილი დანაშაული იყო და ყველაზე მკაცრ სასჯელს იმსახურებდა – ეს ერთი... მეორე და ყველაზე საინტერესოა, თუ რამ აიძულა შეთქმულები (ხრუშჩოვის წინამძღოლობით), რომ ასეთი რამ ჩაედინათ. თითქმის ყველა მკვლევარი და ადრე მათ შორის მეც, ვვარაუდობდი, რომ ბერიას ლიკვიდაციის მიზეზი იყო მისი უზომო ძალაუფლება სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რამაც თითქოსდა, შეაშინა შეთქმულები და ბერია იმიტომ მოკლეს. თუმცა, საკითხის ღრმად შესწავლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ასე არაა. ბერიას ვერაგულ მკვლელობას რამდენიმე მიზეზი აქვს და ძალაუფლების კონცენტრაცია (კონცენტრაცია და არა აბსოლუტური ძალაუფლება) მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. აქ საქმე გვაქვს მიზეზთა კომპლექსთან, რამაც ანტიბერიული შეთქმულება და ქვეყნის უკუსვლა გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში, კრახით დასრულდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ბერიას მხოლოდ ძალაუფლების ნაწილი შეხვდა. ქვეყანა კოლექტიურად იმართებოდა, როგორც ეს ბელადს ჰქონდა ჩაფიქრებული. მართალია, პოლიტბიუროში ბერიას სხვებზე მეტი გავლენა ჰქონდა, მაგრამ არა აბსოლუტური ძალაუფლება და ძალიანაც რომ სდომოდა, იმ მომენტში თავის კოლეგებს ვერ გაანადგურებდა. შეთქმულები ბერიას რეფორმისტულმა, პროგრესულმა აზროვნებამ და თანამიმდევრულად სწრაფმა ნაბიჯებმა შეაშინა და მიზეზიც სწორედ ეს იყო. ბერიას ინიციატივით, რაც ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობდა და ხალხსა და ქვეყანას წაადგებოდა, ხორციელდებოდა საბჭოთა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება, კომუნისტური პარტიის როლის უკანა პლანზე გადაწევა და ქვეყნის მართვა-განვითარებაში თუნდაც უპარტიო, მაგრამ მეურნე-პროფესიონალების ჩართვა. სწორედ ამ ბერიასეულმა მოდელმა დააფრთხო „პარტაპარტჩიკები“, რომლებიც ხრუშჩოვმა დარაზმა. საგულისხმო ფაქტია, რომ ბერიას ეს მოდელი სტალინის დაკრძალვისთანავე ამოქმედდა და საკმაოდ წარმატებულადაც. როი მედვედევი წერს: „სტალინი 1953 წლის 9 მარტს დაასაფლავეს. მეორე დღეს, 10 მარტს კი ლავრენტი ბერია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ჩარლზ ბოულენს შეხვდა და ოთხი საათის განმავლობაში პირისპირ ესაუბრა. მოგვიანებით, ბოულენის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან ვგებულობთ, რომ ეს შეხვედრა ბერიას ინიციატივით გაიმართა. ბოულენი წერს: „9 მარტს წითელ მოედანზე ვიმყოფებოდი, სადაც სტალინს ასაფლავებდნენ და დიპლომატიური კორპუსისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ვიდექი. იქ აგრეთვე იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი ოლივერ გასკოინი და საფრანგეთის ელჩი ლუი ჟოსკი. ჩვენ ლავრენტი ბერიას გამოსვლას ვადევნებდით თვალყურს. ამ დროს მომიახლოვდა ახალგაზრდა, მაღალი მამაკაცი, რომელმაც სუფთა ინგლისურად მითხრა:
– მისტერ ბოულენ, თქვენთან კონფიდენციალური სათქმელი მაქვს და თუ არ შეწუხდებით, კუთხეში გადავინაცვლოთო. ჩემი ბრიტანელი და ფრანგი კოლეგები ისე იყვნენ მოსმენით გართულები, არც კი შეუმჩნევიათ ჩვენი გადანაცვლება. უცნობმა კი მითხრა:
– მე ლავრენტი ბერიას თანაშემწე, ვადიმ მაშკოვი ვარ. ბერიას თქვენთან კონფიდენციალური სალაპარაკო აქვს. ხვალ დილის 10 საათზე მანქანით მოგაკითხავენ და შეხვედრაზე წაგიყვანენ, თუ, რა თქმა უნდა, დრო გაქვთ და სურვილი.
მე დავთანხმდი. მეორე დღეს კი შავი, ფარდებჩამოშვებული მანქანით ბერიასთან შესახვედრად გავემართე. როგორც შემდეგ გაირკვა, თურმე ბერიას ბინაში ვიყავი. ადრე ის მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი ახლოდან, როცა სტალინს შევხვდი მისსავე კაბინეტში. მაშინ ბერია წუთით შემოვიდა და მალევე გავიდა. ისე, რომ ერთმანეთი არც გაგვიცნია. ბერიას სახლში კი ჩვენ ოთხი საათი პირისპირ ვისაუბრეთ. მე გაოცებული ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი. მან (ბერიამ) თანამიმდევრულად ჩამომიყალიბა თავისი პროგრამა, რომელიც ძირითადად, საბჭოეთის საგარეო პოლიტიკას შეეხებოდა. ბერია მთხოვდა, რომ პრეზიდენტ ტრუმენისთვის გადამეცა შეთავაზება – თუკი ამერიკის შეერთებული შტატები და მისი სტრატეგიული პარტნიორები საბჭოეთს აღმშენებლობისთვის საჭირო სესხს მისცემდნენ, ტექნოლოგიებითა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის საჭირო ნივთებითა და პროდუქტებით დაეხმარებოდნენ, მაშინ „წითელ“ ევროპაში საბჭოთა პოლიტიკა შერბილდებოდა და რაც მთავარია, ამ ქვეყნებს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უფლებას მისცემდნენ. აგრეთვე, დათანხმდებოდნენ, გერმანიის გაერთიანებაზეც დაეწყოთ მოლაპარაკებები. ჰარი ტრუმენს რომ ბერიას წინადადებები გადავეცი, პრეზიდენტი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა, მაგრამ თანხმობა განაცხადა...“
უკვე აპრილის მიწურულს დაიწყო მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე. სხვა „მოძრაობებიც“ იყო, თუმცა, ბერიას მკვლელობამ ყველაფერს წერტილი დაუსვა...
უცილობელი ფაქტია, რომ ბერიას მოქმედებები საბჭოთა საგარეო პოლიტიკის გაპროგრესირებულობისკენ იყო მიმართული, რითაც ხალხისთვის დიდად სასიკეთო ცვლილებები დადგებოდა, მაგრამ „პარტაპარატჩიკებმა“ იყნოსეს რა, რომ მათი დრო მიდიოდა, პირი შეკრეს და თავად ბერია გაუშვეს საიქიოში.“