კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ დაიცვა ლენინმა სტალინი ჟენევაში გამართულ ღირსების სასამართლოზე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  კაცობრიობის ისტორიაში, ალბათ, იმდენი ტყუილ-მართალი არავისზე დაწერილა, რამდენიც სტალინზე და ამ ადამიანის სახელი არაერთი მითითაა შემოსილი. ერთ-ერთი ასეთი მითი სტალინის პროვოკატორობაა, რაც არავის არასდროს დაუმტკიცებია... პროფესორი პავლე კრასინი წერს: „არაერთ საკმაოდ სერიოზულ მკვლევარს წამოუჭრია ვერსია სტალინის პროვოკატორობის, მისი „ოხრანკასთან“ თანამშრომლობის შესახებ. თუმცა, საბოლოო ჯამში, არავის, არც ერთი მცირე საბუთიც კი არ წარმოუდგენია ამ ვერსიის თუნდაც გასამყარებლად. საგულისხმო ფაქტია, რომ ჯერ კიდევ „კობად“ წოდებულ რევოლუციონერ სტალინს რამდენიმე კოლეგამ სხვადასხვა დროს მსგავსი პრეტენზია წაუყენა, რის გამოც ღირსების სასამართლოც კი გაიმართა. თუმცა მას ვერავინ ვერაფერი დაუმტკიცა და ბრალმდებლები კუდამოძუებულები დარჩნენ... ერთ-ერთ ასეთ ბრალდებას კობას ვინმე კარლ მერქსი უყენებდა. 1870 წელს დაბადებული ეს ბელგიური წარმოშობის ებრაელი ლენინის თანამოაზრე და თაყვანისმცემელი იყო. აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკურ მოძრაობაში და რუსეთში ხან არალეგალური სტამბა ჩაჰქონდა ევროპიდან, ხან კი ასეთივე გზით – იარაღი. ერთი სიტყვით, მერქსი იდეური ლენინელი იყო. მიაჩნდა, რომ რუსული ცარიზმი ყველა საშუალების გამოყენებით უნდა დამხობილიყო და ამისთვის არც სხვას ზოგავდა და არც საკუთარ თავს. ერთი სიტყვით, მერქსი რადიკალი იყო და განსაკუთრებით მოსწონდა ტერორისტული აქტები, რადგან მიაჩნდა, რომ ეს იყო სრულყოფილი რევოლუციური მეთოდი. მერქსმა ოცკაციანი ინტერნაციონალური ტერორისტული ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის წევრები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პატარ-პატარა აქციებს ახორციელებდნენ, რაც, ძირითადად, რეკეტში (ფულის წართმევაში) გამოიხატებოდა. 1906 წელს 36 წლის მერქსი ლონდონში ლენინმა სტალინს გააცნო და პირველი შეხვედრა მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა. თუმცა, უკვე იმავე წლის მიწურულს მერქსმა ბათუმში სტამბულიდან არალეგალური სტამბა და პროკლამაციების ნიმუშები ჩამოიტანა, რომელიც ლენინის მიერ იყო შედგენილი. სტამბა ქუთაისში უნდა დაემონტაჟებინათ, შემდეგ პროკლამაციები დაებეჭდათ და დასავლეთ საქართველოში გაევრცელებინათ. მერქსს ბათუმში კობა (სტალინი) დახვდა და მიუხედავად იმისა, რომ ძებნილი იყო, ლენინის დავალება პირნათლად შეასრულა. საგულისხმო ფაქტია, რომ ძებნილი სტალინი გრიმით მოძრაობდა. მას მოშვებული წვერ-ულვაში და თმა წითურად ჰქონდა შეღებილი. ტანზე ჩოხა ემოსა და აკაკი ნიჟარაძის საბუთებს ატარებდა. ქუთაისში, როდესაც სტამბა დააბინავეს, მეგობრული საუბრის დროს მერქსმა სტალინსა და სიმონ ტერ-პეტროსიანს (კამო) გაანდო, რომ თავის ჯგუფთან ერთად პეტერბურგში იმპერატორ ნიკოლოზ მეორეზე თავდასხმას აპირებდა... მოგვიანებით ცნობილი რევოლუციონერი და პარტიული მუშაკი ანასტას მიქოიანი იხსენებდა: „კარლ მერქსი ლენინის გულმხურვალე მომხრე კი იყო, მაგრამ ხშირად ილიჩისგან (ლენინისგან) დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდა და მასთან შეუთანხმებლად მოქმედებდა. ნიკოლოზ მეორის ლიკვიდაციის მომზადების თაობაზე ილიჩს წარმოდგენაც არ ჰქონდა. ერთი სიტყვით, მერქსის ჯგუფის ორი წევრი პავლე როსტროპოვიჩი და ისლანდიური წარმოშობის რუსი ივანე გუდიონენსენი „ოხრანკამ“ 1907 წლის 17 იანვარს პეტროგრადში დააპატიმრა. მესამე წევრი კონსტანტინე ბულგაკოვი კი გაუჩინარდა და ის 29 იანვარს თბილისში, მდინარე მტკვარში მეთევზეებმა აღმოაჩინეს. თავად მერქსი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯერ ქუთაისსა და თბილისში იყო, შემდეგ ბაქოში, მოსკოვსა და პეტროგრადში. სტალინს მერქსი მოსკოვში დასცილდა და ბაქოში გაემგზავრა. მერქსი კი – პეტროგრადში, რადგან იმპერატორზე თავდასხმა 30 იანვარს იყო დაგეგმილი. მას მთელი ჯგუფი უნდა შეეკრიბა და ოპერაციის ფინალურ ეტაპზე გადასულიყვნენ...“
  1930 წელს, მიქოიანმა ეს ისტორია „ჩეკისტებს“ მოუთხრო შეხვედრაზე, რომელიც „ლუბიანკაზე“ გაიმართა. სადაც განიხილავდნენ ტროცკის მიერ გამოქვეყნებულ საბრალდებო საგაზეთო წერილს, რომელშიც ის წერდა, რომ სტალინმა თითქოს მერქსის საბრძოლო ჯგუფი დააბეზღა, „ოხრანკას“ ჩააბარა და რუსეთის იმპერატორი სიკვდილისგან იხსნაო... 1930 წელს მერქსი ცოცხალი იყო და შვეიცარიაში ცხოვრობდა, 23 წლით ადრე კი, 1907 წლის მარტში, მერქსმა სტალინს იგივე ბრალდება წაუყენა, რაც 1930 წელს – ტროცკიმ. სტალინმა მერქსს თავისი ბრალდების დამტკიცება მოსთხოვა და 27 მარტს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ეგრეთ წოდებული, ღირსების სასამართლო გაიმართა. მასზე სტალინი არალეგალურად ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ კამო (სიმონ ტერ-პეტროსიანი) და ლეონიდ კრასინი. ყველასთვის მოულოდნელად ამ საიდუმლო შეკრება-სასამართლოზე ლენინიც მივიდა, რომელიც ჟენევაში ბერლინიდან სპეციალურად ჩავიდა. მერქსი ამტკიცებდა, სტალინი იმიტომ იყო მაბეზღარა, რომ მან ნიკოლოზ მეორის მოკვლის გადაწყვეტილების შეცვლა მირჩია. თანაც, მხოლოდ სტალინმა იცოდა, რომ ასეთ აქციას ვაპირებდითო. იქვე მყოფმა კამომ კი ირონიით ჰკითხა ბრალმდებელს: „იმ საუბარს მეც ვესწრებოდი და იქნებ მე დაგაბეზღეო...“ ბელგიელს კი უთქვამს: „არა, კობამ, რადგან  მან მითხრა: იმპერატორის მკვლელობამ შეიძლება, ჯერჯერობით მოუმძლავრებელი ჩვენი ორგანიზაციის სრული განადგურება გამოიწვიოსო...“
  კამო თავის გამოუქვეყნებელ მემუარებში წერდა: „მერქსი ნორმალურ ადამიანს არ ჰგავდა და ჯიუტად ადებდა ხელს კობას. ის (კობა) კი მხრებს იჩეჩდა და ხან მე შემომხედავდა, ხან კრასინს, ბოლოს კი ბელგიელს უთხრა:
– მოწყალეო ხელმწიფეო, თქვენ ხომ არ ხართ „ოხრანკის“ აგენტი და ეს ყველაფერი პროვოკაციის მიზნით ჩახლართეთ. თუკი იმპერატორის ლიკვიდაციას აპირებდი, ენას კბილი რატომ არ დააჭირე, ჩუმად განგეხორციელებინაო?
მერქსი მაინც თავისაზე იდგა. სიტუაცია ძალიან დაიძაბა და მას ილიჩმა დაუსვა წერტილი, რომელმაც ბელგიელის ბრალდებას აბსურდული უწოდა და ეს თემა დახურა...“
 ამ შეკრებიდან ორთვე-ნახევრის შემდეგ, 13 ივნისს, სტალინმა, კამომ, კრასინმა და საბრძოლო ჯგუფის სხვა წევრებმა თბილისში უმსხვილესი ექსპროპრიაცია განახორციელეს, რომელიც ლენინთან იყო შეთანხმებული და რასაც მსოფლიო რეზონანსი მოჰყვა.
  მერქსი, მართალია, ფორმალურად ლენინის თანამოაზრეთა რიცხვში ითვლებოდა, თუმცა მას სერიოზულ საქმეებს არ ავალებდნენ. 1924 წელს კი, ლენინის გარდაცვალების მერე, საბჭოეთიდან საფრანგეთში გაემგზავრა, ბოლოს კი ჟენევაში გადავიდა, სადაც 1931 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა...“

скачать dle 11.3