№20 ექიმის რჩევები
კითხვა: მაქვს ჭინჭრის ციება. ბოლო პერიოდია, შევამჩნიე, რომ გაღვიძების დროს ტანზე გამოყრილი მაქვს, შემდეგ, დღის განმავლობაში ჩაცხრება ხოლმე, დღის ბოლოს კი ხანდახან საერთოდ არ მაქვს. მაინტერესებს, თუ ალერგია მტვერზე მაქვს, ამ ფონზე რომ არადიეტური საკვები მივიღო, შეიძლება, რექცია გამოიწვიოს? ყოველდღე ვნერვიულობ, სუნთქვა არ გადამეკეტოს.
პასუხი: როცა მწვავე ალერგიული რეაქცია რაიმე ალერგენზე ვითარდება, მერე ალერგიული რეაქციის გამომწვევი ნებისმიერი სახის ალერგენი ხდება ხოლმე. მაგალითად, თუ პირველი გამომწვევი მტვერი ან კვებითი ალერგენი იყო, სანამ პროცესი არ ჩაცხრება, მსგავი რეაქცია შეიძლება, ნებისმიერმა სხვა ალერგენმაც გამოიწვიოს.. ამიტომ აუცილებელია ალერგენებთან კონტაქტის შეწყვეტა, ანტიალერგიული და ჰორმონული მკურნალობა. თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ გამოცდილ ალერგოლოგს და სწორი მკურნალობა ჩაიტაროთ. ალერგიული რეაქციის პროფილაქტიკისთვის, ალბათ, ასევე საჭირო იქნება ლეიკოტრეინების ანტაგონისტების დანიშვნა, როგორიც არის, მაგალითად, ვანსეარი.
კითხვა: რას ნიშნავს „რედსინდრომი“? ქართული დასახელება არ ვიცი.
პასუხი: ალბათ, გაინტერესებთ Red syndrome – ეს არის რეაქცია მედიკამენტ ვანკომიცინზე, რომლის გადასხმის დაწყებიდან 5-10 წუთის განმავლობაში შეიძლება, მთელი სხეულის სიწითლე განვითარდეს.
კითხვა: ვარ 41 წლის, 105 კილოგრამი. დილაობით, ადგომიდან ასე 30 წუთის განმავლობაში, მუხლის სახსრებში ისმის ტკაცუნი. შემდგომ თითქოს იზეთებაო და დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, აღარ მაქვს. თუმცა დილით მდგომარეობა მეორდება. იქნებ დამაკვალიანოთ, რა არის ეს და როგორ მოვიქცე?
პასუხი: თავდაპირველად უნდა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ჭარბი წონა და დაკლება აუცილებელია. ამისათვის მიმართეთ დიეტოლოგს, რათა თქვენი სრულფასოვანი გამოკვლევის შემდეგ შესაბამისი დიეტა და ფიზიკური დატვირთვა შეგირჩიოთ. რაც შეეხება მუხლის სახსრებში ტკაცუნს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ართროზი (სწორედ სიმსუქნე ხდება სახსრების პრობლემის მიზეზი). აუცილებელია მუხლის სახსრების ექოსკოპიური გამოკვლევა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე