№20 არასასურველი ფიქრები
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
შეყვარებულებს ღალატი წარმოუდგენლად ეჩვენებათ, მაგრამ გადის დრო და არასასურველი ფიქრები, ეჭვები სულ უფრო ხშირად მოგდით თავში. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებიც დაგეხმარებათ ურთიერთობის გამყარებასა და ცუდი ფიქრების თავიდან აცილებაში.
* ნუ გადაწყვეტთ, რომ თქვენ ეს არასოდეს შეგეხებათ.
ასეთი აზრები ზოგჯერ ხელს გვიშლის, რეალური საფრთხის შემჩნევაში. ვხუჭავთ თვალს საკუთარ შეცდომებზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება, არასასურველი მიმართულებით განვითარდეს. „იდეალური“ პარტნიორის პოვნა გარანტირებულ მყარ ურთიერთობას არ ნიშნავს. ქორწინება რომ მყარი იყოს, საჭიროა, ყოველდღიურად იმუშაოთ ურთიერთობასა და საკუთარ თავზე.
* მუდმივად გედოთ ხელი თქვენი ურთიერთობის პულსზე.
ადამიანები საყვარლებთან იმ ემოციებს და შეგრძნებებს ეძებენ, რასაც ოჯახში ვეღარ იღებენ. ამიტომაც საჭიროა, დროდადრო შევამოწმოთ ურთიერთობა. უნდა შეამჩნიოთ, რამდენად შეიცვალა ეს მდგომარეობა ურთიერთობის დაწყებიდან მოცემულ მომენტამდე. ახლოს ხართ ახლაც? წყვილები, რომლებიც ერთმანეთს არ ღალატობენ, ძალიან აფასებენ ემოციურ და ფიზიკურ კავშირს. ცდილობენ, გულახდილები იყვნენ ერთმანეთთან, ეძებენ კომპრომისს.
* დასაშვები საზღვრები.
უთხარით ერთმანეთს, რა არის მიუღებელი ურთიერთობაში. გახსოვდეთ – არავინ არის ვალდებული, შეასრულოს თქვენი ყველა ახირება. თუმცა, იყავით მზად, შეცვალოთ რამე საკუთარ თავში.
* უარი თქვით გატაცებებზე.
ჰკითხეთ საკუთარ თავს: რისი მიღება გინდათ ამ ურთიერთობიდან? სად არის საზღვარი, რომელიც არ უნდა გადაკვეთოთ? ღირს ამ ურთიერთობის გაგრძელება თუ არა? და კიდევ – გახსოვდეთ: წესები, რომლებსაც ურთიერთობაში ამკვიდრებთ ორივესთვის ერთნაირი უნდა იყოს.
ურთიერთობა არ უნდა იქცეს რუტინად. გულგრილობა იწვევს სიცივეს და განცალკევებას. თვითონ სექსიც მძიმე მოვალეობას ემსგავსება, ეს კი კიდევ უფრო მეტად აცივებს ურთიერთობას, რამაც შეიძლება, ღალატი გამოიწვიოს.
* არ გაიტანოთ კონფლიქტი სახლიდან.
თუ გადაწყვეტთ, თქვენი ურთიერთობა ვინმესთან განიხილოთ, შეიძლება, ადვილად აღმოჩნდეთ ემოციური დამოკიდებულების ქვეშ. შეიძლება, ამას შედეგად ღალატი მოჰყვეს. თუ პრობლემებზე ესაუბრებით ისეთ ადამიანს, ვინც თქვენ მიმართ გულგრილი არ არის, უნებლიეთ მიანიშნებთ რომ „კარი“ ღიაა. დაფიქრდით – რჩევა გჭირდებათ თუ თანაგრძნობა? ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია, პრობლემების შესახებ გულღიად ესაუბროთ თქვენს პარტნიორს და არა ვინმე სხვას.
* აჩვენეთ, რამდენად ძვირფასია ის თქვენთვის.
შეიძლება, ძალიან გიყვარდეთ პარტნიორი, მაგრამ გამოხატვის გარეშე ის ამას ვერ იგრძნობს. ნუ მოგერიდებათ თქვენი გრძნობების გამოვლენა. გამოიჩინეთ ყურადღება, იყავით მზრუნველი. ხშირად უთხარით, რა მოგწონთ და რას აფასებთ მასში, ყურადღების პატარა, მაგრამ რეგულარული ნიშნების გამოვლინება ურთიერთობას იმედგაცრუებისა და გაუგებრობისგან იცავს.
განმასხვავებელი
ფაქტორები
იდეალური ქორწინების საიდუმლო ისაა, რომ ცოლ-ქმარი უპირველესად კარგი მეგობრები იყვნენ. როცა წყვილი ერთმანეთს მეგობრებად აღიქვამს, მათი ურთიერთობა გაცილებით დიდხანს გრძელდება. სიყვარულს და მეგობრობას კი მსგავსი და განმასხვავებელი ფაქტორები აქვს.
რა აქვს საერთო სიყვარულს და მეგობრობას
* მიზიდულობა
საუკეთესო მეგობრები ერთმანეთს იზიდავენ. ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია მეგობრობენ, განშორების დროს იმავე გრძნობას განიცდიან, რასაც შეყვარებულები.
* სიახლოვე
როცა გულს ვუშლით ვინმეს, ვუზიარებთ ჩვენს ოცნებებს, ფიქრებს, მიზნებს და გეგმებს, ბუნებრივია, ეს ადამიანი ჩვენთვის უფრო ახლობელი ხდება, ვიდრე სხვა დანარჩენი. ჩნდება მტკიცე კავშირი, დაფუძნებული ნდობასა და გაგებაზე. ეს შესაძლებელია, როგორც მეგობრებს, ისე შეყვარებულებს შორისაც.
* პატივისცემა
ჯანსაღი რომანტიკული ურთიერთობა დაშენებულია ურთიერთპატივისცემაზე, იმავეს თქმა შეიძლება მეგობრობაზეც. მაგრამ თუ აღფრთოვანებული ხარ ახლობელი ადამიანით, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გიყვარს. პატივისცემა და ერთგულება კი დაგეხმარებათ, ხელი არ ჩაიქნიოთ მძიმე წუთებში. მხარდაჭერა მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობების ძირითადი მომენტია.
* სიამოვნება
ერთმანეთთან ყოფნის სიამოვნება, ერთად მხიარულება, ერთსა და იმავე ხუმრობაზე სიცილი და შეხვედრის მოლოდინი... ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ რომანი გაქვთ, თუმცა ეს ჭეშმარიტი ნიშანია იმისა, რომ ძალიან კარგი მეგობრები ხართ.
რითი განსხვავდება სიყვარული და მეგობრობა
პირველი და ძირეული სხვაობა არის ინტიმი. მართალია არსებობს „მეგობრული სექსიც“. მაგრამ ეს თქვენზეა დამოკიდებული შეიცვლება, თუ არა მეგობრობა სხვა ურთიერთობით.
* საერთო მიზნები
საერთო მომავალს მხოლოდ რომანტიკული წყვილი გეგმავს.
რომანტიკული ურთიერთობის განმსაზღვრელ ფაქტორად შეიძლება, ჩაითვალოს პარტნიორების ერთმანეთზე დამოკიდებულების ხარისხი. მეგობრები დამოკიდებულები არიან ერთმანეთზე, მაგრამ შეყვარებულების ცხოვრება მტკიცედ არის გადახლართული ერთმანეთში. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს სრულიად ნორმალურია. სწორედ ფერადი ოცნებები განასხვავებს სიყვარულს მეგობრობისგან.
* ვალდებულებები
რომანტიკული ურთიერთობების დაწყების გადაწყვეტილება გულისხმობს სტაბილურობას და ასახავს გაცნობიერებულ არჩევანს. სერიოზული ნაბიჯია, რომელიც მოითხოვს ყველა პლუსისა და მინუსის, შესაძლებლობების აწონ-დაწონვას. მიუხედავად ამისა, ბევრ მეგობარს შეუძლია იქცეს კარგ წყვილად, მთავარია, გადაწყვეტილება და სურვილი –თქვენი ცხოვრება იმ ერთს მიუძღვნათ.